სიახლეები
სიახლეები, სკოლები

„ოქროს ხანისთვის ვამზადებთ ბავშვებს“ - წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ბოლო ზარი დაირეკა
17-05-2023
-
+


წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში 17 მაისს ბოლო ზარი დაირეკა. მე-12 კლასის მოსწავლეებმა სწავლის დასრულებისას ტრადიცია არ დაარღვიეს და ერთმანეთს კეთილი სურვილები თეთრ პერანგებზე დააწერეს.

„ღმერთმა დაგლოცოთ!“ - ასეთი წარწერა ყველა კურსდამთავრებულს გიმნაზიის რექტორმა, მამა მირიან სამხარაძემ გაუკეთა.

etaloni.ge, რომელიც გიმნაზიაში ბოლო ზარს დაესწრო, მამა მირიანს ესაუბრა. მოძღვარი ამბობს, რომ მათ სკოლაში მოსწავლეები განათლების შეძენასთან ერთად ყველაზე მთავარს - თავისუფლებას და ზნეობას სწავლობენ, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

- ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს. მთავარია, სწორი მიმართულება მივცეთ და ისინი თავისუფლები იყვნენ. პიროვნული თავისუფლებაა უპირველესი. თუ პიროვნული თავისუფლება არ გაქვს, ისე ქვეყნის თავისუფლებაზე ვერ ისაუბრებ. ჯერ საკუთარი თავი უნდა გაითავისუფლო. ყველაზე ძვირფასი, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, ეს არის თავისუფალი ნება. ამ თავისუფალი ნების განხორციელებისთვის მთელი ცხოვრება უნდა იბრძოდე ადამიანი.

თავისუფლებას თან ახლავს გარკვეული მოვალეობა უფლის, ერის, სამშობლოს და ოჯახის წინაშე. ჩვენი მოსწავლეები აქ არამხოლოდ საგნებს ეუფლებიან. როდესაც ისინი სკოლას ამთავრებენ და დამოუკიდებელი ცხოვრების გზას ადგებიან, ღირსეული ადამიანები არიან, რადგან რა ცოდნა და გამოცდილებაც ამ სკოლაში შეიძინეს, ის მთელი ცხოვრების განმავლობაშია მათი მეგზური.

- რა აქცევს ადამიანს ღირსეულად, რა უნდა მისცეს სკოლამ მოსწავლეებს ამისთვის?

- შეიძლება, ადამიანი კარგი მეცნიერი იყო, მაგრამ არ გქონდეს სწორი სარწმუნოება, სწორი ხედვა, ზნეობა, ადამიანობა, ღირსება... ლენინზე მეტი წიგნი არავის დაუწერია ამქვეყნად. მან დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტი ოქროს მედალზე და თავისი მმართველობის პერიოდში ოცი მილიონი ადამიანი გაანადგურა. განათლების შედეგი, რომელსაც თან არ ახლავს საღვთო მადლი, ყოველთვის სიბოროტეა. „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“. განათლებას თან უნდა ახლდეს საღვთო ნათელი და ეს განათლება ადამიანმა ცხოვრებაში უნდა გამოიყენოს ჭეშმარიტების განსახორციელებლად და საქადაგებლად.

ჩვენი ძირითადი პრინციპი სამკუთხედია - სკოლა, ეკლესია, ოჯახი. ეს ერთობლიობა ქმნის გარემოს, რომ ბავშვები ზნეობრივად აღვზარდოთ. სკოლა მარტო ვერ შეძლებს ამას. მშობლისა და ეკლესიის ჩართულობა აუცილებელია. ქუჩას არასწორი მიმართულებით მიჰყავს ბავშვები და ეს უნდა ჩაანაცვლოს ეკლესიამ. ეკლესიურად აღზრდილი ბავშვი არასდროს ჩაიდენს ბოროტებას, მას აქვს ღვთის შიში და მოყვასის სიხარული. როცა ასეთი ადამიანები მრავლად იქნებიან ამქვეყნად, ცხოვრება საინტერესო იქნება და ბოროტება - ნაკლები. დედამიწაზე სამოთხეს ვერ შევქმნით, სამოთხე ზეცაშია, მაგრამ ამ მოკლე წუთისოფელში ჩვენ ერთმანეთს ყოველი დღე უნდა გავულამაზოთ.

ეს ბავშვები, რომლებმაც დღეს სკოლა დაამთავრეს, ჩვენი მესამე გამოშვებაა. ჩვენი სკოლა დაფუძნდა 2009 წელს, მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მაგრამ თავიდან შევავსეთ სხვა კლასები და ისე დაკომპლექტდა სკოლა. ესენი ის ბავშვები არიან, ვინც 12 წელი მთლიანად ჩვენთან გაატარეს. როცა სკოლას ვაფუძნებდით, მისმა უწმინდესობამ გვითხრა, თქვენი სკოლა იქნება თამარ მეფის სახელობის და თქვენ უნდა აღზარდოთ ბავშვები თამარის საქართველოსთვის, თამარისა და დავითის სულისკვეთებითო. სამართლიანად უძახის ჩვენი ერი თამარის დროს ოქროს ხანას. ასე რომ, ჩვენ ოქროს ხანისთვის ვამზადებთ ამ ბავშვებს.

- ვინც ახლა სკოლას ამთავრებს და ცხოვრების ახალ გზაზე დგება, გექნებოდათ მათთვის სათქმელი, რას ურჩევდით?

- ერს გადაარჩენს და თანამედროვე პირობებში ოქროს ხანამდე მიიყვანს განათლება. განათლების ერთი ეტაპი მათ უკვე სკოლაში გაიარეს. ამის შემდეგ სხვადასხვა ეტაპის გავლა მოუწევთ - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სამეცნიერო მუშაობა... ჩვენი სკოლიდან კურსდამთავრებულთა 99% ირიცხება წამყვან უმაღლეს სასწავლებელში და რამდენიმე - ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებელში. დღეს სწორედ განათლების პრობლემა გვაქვს. რაც ილია ჭავჭავაძემ გააკეთა თავის დროზე, ის უნდა გავაკეთოთ - სათავადაზნაურო ბანკიდან სტიპენდიებს უნიშნავდა, აგზავნიდა საზღვარგარეთ ახალგაზრდობას და როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, 1918 წელს, წინა წელს უკვე უნივერსიტეტი გვქონდა გახსნილი და საქართველოს ჰყავდა ყველა დარგის სპეციალისტი საზღვარგარეთ განათლებამიღებული. რომ არა საქართველოს გასაბჭოება და ხალხის ფიზიკურად განადგურება, დღეს ჩვენ უძლიერესი სახელმწიფო ვიქნებოდით.

ამიტომაც, მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, გაითვალისწინოს, რომ დღეს ჩვენთვის განათლებაზე ზრუნვა აუცილებელია. ასევე, უმნიშვნელოვანესია, ღირსეული ადამიანები იყვნენ და საზოგადოების ისეთი წევრები გახდნენ, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესითა და ზნეობით, მაგალითს მისცემენ სხვებს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც არ უნდა განათლება, ხარისხები მიიღო გინდა მწვერვალებს მიაღწიონ, მთავარია, როგორი წესით იცხოვრებენ ამქვეყნად.

ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს, რომ თამარის ეპოქის სულისკვეთება, რაც სკოლაში აითვისეს, ის გაჰყოლოდეთ ბოლომდე - ადამიანობა, ზნეობა, ტრადიციებისადმი სიყვარული არ განელებოდეთ და სამშობლოს ღირსეული შვლები ყოფილიყვნენ.

- ყველას დააწერეთ თეთრ პერანგზე „ღმერთმა დაგლოცოთ“...

- დიახ, ღვთისაგან უნდა იყვნენ დალოცვილები. დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე ერთ ნაბიჯს არ დგამდნენ მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე და იმიტომ იყო საქართველო წარმატებული, რომ ღვთისგან იყო გამოთხოვილი ლოცვა-კურთხევა. როცა საქმე ღვთისგან დალოცვილია, ის საქმე ყოველთვის კეთილად მთავრდება. მაშინ ხელი კი არ გვქონდა სხვისკენ გაწვდილი და სხვებს კი არ ვეკითხებოდით, როგორი კანონები მიგვეღო?! თამარის დროს კანონები იქნა მიღებული... მოგვიანებით, ევროპა მიხვდა, რომ ასეთი კანონმდებლობა აუცილებელი იყო. ჩვენ მაშინ დროს გავასწარით ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების მხრივ. ევროპამ ადამიანის უფლებებზე მოგვიანებით დაიწყო საუბარი. ევროპული ფასეულობები ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ მათ ინკვიზიციის პერიოდიც ჰქონდათ. ჯერ კიდევ თამარის დროს ჩვენ გვქონდა კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, სიკვდილის დასჯა არ არსებობდა, მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოებმა გილიოტინა, ელექტროსკამები და რა არ გაიარეს. ჩვენი ორიენტირი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის, მაგრამ ჩვენი ტრადიციები და თვითმყოფადობა, რაც გაგვაჩნია, იმით უნდა შევიდეთ ევროპაში, მათგანაც უნდა ვისწავლოთ და ჩვენც უნდა ვასწავლოთ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
თითოეული პირველკლასელი 100 ლარს მიიღებს - ბიუჯეტი
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება