სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„ონლაინ სწავლებამ ბავშვების ცოდნას დაღი მაინც დაასვა“- დირექტორები 2021-2022 სასწავლო წელს აფასებენ
13-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და ბევრი გამოწვევისა თუ სიახლის ფონზე წლის შეჯამება სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება.

საინტერესოა, როგორ აფასებენ ამ სასწავლო წელს საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორები, კმაყოფილები არიან თუ არა საკუთარი მოსწავლეების აკადემიური მოსწრებითა და ზოგადად, რას ფიქრობენ, რითი იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი. 

ამ კითხვებით etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა:

ხათუნა ქურდობაძე, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

2021-2022 სასწავლო წელს დადებითად ვაფასებ, რადგან სწავლა ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია. ფაქტიურად, პანდემია არ დაგვეტყო... კლასებშიც ბავშვები დისტანციას იცავდნენ. მოსწავლეები სათანადოდ არიან მზად და როდესაც წერები ჩავატარეთ ცუდი შედეგები არ გვქონდა. მინდა აღვნიშნო, რომ სექტემბერში ჩატარებულ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული მოსწავლეც გვყავდა, მარიამ ნადარეიშვილი, რომელმაც აბაშის მუნიციპალიტეტში მოიპოვა გამარჯვება. ასევე, რაიონში გამართულ რამოდენიმე შეჯიბრში მივიღეთ მონაწილეობა და თემები გავგზავნეთ. პანდემიიდან გამომდინარე ეს წელი აქტივობებით დატვირთული არ იყო. წელს ჩვენს სკოლაში სავარაუდოდ 8 პირველკლასელი მოდის და მათ მისაღებად სრული მზაობა გვაქვს.

მაია ხარაიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ეს სასწავლო წელი რამდენიმე მნიშნელოვანი ფაქტორის გამო იყო გამორჩეული,: საქართველოში ისრაელის საელჩოს დახმარებით, რამდენიმე საკლასო ოთახი გაგვირემონტა; დავაარსეთ სამოქალაქო განათლების, იდეებისა და მეწარმეობის კლუბი. პროექტშიც ჩავერთეთ და გარკვეული წარმატებებიც გვაქვს. კმაყოფილებას რაც შეეხება, სასწავლო წლის დასაწყისში უფრო მეტი მოლოდინები გვქონდა, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ამის მიუხედავად მოსწავლეებთან აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, სირთულეებს დავძლევთ. მსგავსი ტიპის მუშაობას მომავალ სასწავლო წელსაც გავაგრძელებთ. დავგეგმეთ და განვახორციელეთ მთელი რიგი სამუშაოები, რომლებსაც შემდეგ სასწავლო სემესტრშიც გავაგრძელებთ.

ნური ჯაფარიძე, ბათუმის N29 საჯარო სკოლის დირექტორი:

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება იყო წლის ბოლოს მაინც კმაყოფილი ვარ. დიდი აქტივობები პანდემიიდან გამომდინარე ბევრი არ იყო. ახლაც, რამოდენიმე მოსწავლე სწავლას კვლავ ონლაინ რეჟიმში აგრძელებს. ახალი სასწავლო წლიდან კი დაახლოებით 20-მდე პირველკლასელს ველოდებით და მათთან შესახვედრად განსაკუთრებულად ვემზადებით.

რიტა გოგიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა გასული სასწავლო წლის იანვარში „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო, რამაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებში დიდი ინტერესი დაიმსახურა. კომპლექსური დავალებები კეთებით სწავლებასთან პირდაპირ კავშირშია და მოსწავლეებში დაინტერესებაც შესაბამისად დიდია. 2021-2022 სასწავლო წელს სიახლეების მხრივ ყურადღებას, სწორედ კომპლექსურ დავალებებზე გავამახვილებდი, რადგან ბავშვებში მოტივაცია დიდია; ასევე, გვქონდა წარმატებები გარკვეულ სპორტულ ღონისძიებებში. იმის მიუხედავად, რომ თითქმის წელიწადნახევარი ონლაინ გაკვეთილები ტარდებოდა და ფაქტიურად, ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ მაინც დადებითად ვაფასებ. 

ნინო ხორგუანი გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის დირექტორი:

სხვა სკოლების მსგავსად პანდემიამ ყველანაირად უკან დაგვხია, მაგრამ სხვებთან შედარებით ჩვენ სკოლაში მუშაობას უფრო ვახერხებდით და ჩვენი ყველა პედაგოგი თავის მაქსიმუმ აკეთებდა, თუნდაც ის დაკარგული რომ აენაზღაურებინათ. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ გაკვეთილების ჩასატარებელი საათები ონლაინ რეჟიმის დროს შემცირდა. მინდა ვთქვა, რომ ის მოსწავლეები ვინც სწავლაზე იყვნენ ორიენტირებულები სახლშიც მეცადინეობდნენ, რაც მათ გამოგზავნილ ნაშრომებში ჩანდა. სიახლეების დანერგვა ამ სასწავლო წელს პანდემიიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა თუმცა, რასაც სამინისტრო ჩვენს მასწავლებლებს სთავაზობდა ყველაფერში მონაწილეობას ვღებულობდით. მაგალითად ტრენინგები, რომლებიც ონლაინ ფორმატში ტარდებოდა. მიღებულ სიახლეებს კი მასწავლებლები შემდეგ პრაქტიკაში ნერგავენ. ამ წელს 4 მედლის კანდიდატი გვყავს და ველოდებით ცხრა პირველკლასელს, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სკოლა სწავლის კარგი ხარისხით გამოირჩევა და დამთავრების შემდგომ ბავშვები კარგ შედეგებსაც დებენ.

ზაზა კოკაია, აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის დირექტორი:

2021-2022 სასწავლო წელი იმით იყო გამორჩეული, რომ მოსწავლეები სასწავლო გარემოს დაუბრუნდნენ, რაც რა თქმა უნდა, სწავლის ხარისხზე ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს. თანამედროვე სკოლები დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ბევრი ისეთი აქტივობები ჩატარდა, რომლებმაც მოსწავლეთა სწავლა - განვითარების საქმეში დიდი როლი ითამაშა. იყო სპორტული მიღწევები და ჩვენი მოსწავლე მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდა. სიახლეები ამ პანდემიიდან გამომდინარე ვერ დაინერგა. წელს სკოლაში 15-მდე პირველკლასელს ველოდებით.

ქეთევან მერაბიშვილი, მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მინდა აღვნიშნო, რომ შარშანდელ სასწავლო წელთან შედარებით კმაყოფილი ვარ, რადგან უფრო კარგი შედეგები გვაქვს. ვმონაწილეობდით არაერთ პროექტსა თუ სპორტულ შეჯიბრში და პირველი ადგილებიც დავიმსახურეთ. სიახლე კი ის გახლავთ, რომ სკოლაში მშობელთა კლუბი შევქმენით. იქიდან გამომდინარე, რომ არაქართულენოვანი სკოლა გვაქვს, კვირაში ერთხელ მშობლებს ქართული ენის კურსი უტარდებათ, რადგან ქართულად კომუნიკაცია მათ ძალიან უჭირთ, შესაბამისად შვილებს სასწავლო პროცესში სათანადოდ ვერ ეხმარებიან. ამ კურსის დახმარებით კი ისინი ქართულს შეისწავლიან. წელს სკოლაში 25 პირველკლასელს ველოდებით და მათ მისაღებად ვემზადებით.

თამარ წიწილაშვილი, ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი:

2021 – 2022 სასწავლო წელი იმით იყო გამორჩეული, რომ სრულიად ახალაშენებულ სკოლაში გადავედით, სადაც დაგვხვდა საუკეთესო გარემო, ახალი ინფრასტრუქტურა, ავეჯი და ბავშვებისთვის ეს იყო ზეიმი. მცირე კონტიგენტიანი სკოლა გვაქვს. ონლაინ სწავლებამ გარკვეული დაღი ბავშვების ცოდნას მაინც დაასვა, განსაკუთრებით დაწყებით კლასელებს. ძალიან რთულია ონლაინ ისწავლონ მათემატიკა და წერა - კითხვა.  ჩვენმა მასწავლებლებმა ივაჟკაცეს და დამატებით მეცადინეობებს ინდივიდუალურად დაუნიშნეს. ამ წლის დასასრულისკენ კი შემიძლია ვთქვა, რომ პროცენტულად იმ მოსწავლეების რიცხვი გაიზარდა, ვინც წერა - კითხვა გამართეს და მათემატიკაც გაიუმჯობესეს. იდეალური მდგომარეობა არ არის, მაგრამ იმ ფონზე რაც იყო, საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს.

გრიშა გიგაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში იყო ონლაინ სწავლება, ვართ მთაში და გვქონდა ინტერნეტის პრობლემა სასწავლო წლის ბოლოს მაინც კმაყოფილები ვართ. ინტერნეტის გამო ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს პრობლემები შეექმნათ, მაგრამ იყო ინდივიდუალური მუშაობა და როდესაც გადავედით პირდაპირ სწავლებაზე ბავშვებთან დამატებითი მუშაობაც ჩატარდა. სასწავლო წლის შედეგებით უკმაყოფილო არ ვარ. სამწუხაროდ ჩვენი სოფელი დაცარიელდა და ამიტომ პირველი კლასი წელს არ გვეყოლება...

გურამ ლომსაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის დირექტორი:

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა კმაყოფილები ვართ. აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი, რომ სწავლა პირისპირ რეჟიმში სულ სხვაა, აქედან გამომდინარე ჩვენს მოსწავლეების აკადემიური მოსწრებითაც კმაყოფილები ვართ. წელს სკოლაში ხუთ პირველკლასელს ველოდებით და მათთან შესახვედრად სრული მზაობაა.

ნინო მეგენეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორი:

პანდემიამ ყველა სკოლაზე დატოვა თავისი კვალი და გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ, მაგრამ დასწრება უკეთესი გვქონდა; სწავლება ჰიბრიდულად მიმდინარეობდა, მაგრამ გაჩნდა ბევრი მაგრამ... ზოგადად, ჩვენი სკოლის მაჩვენებელი სასწავლო წლის მიწურულს არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ იმ ფონზე რა შრომაც ჩვენმა მასწავლებლებმა ჩადეს შედეგი მეტი უნდა გვქონოდა. ჩემს პედაგოგებს ვერაფერს ვუსაყვედურებ, რადგან მასწავლებლები ყოველთვის მზად არიან სრულფასოვანი და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი ჰქონდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი არ გამოვიდა როგორიც გვინდოდა ყოფილიყო. წელს სკოლაში 10-მდე ბავშვს ველოდებით, თუმცა ვინაიდან განათლების სამინისტრომ კეთილი ნება გამოიჩინა და სკოლაში მიღების ასაკი 1 ოქტომბრამდე გადაწია ეს რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს.

მერაბ ჯიჯელავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის დირექტორი:

2021-2022 სასწავლო წლით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ხან ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა, ხანაც დასწრებითზე, შედეგზე მაინც გავედით. მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ და აკადემიური მოსწრებაც კარგია. მაინცდამაინც გამორჩეული ეს სასწავლო წელი არ ყოფილა, მაგრამ რაც მთავარია პანდემიას ვძლიეთ. მინდა აღვნიშნო რომ წელს მე-12 კლასის მოსწავლეებიდან გვყავს 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატები.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება