სიახლეები
პიროვნება

„პედაგოგმა თავისი საგანი უნდა გახადოს გზის მაჩვენებელი“ - ნანა ღაჭავა, თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექტორი
02-06-2021
-
+


„სამართლიანი და მუდმივად კოლეგების მხარში მდგომი“ - ასე დაახასიათა საკუთრი თავი თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ღაჭავამ, რომელმაც etaloni.ge-სთან არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რომელიც განათლების სფეროს, სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეების ჩართულობას, სოცმუშაკების როლსა და სამედიცინო კაბინეტის აუცილებლობასაც მოიცავს. ინტერვიუ კი 2020-2021 სასწავლო წლის შეჯამებით დაიწყო:

- საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დავდექით პანდემიის გამო; ჩვენ სკოლაში  ქართული და რუსული სექტორია, ზედმეტი გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, ძირითადად, ჰიბრიდულ სწავლებაზე ვიყავით გადასულები, მაგრამ ახლა, როდესაც განვლილ პერიოდს ვაანალიზებ, თამამად ვიტყვი -  პროგრამა დაძლეულია და გამოწვევებს სწორად ვუპასუხეთ!

- ესე იგი, ასწრებთ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევას და ამაში ხელი არც დაუგეგმავმა ორკვირიანმა არდადეგებმა შეგიშალათ?

- ეროვნული სასწავლო გეგმა არის მოქნილი დოკუმენტი, მოდიფიცირების შესაძლებლობას გვაძლევს და მთავარია, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გარკვეული უნარ-ჩვევები, რათა შემდეგ საფეხურზე არ გაუჭირდეთ სწავლა; ასე რომ, დიახ, დავძლიეთ პროგრამა. მიუხედავად უქმე დღეებისა, წერტილოვანი შეზღუდვებისა და დისტანციური სწავლებისა, ეროვნული სასწავლო გეგმის კრიტერიუმები უკლებლივ გავითვალისწინეთ.

გვაქვს კარგი შედეგები, გვყავს მედალოსნები და ეს ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, საამაყოა! ამიტომ მიმაჩნია, რომ გავართვით თავი გამოწვევებს, გვქონდა საინტერესო „ბოლო ზარი“ და საბოლოდ, მაინც მოვახერხეთ ის,  რომ ბავშვებს მივეცით მოტივაცია, სტიმული და შევძელით, მეტი სიყვარული, სითბო ეგრძნოთ სკოლისგან.

- 2020-2021 სასწავლო წელს სკოლებისთვის იყოს სიახლეებიც, მათ შორის გადაწყდა განათლების სოცმუშაკების ინტეგრირება სკოლაში; ფიქრობთ, ისინი დაეხმარებიან დირექტორებს, მოსწავლეების სასკოლო სივრცეში დაბრუნებაში?

- სოციალური სამსახური აუცილებლად, აქტიურად უნდა ამუშავდეს. ბავშვი თუ არ სწავლობს, ამას ვერც პანდემიას დავაბრალებთ, ვერც ონლაინ-გაკვეთილებს... ასეთი პრობლემები ყოველთვის იყო და მომავალშიც ალბათ იქნება, მოგვარება კი, სოციალური სამსახურის აქტიური ჩართულობითაა შესაძლებელი; თუნდაც ის, რომ შემცირდა სტატუსის შეჩერებისთვის ვადა და 45 დღით განისაზღვრა, ძალიან კარგია. დამრიგებლები ვალდებულნი არიან, მოგვაწოდონ ინფორმაცია, მშობლების პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს და მეტად მიექცეს ბავშვებს ყურადღება, რათა მიიღონ მინიმალური განათლება და არ გაუჭირდეთ მომავალში.

- ექიმის კაბინეტიც გაქვთ, ქალბატონო ნანა?

- აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექიმის ყოფნა სკოლაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მივიდეთ... სასწრაფო დახმარებას ხომ ყოველ ჯერზე ვერ გამოიძახებ?! გვაქვს კარგად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი, გვყავს კვალიფიციური ექიმი და ამ მხრივ, მიმაჩნია, რომ ძალიან გაგვიმართლა.

-  როგორია თქვენი გზა დირექტორობამდე?

- დავამთავრე პედაგოგიური უნივერსიტეტი, ვარ ისტორიკოსი, სკოლაში საქმიანობა პედაგოგობით დავიწყე და თამამად ვიტყვი - სულით ხორცამდე პედაგოგი ვარ. ისტორიის უფროსი მასწავლებელი ვარ თუმცა მოგვიანებით დავინტერესდი, რამდენად შევძლებდი წინსვლას, ჩავაბარე დირექტორობის შესარჩევი გამოცდები და კოლექტივის განცხადების საფუძველზე, დისკრეციით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე.

აქ გავიზარდე, აქ განვვითარდი პროფესიულად და ძალიან შემტკივა ჩემს სკოლაზე გული.

- ფიქრობთ, დირექტორი მასწავლებლობიდან უნდა მოდიოდეს?

- აუცილებლად უნდა ჰქონდეს პედაგოგიური გამოცდილება; წინააღდეგ შემთხვევაში, ვერ შეაფასებს საგაკვეთილო პროცესს! თუ დირექტორი პირდაპირ ინიშნება, შესაძლოა იყოს კარგი მენეჯერი, მერწმუნეთ იმას ვერ განიცდის, რასაც მასწავლებლები გრძნობენ - სკოლაში სულ სხვა სიცოცხლეა; ჩემმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ მომცა საშუალება, კოლეგებს დავხმარებოდი წინსვლაში, განვითარებაში.

რაც მთავარია, ბავშვებმა იციან, რომ მე მასწავლებელი ვარ, რომელთანაც შეიძლება გულითადი საუბარი, პრობლემის შესახებ მსჯელობა... იციან, რომ ვარ მათი მეგობარი და ეს ყველაფერი სწორედ პედაგოგიური გამოცდილებიდან მოდის.

მასწავლებლობა საშუალებას მაძლევს, უფრო გახსნილი ურთიერთობა მქონდეს კოლეგებთანაც და რაც მთავარია, როდესაც კარიერული წინსვლის შესახებ რაიმე კითხვა უჩნდებათ, გავცე კომპეტენტური პასუხი.

- უფროსი მასწავლებელი ვარო, მითხარით და შეუძლებელია, არ გკითხოთ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემის შესახებ...  მოგწონთ, ქალბატონო ნანა?

- სიმართლე გითხრათ, ამომწურავი პასუხი გამიჭირდება, რადგან სქემა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის; ერთი კია, მასწავლებლებს იმ სიახლეების დასანერგად, რასაც სწავლობენ, დრო აღარ რჩებათ... მოგეხსენებათ, ნებისმიერი სიახლის დანერგვა ბევრ სირთულეს იწვევს, თუმცა ჩვენც უნდა გავიზარდოთ - ჩვენ, მასწავლებლებმა მოსწავლეზე მეტი უნდა ვიცოდეთ, რათა დავაინტერესოთ საგნით. პედაგოგმა თავისი საგანი უნდა გახადოს გზის მაჩვენებელი.

- როგორი დირექტორი ჰყავს თბილისის N116 საჯარო სკოლას და რას ეტყოდით თქვენს მოსწავლეებს?

- პირველ რიგში ვეტყოდი - რა განათლებაც უნდა მიიღოთ, დარჩით ადამიანებად;  არასოდეს დაივიწყოთ, საიდან მოდიან და საით მიდიან და ასევე, არ დაივიწყონ აღმზრდელი მასწავლებლები,

რაც შემეხება მე, ყოველთვის ვცდილობ, ვიყო სამართლიანი, გვერდში მდგომი, მიყვარს გუნდური მუშაობა და ვცდილობ, შევქმნა სკოლაში საუკეთესო, უსაფრთხო გარემო.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება