| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„არ ვივიწყებთ ტრადიციებს, წინაპრებს, კულტურულ მემკვიდრეობას“ - ამ ლოზუნგით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა გურული საშემოდგომო ტრადიციები გააცოცხლეს.
ღონისძიება სავსე იყო ისტორიით, ტრადიციითა და ფერებით. იგი შთაგონებული იყო ამ უმშვენიერესი მხარის - გურიის მდიდარი ისტორიით.
„გავიხსენეთ გურიელების წარმტაცი ყოფა, რომლებიც წინა საუკუნეებში ცხოვრობდნენ ამ ადგილზე. ამ ღონისძიებით პატივი მივაგეთ იმ მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ამ ადგილს უკავშირდება.
მოსწავლეებმა შეძლეს გაეცოცხლებინათ ის დრო, გადმოეცათ მათი ტრადიციები, კულტურა და ის საშემოდგომო განწყობა, რომელიც მაშინ სუფევდა. წარმოადგინეს მომენტები მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან.სიზუსტით შექმნილმა სამოსმა დამსწრე საზოგადოება წარსულში გადაიყვანა. სასკოლო სივრცე გარდაიქმნა ისტორიულ კუთხედ, სადაც თითოეული დეტალი გურიელების ყოფას იხსენებდა. საშემოდგომო ნობათი და გურული ტრადიციული კერძები კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა ამ დღეს.
ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო სცენა, სადაც გურიელებს ცხენოსანი სტუმრები ეწვივნენ. ამ ეპიზოდმა იმდენად ღრმად გადმოსცა წინაპრების ურთიერთობები, რომ დამსწრე საზოგადოებას ცრემლიც კი მოჰგვარა. ეს იყო წამი, როდესაც ჩვენი წინაპრების ხსოვნამ ყველას გულში შეაღწია და კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი ფესვები“,- გვიყვება სკოლის საინფორმაციო მენეჯერი და დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქეთევან გოგუაძე და დასძენს, რომ ღონისძიება დასრულდა მრავალფეროვანი კონცერტით, სადაც მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოაჩინეს.
„დიდი მადლობა ღონისძიების იდეის ავტორს და სულისჩამდგმელს, ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ქალბატონ ნინო გურგენაძეს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის. თანადგომისა და მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ბატონ ტარიელ ჯიჯიეშვილს, დირექტორის მოადგილეს ქალბატონ მანანა მჟავიას, ლანჩხუთის კულტურის სახლის ხელმძღვანელს ბატონ გოდერძი ქურიძეს, ბატონ თემურ მეგრელიშვილს, ქალბატონებს- დოდო ესართიასა, დალი სარჯველაძეს, ანანო მოქიას.
მადლობა ყველა მოსწავლეს, პედაგოგს, მშობელს და სკოლის პერსონალს, ვინც ჩართული იყო ამ საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტში, ვინც დიდი მონდომებით იშრომა ემოციებით სავსე დღის მოსაწყობად. მოსწავლეთა ენთუზიაზმმა და პედაგოგთა თავდადებამ ეს დღე დაუვიწყარი გახადა. ეს დღე ნამდვილად იყო წარსულის დაფასების, აწმყოს აღნიშვნისა და მომავლის შთაგონების ნაზავი“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლანჩხუთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე, სპმთპ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქურიძე, ჩვენი სოფლის დეპუტატი ია მოქია, სოფლის რწმუნებული დავით გუმბარიძე...
დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლანჩხუთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ, რომელმაც აღნიშნა:
„ადამიანი, რომელიც წარსულს პატივს არ სცემს, მომავალს ვერ შექმნის. მადლობა თქვენ იმისათვის, რომ არ აძლევთ მოსწავლეებს იმის საშუალებას, დაივიწყონ ის წარსული, ისტორია და ფესვები, საიდანაც მოდიან“.
დეპუტატმა ია მოქიამ სამომავლო წარმატებები უსურვა სკოლას, სადაც თავადაც გაატარა მოსწავლეობის წლები და განაცხადა, რომ ის დღეს ამაყი და ბედნიერია.
სკოლა გვიზიარებს ამონარიდებს სოციალური ქსელიდან, სადაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგნელბი ღონისძიებას აფასებენ და მის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს:
...„რას ჩურჩულებს მაგნოლია
ის ჩურჩულებს, დიდებულ წარსულზე.
აქ, სადაც ახლა ჩვენი სკოლა დგას, სადაც ჩვენი, ბავშვების სიცილი ჟღერს და ზარი რეკავს, სულ რაღაც სამასი-ოთხასი წლის წინ გურიელთა საგვარეულო სასახლე იდგა. დიახ, იმავე გურიელებისა, რომლებიც გურიის მთავრები იყვნენ, იმერეთის მეფეების ნათესავები.
წარმოიდგინეთ: იმ დროს აქ იყო დიდებული რეზიდენცია – ქვის კედლები, ხის აივნები, ბაღები, შადრევნები... მაგნოლია კი, სწორედ იმ დროს ყოფილა დარგული.
მაგნოლია ხედავდა, როგორ შედიოდნენ ცხენოსანი მეომრები ეზოში, როგორ ცეკვავდნენ გოგონები ხალხურ საცეკვაოს, როგორ იწერდნენ მწიგნობრები ქრონიკებს სქელ ტომებში. ის ისმენდა ქართულ სიტყვას, გურიულ სიმღერას, ლოცვებსა და ფიცებს.
და შემდეგ მოვიდა დრო – სასახლე დაინგრა, ბაღები გაუკაცრიელდა. მაგრამ მაგნოლია დარჩა. დარჩა იმისთვის, რომ გვახსენებდეს: ეს მიწა უბრალო მიწა არ არის. ეს არის გურიელთა მიწა. ეს არის საქართველოს ისტორიის ნაწილი.
დღეს აქ სასახლის ნაცვლად სკოლა დგას. ხმლების ნაცვლად – წიგნები, ცხენების ნაცვლად – თქვენ, ჩვენი შვილები. მოდიხართ ყოველ დილით. მაგრამ მაგნოლია კვლავ ჩურჩულებს:
„ნუ დაივიწყებთ, ვინც აქ ცხოვრობდა. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენს ფეხქვეშ საუკუნეების ისტორია წევს. იყავით ღირსები ამ მიწისა. იყავით ღირსები გურიელთა მემკვიდრეობისა. სწავლით, შრომით, პატიოსნებით – გააგრძელეთ ის, რაც აქედან
დაიწყო.“
ამიტომ, ძვირფასო ბავშვებო, როცა გაზაფხულზე ამ ეზოში შემოხვალთ და მაგნოლია აყვავდება, გიგანტური თეთრი ყვავილებით, გაჩერდით ერთი წამით. მოუსმინეთ.
ის გეტყვით:
„მე ვარ აქ საუკუნეები. შენამდე. და შენ იქნები აქ ჩემს შემდეგ. გააგრძელე ჩემი ჩურჩული – იყავი ქართველი, იყავი გურული, იყავი ღირსეული, ნინო გუეგენაძე საოცრება მოახდინე.
„მართლაც საოცარი სანახაობაა, გილოცავთ! ვფიქრობ, დიდ დღესასწაულად უნდა იქცეს და ყოველ წელს მოეწყოს...
ჟრუანტელის გარეშე შეუძლებელია ამ სანახაობის ყურება. მადლობა ყველას ვისაც მცირედი წვლილიც კი მიიღო ამ ღონისძიებაში“.
„ნინო მას, თქვენი მონაყოლი გურიელის ამბებიდან ბევრი ფრაგმენტი მართლაც ასე წარმომედგინა. ის სითბო, რასაც გვიყვებოდით, იმავე ფერებით დამხვდა თქვენს მიერ მოწყობილ ღონისძიებაშიც. ისტორიები, რაც წარმოსახვაში არსებობდა, სცენაზე გაცოცხლდა. თქვენი სიყვარული და ხელწერა შეუმჩნეველი არ რჩება ძალიან გაფასებთ
არასოდეს მომბეზრდება თქვენთვის კომპლიმენტის თქმა....ყოველთვის მჯეროდა თქვენი შესაძლებლობების უსასრულობის... ყოველთვის გაფასებდით და თქვენც გრძნობდით ამას... ახლა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბეთ... ვგიჟდები თქვენზე... გული მწყდება, რომ ამ სილამაზის ყურება ამ სივრცეში მომიწია და არა იქ, თქვენთან ერთად... რამდენჯერ ვუყურე ვინ იცის, მადლობა ამ სასიამოვნო წუთებისთვის“.
ტელემაქ გურიელი იმდენად გატაცებული იყო ანტიკური პერიოდის ლიტერატურით, რომ სახელი ალექსანდრე ტელემაქით შეიცვალა (ოდისევსის შვილის სახელი), ხოლო თავის ერთადერთ ქალიშვილს იუნონა (იუპიტერის მეუღლე) დაარქვა სახელად. ტელემაქი ტანმორჩილი, კოხტა კაცი იყო. მუდამ ჩოხას ატარებდა. ქუდს არ იხურავდა, მის მაგივრობას უწევდა საუცხოო გრუზა თმა, რომელიც გვირგვინივით აჯდა თავზე. გარდა რუსულისა იცოდა ინგლისური და ფრანგული ენები. ცნობილი მარჯორი უორდროპი ასე გვიხატავს ტელემაქ გურიელის პორტრეტს: „...გურიელები იშვიათად იხურავენ ქუდს, რადგან კულულები ჯეროვნად იცავთ ზაფხულის სიცხისა და ზამთრის სუსხისაგან. მათ ძალიან ლამაზი, სწორი ნაკვთები და გულუბრყვილო გამოხედვა აქვთ, მაგრამ ამავე დროს, ინტელიგენტურები და ფიცხები არიან“. ვლასა მგელაძის მოგონებით, ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაქის შავი სუროსავით თმას მოთელილ
ნაბადსავით რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო სუფსაში ტელემაქისა და მისი მეუღლის ნინო ბერიძის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდა იმდროინდელი მოწინავე ქართული ინტელიგენცია. ეს ოჯახი მასპინძლობდა გურიაში ჩასულ და-ძმა უორდროპებსაც. - გაზეთ „ივერიას“ გადმოცემის თანახმად, ტელემაქ გურიელის სასახლის ორი სვეტი სკოლის შენობაში ყოფილა ჩაშენებული.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი მშობლიური სკოლა, 28 ნოემბერს, უკვე მეორედ, გურიის მთავრებს მასპინძლობდა. ამჯერადაც იდეის ავტორი, სულის ჩამდგმელი და შეიძლება ითქვას, თატრიზებულად წარმოდგენილი სანახაობების რეჟისორი, ფილოლოგი ნინო გურგენაძე გახლდათ. დიდი თანადგომა გამოუცხადა სკოლის დირექციამ, ბატონი ტარიელ ჯიჯიეშვილისა და ქალბატონი მანანა მჟავიას
ხელმძღვანელობით, კოლეგებმა საქმე გადაინაწილეს და და ძალა ერთობაშია!
„გილოცავთ, ძვირფასებო, თქვენ შეძელით მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ერთი დაუვიწყარი დღე გეჩუქებინათ! თქვენ ყური უგდეთ მაგნოლიის ჩურჩულს, რომელიც უტყუარი მოწმეა ტელმაქ გურიელის ამ ეზოში მოღვაწეობისა, მისი სტუმართმოყვარეობისა, კეთილი გულისა, შეახსენეთ ბავშვებს, ვის ნატერფალზეც ისინი დადიან და ყველაფერი ისე ლამაზად აკინძეთ და მოიტანეთ მაყურებლამდე, ნამდვილად აღაფრთოვანეთ..იყო ზღვა ემოციები...კულმინაცია კი
გურიელებთან ცხენოსანი სტუმრების მობრძანება! მოსწავლეების შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, ქართულ ჯიშს გადაშენება არ უწერია“.
„გილოცავთ ნინო მასწავლებელო! იმდენი გახარებული გოგო-ბიჭი შემოგცქეროდათ, ეს გამარჯვების ტოლფასია! დარწმუნებული ვარ, თქვენი ხელმძღვანელობით, კიდევ ბევრი ლამაზი ღონისძიების მომსწრენი ვიქნებით! გვიყვარხართ და გვეიმედებით“.
„სუფსის სკოლა და მისი ეზო გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო მე-19 საუკუნეში...მაგნოლია და მუხის ხეც იმ წლების მემატიანეა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი...იდეის ავტორი ნინო გურგენაძეა მთელ კოლექტიურ დასთან ერთად...ძალიან კარგი და ემოციებით სავსე დღესასწაული გამოუვიდათ..
აქ ძველად გურიელების საზაფხულო სასახლე იყო... იმ დროინდელი უამრავი ფრაგმენტი ქონდათ დღეს გაცოცხლებული... ულამაზესი სანახაობა იყო.... მე ვერ დავესწარი, არ ვიცოდი და ძალიან მწყდება გული“.
„სასწაული კადრებია..... დღეს ორი საუკუნის სამოვარით იწონებდა თავს გურიელების სასტუმრო მაგიდა...უამრავი ძველებური ჭურჭელი ჰქონდათ და გასული საუკუნის ათასი ნიუანსი...
ეს არ იყო მხოლოდ ღონისძიება, ეს იყო კიდევ მეტი...თეატრიზებული წარმოდგენა ძველი ეპოქისა, თითქოს მართლა გვმასპინძლობდა ტელემაკ გურიელი და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ნინო ბერიძე, ჩვენ თვალწინ დასეირნობდნენ წინა ეპოქის უმშვენიერესი ქალბატონები, დიდებული სტუმრები...ცხენოსნების შემოსვლა ღონისძიების კულმინაციად იქნა აღიარებული, უცქერდი მომღერალ თუ მოცეკვევე ბავშვებს და გული სიხარულს ვერ იტევდა, ქართული სისხლი ისევ ხმაურობს, მას დაბერება არ უწერია!!! სტუმრების დასახვედრად გამართული გლეხების ფუსფუსი, კიდევ ერთი დასტური იყო ჩვენი გამორჩეული სტუმართმათპინძლობისა და ხელგაშლილობისა...ამ დღით მიღებული სიამოვნება, სასიხარულო ემოციები დიდხანს გაჰყვება თითოეულ მონაწილეს..“
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები:
„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება
„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება
„მასწავლებლებს ხელფასზე სამი წლის პროგნოზით გათვალისწინებული თანხა შარშან უკვე მოემატათ, წელს აღარ გაეზრდებათ ანაზღაურება“...
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
„გავიხსენეთ გურიელების წარმტაცი ყოფა, რომლებიც წინა საუკუნეებში ცხოვრობდნენ ამ ადგილზე“
გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები