სიახლეები


„ესაა ატომური ბომბის ტოლფასი. ამ დოკუმენტის დამწერი დედამიწაზე არ დააბიჯებდა?!“ - პედაგოგთა ახალ, სკანდალურ სქემას მანანა ნიკოლაიშვილი შიფრავს
13-07-2020
-
+


მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ გამოქვეყნდა, აზრთა სხვადასხვაობაც გაჩნდა და არც კამათი ცხრება დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით; მეტიც - დაანონსებულია პედაგოგთა საპროტესტო აქცია ამ სქემის გაუქმების მოთხოვნით.

სწორედ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესახებ საუბრობს etaloni.ge-სთან, განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი, რომელიც ახალ დოკუმენტს თავდაყირა აყენებს და კომპეტენტურ პირებს მწვავე კითხვებზე კონკრეტულ პასუხებსაც სთხოვს.

- 30 ივნისს, გამოქვეყნდა პრემიერის ხელმოწერილი მთავრობის N390 დადგენილება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საქმე ის გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში, 2019 წლის დადგენილება მთლიანად შეცვლილია, მაგრამ ძალადაკარგულად არ გამოაცხადეს, რითაც ნორმატიული აქტების შესახებ კანონი დარღვეულია და ამიტომ ეს დოკუმენტი ექვემდებარება გაუქმებას!

- ქალბატონო მანანა, როგორც ვიცი, თქვენ  ბევრი შენიშვნა გაქვთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემასთან დაკავშირებით.

- მეორე მუხლის თანახმად - პრაქტიკოსი მასწავლებელი სქემიდან ამოღებულია, რაც ნიშნავს, რომ თუ გამოცდას ვერ ჩააბარებენ, ეს ადამიანები ექვემდებარებიან სამსახურიდან დათხოვნას. გამოცდები შემოდგომითაა დაგეგმილი და მიზეზად დაასახელეს ეპიდსიტუაცია, თუმცა გამოცდების გადავადების რეალური მიზეზი სხვაა - წინასაარჩევნოდ არ უნდოდათ მასწავლებლების ჩაჭრა.

მოდით, სამართლებრივად ვიმსჯელოთ - მე მივეკუთვნები იმ მეცნიერთა თუ ექსპერტთა რიცხვს, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მასწავლებელთა ასეთ კატეგორიებად დაყოფას; მაგრამ ადამიანი, რომელმაც მიიღო უმაღლესი განათლება, აქვს სახელმწიფო დიპლომი, მუშაობის სტაჟი/ გამოცდილება, რატომ უნდა გაათავისუფლო?

ახლა იტყვიან, მასწავლებლობა რეგულირებადი პროფესიაა და გამოცდა ამიტომ უნდა ჩააბაროსო, მაგრამ რეგულირებადი პროფესიაა იურისტობაც, მოქმედი ადვოკატები კი არავის გაუყრია სამსახურებიდან და არც მაძიებელი, უსტატუსო ადვოკატები დაურქმევიათ.

გარდა ამისა, მაგისტრ ან მაგისტრთან გათანაბრებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს რა უფლების ძალით უშვებენ სკოლიდან?! უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში, ჩაწერილია მაგსიტრის განმარტება - ესაა პირი, რომელსაც აქვს უფლება, ასწავლოს უმაღლეს სასწავლებელში, ჩვენ კი ასეთ ხალხს სკოლიდან ვუშვებთ. პირდაპირ გეტყვით - ეს არის კანონმდებლობის წინააღმდეგ წასვლა, დისკრიმინაცია! განათლების სამინისტროსა და სსიპ-ების იურისტებმა კი ცუდად იციან კანონმდებლობა - ჩვენი ქვეყანა მიერთებულია ისეთ საერთაშორისო აქტებზე, სადაც ყოველგვარი დისკრიმინაცია საერთოდ აკრძალულია - ძველ კურსდამთავრებულებს არ ანიჭებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, ახალ კურსდამთავრებულებს კი ანიჭებენ.

იყო შემთხვევა, თერჯოლიდან დამიკავშირდა მასწავლებელთა ჯგუფი, რომლებიც აპორტესტებდნენ იმას, რომ მათემატიკის მასწავლებლად მიიღეს სკოლადამთავრებული ადამიანი, პროფესიონალი მასწავლებელი კი დატოვეს საათების გარეშე...

ამ ყველაფერზე უნდა გამოვიდნენ და გაგვცენ დასაბუთებული პასუხები.

- პრაქტიკოს მასწავლებელთა რეგისტრაცია ახსენეთ გამოცდისთვის...

- აქ დისკრიმინაციას აქვს ადგილი - მესმის, რეგისტრაციის ვადები ეპიდსიტუაციის გამო გახანგრძლივდა, მაგრამ ახლა, როდესაც გამოცდა შემოდგომისთვის გადაიდო, პრაქტიკოს მასწავლებლებს რატომ აღარ აძლევენ რეგისტრაციის უფლებას? მონათმფლობელურ სახელმწიფოში ხომ არ ვცხოვრობთ, კონსტიტუციაში ჩაიხედონ! როგორ შეიძლება, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა მცირე ჯგუფის კაპრიზებს დაემორჩილონ კვალიფიციური იურისტები? რომელი კანონის საფუძველზე უკრძალავენ რეგისტრაციას? მით უმეტეს, დროში ეტევიან, ჯერ ხომ არაა გამოცდები? მაგრამ ამათ უნდათ სადამსჯელო ღონისძიების გატარება, რათა კვალიფიციურმა მასწავლებლებმა დატოვონ სისტემა და ასე იქმნება მასწავლბელების დეფიციტი - შემოყარეს არასპეციალისტები, მოქმედ მასწავლებლებს 27-30 საათი აქვთ დატვირთვა, ორ სკოლაში დარბიან და ასეთ დროს, რომელ ხარისხზე შეიძლება იყოს საუბარი?!  ვეკითხები - შეგნებულად რატომ ქმნიან  მასწავლებლის დეფიციტს?

- არადა წესით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა სწორედ სწავლის ხარისხის ამაღლებისკენაა მოწოდებული.

- წესით, ასეც უნდა იყოს - ყველა ზოგადასგანამანთლებლო დაწესებულებას ავალდებულებენ, თავის ბაზაზე შექმნან მასწავლებელთა შეფასებისა და ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სისტემა. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია და ვისაც აქვს შექმნილი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ მაინტერესებს - ამ დოკუმენტის დამწერი დედამიწაზე არ დააბიჯებდა?! მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე, ეს ხომ შტატების გაბერვას გამოიწვევს, ახალი ხარჯია და მით უმეტეს, დირექციას, ჩვენი კანონმდებლობით, ისედაც აქვს  ინსპექტირების უფლება. მაშ, რისთვისაა საჭირო ახალი შტატები... თუმცა შემდეგ, სქემაში მეორდება, „ასეთის არსებობის შემთხვევაში“.  

- ქალბატონო მანანა, ამ სქემის მიხედვით, რა ელის მასწავლებლობის მაძიებლებს?

- ახალ დადგენილებაში არ მოიხსენიება მასწავლებლობის მაძიებელი, არადა, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი ცნობს მასწავლებლობის მაძიებელს; ამიტომ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ამისთვის ცალკე თავი უნდა არსებობდეს.

ზოგადი განათლების შესახებ კანონი ასევე აღიარებს მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლების ცნებას, მაგრამ ახალი სქემა - მე-2-მე-8 თავები - ამ ხალხზე არ ვრცელდება და მეცხრე თავი ისედაც გარდამავალი დებულებებია.

- თქვენი შენიშვნები მასწავლებელთა სქემით გაწერილ ვალდებულებებზეც ვრცელდება?

- ზოგადსაგანმანათლებლო ბაზაზე მასწავლებელთა ვალდებულებები წინა სქემაზე მეტად გადატვირთული და გართულებულია!

დავალებათა ნუსხა ატომური ბომბის ტოლფასია:

1. ახალი სქემით, მასწავლებელმა თვითშეფასება უნდა მოახდინოს სწავლის დასაწყისში. არადა, თავისივე კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ „უმეტესწილად, ხდება დოკუმენტების გაუაზრებელი კოპირება“ და გააუქმეს კითხვარი, თუმცა თვითშეფასება დატოვეს;

2. სასწავლო გეგმის კურიკულუმის შედგენა;

3. სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება) - იცით, ეს რას ნიშნავს? -  რასაც მასწავლებელი გააკეთებს, ყველაფრის თვითშეფასება უნდა მოახდინოს დოკუმენტურად;

4. თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე, პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა;

5. ყოველი სემესტრისა და წლის ბოლოს, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, ან ხარისხის განვითარების ჯგუფის მიერ, პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების /სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორი ან ხარისხის განვითარების ჯგუფი იღებს განმავითარებელ უკუკავშირს...

იცით, ეს რა არის? - დირექტორები სახლში საერთოდ ვეღარ წავლენ, ვერც გაკვეთილზე შევლენ, ვერც სკოლას მართავენ, საერთოდ მოწყდებიან სასწავლო პროცესს... მაინტერესებს, ასეთ რაღაცებს ვინც წერს, საერთოდ სკოლაში გაუვლია?! ამ საბუთების შევსების გარდა, მეტი საქმე არ აქვთ დირექტორებსა და მასწავლებლებს?! ან, დირექტორები ამ ცენტრის საკუთრებაა? გაიგეთ - არ არის დირექტორი დანიშნული პერსონა, არჩეულია! ვის აქვს უფლება, დირექტორი მოწყვიტოს სკოლას სამუშაო საათებში და სკოლა დარჩეს უმეთვალყურეოდ, მით უმეტეს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებლის ეროვნული სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების  და კურსების გავლა ევალებათ და ეს განმავითარებელი უკუკავშირებიც იმისთვის სჭირდებათ, თვითონ გაიკეთონ საქმე. რა ტრენინგებიც ატარა ამ ცენტრმა წლების განმავლობაში, მაინტერესებს, რატომ არ აიწია მნიშვნელოვნად განათლების ხარისხმა? ასეთი ათი ცენტრიც რომ იყოს, ვერ დადებს შედეგებს და ამიტომ, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სსიპ-ები უნდა გაუქმდეს, წავიდეს ლიკვიდაციაში, მათი ფუნქციები კი  გადაინაწილოს განათლების სამინისტრომ და წამყვანმა სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა, სადაც  მოხდება მასწავლებლების პროფესიული განვითარება.

ეს ხალხი, ვინც ტრენინგებს ატარებს, ერთეული გამონაკლისის გარდა, არაპროფესიონალია და ახლოსაც ვერ მივა ცოდნით იმ პროფესორებთან, რომლებიც ლექციებს კითხულობენ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. აქედან გამომდინარე, უნდა აირჩეს უნივერსიტეტები, სადაც ძლიერი ლაბორატორიები და პრაქტიკული ბაზებია, რადგან არ შეიძლება, მასწავლებელი ტრენინგზე მიიყვანო იქ, სადაც არაა ლაბორატორია და ტრენინგიც უტაროს, მან, ვისაც არ აქვს შესაბამისი ცოდნა. მხოლოდ მასწავლებლის ცენტრზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად, ეს სსიპ-ები  შესამცირებელია.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება