სიახლეები
პიროვნება

„არანაკლები თაობა იზრდება და შეიძლება, უკეთესიც კი“ - გია დავითულიანი, ცაგერის სამხატვრო სკოლის დირექტორი
13-11-2020
-
+


გია დავითულიანი 2007 წლიდან ცაგერის სამხატვრო სკოლას ხელმძღვანელობს, თუმცა წლების წინ, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, ამავე სკოლის კურსდამთავრებული ჯერ პედაგოგად, ხოლო შემდეგ დირექტორად თუ დაბრუნდებოდა. იმ პერიოდში ძალიან დიდი ხელშეწყობა იყოო, - იხსენებს მოსწავლეობის წლებს და დასძენს, რომ ახლაც მაქსიმალურად ცდილობენ, მომავალ თაობებში ხელოვნებისადმი ინტერესი გააღვივონ. ამაყობს საკუთარი სკოლის კურსდამთავრებულებით, რომლებიც სხვადასხვა სასწავლებელში წარმატებით ეუფლებიან პროფესიას და უფრო მეტად ის ეამაყება - შემდეგ ამავე განხრით რომ განაგრძობენ საქმიანობას. ახლახან დიდი გამოფენა მოუწყვიათ, სადაც ცაგერის სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები საზოგადოებას ძალიან მოსწონებია. რა ხდება კოვიდის ჟამს სამხატვრო სკოლაში, როგორ უმკლავდებიან შექმნილ ვითარებას და როგორ ზრუნავენ მომავალ თაობებზე? - ამ კითხვებზე პასუხს ცაგერის სამხატვრო სკოლის დირექტორის, გია დავითულიანის ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სამწუხაროდ, კოვიდვითარება ცაგერში ცოტა გართულდა და ამიტომ ჩვენს სკოლაში რამდენიმე დღით შევაჩერეთ სწავლება; თუმცა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, გვქონდა გამოფენა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, ზოგი აკადემიაში სწავლობს, ზოგი არქიტექტორია, ზოგი ექიმი...  და მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ცაგერის სამხატვრო სკოლა 1982 წელს გაიხსნა და მას სათავეში ედგა ვახტანგ ჯაყელი - მხატვართა კავშირის წევრი. მეც ეს სკოლა დავამთავრე, შემდეგ სოხუმში განვაგრძე სწავლა და 2007 წლიდან სკოლის დირექტორი ვარ, მანამდე პედაგოგად ვმუშაობდი.

- ცაგერის სამხატვრო სკოლაში სწავლისას, თუ წარმოიდგენდით, დირექტორად რომ დაბრუნდებოდით?

- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი... საოცარი პედაგოგები გვყავდა და ხელშეწყობაც დიდი იყო; ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებიდან, ზოგი თბილისში სწავლობდა, ზოგი ცხინვალის სასწავლებელსა თუ ბათუმში... მე სოხუმში მოვხვდი და ჩვენი პედაგოგები გაოცებას ვერ მალავდნენ- სად მოემზადეთო. დღეს ჩვენი სამხატვრო სკოლა ამ ტრადიციას აგრძელებს და ჩვენი კურსდამთავრებულებიც ძალიან წარმატებულები არიან, ზოგ მათგანს სწავლის საფასურიც კი მოუხსნეს.

- ადრე დიდი ხელშეწყობა იყოო, გვითხარით... ახლა ასე არ ხდება?

- ძალიან ვცდილობთ, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს ხელშეწყობა ჰქონდეთ.

- ადგილობრივი ხელისუფლება რამდენად გიდგათ მხარში?

- საუბრის დასაწყისში გამოფენა რომ ვახსენე, მის მოწყობაშიც ცაგერის მერია დაგვეხმარა, რაც ახალგაზრდებისთვის დიდი სტიმულია... საქართველოში ასეა - პედაგოგებს დაბალი ხელფასები აქვთ, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, საწუწუნო არაფერი გვაქვს.

- არსებობს სტერეოტიპი, რომ ხელოვანი ჯერ უცხოეთში უნდა აღიარონ და შემდეგ - მშობლიურ საქართველოში..

- ნამდვილად არ ვეთანხმები ამ დამოკიდებულებას იმიტომ, რომ ისეთი კარგი ახალგაზრდები იზრდებიან, სიტყვებით ვერ გადმოვცემ... ბოლო პერიოდში მოწყობილმა გამოფენამაც დაადასტურა ეს. საოცარი ბავშვები გვყავს, ძალიან ძლიერი გრაფიკოსებიც, უბრალოდ, გამოფენები უნდა ეწყობოდეს ხშირად, რათა საზოგადოებამ ისინი გაიცნოს; მაგალითად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაში, რომელიც ვირსალაძის სახელობის სკოლაში გაიმართა, რაბათზეც ვაწყობდით გამოფენებს... ეს ახალგაზრდებისთვის სტიმულიცაა და მათი წარმოჩინებაც უკეთ ხდება

- ახალგაზრდების დაინტერესება რამდენადაა, პროფესიულ დონეზე შეისწავლონ ხატვის საფუძვლები, მით უმეტეს, დღეს პროფესიებს შემოსავლიანობის მიხედვით ირჩევენ?

- ასეა, თუმცა მეც და ჩვენი სკოლის პედაგოგებიც ვიბრძვით, ახალგაზრდებში გავაღვივოთ ეს ინტერესი; ადრე ბევრი მოსწავლე გვყავდა, ახლა ნაკადი შემცირებულია, მაგრამ სამხატვრო სკოლა შაბათ-კვირას მუშაობს, რათა სოფლებიდანაც მოვიზიდოთ ბავშვები; ასევე გვაქვს მოსამზადებელი კურსი... მშობლებთანაც ვმუშაობთ, ვეუბნებით, როდესაც ბავშვს ნიჭი აქვს. მართალია, ბოლო დროს ქორეოგრაფიას უფრო მიეძალნენ, თუმცა წელი არ გავა, ხელოვნების განხრით არ წავიდეს ჩვენი კურსდამთავრებული. შიდა გამოფენებსაც ხშირად ვაწყობთ, ბოლო პერიოდში კოვიდმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ახლა გრაფიტი შემოვიღეთ და ჩვენი სამხატვრო სკოლის კედელს ვხატავთ პედაგოგებთან ერთად.

- ბატონო გია, ხატვის სწავლა შეიძლება?

- როდესაც ნიჭი აქვს ბავშვს, რა თქმა უნდა, შეიძლება! ჩვენ ასევე შევქმენით გამოყენებითი ხელოვნების კლასი, სადაც ქსოვას, ქარგვას ასწავლიან; ასევე შშმ ბავშვები მივიღეთ, რომლებიც საოცარ ნამუშევრებს ქმნიან და ისეთი მონდომებით მუშაობენ, ყველას შეშურდება -  მნახველებსაც ძალიან მოსწონთ მათი ნამუშევრები.

- თქვენ თვითონ თუ ხატავთ კიდევ?

- ვხატავ... ბავშვებთან, გაკვეთილს როდესაც ვატარებ, მაშინაც ვხატავ და გამოფენისთვისაც ვემზადები.

- თქვენი ნამუშევრების ყველაზე დიდი კრიტიკოსი ვინაა?

- სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ.

- დაგიხევიათ თქვენი ნახატი?

- ყოფილა ასეთი შემთხვევაც...

- გაბრაზებულზე თუ, უბრალოდ, არ მოგწონებიათ?

- ... ბრაზდები ხანდახან საკუთარ თავზე ადამიანი. სამაგიეროდ, შემდეგ უკეთესი ნამუშევარი გამოგდის. არასოდეს მითქვამს, რომ დიდი მხატვარი ვარ, მე კი არა, მიქელანჯელო ხევდა ნახატებს;  ერთი რიგითი მხატვარი ვარ, სამაგიეროდ, ძალიან ძლიერი ბავშვები გვყავს.

- ახვლედიანები და ფიროსმანები იბადებიან ჩვენს დროში, ბატონო გია?

- რთული სათქმელია... თუმცა, ახვლედიანები თუ არა, სილაგაძეები, ბურჯალიანები... იბადებიან. არანაკლები თაობა იზრდება და შეიძლება, უკეთესიც კი. მესმის, რთულია დღეს საქართველოში თავის დამკვიდრება და მე, პირადად, რეალისტური მხატვრობა მიყვარს. ვფიქრობ, მთავარი მაინც რეკლამაა, თორემ უდავოდ, საამაყო ახალგაზრდები გვყავს, არაჩვეულებრივი შენობა გვაქვს, რომელიც ევროსტანდარტებს შეესაბამება და პირველ სართულზე გალერეაც გაქვს, სადაც ინახება ახვლედიანი, ვარაზი, კაკაბაძე, გუდიაშვილი... მთავარია, მონდომება და ბევრი შრომა, სხვაგვარად, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

13 საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა საქმიანობის პრეზენტაციები წარადგინეს

სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა - რა უფლებები ენიჭებათ ენიჭება სკოლებსა და სამინისტროს

„სამი წელია მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში არიან განაწილებულნი, რეაბილიტაციაზე წერილი გუშინ მივიღეთ“-მშობლების პროტესტს N157 სკოლის დირექტორი პასუხობს

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება