სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელი, რომელიც წელს კვლავ სტუდენტი გახდა, მოხუცებთან მოხალისედ მუშაობს
11-11-2022
-
+


პედაგოგი თინათინ ლაღიძე ერთ-ერთ კერძო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. 10 წელია, რაც მასწავლებელია. პარალელურად, ერთ-ერთ კლინიკაში - ლაბორანტად და მოხუცთა თავშესაფარში მოხალისედ მუშაობს. წელს კი სტუდენტიც გახდა - პროფესიული განათლების მიმართულებით ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კურსებზე ჩაირიცხა. 

თინათინი, რომელიც პროფესიით ბიოლოგია, ამბობს, რომ ბავშვობაში მსახიობობა და მომღერლობა უნდოდა და სკოლაში თეატრალურ დასშიც ირიცხებოდა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ისეთ ფაკულტეტზე ჩააბარა, რამაც ვერაფრით დააინტერესა. სწავლა შეწყვიტა, თუმცა ძიების პროცესში საყვარელი საქმე იპოვა.

„დედას უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. თანაბრად კარგად ვსწავლობდი საგნებს. რადგან აქტიური ბავშვი ვიყავი, რამოდენიმე მასწავლებელმა მირჩია, ჟურნალისტიკა ამერჩია. ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე. ერთი სემესტრის შემდეგ მივხვდი, რომ საერთოდ სხვაგან ვიყავი და ეს არ იყო ჩემი სფერო. მივატოვე სწავლა და ერთი სემესტრი დავისვენე.

მერე კი ისე მოხდა, საჭირო დროს საჭირო ადამიანები რომ გამოჩნდებიან ხოლმე... ასე აღმოჩნდა ჩემ გვერდით ჩემი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, ლია ჯავახიშვილი, რომლის დახმარებითაც ჩავაბარე ბიოლოგიის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემს ცხოვრებაში, რომ სასიკეთო გზით წავსულიყავი და საყვარელი საქმე მეპოვნა“, - ამბობს თინათინი, რომელმაც შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა.

„მოხდა ისე, რომ მაშინ ილიას უნივერსიტეტსა და ბაქტერიოფაგს ერთობლივი პროექტი ჰქონდათ და სწავლის პარალელურად იქ  მიკრობიოლოგიის განყოფილებაში ვმუშაობდი. მაგისტრის ხარისხი მივიღე და ახლა პროფესიით მიკრობიოლოგი ვარ. ამის შემდეგ, მასწავლებლის სახლში გამოჩნდა პროგრამა, რომლითაც შეგეძლო მოგეპოვებინა პედაგოგად მუშაობის უფლება. ეს პროგრამა გავიარე და გასაუბრებაზე ჩემს სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში მივედი. იქაც კონკურსი იყო - 16 თუ 17 ადამიანს უნდოდა, იმავე პოზიციაზე მუშაობა. 

მე შემარჩიეს მაძიებელ მასწავლებლად და ერთი წლის განმავლობაში გავდიოდი პრაქტიკას მაძიებლის პროგრამის ფარგლებში. ამ ერთწლიანი მაძიებლის პროგრამის დასრულების შემდეგ, ზაფხულში, სკოლის ადმინისტრაცია დამიკავშირდა და მითხრა, რომ სჭირდებოდათ ბიოლოგიის მასწავლებელი. ამავე წელს ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები - საგნისა და პროფესიული უნარების და ისევ იმ სკოლაში დავიწყე პედაგოგად მუშაობა. 10 წელია, რაც პედაგოგი ვარ. პანდემიის პერიოდში კი ვიმუშავე ერთ-ერთი ლაბორატორიის პსრ განყოფილებაში. მერე სხვა კლინიკის ლაბორატორიაში გადავედი და უკვე მეორე წელია, ლაბორანტიც ვარ და  მასწავლებელიც“, - გვითხრა პედაგოგმა.
თინათინს დოქტურანტურაში უნდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ, როგორც ამბობს, უდროობის გამო აქამდე ვერ მოახერხა, თუმცა ამ ოცნებაზე უარის თქმას არ აპირებს. 

„გამოჩნდა ასეთი ვარიანტი - კურსები პროფესიული განათლების მიმართულებით, სადაც არის ასეთი კურსი - ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ზაფხულში, პირველ ეტაპზე ვერ მოვხვდი - უფრო ახალგაზრდები მიიღეს და ჩემი ადგილი აღარ დარჩა. ისეთი ენთუზიაზმით ვიყავი განწყობილი, ხელი არ ჩამიქნევია, არ დამიკარგავს შემართება და დიდი მოტივაციით დაველოდე მეორე ეტაპს. მეორე ეტაპი სექტემბრის ბოლოსკენ გამოაცხადეს. გავედი კონკურსზე, რის შედეგადაც მივიღე საკმარისი ქულები და ჩავირიცხე. ისე მოხდა, რომ 15 წლის შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ისევ ბიოლოგების კორპუსში მომიწია სტუდენტობა, ჩემი ლექტორი კი ჩემივე ჯგუფელი და მეგობარია, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების ექსპერტიც არის. ასეთი სახალისო სტუდენტობა მაქვს ამ ეტაპზე. ვფიქრობ, ამ ასაკში სტუდენტობა ბევრად უფრო გააზრებულია, ყველა ლექციას ვისმენ დიდ გულისყურით და გააზრებულად ვსწავლობ. 

ამ კურსის სწავლა იმიტომ მინდა, რომ ჩემთვის ძალიან საჭიროა. ეს არის უშუალოდ ბოიუსაფრთხოების კურსი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იცოდე, როგორ დაიცვა შენი თავი ლაბორატორიულ გარემოში, სადაც სახიფათო ინფექციებთან მუშაობ. მე კი ვმუშაობ მართლაც საშიშ ინფექციებთან - აივ ინფექცია, ჰეპატიტები და ა.შ.“, - ამბობს ბიოლოგი, რომელსაც ლაბორანტობასთან და მასწავლებლობასთან ერთად კიდევ ერთი საყვარელი საქმე აქვს - მოხუცთა თავშესაფარში მოხალისედ მუშაობს.

„მოხუცთა თავშესაფარში მოხალისედ მუშაობა ჩემი მესამე სამსახურია. ერთ-ერთ ორგანიზაციას აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურების გარეშე, კვირაში მინიმუმ ერთი საათი უნდა გაატარო მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებთან. ეს მოიცავს როგორც ონლაინ შეხვედრებს, ასევე - პირისპირ. მე ონლაინ ვთანამშრომლობ ანასეულის მოხუცთა თავშესაფართან, იქ ვერთვები ხოლმე კვირა დღეს კონკრეტულ ხანდაზმულთან. ვსაუბრობთ, ვიცინით, გამოცანებს ვამბობთ, ვმღერით... ძირითადი საქმე სწორედ მოხუცთან ურთიერთობაა. ძალიან ადამიანური სამსახურია. არანაირი მატერიალური დახმარება არ სჭირდებათ ჩემგან ამ მოხუცებს, უბრალოდ კომუნიკაცია და ურთიერთობა უნდათ. მეორე თავშესაფარი კი თბილისში, ვარკეთილშია, სადაც მივდივარ და იქ ერთად ვმღერით, ვცეკვავთ, ერთად ვსადილობთ, ჩაის ვსვამთ...

საქველმოქმედო პროექტებს სკოლაშიც ვახორციელებთ - გამოფენა-გაყიდვებს ვაწყობთ მოსწავლეებთან ერთად სააახალწლოდ და სააღდგომოდ. ბავშვებთან ერთად ვამზადებ ხელნაკეთ ნივთებს, მერე ბაზრობას ვაწყობთ და ვყიდით. იმ თანხით კი კონკრეტულ მოხუცთა თავშესაფარს ვეხმარებით საკვები პროდუქტებითა და სხვა საჭირო ნივთებით. ბოლოს რომ გამოფენა-გაყიდვა მოვაწყეთ, უკრაინაში, ერთ-ერთ სკოლას დავეხმარეთ“, - გვიყვება თინათინ ლაღიძე.

პედაგოგი აღნიშნავს, რომ ბავშვების საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია მათი სწორად განვითარებისთვის. თავად ორი შვილის დედაა და როგორც ამბობს, მოხუცთა თავშესაფარში შვილებთან ერთად დადის. 
„ჩემს პატარა შვილს, მარიამს, რომელიც 7 წლის არის, ისე მოეწონა მოხუცებთან ურთიერთობა, რომ ახლა ფაქტობრივად ისიც ირიცხება არაფორმალურ მოხალისედ. მომყვება თავშესაფარში, იქ ატარებს დროს მოხუცებთან და ეს მზრუნველობა ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვზე... მოსწავლეებიც მოტივირებულები არიან, რომ როცა გამოფენა-გაყიდვას ვაწყობთ, რაც შეიძლება მეტი ნივთი გავყიდოთ, რომ მოხუცებს ბევრი პროდუქტი წავუღოთ. სრულად ბავშვების მიერ არის ხოლმე ორგანიზებული ყველაფერი. ერთად მივდივართ მაღაზიაში,  ბავშვები თავად არჩევენ პროდუქტს და თავშესაფარშიც მოდიან. ემპათია ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. მშობლებიც ჩართული გვყავს ამ საკითხებში და მათაც ძალიან მოსწონთ ჩვენი აქტიურობა“, - ამბობს მასწავლებელი. 

თინათინ ლაღიძის თქმით, მოსწავლეებთან მუდამ აქტიური კომუნიკაცია აქვს. ამბობს, რომ მის მოსწავლეებს უხარიათ მასწავლებლის სტუდენტობა და გამოცდაზეც მათი გამხნევება გაჰყვა.

„გამოცდაზე რომ მივდიოდი, ჩემს მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ძალიან ვღელავდი. მამშვიდებდნენ და წარმატებას მისურვებდნენ. მწერდნენ, არ ინერვიულოთ, ჩააბარებთო. გაუხარდათ ჩემი ამბავი და ასეთი შემართებით რომ ვარ, ძალიან მოსწონთ. ეს მოკლევადიანი, რამდენიმეთვიანი კურსია და ამის შემდეგ, მინდა, ჩემი ოცნება ავისრულო და გაზაფხულზე დოქტურანტურაშიც ჩავაბარო. დოქტურანტურასაც მიკრობიოლოგიის მიმართულებით გავაგრძელებ“, -  გვითხრა პედაგოგმა, რომელიც დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, სკოლისა და მასწავლებლობის მიტოვებას არ აპირებს. 

„სკოლა ჩემი პირველი სახლია. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პედაგოგობა. ვისაც სკოლაში, ბავშვებთან უმუშავია, ყველა დამეთანხმება, რომ ამას ისეთი მუხტი აქვს, ვეღარ მოსცილდები. როცა მასწავლებლად მუშაობ, შეუძლებელია, მერე იმ გარემოს მოსწყდე. მოსწავლეებთან ურთიერთობა მაცოცხლებს და მიხალისებს ცხოვრებას, დიდ დადებით მუხტს მაძლევს. ჩემი მოსწავლეებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ“, - ამბობს თინათინ ლაღიძე.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
ზგემ-ის საბოლოო დოკუმენტი - რა წერია „სკოლების კონსტიტუციაში“, რომელიც სამინისტრომ პარლამენტს გადაუგზავნა
აბიტურიენტების საყურადღებოდ - 1000-700-500 ლარიან ჯილდოს მიიღებთ სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიების ხელმძღვანელი სალომე მესხია გახლდათ
„ვულოცავთ ლიანას და ქალბატონ მადონას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს, შემდგომ საქმიანობაში“,- ამბობენ სკოლაში
ღონისძიებას დაესწრნენ ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე და სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი მზიური კოჩალიძე
სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - სალომე რუხაძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღე აღნიშნეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება