სიახლეები
პიროვნება

„ყველაზე ცუდი, რაც სკოლამ შეიძლება გაუკეთოს ბავშვს, ესაა უსამართლობის განცდის გაჩენა“, - თამარ ამზაშვილი, თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი
30-04-2021
-
+


პროფესიით ბიო-ფიზიკოსია და კარიერაც ფარკმაკოქიმიის კვლევითი ინსტიტუტიდან დაიწყო; შემდეგ იყო საქართველოს პარლამენტის აპარატი, განათლების სამინისტრო, N 21 საჯარო სკოლის პედაგოგობა, N161 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტი და ახლა, წლებია თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორია. ყველაზე სამართლიანი და მოსწვალეებისთვის უსაყვარლესი, რომელმაც კაბინეტი პირველ სართულზე მხოლოდ იმიტომ გადმოიტანა, სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის საჭიროების შემთვევაში, მყისიერად აღმოეჩინა დახმარება. უზომოდ უყვართ და დერეფნებში ხშირად გაიგონებთ მოსწავლეების წაჩურჩულებასთამრიკოს არ ვაწყენინოთ“... ეს ფრაზა თავადაც არაერთხელ სმენია და გაგვიმხილა, ყოველთვის მიჩუყდება გულიო. მისთვის, როგორც დირექტორისთვის მთავარია, მოსწავლეებს არ გაუჩნდეთ უსამართლობის განცდა. ბავშვებმა კი კარგად იციან, რომ სკოლის ემბლემადქცეული ჯონათან ლივინგსტონის ფრთები, რომელიც გადაშლილ წიგნთან ასოცირდება, ყველა კარს გაუღებს.

Etaloni.ge თამარ ამზაშვილის ინტერვიუს წარმოგიდგენთ.

- ქალბატონო თამარ, გაუთვალისწინებელი არდადეგებით დავიწყოთ საუბარი. როგორ ფიქრობთ, მოასწრებთ, ამდენი გაცდენის ფონზე, ერონული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესრულებას?

- ზოგადად, პანდემიის გამო, ბოლო პერიოდში,  დაუგეგმავი სიტუაციები გვაქვს და არასტანდარტულ ვითარებაში გვიწევს სასწავლო პროცესის წარმართვა; აქედან გამომდინარე, მოუმზადებლობა და დედა, რაღა ვქნათ, ახლა რა გვეშველება, დიდი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით - არ გვიგრძნია. სასწავლო წლის დასაწყისშივე ვიყავით მობილიზებულები, რადგან არ ვიცოდით, როდის, რა შეიცვლებოდა,  როგორ განვითარდებოდა მოვლენები... ამიტომ თავიდანვე დავიჭირეთ თადარიგი -  ახალი სკოლის მოდელის პროექტში მყოფმა სკოლებმა, დავიწყეთ კურიკულუმზე ფიქრი,  მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას ფეხაწყობილები გავყევით და მოხარული ვარ, ჩვენი სკოლა მზად აღმოჩნდა გამოწვევებისთვის. საკმაოდ ძლიერი გუნდი მყავს და ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გაგვეძლო იმ გამოწვევებისთვის, რომელიც არასტანდარტულმა მდგომარეობამ, არასტანდარტულმა სასწავლო წელმა და გაუთვალისწინებელმა უქმე დღეებმა გამოწვია.

მოსწრებას რაც შეეხება - საგულისხმოა, რომ არავის გაუუქმებია დისტანციურ-ასინქრონული სწავლების მოდელი. სწორედ მისი გამოყენება შეუძლიათ სკოლებს, თუ ჩათვლიან, რომ ვერ სძლევენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას.

არავინ დავობს - გამოწვევები არის, თუმცა არსებობს მათი დაძლევის შესაძლებლობებიც.

- გამოწვევებთან ერთად, არის სკოლებისთვის სიახლეები, თუნდაც სოცმუშაკების ინტეგრირება, სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობის ვალდებულება...

- სიახლეების დიდი მოყვარული გახლავართ. როდესაც შემოვიდა სოცმუშაკის სპეციალობა, იმ დროიდან ჩართული ვარ მათ საქმიანობაში და ძალიან ვაფასებ მათ შრომას; ამასთან, ვხედავ იმ საქმიანობის აუცილებლობას, რასაც სოციალური მუშაკები ეწევიან. ზოგადად, სკოლა არის ერთადერთი სასწავლო დაწესებულება, რომლის გავლაც ყველა ადამიანს უწევს - შეიძლება ბაღში, კოლეჯში, უმაღლესში არ იაროს, მაგრამ სკოლის მიღმა, კანონმდებლობით, ბავშვი არ უნდა უნდა დარჩეს. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ეს არაა პრობლემა - სკოლაში მოსიარულე ბავშვებიც კი დგანან სოციალური პრობლემების წინაშე, რადგან ნაკლები ყურადღება ექცევათ განათლების კუთხით, თუნდაც ამ მხრივ მშობლების მიერ არიან უგულებელყოფილი.. არადა სკოლა არა მხოლოდ, აკადემიური უნარების განვითარების, არამედ სოციალური,  სასიცოცხლო უნარების ჩამოყალიბების ადგილია.

წარმოდგინეთ, ჩვენთან მოდის 6 წლის კბილამოღებული პატარა და აქედან გადის უკვე არჩევანის უფლების მქონე მოქალაქე და მისი პიროვნების ფორმირებაში მხოლოდ მასწავლებელი და ადმინისტრაცია კი არა, ვფიქრობ სოცმუშაკიც უდნა ჩაერთოს, რადგან არის სიტუაციები, რომლებიც ჩვენს კომპეტენციას სცდება. ამ დროს პროფესიონალის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა ბოლომდე იყოს მოსწავლის განათლებისა და სოციალიზაციის უფლებები რეალიზებული.

რაც შეეხება ექიმის კაბინეტს, რომელიც სავალდებულო ხდება, მიმაჩნია რომ ისიც აუცილებელია, რადგან ასეთ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების უკონტროლო გამოძახებას ავირიდებთ და თანაც მოსწავლე მყისიერად მიიღებს მისთვის აუცილებელ სამედიცინო დახმარებას.

- გაცდენების რაოდენობაც შემცირდა, ქალბატონო თამარ, 90-ის ნაცვლად 45 დღეა.

- ვფიქრობ, 90 დღე - 3 თვე, იყო დიდი პერიოდი.

- ეს გაზრდის მოსწავლისა და მშობლის პასუხისმგებლობას?

- რა თქმა უნდა...  ბევრი უმნიშვნელო რამ ზრდის პასუხისმგებლობას. ჩვენს სკოლას გერმანიასთან აქვს მჭიდრო კავშირი,  სამი პარტნიორი სკოლა გვყავს, გაცვლითი პროგრამებიც გვაქვს და ჩვენი მოსწავლეები გაოცებას ვერ მალავდნენ როდესაც ნახეს, იქ სკოლაში ყველა კარი ღიაა, არავინ გაიძულებს დასწრებას...

- მაგრამ არავინ მიდის, ასეა?

- დიახ და ეს განპირობებულია იცით, რით? - სამსახურს რომ დაიწყებენ, სკოლის დახასიათებაში აუცილებლად ჩაიწერება, რომ შატალოზე წავიდა, ეს კი კარიერას გაუფუჭებს. ჩვენთან კი ფიქრობენ - ასე თუ ისე, ატესტატს მაინც ავიღებო. შორს ვარ აზრისგან, არ მივცემთ ატესტატი, მაგრამ გეგმაზომიერად თუ ვიმოქმედებთ, ჩვენს მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობა აუმაღლდებათ.

- სკოლის როლზე ისე საუბრობთ, ალბათ მინისტრის იდეას, ეროვნული გამოცდების შედეგებზე ატესტატმა და მასწავლებლების დახასიათება გავლენა იქონიოს, მგონი ემხრობით, არადა ამბობენ, კორუფცია გაჩნდებაო.

- მგლის შიშით ცხვარს ვერ გავწყვეტთ!.. არის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. განსაკუთრებით, მესამე საფეხურს სჭირდება მოდიფიცირება. საქმე ის გახლავთ, რომ პირველი კურსის ბაკალავრები მოუმზადებლები არინ უმაღლესში სწავლისთვის, რადგან არ გააჩნიათ საჭირო უნარები და ვფიქრობ ეს შესაძლებლობა სწორედ მესამე საფეხურმა უნდა მისცეს. იმასაც მივესალმები, რომ საყოველთაო არ იყოს მესამე საფეხურის დამთავრება. პროფესიული განათლება თანდათან ძლიერდება, რაც დაგვეხმარება და  შეამსუბუქებს სკოლის დატვირთვას,

რაც შეეხება კორუფციის საფრთხეს, აქ უმაღლესების პრობლემას უფრო ვხედავ - ისინი ორიენტირებულნი უნდა იყვნენ არა სტუდენტთა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. ფაქტია, საზოგადოებას განათლების ბევრად დახვეწილი სისტემა სჭირდება, ვიდრე ეს იყო გუშინ.

- ქალბატონო თამარ, როგორი დირექტორი ხართ?

- როგორი დირექტორი ვარ?.. აჯობებს, ამაზე ჩემმა კოლეგებმა  ისაუბრონ. მე კი ერთს ვიტყვი, უძლიერესი პედაგოგები მყავს - მარტო ადამიანი ვერაფერს გააკეთებს, თუ გვერდით არ ჰყავს გუნდი.

- ამ კითხვაზე თქვენი მოსწავლეები მიპასუხებენ, რომ მკაცრი ხართ?

- მე არ მიყვარს ყვირილი, შეურაცხყოფის მიყენება, მაგრამ ბავშვებმა იციან, რომ ვარ პრინციპული ადამიანი. არსებობს წესები, არის გაფრთხილება და მათმა უპასუხისმგებლო ქმედებამ, შესაძლოა, არა მხოლოდ თავად, არამედ გუნდი დააზარალოს. იციან, რომ ძალიან სამართლიანი ვარ და მიმაჩნია, რომ ყველაზე ცუდი, რაც სკოლამ შეიძლება გაუკეთოს ბავშვს, ესაა უსამართლობის განცდის ჯერ გაჩენა და შემდეგ მიჩვევა.

ჩვენი სკოლის სიმბოლო და ემბელმაა ​რიჩარდ ბახის თოლია ჯონათან ლივინგსტონის ფრთები, რომელიც განსხვავებულია ყველასგან და ბავშვებს სულ ვეუბნები, ჩვენ ვართ „ჯონათანები“ - უნდა ვიფრინოთ, ყირა უნდა ვჭიმოთ ჰაერში... მერე რა, რომ გვეტკინება. ჩვენი სკოლის სიმბოლო გაშლილ წიგნთან ასოცირდება და ბავშვებმაც იციან, რომ თავისუფლება მხოლოდ განათლებით, წიგნთან კავშირით მოდის

ზოგადად, თანამშრომლობა ახალ თაობასთან, ძალიან კარგია, რაც არ გაძლევს საშუალებას, იყო უინტერესო. მე დიდი შრომა მიწევს იმისთვის, რომ საინტერესო ვიყო ახალგაზრდებისთვის და არ მქონდეს ბებიის სტატუსი; მათ ინტერესებში უნდა ვერკვეოდე, მათი ცხოვრებით ვცხოვრობდე და ფეხი ავუწყო თანამედროვე მოთხოვნას, თორემ სრულიად უინტერესო ვიქნები, არც ყურს დამიგდებენ და მერე უკვე პატივისცემაც დაიკარგება. ხშირად მსმენია - თამრიკოს არ ვაწყენინოთ... რაზეც ცრემლი მადგება. ჩემთვის მნიშვნელოვანია: რომ ბავშვებს აქვთ სურვილი, იყვნენ განსხვავებულები; რომ მათ არასოდეს ექნებათ უსამართლობის განცდა და ის, რომ „თამრიკოს არ ვწყენინოთ“...

 

 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება