სიახლეები
ინტერვიუ

გოგა პიპინაშვილის მძიმე სინამდვილე - „ორმოცკაციან ჯგუფში შევედი და „ჯარისკაცის მამა“ ერთსაც არ ჰქონდა ნანახი“
25-11-2019
-
+


25 წელიწადში შეცვლილი 7 შენობის და ჭეშმარიტ ღირებულებებზე გაზრდილი 9000 ბავშვის მიუხედავად, გოგა პიპინაშვილის თეატრალური სტუდიის ბედი ისევ გაურკვეველია.

etaloni.ge-სთან ინტერვიუში კი ბატონი გოგა უფრო იმაზე წუხს, რომ მომავალ თაობას ქართული ხელოვნების მიმართ ინტერესი გაუქრა. თეატრი კარგავს შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციასო, გაგვიმხილა და დასძინა, რომ ადვილად დანებებას არ აპირებს, რადგან „ბავშვი, რომლიც ახლა იბადება, უკვე პიროვნებაა, ამ ქვეყნის შემადგენელი ნაწილი და უნდა ვიფიქროთ, როგორ ქვეყანას ვუტოვებთ ამ პატარებს“!

- მეგონა, უკეთეს პირობებში იქნებოდით, მაგრამ როგორც ვხედავ, თქვენს სტუდიაში არაფერი შეცვლილა...

- პირიქით - რაც ჩვენთან ხდება, კატასტროფაა და ვერავის ვერაფერს ვაგებინებ;  ყველაფერი, რაც დაგეგმილი მაქვს, რჩება ჰაერში და აქედან გამომდინარე, პერსპექტივის იმედიც არ მაქვს.

- იმედი რომ არ გქონდეთ, არც იბრძოლებდით, ბატონო გოგა.

- სხვაგვარად უბრალოდ არ შემიძლია... 25 წლის განმავლობაში, პირველად გამოვაცხადე სააბიტურიენტო პროგრამა, რომელიც შევქმენით ყველა ნიუანსის გათვალისწინებით და წარმოიდგინეთ, მხოლოდ 5 ბავშვი მოვიდა; თეატრალურში კი იმავე პროგრამაზე 20-მდე ბავშვია... ეს ნიშნავს, რომ მივექანებით თავდაღმართში! წინა წლებში სტუდიაში იმდენი ბავშვი მოდიოდა, ყველას მიღებას ვერც ვახერხებდით, ახლა კი პერსპექტივას ვერ ხედავენ.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ასეთი დამოკიდებულება?

- ინტერესი არაა გაღვივებული და ვერც აუცილებლობას ხედავენ; მეჩვენება, რომ ნელ-ნელა თეატრი კარგავს თავის რეალურ - შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციას.

როდესაც შენი ქვეყნის მესვეურები წლების განმავლობაში გიჩიჩინებენ, რომ პრიორიტეტი ხელოვნება არ არის - არც კინო, არც თეატრი, არც სხვა დარგი - ბუნებრივია, მოზარდზე ეს აისახება. ამდენი ტელევიზიაა საქართველოში და ერთი მაინც დამისახელეთ, რომელიც მოზარდების აზრს ითვალისწინებს! არ არის ასეთი და ბავშვს როგორ უნდა გაუღვივდეს ინტერესი ქართული ფილმის, ან სამსახიობო ხელოვნების მიმართ?!

- არც თეატრის ბილეთებია იაფი და უჭირს მშობელს თეატრში ბავშვის წაყვანა...


ეს ფაქტორიც მოქმედებს, თუმცა აქ პრობლემა უფრო ღრმაა - ორმოცკაციან ჯგუფში შევედი და ფილმი „ჯარისკაცის მამა“ ერთსაც არ ჰქონდა ნანახი, აღარაფერს ვამბობ სერგო ზაქარიაძესა და სხვა მსახიობებზე; მეტს გეტყვით - ჩემთან ვინც მოდიან, იმ ბავშვებს არ ვუნახივარ სცენაზე. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მენდოს, რომ რაიმეს სწავლება შემიძლია მისთვის? „გარიგება“ აქვს ნანახი და იმით საზღვრავს...

ახლა ქართულ თეატრს მძიმე პერიოდი აქვს - სახელმწიფო დოტაციაზეა, მაგრამ არ ფინანსდება სადადგმო ხარჯი, ეს ხომ წარმოუდგენელია? ასეთი ნიჰილისტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ინტერესიც ქრება და პერსპექტივის აზრიც. ყოველთვის ვეკითხები ჩემთან მოსულებს -  რატომ აირჩიეს ეს გზა? - დაამთავრებს, უნდა იჯდეს სახლში და ელოდოს კასტინგს.

ამდენს რომ საუბრობენ პროფესიულ განათლებაზე, ორი სერიოზული პროექტი მაქვს გაკეთებული, რომლის განხილვაშიც ყველა ინსტანცია იყო ჩართული, მაგრამ არ დაადგა საშველი - 24 წელია ეს მდგომარეობაა. ამიტომ პრაქტიკული მეცადინეობებიდან გადავედი ლექციურ საკითხებზე, რადგან მაინტერესებს ამ ბავშვების აზრი ყველაფერზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. მათი დამოკიდებულება ჯანსაღია მიტინგებისა და სხვათა შორის იმ ფილმის მიმართაც, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. ისინი არც ერთი მხარის პოზიციას არ იცავენ.

- თქვენ არ დაგწყდათ გული, რომ „შინდისს“ ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყოლია?  

- „შინდისი“ არ უნახავთ! არადა, იქ ძალიან პატრიოტული ნოტებია... ზოგადად, ჩემთვის გაუგებარია ღირებულებებით თამაში!

ეს ადამიანები, ვინც ხმაურიანი ხალხი ვართ, მალე მიკროფონსა და ტრიბუნასთან აღარ ვიქნებით და ეს ქვეყანა, თავისი მართვით, მოფერებით, შერგებით ამ პატარებისაა, ვინც ჩემთან აუდიტორიაში ზის. მათი ღირებულებები ახლა ყალიბდება და ერთი ადამიანი მითხარით, ვისაც მათი სპექტრის გავლით სიტყვა მაინც უთქვამს! გულის მისკდება - ორი წლისაა ჩემი შვილიშვილი და სად ვტოვებ, რა ქვეყანაში, რა მენტალობაში, რა იდენტობაში...

მე რომ მოსწავლე ვიყავი, გვქონდა აბონემენტი და ხან ერთ თეატრში მივყავდი სკოლას, ხან მეორეში; შემდეგ მიმდინარეობდა ამ სპექტაკლების განხილვა.

- მოგწონდათ თეატრში სიარული?


- რა თქმა უნდა... შენს კლასელებთან ერთად მიდიხარ სპექტაკლზე და მსჯელობ, ეს ერთგვარი აზარტია, თუმცა ეს ადრე იყო,  პატარა, ხულიგანი ბავშვები რომ ვიყავით, მაშინ.

- „ხულიგანი“ ბავშვი იყავით?


- ალბათ... როგორც ყველა, ისე მე. კარგი მოსწავლე ვიყავი მერვე კლასამდე და მერე ავურ-დავურიე...

- ბატონო გოგა, შეუძლებელია არ გკითხოთ ინკლუზიურ სწავლებაზე - ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ამ საკითხზე ალაპარაკდა და თქვენი სტუდიაც სწორედ ამ მიმართულებით შეიქმნა, ხომ არ მეშლება?


- არ გეშლებათ, ნამდვილად ასე იყო და რატომ გავეცალე მაგ სფეროს, მაგასაც ავხსნი... ძალიან მოდური თემა გახდა, რომელზეც ვიღაცებს ხელის მოთბობა კარგად შეუძლიათ, მე კი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი წილი ჩავდე. ერთ-ერთ ორგანიზაციაში პროექტი შევიტანე. მოგვიანებით, შევიტყვე, რომ მათაც, ვინც ამ ორგანიზაციის შესახებ მითხრეს, პროექტი შეუტანიათ და მათი პროექტი დაუფინანსებიათ, თუმცა რომ ვნახე, სათაურიც კი არ იყო შეცვლილი.

- პროექტი მოგპარეს?


- ასე არ ვიტყვი... და უცებ ეს ადამიანი მეუბნება, ვციტირებ: ინვალიდ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება არ მაქვს და ათი ინვალიდი იქნებ მომცეთო...
არ იფიქროთ, რომ ვიფხუკიანე და გვერდით არ დავუდექი, რაც მეტი ადამიანი იზრუნებდა ამ ბავშვებზე, უკეთესი, მაგრამ ეს პროექტი ისე გაქრა, როგორც ჰაერი. ამ შენობაში, სადაც ვარ, ქირას რომ არ ვიხდიდე, კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდით...

- მახსოვს, შენობას გპირდებოდნენ...


- ყოველ სამთავრობო ცვლილებასთან ერთად, ახალ წრეზე მივდივარ. არადა, ჩემს საკუთრებაში რაიმეს  ხომ არ ვითხოვ?! ეს ბავშვები მხოლოდ ჩემი შვილები არიან? ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს მათზე - ესაა ჩვენი გამოცდილების, გნებავთ, ძალით ტვინში ჩატენვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი არ აქვს  სცენაზე ჩემს გასვლას ან ეკრანზე გამოჩენას. წარმოგიდგენიათ, როგორი აგონია შეიძლება მჭირდეს, როცა პირდაპირ გეუბნებიან - პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება დაუთმე, არავის სჭირდებაო... იმიტომ, რომ არაკომპეტენტური ადამიანებით გადაივსო ჩემი ქვეყანა.

- ვის გულისხმობთ?


- ეს ეხება ზოგიერთ თეატრმცოდნეს, ასევე კონომცოდნეებსა და კინკოკრიტიკოსებს... ესენი ხომ განსაკუთრებული კასტაა, რომელიც შედევრებზეა ორიენტირებული და  წარმოდგენა არ აქვთ, ფილმი „პეპელა“ რა ღირებულებაზეა. თუმცა, ის ღირებულება მათთვის არაფერია და ამიტომაც სპობენ ადვილად. მე კი, ჯერჯერობით, ძალა მაქვს,  ვიღაცას პასუხი გავცე და თუ საჭიროა, ყბაც მოვტეხო.

- იმუქრებით, ბატონო გოგა?


- ან ადამიანებმა გონს მოუხმონ და სხვას დაუმსახურებლად შეურაცხყოფა არ მიაყენონ, ან არადა, საომარი მოედანია... თუ ჩემს ცხოვრებას მართმევს ვიღაც თავის ნათქვამი ბინძური სიტყვით, იმას ან უნდა მოუსპო სალაპარაკო, ან თვითონ უნდა მოსპო. სხვა რა გამოსავალია -  სასამართლოში სირბილი დავიწყო?

ისინი გოგა პიპინაშვილს კი არა, მომავალ თაობას ებრძვიან. ობიექტური აზრი ხომ უნდა არსებობდეს. რადგან ვიღაც რაღაც პოზიციას ფლობს, იქიდან შეუძლია ყველაფერი გაათახსიროს? ჩემთვის არსებობს ობიექტური სინამდვილე,  ერთი რამის გათვალისწინებით - ბავშვი, რომლიც ახლა იბადება,  უკვე პიროვნებაა, ამ ქვეყნის შემადგენელი ნაწილი და ის კი, ვინც დროშას იქნევს, ხვალ აღარ იქნება და ამ ბავშვებს როგორ ქვეყანას ვუტოვებთ?!


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
სიახლეები
საზოგადოება