მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავისი შემოქმედებით ხშირად გვანებივრებს.
დღესაც, მასწავლებელი მორიგ ნოველას -„ტრამვაი N7“ გვიზიარებს.
ის ნოველაში ემოციური გოგონას შესახებ გვიყვება, რომელიც ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევა. გოგონა ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს და ემოციებს მათში აქსოვს. ნივთებს ის თავის საყვარელ ტრანსპორტში - ტრამვაიში ქმნის.
ტრამვაი N7
ჩემს გრძნობებს თუ ჩაუღრმავდებით უთვალავ ჩაშლილ მძივს დაინახავთ, რომელიც ერთ დროს თანმიმდევრულად იყო აკინძული და გულზე საამოდ მებნია. ნათქვამია - „ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არისო“, მაგრამ ჩემთვის ეს სულის თერაპიაა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ოკეანის მარგალიტებს შევიბავ ყელზე თუ უბრალო დაცვარულ თვლებს, მთავარი სილამაზით ტკბობაა. სწორედ ამიტომ, მიყვარს სამკაულების შექმნა, ზოგს საკუთარი თავისთვის ვაწყობ, ზოგსაც ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის უცნობი თუ ნაცნობი ადამინებისთვისაც კი...
ვზივარ ახლა ჩემს საყვარელ ტრამვაიში და პატარა თვლებს ვუსადაგებ ერთმანეთს, ბედის ბორბალივით ვატრიალებ შთაგონების წყაროს... ჯერ მთის ბროლის მსგავსი თვლები შევკრიფე, მერე მარჯანი მივაშველე, ლალი, ტოპაზი და ბოლოს ზურმუხტით დავაგვირგვინე გულსაბნევი. მძივი სამკაულებს შორის ყველაზე ძველი ქმნილებაა და ამავე დროს, უზადო მუხტის მატარებელი. მას გადააქვს ყველა ის ნეგატივი, რომელიც ადამიანის გონებაშია... ასეთი იყო ჩემი განწყობაც - ზოგჯერ ურითმო, მაგრამ საჭირო და სანდო...
დიდი ხანია სახლში მუშაობა მიჭირს, ამიტომ გავდივარ ხოლმე გარეთ, ვჯდები ყველაზე უსაფრთხო ტრასპორტში და „მოსკოვის პროსპექტს“ (გამზირი) ვუვლი გარშემო, ასე უფრო ნათლად ვგრძნობ სამყაროსეულ აღქმას.
უამრავი მგზავრი მავლებს ცნობისმოყვარე მზერას, ზოგი სინანულით აქნევს თავს - „საცოდავი გოგო იქნებ სახლი არ ააქვს!“ სხვანი კი სიხარულით და ბედნიერი თვალებით შემომცქერიან, იციან ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, ხელოვნების გულწრფელობა იზიდავთ ჩემში, ძღვენიც კი მიმირთმევია ამ სიყვარულის ნიშნად. მოგეხსენებათ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, სამწუხაროდ სახლისკენ მიმავალი დრო მიხმობდა, თითქოს ვინმე მელოდა იქ! ტრამვაის მძღოლი ზურა ბიძია ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და სინანულის მზერით მაუწყებდა ხოლმე შესვენების ჟამს...
- ბიძი, სახლში აღარ მიდიხარ?
- უკვე?
- კი შვილო, ან არ გშია? ან არ გწყურია?
- კარგი კარგი ზურა ბიძია, მე გავუღიმე...
თვითონ კი მკაცრი მზერა მომაპყრო!
- მიდი ახლა მიდი... ფრთხილად იარე და მშვიდობით მიდი სახლში.
ჩაბნელებულ ქუჩებში ნელი ნაბიჯით მიუყვებოდი გზას...
ისეთ დროს მარტო ვინ გაივლიდა ქუჩაში, მაგრამ მე არაფრის მეშინოდა, ეს ხომ ჩემი უბანი იყო, ყოველი კუთხიდან ბავშვობა, მეგობრობა და სიყვარული მეძახდა, ამიტომაც თავაწეული დავდიოდი... როგორც იქნა მივედი სახლამდე, კარი ზანტად შევაღე ზედმეტი ყურადღების გარეშე, თუმცა ვის ვანაღვლებდი! ჩემს ოთახში შევედი მაგიდაზე „სამკაულების ჯადოსნური ზარდახშა“ მოვათავსე და უაზროდ მიმოფანტულ ნივთებს მოვკარი თვალი... ისევ ირაკლი! ირაკლი - ჩემი ძმაა, რომლსაც თანდართული გონებრივი ჩამორჩენილობა ახასიათებს... ამიტომ ჩვენს ოჯახში ყველაფერი მის კეთილგანწყობაზეა მორგებული... ყველა მისი სურვილი და მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მე კი ხელქვეითი გახლავართ... მთელი ცხოვრება მხოლოდ ირაკლის აზრს ჰქონდა ფასი, იმიტომ რომ „ცოდვაა“ იმიტომ რომ „ჯანმრთელი“ ვარ და მეტი მომეთხოვება, შეგნებულად უნდა მივცე ნება, რომ გაანადგუროს, წლობით ნაშენები ხელნაკეთი ნივთები, დაამსხვრიოს საგულდაგულოდ მოპირკეთებელი ჭურჭელი. ახლაც მოვითმინე და ნებსით თუ უნებლიედ დავიწყე საკუთარი ნივთების ალაგება... სხვა გამოსავალი არც მქონდა, იქამდე სანამ იატაკზე ნივთის დახეთქების ხმა არ გავიგე, უამრავი ლამაზი თვალი ელვის სისწრაფით გაიბნა იატაკზე, ყველა დეტალს ელფერი ჰქონდა დაკარგული, ამაზე გული მომივიდა, სახე ამიჭარხლდა და ბრაზი ცეცხლივით მომაწვა ყელში, მთელი ხმით ვუღრიალე, სანამ ხელს მოუღერებდი იქამდე მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი, ამიტომ გველნაკბენივით შევდექი ადგილზე, თუმცა არ ვიცი როგორ შევძელი ეს? მახსოვს, ირაკლის გამაყრუებული კივილი, რაზეც მშობლები სახეგაფითრებულები შემოვარდნენ. დედა ამშვიდებდა ძმას და მე კი დამნაშავის თვალებით მწონიდა, მამამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამაწნა სილა, შევტორტმანდი, მართალია ირაკლის გამო ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან, მაგრამ არასოდეს მოუმართავს ძალადობისთვის. ახლა მიხვდა, რომ დააშავა... დაღონდა, ჩამოჯდა ლოგინზე და თვალებით მთხოვდა პატიებას. შინაგანად ისე მტკიოდა სხულის თითოეული ნაწილი, რომ არცერთმა ემოციამ ჩემზე ზეგავლენა აღარ იქონია, ტანზე სიფრიფანა სვიტრი გადავიცვი, თხელ „ფლოსტებში“ გავყავი ფეხი და გეზი შემოსასვლელი კარისკენ ავიღე, მივრბოდი უაზროდ... უმიზნოდ... მთელი ღამე ერთ გამხმარ სკამზე გავატარე. დილით კი ზურა ბიძიას ველოდი, ტრამვაის გამოჩენამ გადაწურული იმედი ჩამისახა..
ისე ავედი ტრასპორტში, რომ მძღოლს არაფერი უკითხავს, ალბათ იმიტომ რომ ჩემი გაყინული სხეული და სახე ზედმეტად დამთრგუნველად გამოიყურებოდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ არც თვითონ იყო კარგად...
- თქვენ რა გჭირთ?
- ეეეხ, ცუდი ამბავი შვილო?
- რა ამბავი?
- ტრამვაის აჩერებენ, აღარ უნდათ ეს ტრანსპორტი. მოძველებული, გამოუსადეგარი და ნამეტანი ჟანგიანიაო...
- რა მეშველება ახლა მე ბიძია?
არასოდეს მეგონა ამ ასაკის ხალხი თუ ტიროდა განსაკუთრებით კი კაცები. მე ხომ მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, რომ არ უნდა ვიკამათო! არ უნდა ვიტირო! არ უნდა მტკიოდეს! თუმცა, საკუთარი გულის ნადების გარეთ გამოტანა ძალიან მნიშნელოვანი ყოფილა. მრავალჯერ შელახული თავმოყვარეობისთვის.
ზურა ბიძია პატარა ბავშვივით ტიროდა და მეც მასთან ერთად მოვთქვამდი.
იმ დღეს საღამოს ტრამვაი „მოსკოვის პროსპექტს“ ბოლოჯერ შემოეხვია სალტესავით და შემედგ ავეჯის კომბინატათან გაჩერდა, სამუდამოდ შეწყვიტა გულისცემა.
ზურა ბიძია, დაახლოებით ერთი თვის თავზე, გულის შეტევით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ხელოვანს კი დღემდე ეძებენ მისი ოჯახის წევრები... ამბობენ, რომ ტრამვაის უკანასკნელ ამოსუნთქვას გაჰყვა ერთგული მეგობარივით.
2003 წლის 3 სექტემბერი... 7 ნომერი, ტრამვაის ბოლო გაჩერება... საავეჯო კომბინანტ „მოსკოვის გამზირზე“.
დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება
საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს