სიახლეები
სკოლები

„დაფაზე ცარცი დარჩენილა, მერხი დაობლებულა და აცრემლებულა“- გთავაზობთ ხუცუბნის პედაგოგ ნაირა ჟიჟავაძის ემოციურ ჩანახატს
10-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილემ ნაირა ჟიჟავაძემ მოსწავლეთა მონატრება ემოციური ჩანახატით გამოხატა.

                                        მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ. . . 

         წკრრ!.. წკრრ!..  თითქოს შორს დარჩენილა და აღარ ისმის...

      უჩვეულო სიჩუმეა, განსხვავებული ჩუმი სიჩუმე...   ცა იგივეა, მზეც  იგივეა, წვიმაც იგივეა, ღრუბლებიცა და  ნისლიც... გაზაფხულიც იგივეა-ახალიც და ნაცნობიც, ატმის, ტყემლის, უკვე ბლის ყვავილებიც, ყვითელი ნარცისებიც მომრავლდა... ხო, ნარცისებს უკვე  აღარავინ კრეფს მასწავლებლისთვის მისართმევად. იგივეა სახლის კედელი,  მაგრამ კედელზე გაკვეთილების ცხრილი აღარაა იგივე, თვალებდაჭყეტილი იცქირება სხვა ცხრილი - ,,დისტანციური ცხრილი“  რომ აწერია, რატომღაც იგი უკვე ფერად ფურცლებზე დაუწერია პატარა გოგოს. ზედ გულები, ვარსკვლავები, პეპლები და ყვავილები მიუხატავს... ნეტა, რატომ?

   ალბათ, იმიტომ რომ,  სკოლა მოენატრა, მართალია, უკვე „სკოლა შინ მოვიდა“, თუმცა მაინც ენატრება, მის ამხანაგებსაც მოენატრათ...

    ... და   მონატრებულთათვის  სხვა ზარი  ირეკება...   ჩემი მოსწავლეები  უკვე ეკრანს მიღმიდან მეძახიან: დილა მშვიდობისა ,მას!..   მთელი დღე აღარ ჩერდება  ტელეფონი:  მას,  დავალება შევასრულე, ხომ ნახავთ?!  მას, ჩემი ნაწერი მოგეწონათ?  მას, გამოფენას  ხომ მომიწყობთ, ჩემს პირად გამოფენას?!.  ხანაც თავის კლასელს სწერენ, მომენატრეო და...

   ... მიფრინავენ და მოფრინავენ სიტყვები, სმაილები  ...  უყვებიან ერთმანეთს ათასგვარ ამბებს და მე მიხარია, მიხარია მათს მასწავლებელს, რომ მათი ცხოვრება არ არის მუქი და ბნელი ამ საოცარ სიჩუმეში, მიხარია, რომ ამ პატარების გვერდითაა დღეს მთელი ქვეყანა: გაკვეთილი ტარდება, მასწავლებელი ურეკავს, გაკვეთილს უხსნის, დავალებას წერენ, ხატავენ და მღერიან  განსხვავებულ  გაკვეთილებზე  ერთმანეთისგან შორი-შორს  და ერთმანეთთან ახლოს.

    ... ხო, ეს საოცარია, მართლაც, საოცარია...

    ... ხო, ეს  უჩვეულოა, მართლაც უჩვეულოა- ჩვენ ხომ არ გვინახავს ჯერ ასეთი  სიჩუმე!

    ...   და  შორს...  შორს ცარიელ მერხებს  ვხედავ...  მერხში ვიღაცას  კალამი დარჩენია, მეორეს - ქურთუკი, შეიძლება რომ  დაუპატავდეს  და ჩაცმაც ვეღარ მოასწროს, მესამე მერხში  რვეული და წიგნი შემალულა, მეორე დღეს რომ უნდა მოეკითხა პატრონს...  ღუმელთან პარასკევს დაწყობილი შეშა გრძელი ორშაბათის ლოდინში გაკვირვებულა...  ერთ სკამზე ბალიში დევს, რადგან სკამი ცივია, ალბათ, დამტვერილა უკვე...    ახლა ისინი მარტო დარჩენილან. მოკბეჩილი ფუნთუშებიც აღარ ჩანან მერხში.

    და გაყუჩებულან, გაჩუმებულან სკოლის კედლები,  კედლებზე, ასასვლელ კიბესთან,  ნახატები - ფერად-ფერადი ... კიბის თავში კონკურსში მონაწილე მოსწავლეების სია გაყინულა... ჩვენი ზარი გაჩუმებულა...  დაფაზე ცარცი დარჩენილა, მერხი დაობლებულა  და აცრემლებულა... სამასწავლებლოში საათი გაჩერებულა... ჟურნალი ჩაკეტილა, გასწორებულ  და გასასწორებელ რვეულებს თვალები დაწყვეტიათ...

    და  ასე ერთმანეთის მიყოლებით თენდება სხვა დილა, სხვა ზარი ირეკება, სხვა გაკვეთილი იწყება ხვალის მოლოდინით...  და, რომ კედლებს, რომლებსაც ნამდვილი არდადეგების სიჩუმეც კი არ უყვართ,  კედლებს, რომლებიც ბავშვების გარეშე გრძელ ზაფხულშიც ვერ ძლებენ მარტო და მონატრების სურვილი კლავთ,  სჯერათ, რომ ისევ  ახმაურდებიან...

  ...  უჩვეულო სიჩუმეს ისევ ჩვეული ხმაური გაკვეთს...

 .... სპეტაკი წკრიალი  სამყაროს გააყრუებს  და მოსწავლე-მასწავლებელს  კარს გაუღებს, ,,სინამდვილეში“ დააბრუნებს გრძელი, უსასრულო სიზმრიდან დაღლილ-დაქანცულს...

p.s.  

   უფრო რთულ დღეებამდე უფრო ადრე სკოლაში შევირბინე აუცილებელი საქაღალდის წამოსაღებად. ძმისშვილი გამყვა ძალისძალად.   უკან გამობრუნებულს ბავშვი არსად დამხვდა. ჩემი ძახილი სრულ სიჩუმეში არ გაუგონია. თურმე თავის საკლასო ოთახში შესულიყო, დამლაგებლის შემოწყობილი სკამები ჩამოელაგებინა, თავის სკამზე დამჯდარიყო და მაგიდაზე ხელები დაეწყო. საღამომდე მთელმა კლასმა იცოდა ეს ამბავი.   ჩემს მერხთან არ დაჯექიო, ლიზი?-ჰკითხა ერთმა...

    სხვა რეალობაში, ოცნებად ქცეულ მონატრებაში გრძელდება მათთვის  გაკვეთილები,  ზოგჯერ ისევ იჭედება ინტერნეტი, ისევ არ ისმის ხმა,  ისევ ირეკება  ტელეფონზე, ისევ  პასუხისმგებლობით სწავლობენ ზოგნი, ისევ ცელქობენ ცელქები და სადღაც ქრებიან. მთავარია, რომ იციან, თუ შინ დარჩებიან, რთული დღეები მალე დამთავრდება და ჩვეულ გარემოში დაბრუნდებიან.

     ....  აქ წერტილს დავსვამ, თორემ ნაწერიც უსასრულობად მექცევა.

 ნაირა ჟიჟავაძე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე.

 10.04.20.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება