სიახლეები
სკოლები

„თითოეული წამი, წუთი, თუ საათი უძვირფასესია“- თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლის ანა კვაშილავას თვალით დანახული პანდემია
29-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ანა კვაშილავამ მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეულ მდგომარეობას ემოციური ჩანახატი მიუძღვნა. მოსწავლე თავის ნაშრომში გვესაუბრება, თუ რაზე დააფიქრა სიჩუმემ, თვითიზოლაციამ და რა ასწავლა ამ პერიოდმა.

მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ

გათენდა. მზის სხივებმა ნარინჯისფრად შეღება მთის წვერები, ფირუზისფერი ცა - მეწამულად, საფირონისფრად შეაფერადა და ცის თაღზე ვეებერთელა, კაშკაშა მზე ამოიწვერა. მზის ამოსვლისას ჩიტები საამოდ აჟღურტულდნენ. მზემ ღრმად ამოისუნთქა, თავისი ყვითელი სხივები ბუნებაში მიმოფანტა და ენძელას შეხედა. ენძელა გაინაბა, ვეღარ დამალა მისადმი სიყვარული, გაიღიმა, მზეს თვალებში შეხედა და მალევე თავი დახარა. ოქროსავით აბრჭყვიალდა ყვითელი საოცრება - მზე... მთიდან მონაბერი ნელი სიო არხევდა ხეების ჭრელ კაბებს, იების იასამნისფერ ქვედატანებს. ნებივრობდნენ თვალჟუჟუნა ყვავილები, ლამაზი ბეღურები ლაღად ჟივჟივებდნენ. ბუნება ხალისობდა. მერცხლები, ეზოში, მხიარულად ფრენდნენ. მეც ავდექი. ხელ-პირი დავიბანე, მოვემზადე სასკოლოდ და სკოლაში წასვლამდე ბაღში გავედი. ბაღში ახლადაყვავებული იების სურნელი ტრიალებდა, დავკრიფე იები და მოვრთე ჩემი საყვარელი მასწავლებლებისთვის. მალე, სკოლაში მივედი. სკოლაში არავინ იყო, გარდა ერთი, მეოთხეკლასელი მოსწავლისა, რომელიც შემოსვლისას მომესალმა და ბედნიერი დღე მისურვა. ცოტა ხანში ჩემი ამხანაგები მოვიდნენ. აწკრიალდა სკოლის ზარი და ოთახში მასწავლებელი შემოვიდა. ერთ გაკვეთილს მეორე მოყვა, მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე ...მზე სასიამოვნოდ დაგვნათებდა, თითქოს მოგვიწოდებდა „- გამოდით გარეთ და დატკბით ბუნების მშვენიერებით-ო“. მეშვიდე გაკვეთილის ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობეთ ამხანაგები და სახლში წამოვედით. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მას შემდეგ ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით. დადგა საზარელი 21 თებერვალი, 21- ს მოჰყვა 29, ხოლო 29 თებერვლიდან დაიწყო საშინელი სევდის, ტირილის, სიჩუმის, უიმედობის, გულჩათხრობილობის, მონატრების დღეები.

ძალიან მიყვარს ხალხმრავალი ეზოები, მათი ფუსფუსი, მოუსვენრობა. იქ, სადაც სიცოცხლე და ხალისია, მზეც გათბობს, გეკეკლუცება, ნაზად გეალერსება და სულს გითბობს.

ხალხმრავალი ეზოები სიჩუმემ და სიცარიელემ მოიცვა. სიჩუმემ დაისადგურა ჩვენს გულებში და სულებში. ბუნებაც, რომელიც ასე ხალისობდა, დამწუხრდა. თითქოს მანაც იგრძნო ხალხის სევდა და  ატირდა...  ტირის  ახლაც... ხეები, ჩიტები ისე საამოდ აღარ ჭიკჭიკებენ. მზეც ისეთი მწველი აღარ არის, როგორიც ადრე. მანაც მოიწყინა...

ჩვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო: კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ. ამ მოვლენებმა დღევანდელობა და ჩვენი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. ადამიანებმა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედეს. „ ადამიანის ძირითადი დანიშნულება ცხოვრებაა და არა არსებობა“.

განსაცდელმა ბევრი დაგვაფიქრა იმ გრძნობაზე, რომელსაც მონატრება ჰქვია.

რა არის მონატრება? ენით ამის თქმა შეუძლებელია, კალამი ამის გამოსახატად უძლურია. მონატრება ეს უბრალო გრძნობა არ არის, ის სტიქიური ძალაა და ზოგჯერ დამანგრეველიც კი. როცა შემოგიტევს ძალიან მამაცი უნდა იყო, რომ არ დაეცე. ის უნებურად  დაგიმორჩილებს, უნებლიედ მისი ტყვე გახდები, მერე გათამაშებს თავის ნებაზე, ქარში აფრიალებული ხმელი ფოთოლივით. იცი, რა არის მონატრება? იცი, რა გრძნობაა, როცა ვიღაც ან რაღაც ცრემლებამდე, ტკივილამდე გენატრება? როცა მთელი დღე მოწყენილი, გულგატეხილი ხარ. იცი, რა არის მონატრება? მონატრება ერთი პატარა ცრემლის წვეთია, რომელიც გულიდან გამოდის და სული წარმოაჩენს. იცი, რა არის მონატრება? მონატრება პაწაწინა, მშვენიერი, ნაზი ყვავილია, ოდნავი  ნიავიც, რომ აკრთობს აშინებს და მიუსაფარს ხდის. იცი, რა არის მონატრება? მონატრება დიდი, უზარმაზარი, უშველებელი, უსაზღვრო სივრცეა, რომელიც ყველაფერს მოიცავს და ვერაფრით ვერ სძლევ.იცი, რა არის მონატრება? მონატრება გულია, რომელსაც ღმერთი განაგებს. ნამდვილი მონატრება ცოცხლად სიკვდილის ტოლფასია.

საოცარ სილაღეს, თავისუფლებას იზოლაცია და კარანტინი მოჰყვა. უხილავმა მტერმა მთელი სამყარო დიდ ომში ჩაითრია, რომლიდანაც გამარჯვებული გამოსვლა ძალიან ძნელია. ამ ომის წინა ფლანგზე ექიმები და მედპერსონალი დგანან, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. მე მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და ჯანმრთელობა, მხნეობა, გამძლეობა ვუსურვო.

ამ უხილავმა მტერმა არ იცის ეროვნება, საზღვარი, ისადგურებს ყველგან და სიცარიელეს ტოვებს.

დაპაუზებულ, შენელებულ გარემოში საშინელი სიჩუმე ბობოქრობს. რა შეიძლება იყოს უფრო სრულყოფილი, ვიდრე სიჩუმე. განა სიჩუმე არ უსწრებს წინ ყველა დიად მსოფლიო მოვლენას და განა ამით არ არის ძვირფასი ჭექა-ქუხილი, ქარიშხლები, რომ მათ მიღმა ... სიჩუმეა?! ჭეშმარიტი სიჩუმე - ეს ის ღვთიური ძალაა, რომელიც მხოლოდ ცალკეულ ადამიანთა ცხოვრებაში კი არა, მსოფლიო საკაცობრიო პროცესებში ასრულებს უდიდეს როლს. თავად მაცხოვარს უყვარდა სიწყნარე, გადიოდა უდაბნოში და ლოცულობდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, სრულ სიმშვიდეში. ცხოვრებაში საუკეთესო აზრები, იდეები, ყველაზე გულშიჩამწვდომი გრძნობები: მოთმინება, მიტევება, მორჩილება, გულმოწყალება, თანადგომა, სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სიჩუმის მომენტში ისახება ჩვენს გულებში. ის კეთილი გრძნობები, რომლებიც გულს და სულს გაათბობს, სწორედ, სიჩუმისას იბადება ჩვენს გონებაში. სიჩუმე ყველაზე მეტად გვაფიქრებს იმ მოვლენებზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება.

ამ სიჩუმემ, რომელიც ირგვლივ გამეფებულა ბევრი რამ გვასწავლა, პირველ რიგში, ადამიანების დაფასება. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მათთან ურთიერთობა, საუბარი და გრძნობები, რომლებიც მათთან გაკავშირებს.

რაზე დამაფიქრა კორონავირუსის (Covid – 19) პანდემიამ? დამაფიქრა იმაზე, რომ ზესახელმწიფოებიც შესაძლოა უძლური იყვნენ პაწაწინა ვირუსის მიმართ.

ამ ვითარებამ გვასწავლა ის, რომ თითოეული წამი, წუთი, თუ საათი უძვირფასესია და ეს დრო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი განვითარებისთვის მასწავლებლები საყოველთაო კარანტინის, კომენდანტის საათის, ვირუსის შიდა გავრცელების და იძულებითი არდადეგების პირობებშიც ზრუნავენ. სწორედ, ამის მაგალითია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. დისტანციური სწავლება ამ პირობებში საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ მე ვისურვებდი, ისევ, ჩვეულებრივ გარემოში ძალიან მალე ჩაგვიტარდეს გაკვეთილები, რა თქმა უნდა, ვირუსის დამარცხების შემდეგ.

კორონავირუსმა ჰიგიენის წესების უფრო მეტად დაცვა გვასწავლა, შეგვაჩვია სამედიცინო ნიღბების, ხელთათმანების ტარებას.

Covid – 19 -ის პანდემიამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო უძვირფასესი ოჯახისწევრების დაკარგვა და ამ მდგომარეობაში გამძლეობა ვუსურვო.

ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და მედიკამენტი გამოცდის საწყის ფაზაშია, ვისურვებ მალე იქნას ეს პრეპარატები წარმოებაში ჩაშვებული, რათა გადარჩეს ბევრი ადამიანის სიცოცხლე და წარსულში მოვიტოვოთ უბედურება.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც კორონავირუსმა (Covid – 19) გვასწავლა მთელ საზოგადოებას, ეს ერთიანობაა. ერთიანობით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ვირუსზე და მანამდე საჭიროა დავიცვათ გარშემომყოფთა სიცოცხლე, რისთვისაც დარჩით სახლში!

# დაეხმარეთ დედამიწას, რომ გადარჩეს!

#ერთად Covid – 19 - ის წინააღმდეგ!

#ძალა ერთობაშია!

#ჩვენ გავიმარჯვებთ!

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე
ანა კვაშილავა
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადებას - ყველა დეტალი
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
შეხვედრა გაიმართა საინტერესოდ, კმაყოფილი დარჩნენ როგორც მოსწავლეები ასევე წიგნის ავტორი
შეჯიბრი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმართა და მასში მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის  მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ
სკოლაში ღონისძიებაში მონაწილე კლასებს, ამ დღის გალამაზებისთვის, მადლობას უხდიან
„მადლობა ჩემს პატარებს ამ მონდომებისთვის“,- მოსწავლეებს მასწავლებელი ირმა გურეშიძე მადლობას უხდის
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება