სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„პედაგოგის წინსვლა თვითკრიტიკის უნარის გარეშე გამორიცხულია“ - დირექტორები მასწავლებლების თვითკრიტიკის შესახებ საუბრობენ
09-11-2022
-
+


პედაგოგები მოსწავლეების განვითარებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ და მიზნის მისაღწევად ძალებს არ იშურებენ. ზოგადად, ჯანსაღი კრიტიკა და იუმორი შესაძლოა, სასარგებლო იყოს. სასკოლო საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, იმისთვის, რომ მასწავლებლის საქმიანობა ეფექტური იყოს, აუცილებელია ზოგჯერ თვითკრიტიკა და იუმორი მოიშველიოს ხოლმე. განსხვავებულია მეორე ნაწილის აზრი.

ამიტომაც სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით და ვკითხეთ თუ რას ფიქრობდნენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

ნატო ბენდელიანი, აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, პედაგოგისთვის თვითკრიტიკულობა აუცილებელიც კია. თვითკრიტიკა თუ არ იქნება, მისი წინსვლა გამორიცხულია. პირველ რიგში ჯერ საკუთარი თავის შეფასება უნდა შეძლოს. ასევე, მიმაჩნია, რომ მასწავლებლისთვის იუმორის გამოყენება საჭიროა, თუმცა ამ ხერხს ზომიერად უნდა მიმართავდეს, ეთიკისა და ნორმების ფარგლებში.შეიძლება მისი იუმორი თუნდაც მშობელმა, არასწორი კონტექსტით აღიქვას, ამიტომაც საჭიროა იუმორი მოზომილი იყოს. 

ემზარ შანგუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის დირექტორი:​

პედაგოგი თვითკრიტიკული უნდა იყოს, რადგან ეს საქმის უკეთ კეთებას უწყობს ხელს. მასწავლებელს თუ რაიმე შეეშალა ანდაც, რაიმე ისე კარგად ვერ გამოუვიდა, როგორც ეს მას სურდა ამის აღიარება უნდა შეეძლოს. ასევე, მიმაჩნია, რომ იუმორსაც უნდა იყენებდეს მასწავლებელი. იუმორი გარკვეულ დაძაბულობა ხსნის, მშობელიც და მოსწავლეც პედაგოგთან უფრო ღიები არიან და საუბარიც ბევრად მშვიდი, ნაყოფიერია. 

გოჩა ჩადუნელი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში სწორედ მასწავლებელი უნდა იყოს თვითკრიტიკული, რადგან ამის გარეშე, სხვას ობიექტურად ვერ შეაფასებს. ასევე, სასურველია იუმორის გრძნობა გააჩნდეს, რადგან  მისი მეშვეობით ნებისმიერ სიტუაციას განმუხტავს, ბავშვებს სასწავლო პროცესში უფრო ჩართავს. ამიტომაც, მიმაჩნია მასწავლებელი საკუთარ პროფესიაში იუმორს, რა თქმა უნდა ზომიერების დაცვით, უნდა იყენებდეს.

მზია დანელია, ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, მასწავლებელი უნდა იყოს თვითკრიტიკული, რადგან საკუთარ თავსაც აქცევდეს ყურადღებას, დაფიქრდეს მისი ესა თუ ის ჩადენილი საქციელი ბავშვის მიმართ რამდენად სწორი იყო. ასევე, მისი წარმოთქმული სიტყვა იყო თუ არა მართებული, მოსწავლის ან თუნდაც მშობლის მიმართ. 

ასევე, მიმაჩნია, რომ კარგია იუმორს იყენებდეს, რადგან ეს იმ წრეში, სადაც მას მუშაობა უხდება უფრო კარგ განწყობას ქმნის და მის მიმართა, თანამოსაუბრეს ნდობით განაწყობს. ბავშვი მიხვდება, რომ საქმე ჩვეულებრივ ადამიანთან აქვს და არა წარმოუდგენელ პიროვნებასთან. ვფიქრობ, იუმორი ნდობით სავსე ატმოსფეროს ქმნის. 

მაია ხალილაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, პედაგოგს უნდა შეეძლოს, როგორც სხვების კრიტიკის მიღება, ასევე საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებაც. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მასწავლებელს თვითკრიტიკა ნამდვილად უნდა შეეძლოს და ასევე, იყენებდეს იუმორს. უნდა ითქვას, რომ იუმორი გადაგვარჩენს, თუმცა იყოს ზომიერი, ადეკვატური, შესაბამისი და სიტუაციის პროპორციული. უნდა დაფიქრდეს მასწავლებელი იუმორის ფორმა ვისთან როგორ უნდა გამოიყენოს.

მანანა შავდია, ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელს საკუთარი თავის კრიტიკა უნდა შეეძლოს, რომ სხვასაც მისცეს მითითება. ასევე, პედაგოგმა იუმორიც უნდა გამოიყენოს. ზოგჯერ, იუმორში სიმართლეც არის. მისი მეშვეობით ადამიანი ჭეშმარიტებას უკეთ აღიქვამს, დაინახავს და გადაიტანს. ზოგჯერ, იუმორს მეც ვიყენებ, რადგან ხანდახან საქმისთვის სასარგებლოა.

გიორგი ანჯაფარიძე,  მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის დირექტორი:

თუ მასწავლებელი თავის თავზე არ იმუშავებს ვერ წავა წინ და ვერც პროფესიულ საქმიანობაში განვითარდება. ამიტომაც თვითკრიტიკა ვფიქრობ აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია იუმორის გამოყენება, რადგან ეს გარკვეულ ბარიერს ხსნის და ურთიერთობა თუ კომუნიკაცია ბევრად გულწრფელი იქნება. მეც, ზოგჯერ საჭიროებიდან გამომდინარე იუმორს ვიყენებ. 

მაყვალა ხარაიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელს თვითკრიტიკა უნდა შეეძლოს, რომ შემდგომში მისი საქმიანობა გააუმჯობესოს. ასევე, საჭიროა პროფესიაში იყენებდეს იუმორს, თუმცა ზომიერების ფარგლებში. გადამეტებული იუმორი არ არის მოსაწონი. ხანდახან მეც ვიყენებ იუმორს, უფრო მოსწავლეებთან ურთიერთობაში. 


ლენა აბაშიძე , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელმა, რომ სათანადო შედეგს მიაღწიოს თვითკრიტიკული უნდა იყოს. თვითკრიტიკა იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის მასწავლებელმა ან ვერ ახერხებს. ამ თვისების მეშვეობით მეტი მოტივაცია ეძლევა პედაგოგს, ხედავს ნაკლს, რომლის გამოსასწორებლადაც იბრძოლებს ის იქნება ბავშვებთან ურთიერთობაში თუ სასკოლო საზოგადოებასთან. ზოგადად, მასწავლებელი საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითია, ამიტომ თვითკრიტიკული პედაგოგი მიმაჩნია არის ძალიან მოტივირებული და შედეგზე გამსვლელი. ასევე, აუცილებელია იუმორი, მაგრამ გარკვეულ ეთიკურ საზღვრებში. პირადად მეც გამიხუმრია ბავშვთან და მიმიხვედრებია რაიმესთვის. ბავშვს უყვარს მასწავლებელი, რომელიც იუმორის გრძნობით არის შემკული. 

ნანა ინასარიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, ადამიანი თუ თვითკრიტიკული არ არის, განვითარებაც ნაკლებია. თვითკრიტიკულობა არის ერთადერთი წყარო, მით უფრო მასწავლებელში, რომ განვითარდეს, წინ წავიდეს და მივიდეს იქ, სადაც უნდა იდგეს ყოველთვის.

ასევე, იუმორი საკონტაქტოდ ალბათ საჭიროა: მშობლებთანაც, მოსწავლეებთანაც და კოლეგებთან, რადგან ურთიერთობა იყოს უფრო გახსნილი. თუმცა ესეც ზომიერების ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ იუმორს ჰქონდეს სისტემატიური სახე.  თავად მეც ვიყენებ იუმორს, თუნდაც ერთი რეპლიკით შეიძლება შექმნილი დაძაბულობის მოხსნა.

ოლეგ გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, მასწავლებელს თვითკრიტიკულობა საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის გამოადგება. მისი მეშვეობით პედაგოგი პიროვნულადაც უფრო მეტად განვითარდება და საკუთარ სკოლას, საქმიანობას გამოადგება. თვითკრიტიკულობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასევე, იუმორის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია და მისი მეშვეობით განწყობა ამაღლდება. შესაბამისი იუმორი, რომელიც ეთიკის საზღვრებს არ სცდება საქმეშიც ძალიან კარგია. 

ანზორ ბერიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის საშუალო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, მასწავლებლისთვის თვითკრიტიკა აუცილებელია, რადგან სხვანაირად პედაგოგი ვერ იქნება. იგი საკუთარ თავს ყოველ დღე უნდა ამოწმებდეს, თუ რა არ იცის, რა აკლია. ასე თუ არ მოიქცევა იგი ვერ იქნება ის მასწავლებელი, რომელიც თანამედროვე ბავშვს სჭირდება. იქნება მეოცე საუკუნის მასწავლებელი. ასევე, თუ საჭიროა უნდა ჩართოს კიდევ იუმორი მასწავლებლებთანაც, მოსწავლეებთან და მშობლებთანაც. 

ნათელა კიკაბიძე, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი კოლეგებიც ერთხმად დამეთანხმებიან, რომ მასწავლებელი თვითკრიტიკული უნდა იყოს, რათა დაინახოს საკუთარი ნაკლი და მის გამოსასწორებლად იმუშაოს. კარგია, როდესაც მასწავლებელი თვითკრიტიკასთან ერთად იუმორსაც იყენებს. ეს გარემოს უფრო ხალისიანს გახდის, მაგრამ აუცილებლად გააჩნია იუმორის ფორმას.  

რუსიკო მუმლაძე, აბაშის მუნიციპალიტეტის დ. ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, მასწავლებელი თვითკრიტიკული უნდა იყოს. თუ შენ, მასწავლებელმა არ აღიარე შეცდომები, სხვის კრიტიკას ვერ მიიღებ. მე ასე მესმის და მგონია... ვფიქრობ ასევე, კარგია იუმორი, თუმცა გააჩნია შემთხვევას და სიტუაციას. შესაბამისი იუმორი კარგია და განტვირთვისთვისაც კარგია.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„როგორც კლასის ხელმძღვანელი ვარ ამაყი, რომ მარიამი მუსიკალურ სკოლაშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც სკოლაში. ვულოცავ ნიჭიერ გოგონას და მის პედაგოგს ამ მიღწევას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!“
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება