| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს წამყვანის/მენტორის სტატუსი, უნდა ფლობდეს კომპეტენციებს სწავლა-სწავლების და/ან მართვა-ადმინისტრირების და/ან საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით - აღნიშნულის შესახებ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში წერია.
სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება:
წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში, ძირითადი აქცენტი საკუთარი პროფესიული პრაქტიკის ფარგლებს გარეთ კოლეგების მხარდაჭერაზე კეთდება.
წამყვანმა მასწავლებელმა უნდა შეძლოს სკოლაში სწავლა-სწავლების მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების ანალიზი და ამის საფუძველზე შესაბამისი მხარდამჭერი საქმიანობების დაგეგმვა და განხორციელება. ასეთ საქმიანობად განიხილება სამუშაო შეხვედრები, სამოდელო გაკვეთილები, პრაქტიკული რესურსების შექმნა და სხვა პროფესიული განვითარების ღონისძიებები.
წამყვანი მასწავლებელი კოლეგებს უნდა უზიარებდეს სწავლებისა და შეფასების ეფექტიან სტრატეგიებს, საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ რესურსებს. ამასთან, მასწავლებელს მოეთხოვება კოლეგებისთვის კონსულტაციის გაწევა კონკრეტული პროფესიული გამოწვევების დაძლევაში.
მხარდაჭერის პროცესი მხოლოდ განხორციელებული საქმიანობით არ სრულდება. წამყვანმა მასწავლებელმა უნდა შეაფასოს, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა მის მიერ გაწეული მხარდაჭერა, გააანალიზოს შედეგები და ამის საფუძველზე განსაზღვროს სკოლაში შემდგომი განვითარების საჭიროებები.
მენტორი მასწავლებლის პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით უფრო ფართოა. იგი რამდენიმე სკოლის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს, აანალიზებდეს მათ საჭიროებებს და განსაზღვრავდეს მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
მენტორის ფუნქციაა რამდენიმე სკოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, მათთვის კონსულტაციების გაწევა, ეფექტიანი პრაქტიკის გაზიარება და შესაბამისი სასწავლო მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა. ამასთან, მენტორმა უნდა შეძლოს სხვადასხვა სკოლაში მიღებული გამოცდილების განზოგადება და წარმატებული პრაქტიკის სკოლებს შორის გავრცელება.
მართვისა და განვითარების პროცესების გაძლიერება
დამატებითი კომპეტენციების კიდევ ერთი მიმართულება სკოლის მართვასა და ადმინისტრირებას უკავშირდება.
წამყვანი მასწავლებელი უნდა მონაწილეობდეს სკოლის სტრატეგიული მიზნების განსაზღვრასა და განვითარების დაგეგმვაში. მისი როლი ასევე მოიცავს მართვის პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობას და სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერებას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. წამყვანმა მასწავლებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა სკოლის დონეზე განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგსა და შეფასებაში და შეფასების შედეგების საფუძველზე დაეხმაროს სკოლას შემდგომი გასაუმჯობესებელი მიმართულებების განსაზღვრაში.
მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში ეს კომპეტენცია რამდენიმე სკოლის მასშტაბზე ვრცელდება. მას უნდა შეეძლოს სხვადასხვა სკოლაში არსებული სტრატეგიული განვითარების საერთო საჭიროებებისა და პრიორიტეტების ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული მართვის პროცესის გაუმჯობესებაში დახმარება.
ამასთან, მენტორმა ხელი უნდა შეუწყოს ეფექტიანი მართვისა და კოორდინაციის მიდგომების სხვადასხვა სკოლას შორის გაზიარებას. რამდენიმე სკოლაში მიღებული მონაცემებისა და გამოცდილების განზოგადების საფუძველზე კი უნდა შეძლოს სისტემური ტენდენციებისა და გამოწვევების გამოვლენა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
საგანმანათლებლო კვლევების პრაქტიკის გაძლიერება
მესამე მიმართულება სკოლებში საგანმანათლებლო კვლევების გაძლიერებას ეხება.
წამყვანი მასწავლებელი ამ შემთხვევაში სკოლის მასშტაბით კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში უნდა მონაწილეობდეს. მისი ამოცანაა არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, არსებული პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი კვლევის დაგეგმვა.
კვლევის შედეგების საფუძველზე წამყვანმა მასწავლებელმა უნდა შეძლოს კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად კვლევაზე დაფუძნებული ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება, მათი შედეგების შეფასება და მიღებული მონაცემების ანალიზი.
საბოლოო მიზანი მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება და მათი სასკოლო საზოგადოებისთვის გაზიარებაა. ამ გზით კვლევის შედეგები მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესწავლით არ შემოიფარგლება და სკოლის პრაქტიკის გაუმჯობესების ინსტრუმენტად უნდა იქცეს.
მენტორი მასწავლებლის კომპეტენცია ამ შემთხვევაშიც რამდენიმე სკოლაზე ვრცელდება. მას უნდა შეეძლოს სხვადასხვა სკოლაში მიმდინარე კვლევების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის კოორდინაცია და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა.
მენტორი სკოლებს კვლევების დაგეგმვაში კონსულტაციებით, სამუშაო შეხვედრებითა და შესაბამისი კვლევის ინსტრუმენტების შეთავაზებით ეხმარება. მისი პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესის კოორდინაციას და სკოლების წარმომადგენლებისთვის კვლევის მეთოდოლოგიის სწორად გამოყენებაში დახმარებას.
მნიშვნელოვანია მიღებული შედეგების სწორად ინტერპრეტაციაც. მენტორმა რამდენიმე სკოლაში ჩატარებული კვლევების მონაცემები უნდა განაზოგადოს, გამოავლინოს საერთო ტენდენციები და გამოწვევები და სკოლებთან ერთად შეიმუშაოს კვლევის შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციები.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ