სიახლეები
სიახლეები

2023 წლის ბანკეტი, გოგონები შარვალ-კოსტუმში - ახალი ტენდენციები და რჩევები ცნობილი დიზაინერებისგან 
15-05-2023
-
+


მე-12 კლასელების უმრავლესობა, სკოლაში სწავლის დასასრულისკენ, სასკოლო ბანკეტების ორგანიზების ჩვეულ გაწამაწიაშია ჩაბმული.  

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განსაკუთრებულად წარდგენა ერთგვარი პრიორიტეტია. ძვირიანი ავტომანქანის მომსახურება, ფოტო და ვიდეო გადაღება, რესტორანი, ფოიერვერკი... ამ ყველაფერს კი სამოსი აგვირგვინებს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა კლასიკურ სამოსსა და მაღალ ქუსლებს პირველად მოირგებს, ღელვა თავისთავად მატულობს.

Etaloni.ge დაინტერესდა და დიზაინერებს, ნანა მელქაძესა და ელენე შავდიას ჰკითხა, რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა, რომ ცხოვრების ერთ-ერთ გადამწყვეტ ღონისძიებაზე  თავი კომფორტულადაც იგრძნონ და ბრწყინვალედაც გამოიყურებოდნენ.

ნანა მელქაძე, რომელსაც საბანკეტო სამოსის შეკერვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, გვიყვება რომ გასული სამწლიანი ჩავარდნის შემდეგ, ადამიანები, როგორც იქნა, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და ბანკეტების გადახდაც დაიწყეს.

- წელს ბანკეტების გადახდა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. 2020 წლის ივნისში საერთოდ არ იყო ბანკეტები, 2021 წელს აქა-იქ გადაიხადეს, გასულ წელსაც იშვიათობა იყო, წელს კი თებერვლის თვიდან დაიწყეს მზადება და უამრავი შეკვეთა მაქვს.

- როგორი სამოსია რეკომენდებული წლევანდელი სკოლადამთავრებულებისთვის?

- აქტუალურია საღამოს კორსეტიანი კაბები, ე.წ. კოქტეილის კაბები, „ქალთევზას“ ფორმის კაბები, კაბები დაშვებული შლეიფით, რეტრო სტილის კაბები და შარვალი პიჯაკითა და ჟილეტით. რამოდენიმე გოგო იკერავს პიჯაკს და შარვალს. ზოგი ამ სტილში ჯდება და საღამოს კაბას ვერც მოიხდენს. რამდენიმე გოგონა მოვიდა უკვე შერჩეული კაბის ესკიზით, რომელზეც ჰგონია, რომ მოუხდება, არადა, აშკარაა იყო, რომ მათ ხასიათში არ ჯდებოდა. როგორც წესი, იღებენ ჩემს რჩევებს და ითვალისწინებენ.

თუ პიჯაკი და შარვალი მუქ ტონალობაშია, ეფექტისთვის შეიძლება, მეტალისფერი ან ოქროსფერი ღილები ჰქონდეს, თუ ღია ტონალობაშია, ამ დროს კარგია შიდა სადა ტოპები. თუ მოინდომებს და გაიხდის პიჯაკს, დარჩება ლამაზი ტოპით. მაგალითად, წითელ ფერს უხდება ნაცრისფერი.

- რაც შეეხება კაბის სიგრძეს, ფერებს, ქსოვილის სტრუქტურას?

- სიგრძე შეზღუდული არ არის. მუხლს ზემოთ, მოკლე კაბებიც მოდაშია და ფრანგული სიგრძეც - შუა წვივზე, კოჭს ზემოთ და ასევე - გრძელი, დაშვებული საღამოს კაბები შლეიფებით.

ფერების შეზღუდვა არ არის, ვისაც რომელი ფერი უხდება, ის უნდა მოირგოს. შავი, წითელი და თეთრი ყოველთვის აქტუალურია. წელს ასევე აქტუალურია სალათისფერი, მომწვანო ფერები, ბორდოსფერი, ატმისფერი, პასტელის ფერები. ქსოვილი კი, რა თქმა უნდა, ბზინვარე სჯობს.

ამ ყველაფერში წამყვანი როლი ფეხსაცმელს ენიჭება. ჯერ ვარჩევთ კაბას და შემდეგ - ფეხსაცმლის სტილსა და ფერს. ფეხსაცმელიც სპეციფიკურია - წვრილი ქუსლით მოუხდება თუ ღია, „ბასანოჩკი“, ესეც ხასიათის ამბავია. ზოგს უნდა ბოტასი ან დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. ასეთ დროს პიჯაკს და შარვალს ვკერავთ და ბოტასს ან დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ვუხამებთ.

- როგორი იქნება თქვენი ზოგადი რჩევები, რა გაითვალისწინონ ცხოვრების ახალ გზაზე შემდგარმა ახალგაზრდებმა პირველი ბანკეტისთვის?

- პირველ რიგში, თავიანთი ხასიათი უნდა გაითვალისწინონ და იმის მიხედვით გადაწყვიტონ, რას უფრო მოიხდენენ. მაგალითად, პუტკუნა გოგონამ ისეთი კაბა უნდა შეარჩიოს, რომელიც მინიმუმ 5 კილოგრამით ნაკლებს გამოაჩენს და რაც დასაფარია, დაუფარავს. ძალიან გამხდარ გოგონებს გამოყვანილი კაბები არ უხდებათ. თეძო რომ არ აქვს, ფანქარივით არის გოგო და კიდევ სწორ კაბას ჩაიცმევს, დაიკარგება. ამიტომაც, ლამაზი ფორმები უნდა შეირჩეს, რომელიც ტანსაც მოუხდება და ხასიათსაც.

- და როგორ „მოვიპაროთ“ 5 კილო?

- კაბა აუცილებლად უნდა იყოს მაღალ წელზე, ტანზე მომდგარი, მყარი, ორმაგი ქსოვილით - აუცილებლად შიდა სარჩულით და ქსოვილს უნდა ჰქონდეს წელვადობაც, ქვედატანი კარგად უნდა იყოს შეკრული და წელიდან  დაშვებული.

როცა პუტკუნა იკერავს პიჯაკს და შარვალს, ამ შემთხვევაში, დაბალ ქუსლზე ჩაიცვამს ფეხსაცმელს, თუ მაღალ ქუსლზე, მნიშვნელობა არ აქვს, შარვალი უნდა იყოს ფართხუნა, დაშვებული და პიჯაკი - თავისუფალი სტილის.

- ბიჭების შემთხვევაში როგორ არის - რა არის მოდაში?

- ბიჭები ძირითადად კლასიკურ სამოსს ირჩევენ და ასეთ დროს, ფეხსაცმელი უნდა იყოს სპორტულ-კლასიკური. შეიძლება სადა მაისურზე პიჯაკი მოიცვან. იცვამენ ასევე სმოკინგებს. ზოგს მოჩაჩული შარვალი და თავისუფალი პიჯაკი უხდება.

ბიჭებთან ურთიერთობა უფრო მარტივია, ნაკლებად პრეტენზიულები არიან,  დგანან მშვიდად, წყნარად და გენდობიან თავიდან ბოლომდე.

- თავად როგორ გახსოვთ სასკოლო ბანკეტი და თქვენი ჩაცმულობა?

- ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და კერვა. რაც თავი მახსოვს, სულ მაკრატელი მიკავია ხელში. ასე რომ, ბანკეტზეც ჩემი შეკერილი კაბა მეცვა - ცისფერი, მუხლის სიგრძეზე. ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი ჩემს შეკერილ სამოსში თავს და ის დღეც შესანიშნავად მახსოვს.

...

დიზაინერი, ელენე შავდია ამბობს, რომ სასკოლო ბანკეტებისთვის კაბებს ინდივიდუალურად არ კერავს, თუმცა გოგონები ამ დღისთვის მისი კოლექციიდანაც იმოსებიან.

- გასულ წლებში გრძელი კაბები იყო უფრო მოთხოვნადი, 2023 წელს კი საღამოს კაბების არჩევისას მოკლე სტილის ვარიანტს არჩევენ, რომელიც სილუეტს უფრო კარგად გამოკვეთს. ასე რომ, ამ წლის სასკოლო გამოსაშვები საღამოსთვის ტანზე გამოყვანილი კაბები განსაკუთრებით ტრენდული იქნება.


გოგონებს ვურჩევ, ამ დღისთვის შეარჩიონ კაბის ისეთი ვარიანტი, რომელსაც უცხო ჭრილები და ფაქტურები ექნება და მათ სილუეტს მეტად გამოკვეთს.

- რაც შეეხება ფერებსა და აქსესუარებს, რა რჩევა გექნებათ, რა გაითვალისწინონ?

- აქტუალურია ბრჭყვიალა დეტალებითა და მძივებით გაფორმებული კაბები. ამ წელს განსაკუთრებით მოთხოვნადია ოქროსფერი და ვერცხლისფერი ტონები. ამ ტონებზე, ლუქისთვის, შეარჩიეთ სადა აქსესუარები, რომლებსაც დამატებით ბრჭყვიალა დეტალები აღარ ექნება.

- როგორ გახსენდებათ თქვენი სასკოლო ბანკეტი - რა გეცვათ, რის მიხედვით აირჩიეთ ფერი, სტილი... რამდენად კომფორტულად იყავით იმ სამოსში ან რა ინანეთ?

- კარგად მახსოვს, რაც მეცვა. დედაჩემის ბანკეტის კაბა მომწონდა ძალიან, რომელიც ოქროსფერი, ბრჭყვიალა ფაქტურის იყო - ეს კაბა ბოლოს სკოლის დამთავრების მე-20 წლისთავზე ეცვა და წარმოიდგინეთ, ისევ ისეთ ფორმაში იყო, როგორც სკოლის დამთავრებისას. კაბა მე დამითმო ბანკეტზე და გადავაკეთე კორსეტად - ტრანსფორმერი ლუქი მოვიფიქრე. ეს კორსეტი მეცვა და ქვედა ნაწილში - გაშლილი შავი კაბა, რასაც ერთი მთლიანი კაბის ვიზუალი ჰქონდა. შუა წვეულებაზე კი კორსეტის შესაფერისი შავი შარვალი ჩავიცვი, რაც საკმაოდ ეფექტური იყო.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“... - izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების სტუმრები საუბრობენ 

სოციალურ საწარმოში სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად სწავლობენ მცენარეების დარგვას

საგამოცდო ბარათებსა და საგამოცდო პროცესზე დეტალურ ინფორმაციას აპლიკანტებს გააცნობენ

სამინისტრომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჯამში 11 ნივთი გადასცა, რომელთა საერთო ღირებულებაც - 84 079,75 ლარია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიაღწიეს სპორტულ წარმატებებს: განსაკუთრებული მადლობა მწვრთნელს, შახინ ბახტიაროვს“

სცენების სანახაობრივ მხარეს აძლიერებდა საგანგებოდ შერჩეული მუსიკა, კოსტიუმი და მოსწავლეთა ხელით შექმნილი რესურსები

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება