სიახლეები
სიახლეები

„თუ აზროვნება შეეძლო, ყველა თემას თავისუფლად დაწერდა აბიტურიენტი“ - ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ქართული ენის ტესტებს სპეციალისტი აფასებს
24-07-2023
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს, 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ხუთ სესიად ჩატარდა. აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია.

ფილოლოგი და რეპეტიტორი, მანანა ციცქიშვილი ამბობს, რომ წელს ქართულის გამოცდაზე კარგად შერჩეულ-გააზრებული თემები მოვიდა და თუ აბიტურიენტი ოდნავ აზროვნებს, არ უნდა გასჭირვებოდა ამ ტესტების დაწერა.

მანანა ციცქიშვილის წლევანდელი ქართულის გამოცდის შეფასება ვთხოვეთ.

- როგორ შეაფასებდით წელს ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს, რა იყო კარგად გააზრებული, ან რა არ გეჩვენათ კორექტულად?

- ძალიან კარგად იყო შერჩეული თემები. ის მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ხდება ქვეყანაში, თითქოს ამოსავალი წერტილია ეროვნული გამოცდებისა და ესადაგება ამ თემებს. შესაბამისად, აბიტურიენტებს, ვინც თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს, უადვილდებათ კიდეც იმ თემაზე წერა, რასაც გამოცდებზე სთავაზობენ.

პირველ სესიაზე იყო „ვეფხისტყაოსანი“. თემა: „ადამიანთა ურთიერთობაში თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია თუ ერთმანეთის საქციელის ობიექტური განსჯა“. შესანიშნავი სამსჯელოა. „ვეფხისტყაოსანი ყოველ წელს უნდა იყოს ეროვნულ გამოცდებზე! ჩვენ რომ ვარსებობთ და ქართველი ერი რომ შედგა, ამის დამადასტურებელია სწორედ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, მთელი მსოფლიოს საგანძურია და უნდა იყოს როგორც სასკოლო, ისე საგამოცდო პროგრამაში.

შარშანაც მოვიდა ამ პოემიდან თემა და რატომღაც აპროტესტებდნენ - რატომ მოდის სულ „ვეფხისტყაოსანიო“. წელს აღარავის უთქვამს. ვფიქრობ, არც მომავალში ჩაივლის ეროვნული გამოცდა მის გარეშე და ეს არის ბრწყინვალე! „ვეფხისტყაოსანში“ ბევრი თემაა თავმოყრილი. სხვა მოთხრობებიდან თუ ლექსებიდან ყველა თემას ვერ ამოიღებ. „ვეფხისტყაოსანი“ კი ამ მხრივაც ამოუწურავია და უამრავი პარალელის მოყვანა შეუძლია მოსწავლეს.

- საპროგრამო მასალიდან წერეს ასევე თემები ნაწარმოებებიდან „შუშანიკის წამება“, „ბახტრიონი“, „იგი“...

- რა თქმა უნდა, „შუშანიკის წამება“ შესანიშნავი ნაწარმოებია და თემაც კარგი იყო - „ღირსეული ადამიანები ხშირად განსაცდელის წინაშე მარტონი რჩებიან“. ჩემი აზრით, ადვილად დასაწერიც იყო. ჰაგიოგრაფიაზე ერთი პერიოდი ამბობდნენ, რომ ძნელი იყო და საპროგრამო მასალიდან უნდა ამოეღოთ. არადა, აბიტურიენტებმა ძალიან კარგად იციან და უყვართ კიდეც ეს ნაწარმოები. დიდი ბოდიში, მაგრამ რატომ უნდა ამოვიღოთ? აუცილებლად უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა ეს ეპოქა, მისი ავტორი...

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონს“ და მის თემას, „საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რომ უდანაშაულო ადამიანს ცილი არ დასწამოს“, რასაკვირველია, ამაზე მსჯელობაც თავისუფლად შეეძლო მოსწავლეს, რომელიც კარგად აზროვნებს. სულ ვეუბნებოდი ჩემს მოსწავლეებს, რომ ვაჟა-ფშაველა ალბათ აუცილებლად იქნებოდა ამ გამოცდაზე. ეს ნაწარმოები და საერთოდ, ვაჟას გმირები შესანიშნავია პარალელების მოსაყვანადაც, როდესაც თემსა და პიროვნებაზეა საუბარი.

გარდა იმისა, რომ მოგწონს ესა თუ ის მწერალი თუ პოეტი, გამოცდაზე  იმ ნაწყვეტზე მსჯელობ, რომელიც იქვე გაქვს მოცემული. ბავშვი უყურებს თემის სათაურს და არჩევს, რა თემაზე უნდა საუბარი, რაც ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.

ჯემალ ქარჩხაძის „იგი“, რომლის თემაც იყო „საკუთარი თავის შეცნობა ხშირად რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია“, ძალიან უყვართ ბავშვებს. სიმბოლოებით, მთელი სიღრმით იგებენ ამ ნაწარმოებს. საერთოდ, ჯემალ ქარჩხაძე უყვართ ბავშვებს, რადგან მთელი ცხოვრებაა ასახული ამ ნაწარმოებში. ბავშვები ოცნებობდნენ, „იგი“ შეხვედროდათ. მთელი ცხოვრებაა დადებული ხელისგულზე და პარალელებისთვისაც ბრწყინვალე ნაწარმოებია. როცა „იგი“-ზე ვმსჯელობდით, აუცილებლად მივდიოდით ვაჟა-ფშაველამდე - თემი და პიროვნება და ვაკვირდებოდი, რომ ბავშვებს  სწორედ პიროვნების ჩამოყალიბება და ის აინტერესებთ, დღევანდელ დღეს რა ხდება ამ კუთხით. 

პირველად რომ შეიტანეს ჯემალ ქარჩხაძე სკოლაში, მახსოვს, ბავშვები კარგად ვერ იგებდნენ. მერე კი შეუყვარდათ. ჯემალ ქარჩხაძე ნამდვილი ბრილიანტია! საინტერესოდ გადმოსცემს მთელ ცხოვრებას, რომელიც ყველა ეპოქას ეხება და მთავარი - როგორ იბადება ადამიანში პიროვნება. როდესაც პიროვნება იბადება, იქ იბადება უკვე ხელოვნება, სიყვარული და ყველაფერი. ამას გრძნობენ ბავშვები.

- „ოთარაანთ ქვრივის“ თემამ, „მშობლისათვის ყველაზე დიდი უბედურება შვილის მიერ ცოდვის ჩადენაა“,  მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რამდენად სწორად გააზრებული სათაურია?

- „ოთარაანთ ქვრივს“ ცოდვიანი კი არა, კრისტალური შვილი ჰყავს და მათი ურთიერთობაც სუფთა და წმინდაა. ცოტა სხვა კუთხით უნდა გაგეშალა თემა, პარალელების მოყვანა შეიძლებოდა „ხევისბერი გოჩადან“ და სხვა ნაწარმოებებიდან. სამსჯელოდ, რა თქმა უნდა, ესეც კარგი თემა იყო. როგორც უნდოდა, ისე წარმართავდა კარგად მოაზროვნე აბიტურიენტი ამ თემის მიმართულებას.

- რაც შეეხება არასაპროგრამო საკითხებს, როგორ იყო შერჩეული?

- არასაპროგრამო საკითხებიც კარგად იყო შერჩეული. თუ ბავშვი უფრო თამამია და დარწმუნებულია, რომ იცის პროგრამული საკითხი, იმას ირჩევს, თუმცა ზოგს უცხო ტექსტიც მოსწონს. მყავდა მოსწავლეები, რომლებმაც „ვეფხისტყაოსანი“ - არა და აკაკი წერეთლის „რაჭის ერისთავი როსტომი“. აქტუალური თემა იყო - „ამპარტავანი ადამიანი სხვებისთვისაც ზიანის მომტანია და საკუთარი თავისთვისაც“. თუ არ ჰქონდა ბავშვს წაკითხული, იქვე შეეძლო წაეკითხა და ეს თემა კარგად დაეწერა. როგორც მოსწავლეები მეუბნებიან, თემას სათაურის მიხედვით ირჩევდნენ - სათაურს რომ წაიკითხავ, ირჩევ, გინდა იმ თემაზე იმსჯელო თუ არა.

- ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“ გააკრიტიკეს. ბევრმა ლექსის ავტორიც გალანძღა...

- ბესიკ ხარანაული გამორჩეული პოეტია და ყველამ იცის, რომ შეუძლია მუსიკალური, რითმიანი ლექსი დაწეროს, მაგრამ ეს არის თავისუფალი, თეთრი ლექსი, ურითმო, ვერლიბრი. იმხელა ძალაა იქ მოცემული და იმხელა აზრია ჩადებული... ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ვიცი, რომ ბევრმა დაწერა. მე ეს ლექსი რთულად არ მიმაჩნია. ხარანაული ჩვენი დროის გამორჩეული პოეტია. თუ ბავშვს არ უნდოდა, მისი ნება იყო, მაგრამ გასააზრებლად მშვენიერი ნაწარმოები გახლავთ. რითმა თუ არ აქვს, რიტმი აქვს სასწაული! ვიღაცას მოთხრობა ეადვილება და ირჩევს, ვიღაცას - ლექსი. თუ მოსწავლე კარგად გაიაზრებდა, აირჩევდა კიდეც ამ საოცარ ლექსს. რთული თემა ნამდვილად არ იყო, - „რა შეიძლება იყოს სხვადასხვა თაობისა და განსხვავებული ინტერესების ადამიანებს შორის კავშირის საფუძველი“, - და ამაზე მსჯელობა თავისუფლად შეიძლებოდა.

არასაპროგრამო მასალა იყო ასევე ილია ჭავჭავაძის ლექსი „ყვარლის მთებს“ და თემა „მშობლიურ გარემოსთან სულიერი კავშირი სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას განსაკუთრებით ამძაფრებს“. „ყვარლის მთებს“ ხომ საოცარი ლექსია! ჩვენ ადრე სკოლაში ვსწვლობდით, მაგრამ წელს გამოცდაზე ისე შემოიტანეს, როგორც უცხო და არასაპროგრამო ლექსი. ბევრი მასწავლებელი და ფილოლოგი ვიცი, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ლექსის საპროგრამო მასალიდან ამოღება არ შეიძლებოდა. ერთი სიტყვით, რაც ჩვენთვის ფასეული და მნიშვნელოვანია, ყველაფერი იყო წელს ეროვნულ გამოცდებზე და აღფრთოვანებული ვარ!

- როგორც ვიცი, გამსწორებლადაც მუშაობდით წინა წლებში. პარალელების მოყვანა ეროვნულ გამოცდაზე თემის წერისას აუცილებელი პირობაა?

- არ არის აუცილებელი, მაგრამ ამ დროს თემა უფრო მდიდრული და ღრმა გამოდის, თორემ თუ ბავშვს პარალელი არ გაახსენდა და ისე იმსჯელა კარგად, არ აკლებენ ქულას. გამსწორებლად რომ ვმუშაობდი, არასოდეს დამიკლია ქულა ამის გამო. თუ თემა მომწონდა, ნუ ექნებოდა პარალელი! თუმცა, როდესაც „ოთარაანთ ქვრივს“ ასწავლი, „თავსაფრიანი დედაკაციც“ უნდა წააკითხო, რომ ორი დედის მსგავსებაზე მოყვეს ბავშვი. ნაწერში კი მთავარია, არგუმენტები როგორ აქვს მოყვანილი, ნაწერის სტილს, გრამატიკას აქვს მნიშვნელობა... ქულა ამაში იწერება და არა პარალელში.

თუმცა, მყავდა რამდენიმე მოსწავლე, რომლებსაც ისეთი უცნაური პარალელები ახსენდებოდათ, მეც მიკვირდა. აზროვნება იქითკენ მიდიოდა და მთავარია, სწორად, არგუმენტირებულად დაეწერათ.

- თანამედროვეობასთან დაკავშირებას რაც შეეხება, აუცილებელი პირობაა?

- დიახ, აბიტურიენტს უნდა შეეძლოს ნაწარმოების თანამედროვეობასთან დაკავშირება. ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე ბევრი მსგავსი გმირი ვიპოვოთ ქართულ თუ მსოფლიო ლიტერატურაში. თანამედროვეობას რომ მიუსადაგებს და იმსჯელებს ბავშვი, რატომ არის აქტუალური ის თემა, ძალიან კარგია. სჯობს, კლასიკოსის შექმნილი ნაწარმოების მიხედვით დღევანდელ აქტუალურობას გაუსვა ხაზი, ვიდრე ხუთი პარალელი მოიყვანო. ამიტომაც, ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის მოვუწოდებ, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რა ხდებოდა იმ წელს მსოფლიოსა თუ საქართველოში.

- ტესტების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, როგორ ფიქრობთ, რომელი ვარიანტი შეიძლება გამოცხადდეს რთულ ვარიანტად?

- ვფიქრობ, ერთნაირი სიძლიერის ტესტები იყო და - ყველა ნორმალურად შერჩეული თემა. თან, ისეთი მაგარი თაობა მოდის, ყველაფერს ართმევენ თავს. თუ აზროვნება შეეძლო, ყველა თემას თავისუფლად დაწერდა აბიტურიენტი.

რედაქტირებაც ყველა ვარიანტში მსგავსი იყო. შეცდომების ტიპიც კი ერთნაირად იყო განსაზღვრული. ვფიქრობ, ბავშვი სკოლაში თუ კარგად სწავლობდა, ამ თემებს და რედაქტირებას მომზადების გარეშეც ნორმალურად დაწერდა.

ბავშვის ფსიქოლოგია ისეთია, ჰგონია, რომ მაინცდამაინც მას შეხვდა რთული თემა და ყველას უნდა, მისი ვარიანტი გამოაცხადონ რთულად, უნდათ, რომ ქულა მოუმატონ. აუცილებლად გამოცხადდება რომელიღაც ვარიანტი რთულად, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რომელი იქნება. ის დასახელდება, რომელშიც ყველაზე დაბალი ქულები დაიწერება. მაგალითად, თუ მეორე ვარიანტი ყველამ ცუდად დაწერა და დანარჩენი – შედარებით კარგად, ის ცხადდება რთულად. ყოფილა შემთხვევა, როცა ასეთ დროს, 5-6 ქულაც კი მოუმატებიათ აპლიკანტისთვის.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
კვერცხის შეღებვის ტრადიცია და აკრძალვები, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება