მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„თუ პედაგოგს, დირექტორს მოსწავლეები და მათთან ურთიერთობა არ უყვარს, ის სკოლაში შემთხვევითაა“,- ამბობს ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე. ის ათეული წელია, რაც სკოლას ხელმძღვანელობს, სასკოლო გარემოს განვითარებასა და მოსწავლეთა მოტივირებაზე ზრუნავს.
როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ცდილობს, რომ ახალგაზრდები ღირსეულ მოქალაქეებად აღზარდოს, ცხოვრებისეული სირთულეებისთვის მოამზადოს და მათთან გამკლავება ასწავლოს. განსაკუთრებულ ყურადღებას პატრიოტულ სულისკვეთებაზე ამახვილებს. დირექტორმა იმ პრობლემაზეც ისაუბრა, რასაც ემიგრაცია ჰქვია, აღნიშნა, თუ რამდენად მოქმედებს ეს ფაქტორი მოსწავლეების მოტივაციაზე.
ვანის N1 საჯარო სკოლაში შესანიშნავი სიახლეა, მალე შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყება და ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
ვალერი კანკაძემ etaloni.ge-სთან სასკოლო ცხოვრებაში არსებული გამოწვევების, აბიტურიენტების, პედაგოგების, გასული სასწავლო წლისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
- ბატონო ვალერი, როგორი იყო გასული სასწავლო წელი თქვენი სკოლისთვის?
- უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ წარმატებული წელი იყო. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებოდნენ. მათ როგორც მუნიციპალური, ისე საქართველოს მასშტაბით სპორტულ წარმატებებსაც მიაღწიეს. აქტიურები იყვნენ პედაგოგებიც, რომლებმაც სასწავლო პროცესი ღონისძიებებითა და პროექტებით გაამრავალფეროვნეს.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ახლახან დასრულდა არაფორმალური განათლების მიმართულებით მიმდინარე პროექტი, რომელიც საშუალო საფეხურის მოსწავლეებზე იყო გათვლილი და მათ გიდებად გადამზადებას ემსახურებოდა. ის ვანის N1 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელდა, თუმცა სხვა სკოლების - ვანის N2 და ზედა ვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. სულ 19 მოსწავლე გადამზადდა, მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. ჩემი სკოლის მოსწავლეებმა ამ პროექტში მაღალი შეფასება თავად წამყვანი პედაგოგის მხრიდან დაიმსახურეს.
- რას სთავაზობს თქვენი სკოლა მოსწავლეებს?
- პირველ რიგში, ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს. უახლოეს პერიოდში, ჩვენი სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყება და გარკვეული დროს შემდეგ, მოსწავლე-მასწავლებლებს მაღალი სტანდარტების, ულტრათანამედროვე შენობა დახვდებათ. ამას საქართველოს მთავრობა აფინანსებს და აქვე მინდა, ამ პროექტისთვის პრემიერ-მინისტრს უღრმესი მადლობა გადავუხადო. სრული რეაბილიტაცია, დაახლოებით, ივლისში დაიწყება და მინიმუმ 1 წელი დასჭირდება.
- თავად თქვენ, რამდენი ხანია, რაც სკოლაში მუშაობთ და დირექტორი ხართ?
- დაახლოებით, 10-11 წელია, რაც სკოლაში ვარ, მანამდე სხვადასხვა სამსახურებში ვმუშაობდი. მე პედაგოგი არ ვარ, მენეჯერი და იურისტი ვარ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ორი გამოცდა - პროკურატურისა და ადვოკატთა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე. სკოლის მენეჯერი ვარ, ვასწავლო მხოლოდ ერთ საგანს - სახელმწიფო და სამართალი.
- თქვენთვის, როგორც დირექტორისთვის, მოსწავლეებთან ურთიერთობა რამდენად მნიშვნელოვანია?
- საერთოდ, თუ პედაგოგს, დირექტორს მოსწავლეები და მათთან ურთიერთობა არ უყვარს, ის სკოლაში შემთხვევითაა. პირადად მე, დაახლოებით, მე-4 კლასიდან ყველა მოსწავლის შესახებ მაქვს დეტალური ინფორმაცია. ვიცი მათი ოჯახური მდგომარეობა, პრობლემები თუ გამოწვევები. ძალიან მეგობრული დირექტორი ვარ, ვცდილობ, მოსწავლეებს მეგობრობა, ჯანსაღი ურთიერთობა ვასწავლო. ყველას მოვუწოდებ, რომ ამ სტრესულ სამყაროში ბავშვებს მაქსიმალურად ფრთხილად მოექცნენ. მათ ისეთი ასაკი აქვთ, რომ ხისტ მოპყრობას ძალიან ცუდად აღიქვამენ. ეს კი მოსწავლეთა მომავალ განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
ამიტომ, ყველას - პედაგოგებს, დირექტორებს, მშობლებს მოვუწოდებ, ბავშვებთან მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. თუ ჩვენ მოსწავლეებს სწორი მიმართულებით აღვზრდით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძალიან კარგ თაობას მივიღებთ. დავეთანხმები სიტყვებს - ჯობია ახალგაზარდებს განათლება მისცეთ საშუალო და აღზრდა უმაღლესი, ვიდრე განათლება ჰქონდეს უმაღლესი და აღზრდა საშუალოზე დაბალი. ამიტომაც, უდიდესი მნიშვნელობა სწორედ აღზრდას უჭირავს.
- გამოდის, რომ სკოლაში ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას უთმობთ...
- დიახ, ძალიან დიდ ყურადღებას. მადლობელი ვარ მასწავლებლებისა და მოსწავლეების. არაფორმალური განათლების მიმართულებით მიმდინარე პროექტი რომ ვახსენე, თავად პედაგოგმა გადამიხადა მადლობა ასეთი აქტიური, თავისუფლად მოაზროვნე და ზრდილობიანი ბავშვების აღზრდისთვის.
- ათეული წელია დირექტორი ხართ, რას გამოყოფდით, რა მთავარ გამოწვევას აწყდებით ამდენი ხნის განმავლობაში?
- უმძიმესი და უმწვავესი გამოწვევაა ის, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მშობელთა გარკვეული ნაწილი საზღვარგარეთაა. ვისურვებდი, საქართველოში ისეთი ცხოვრება დამდგარიყოს, ყველა მშობელი თავისი შვილის გვერდით ყოფილიყოს. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ყველზე რთული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ფსიქოლოგებიც ამას ამბობენ, ზოგადად, მშობლები შვილის გვერდით უნდა იყვნენ. მათ მშობლები - დედა და მამა რომ ყურადღებას მიაქცევენ, ისე, ალბათ, სხვა ვერავინ. ჩემს მოსწავლეებს ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ დედა ძალიან ენატრებათ. ამ საკითხზე გული ძალიან მწყდება. ეს ყველაფერი მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აისახება. შეიძლება, სასწავლო პროცესში ნორმალურად ჩაერთონ, მაგრამ თითქოს სევდა აქვთ თვალებში და ამას ვხედავ.
- პედაგოგებზე უნდა გკითხოთ, არიან თუ არა სერტიფიცირებულები?
- ამ თვალსაზრისით, საკმაოდ აქტიური პედაგოგები გვყავს, ვითარდებიან. ახლა ერთი უფროსი მასწავლებელი გახდა, ერთმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა. მათ რიგებს კი უახლოეს პერიოდში სხვებიც დაემატებიან.
- თავად სტატუსების მინიჭების ფორმატსა და გამოცდებზე რას ფიქრობთ?
- ეს ვრცელი საკითხია. ზოგადად, პედაგოგმა საკუთარი კომპეტენცია უნდა დაადასტუროს, მაგრამ მარტო ეს არაა საკმარისი. მასწავლებელი მრავალმხრივ განვითარებული უნდა იყოს. 21-ე საუკუნის საჯარო სკოლების მასწავლებლებს მარტო გაკვეთილის ახსნა-ჩატარება და შემდეგ გამოკითხვა არ მოეთხოვებათ. ისინი ყველა მიმართულებით მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ, ინიციატივები გამოიჩინონ, აქტივობები განახორციელონ.
სკოლაში ადამიანი მოქალაქედ ყალიბდება, მან ცხოვრებისეული უნარები უნდა ისწავლოს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, როდესაც სკოლას დაასრულებს, ცხოვრებას წელში გამართული უნდა შეხვდეს, ადაპტირება უნდა შეძლოს.
- მოსწავლეების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება ახსენეთ, თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ და თითოეულმა პედაგოგმა ამ მიმართულებით?
- პედაგოგებმა მოსწავლეებს პატრიოტიზმი უნდა ჩაუნერგონ, სწორი მიმართულება დაანახონ და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება ასწავლონ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ადამიანი ზრდასრულობაში ნაბიჯს გადადგამს, ცხოვრებას მომზადებული უნდა შეხვდეს. მიმაჩნია, რომ სხვადასხვა საგანთან ერთად, უმთავრესი, რაც მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს ცხოვრებისეული ბარიერების გადალახვის შესაძლებლობა, სირთულეების დაძლევაა. ასევე, კარგისა და ცუდის გარჩევა.
- ამბობთ, რომ სკოლამ მოსწავლეებს რეალური სამყარო უნდა დაანახოს?
- რა თქმა უნდა, ასეა. გარდა ამისა, მოსწავლეს შემდეგი სიტყვები უნდა ჩაუნერგოს - „თქვენ 21-ე საუკუნის საქართველოს მოქალაქეები ხართ და თქვენი ვალია, ქვეყანა ააშენოთ. პირველ რიგში, თქვენი ცხოვრება ააშენეთ და შემდეგ თქვენი სამშობლოს აშენებაში ჩაერთეთ“ - თუ მოსწავლეებს ამ სულისკვეთებით გავუშვებთ, მომავალში ძალიან ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით.
- სასწავლო წელი დასრულდა და ერთიანი ეროვნული გამოცდები მოახლოვდა, რამდენი აბიტურიენტი გყავთ?
- დაახლობით, 20 აბიტურიენტი გვყავს. საკმაოდ მოტივირებულები არიან, აქტიურად ემზადებიან. გათავისებული აქვთ, რომ უნდა ჩააბარონ. წარმატებას ვუსურვებ არამარტო ჩემი სკოლის, არამედ სრულიად საქართველოს აბიტურიენტებს, სასურველ ფაკულტეტებზე ჩაებარებინოთ.
- ბოლოს, რას ურჩევდით მათ, გამოცდის წინ როგორ განეწყონ, რას მიაქციონ ყურადღება?
- პირველ რიგში, საკითხებს კარგად დააკვირდნენ, არ ინერვიულონ და წესები დაიცვან. ვეტყოდი, რომ ცხოვრება ძალიან რთულია, მაქსიმალურად ეცადონ, მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ, საქართველოში ადგილი დაიმკვიდრონ და თავიანთი ქვეყანა ააშენონ.
მოსწავლეებს საკუთარი მოწოდება აქვთ. მაგალითად, პირადად ჩემთვის, როდესაც ვაბარებდი, რა ფაკულტეტიც არ უნდა ერჩიათ, მე რაც მინდოდა მაინც იმაზე ჩავაბარებდი. სამომავლოდ, ყველა მშობელსა და აბიტურიენტს ვურჩევ, მე-11 კლასში და მე-12-ს დასაწყისში საქართველოში მოთხოვნად პროფესიებს დააკვირდნენ და იმ ფაკულტეტებზე ჩააბარონ. მომავალ აბიტურიენტებს განსაკუთრებულად ვურჩევდი, რომ ინჟინერია აირჩიონ, გამომდინარე იქიდან, რომ ვფიქრობ ეს პროფესია უახლოს პერიოდში მოთხოვნადი გახდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ABGs აკადემია მსმენელს სთავაზობს მრავალმხრივ ტრენინგ-კურსებს
„ყველა ბავშვს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა, ყველას პასუხი უნდა მოეთხოვებოდეს თავისი უფლებების და მოვალეობების შესაბამისად“
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს წარმატებულ მოსწავლეს, მოტივირებულ პედაგოგს, მადლიერ მშობელს“
„მოსწავლეების თავდაჯერებულობა, კრეატიულობა, მუდმივი სურვილი გაუმჯობესებისკენ, მე როგორც მასწავლებელს უდიდეს მოტივაციას მაძლევს“
კლუბის ხელმძღვანელი სპეციალური განათლების მასწავლებელი ნინო ბაცანაძე გახლავთ.
დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა