სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბანკეტზე განუმეორებლად გამოიყურებოდეთ – დიზაინერის რჩევები
16-05-2019
-
+


სკოლის დამთავრება ცხოვრების ახალი ეტაპია. ამ ახალ ეტაპზე გადასვლა ბევრი ახალგაზრდისთვის უკვე ტრადიციად ქცეული სასკოლო  ბანკეტიდან იწყება. ბევრი გოგონა სწორედ ამ დღეს იცვამს პირველად ქუსლიან ფეხსაცმელსა თუ საღამოს კაბას, რომელშიც უთუოდ უნდა ბრწყინავდეს.

სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯი კი სწორედ ჩაცმულობაა. მშობლები ყველა ხერხს მიმართავენ, რომ მათი შვილი თანაკლასელების ზეიმს არ გამოაკლდეს.

როგორი სტილისა და ფერის კაბებია მოდური წლევანდელი ბანკეტებისთვის, რა უხდებათ პუტკუნა თუ გამხდარ გოგონებს, რა ხრიკები უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველასგან გამოირჩეოდეთ და საშუალოდ რა ჯდება საღამოს კაბა? ამ და სხვა კითხვებზე „ეტალონს“ დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა უპასუხა, რომელიც უკვე მრავალი წელია გოგონებს ბანკეტისთვის მოსავს.

- როგორც წესი, საბანკეტო კაბების მოდის ტენდენციები ყოველ წელს არ იცვლება. ყველა ერთი და იგივე ასაკში ამთავრებს სკოლას და ამ დროს თითქმის ყველას იგივე გემოვნება აქვს. როცა ადამიანი ასაკში შედის, მას  უფრო ისეთი კაბა მოსწონს, რომელიც ქალურ სილუეტს გაუსვამს ხაზს, დატვირთული და დახვეწილი კაბა უნდათ, მაგრამ ახალგაზრდებს, რაც შეიძლება მარტივი, სადა და ისეთი კომფორტული კაბა ხიბლავთ, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ, რომ მოგვიანებით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადონ და კედი ჩაიცვან, რათა დრო კარგად გაატარონ. ზოგი ითხოვს, მოვუჭიროთ, რომ გამხდარი გამოჩნდეს, ზოგი კი პირიქით, გვთხოვს, თავისუფლად ჰქონდეს კაბა, რომ მოძრაობაში ხელი არ შეუშალოს. დღეს რამდენადაც მრავალფეროვანია და უამრავი სტილია მოდაში, ასევეა საბანკეტო კაბების შემთხვევაშიც. გააჩნია, რომელ სკოლას სად აქვს ბანკეტი. არის ისეთი პომპეზური ადგილები, სადაც წითელი ხალიჩის კაბაა საჭირო. შედარებით თავმდაბლურ ბანკეტებზე კი სხვა სტილის კაბა უნდა ეცვათ. კაბის სტილი სწორედ იქიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს, თუ სად იმართება ბანკეტი.

ინტერნეტთან წვდომა ყველას აქვს და დიდ გავლენას ახდენს სწორედ ცნობილი ადამიანების ჩაცმულობა. ახალგაზრდებს მოაქვთ მათი ფოტოები და უნდათ, ისეთი შევუკეროთ, თუმცა, თუ დიზაინერთან იკერავ, ის უნდა განსხვავდებოდეს სხვა კაბებისგან და ერთადერთი და ექსკლუზიური უნდა იყოს. ბანკეტზე ყველა გოგონა განუმეორებლად უნდა გამოიყურებოდეს და მისნაირი კაბა არავის უნდა ეცვას. როდესაც უცხოელი ვარსკვლავების ჩაცმულობაზე აკეთებენ აქცენტს, ვთავაზობთ, ისე გადავაკეთოთ, სხვამაც რომ მოინდომოს მსგავსი კაბის შეკერვა, იდენტური არ გამოვიდეს.

–ამ ასაკის ახალგაზრდების რაიმეში დარწმუნება ცოტა რთულია და ალბათ ძალიან პრეტენზიულებიც არიან...

– დიახ, მაგრამ გააჩნია, როგორ მიუდგები. მშობელს ვეუბნები ხოლმე, ეს მისი ბანკეტია და არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა მშობელს–მეთქი. შარშან, ერთ დედას ძალიან უნდოდა, კაბაზე დაგვექარგა. გოგონა ყოყმანობდა, არ უნდოდა, კაბა გადაეტვირთა. ბოლოს, გადაწყვიტა, რომ დაგვექარგა. მინიმალური ნაქარგი გავუკეთეთ, მაგრამ ბოლოს მოვხსენით და ისეთი კაბა შევქმენით, როგორიც გოგონას უნდოდა. ჩემი გოგონაც წელს ამთავრებს სკოლას და აბსოლუტურად მისი გემოვნებით უნდა შევქმნათ კაბა, რადგან ეს სწორედ მისი ბანკეტია. ჩაცმულობა  სულიერი მდგომარეობის ერთ–ერთი მთავარი ატრიბუტია. ანუ, როგორც გამოიყურები და როგორ სამოსშიც კომფორტულად გრძნობ თავს, იმდენად კარგად წარმოაჩენ საკუთარ თავს. როცა გრძნობთ, რომ ცუდად გამოიყურებით, არ გინდათ, ვინმემ შეგამჩნიოთ. როცა სამოსში თავს კარგად გრძნობთ, პირიქით, ლაღად დადიხართ. ბანკეტის კაბას სწორედ ამიტომაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ახალი ეტაპი იწყება ცხოვრებაში და მშობლებს ნაკლებად უნდა მივცეთ ჩარევის საშუალება. არადა, მამებიც ერევიან ხოლმე, მაგალითად იმაში, რომ კაბა არ იყოს ძალიან ჩახსნილი.

– 21–ე საუკუნეში მამები იმაზე ფიქრობენ, მათ გოგონას ბანკეტზე ჩახსნილი კაბა არ ეცვას?

– საუკუნეს არ აქვს მნიშვნელობა, მენტალობაა მთავარი. კავკასიელები ვართ და რამდენი საუკუნეც უნდა გავიდეს, ჩვენს ხასიათს რა შეცვლის?! მე ისეთი კოლექციები მაქვს შექმნილი, სადაც მკერდიც არის შიშველი, ფეხიც, მაგრამ როდესაც საკუთარ გოგონას ვურჩევდი კაბას, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ზომიერად ყოფილიყო, რათა თავად არ შეექმნას დისკომფორტი. მაგალითად, ცეკვის დროს არ დაიწყოს კაბის გასწორება. არ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვები ვულგარულად გამოიყურებოდნენ. სექსუალურობა სხვაა და ვულგარულობა – სხვა. არსებობს კაბის ჩახსნის ზღვარი, რომელიც არის სექსუალური და რომლის ზემოთაც უკვე ვულგარულობაში გადადის. ასევე, მკერდის ჩახსნა თუ უხდება ქალს და მის სექსუალურობას უსვამს ხაზს, ახალგაზრდას შემთხვევაში, ეს შეიძლება ვულგარული გამოვიდეს. სწორედ ამ კუთხით ერევიან მამები. მამები ხშირად არც კი მოდიან, მაგრამ მე ვეკითხები, მამა ხომ არ მოგცემს შენიშვნას–მეთქი. მე ვიცი, მაგალითად, რა არ ესიამოვნება ჩემს მეუღლეს, მე რა არ მომეწონება ჩემი შვილის ჩაცმულობაში... რასაც არ ჩავაცმევ ჩემს შვილს, არ შევთავაზებ სხვა გოგონას.

–რაც შეეხება ქსოვილს, როგორი ფაქტურაა წელს მოდური?

–ახლა ისეთი ტენდენციაა, რომ ყველგან ყველაფერი ბრჭყვიალებს. მე კი მგონია, რომ როცა ყველას ბრჭყვიალა კაბა აცვია, არ უნდა ჩაიკარგო და ჯობს ინტენსიური ფერები და მდიდარი ვიზუალის ქსოვილები გამოიყენონ, ეს იქნება ატლასი, აბრეშუმი, ნაქარგით, ბაფთებით, თუ შიფონით გაფორმებული.

–ფეხსაცმელია ერთ–ერთი მთავარი აქსესუარი. რა რჩევებს მისცემთ გოგნებს, როგორ კაბაზე როგორი ფეხსაცმელი ჩაიცვან?

– კაბის იდენტური ფერის ფეხსაცმელის ჩაცმა არ არის საჭირო. მაგალითად, ღია იასამნისფერ კაბაზე შეიძლება ჩაიცვა ვერცხლისფერი ფეხსაცმელი. თუ კაბა არ ბრჭყვიალებს, შეიძლება ეს ტენდენცია აქსესუარებზე გადავიტანოთ. კონტრასტული შეხამებაა ძალიან საინტერესო. წითელ კაბასთან ნუ აირჩევთ შავ ფეხსაცმელი, რადგან ეს უკვე მოძველებული ტენდენციაა. წითელთან შეიძლება მწვანე, კრემისფერი, ოქროსფერი თუ ვერცხლისფერი ფეხსაცმელი ჩაიცვათ, ანუ ფეხსაცმლის ფერი შეიძლება რადიკალურად განსხვავებული იყოს კაბის ფერისგან. ფეხსაცმლის სტილი და ფერი კაბისას უნდა შეესაბამებოდეს.

ასევეა აქსესუარები – თუ კაბა სადაა, მასიური აქსესუარები მოირგეთ, თუ კაბა დატვირთულია ნაქარგებით, ამ შემთხვევაში, ნაზი აქსესუარი უნდა გაიკეთოთ.

– კაბის სიგრძეც ინდივიდუალური არჩევანია თუ მოდა ცვლის?

– როგორც წესი, ბანკეტისთვის გოგონები გრძელ კაბას ირჩევენ. გამომდინარე იქედან, რომ ყველას უნდა, მოგვიანებით კედები ჩაიცვან და ისე იცეკვონ, ამიტომ, შეიძლება კაბა წინ ოდნავ მოკლე იყოს, ვიდრე უკან , რომ დაბალქუსლიანის ჩაცმის შემთხვევაში ფეხი არ დაადგას კაბას. ზოგი მოკლე კაბასაც იცვამს ამ დღეს. არის ასევე ე.წ. „პაჩკა იუბკა“, გაშლილი „კლიოში“... მოდაში ბევრნაირი სიგრძეა. მთავარია, კაბა გოგონას უხდებოდეს – ფარავდეს მის ნაკლს და აჩენდეს სხეულის სილამაზეს.

– და რა უნდა გაითვალისწინონ პუტკუნა გოგონებმა და რა - გამხდრებმა?

– პუტკუნებს რატომღაც ჰგონიათ, რომ შავი ფერი ახდუნებთ, რაც ასე არ არის. თუ სწორად შეარჩევ მოდელს, ნებისმიერმა ფერმა შეიძლება გაგახდუნოს და ცუდად შეკერილმა შავმა კი გაგასქელოს. ყველას თავისებური აღნაგობა აქვს. შეიძლება ზოგ პუტკუნას ვიწრო წელი ჰქონდეს, ზოგს – ლამაზი კისერი და სწორედ ის უნდა გამოვაჩინოთ, რაც ლამაზი გვაქვს.

ძალიან გამხდარ გოგონებს ნაოჭიანი, გაშლილი კაბები უხდებათ. თხელ მკლავებზე შეგიძლიათ შიფონის ფუმფულა სახელოები მოირგოთ. როცა ცოტა დაბალი კისერია, ჯობს გული იყოს სიგრძეზე ამოჭრილი და გრძელი საყურე გაიკეთონ, რომელიც ვიზუალურად გააგრძელებს ყელს და დეკოლტეს.

– რომელი ფერები დომინირებს წელს?

– რამდენიმე სეზონია ე.წ.  ჭუჭყიანი ვარდისფერი დომინანტია. წითელი, ლურჯი, ფირუზისფერია ძალიან მოდურია. ვისაც სურს უფრო ორიგინალურები იყვნენ, შეუძლიათ აირჩიონ ღია ან მუქი იასამნისფერი, ატმისფერი, მარჯნისფერი... კარგი იქნება ისეთი ფერის კაბა ჩაიცვან, რომ ბანკეტის ფოტოზე თავისი თავი უცბად იპოვონ და, ამავე დროს, იყვნენ ორიგინალურები, ფერადები და ყველასგან გამორჩეულები.

– წითელი ხალიჩას როგორი კაბა უხდება და როგორი – თავმდაბლურ ბანკეტს?

– ადრე წითელი ხალიჩისთვის უფრო ნაქარგიან და გაფორმებულ კაბებს არჩევდნენ, წელს აქცენტი უფრო ქსოვილის ფაქტურაზეა გადატანილი. ეს შეიძლება იყოს ტაფტა, შიფონი... ლამაზი, მდიდარი და ბევრი ქსოვილი უნდა იყოს გამოყებენული. თუ კაბა ცისფერია, ცისფერი ფერითვე ჯობს მისი გაფორმება, რომ არ იყოს ძალიან გამოკვეთილი და არ ყვიროდეს. თუ წითელია, ჯობია, წითელივე ყვავილი გავუკეთოთ, ან წითელი თვალი, რომელიც კაბაში ჰარმონიულად ჩაჯდება. წითელი ხალიჩის კაბა ძალიან არ უნდა ყვიროდეს.

მოკრძალებული ბანკეტისთვის კი ისეთი კაბა გამოდგება, წვეულებაზე ან რესტორანში ჩასაცმელ კაბებს რომ უძახიან ქართველები – მუხლს ქვემოთ სიგრძის, კოქტეილის კაბები, რომელსაც ნებისმიერ დროს ჩაიცვამ. თუმცა, ძირითადად, მაინც საღამოს კაბებია აქტუალური ბანკეტებისთვის.

– როგორი ტენდენცია შეიმჩნევა, ადრე უფრო ხშირი იყო ბანკეტები თუ ახლა?

- მაგალითად, 2012–2013 წლებში მინიმუმამდე დაეცა ბანკეტების რაოდენობა. მაშინ მშობლები ამბობდნენ, რომ გამოცდების გამო ბავშვების მომზადება უწევდათ ყველა საგანში და ბიუჯეტი აღარ ჰყოფნიდათ ბანკეტისთვის. წელს ბევრად პომპეზური ბანკეტები ტარდება, მაგალითად, შარშანდელთან შედარებით და საკმაოდ პრესტიჟულ ადგილებში, რაც ალბათ იმას უკავშირდება, რომ ბავშვები ყველა საგანში აღარ ემზადებიან და მშობლებს ბანკეტისთვის თანხა გამოუჩნდათ.

– თქვენ როგორ კაბას უკერავთ საკუთარ შვილს ბანკეტისთვის?

– ეს საიდუმლოა, რომ გავცე, არ მაპატიებს. ბანკეტი ივნისის ბოლოს აქვს და ჯერ მისი შეკერვა დაწყებულიც არ მაქვს. ჩემს ბიჭს რომ ბანკეტი ჰქონდა, ისე ვიყავი დაკავებული, მე კი არ შევუკერე, წავედი და გამზადებული სამოსი ვუყიდე, რითაც გული დავწყვიტე. გოგონასთან ამ შეცდომას ნამდვილად არ დავუშვებ. ქსოვილი შერჩეული გვაქვს. მწვანე თვალები აქვს. ხაზი უნდა გავუსვათ მის მწვანე თვალებს და თეთრ კანს.

– ემთხვევა თქვენი და თქვენი გოგონას გემოვნება?

– როცა ჩემი გოგონას ტოლი ვიყავი, როკერი გახლდით და ბევრი რკინა მქონდა ხოლმე ასხმული. მეკეთა რკინის ქამარი. აკადემიაში რომ ჩავაბარე, დრაგუნა ფეხსაცმელი მეცვა, რკინებით დავდიოდი. წლებმა  კი ქალური გემოვნება ჩამომიყალიბა, მერე დავიხვეწე. ჩემმა გოგონამ გაიარა ჯინჯილების პერიოდი. ჩემი შექმნილი ყველაფერი არ მოსწონს, რადგან, ძირითადად, 30 წლის ზემოთ ქალბატონებისთვის ვქმნი სამოსს. მისგან გარკვეულ რჩევებსაც ვიღებ და საინტერესოცაა მისი ხედვა. საბანკეტო კაბის ესკიზი კი ისეთი შევქმენით, რომელიც ორივეს ძალიან მოგვწონს.

– ბიჭების საბანკეტო ჩაცმულობასაც აქვს მოდა?

– ბოლო პერიოდში ბიჭების საბანკეტო ჩაცმულობაზე აღარ ვმუშაობ, თუმცა ძირითადად, კლასიკურ შარვალს და პიჯაკს არჩევენ  და ფერებიც, ქართული მენტალობიდან გამომდინარე, უფრო ხშირად მუქია. შარვლის სილუეტი ცოტა კი შეიცვალა - კოჭზე ჩავიწროვდა. თუ ქალები იცვამენ განსაკუთრებით დიდმხრებიან და თავისუფალ პიჯაკს, კაცები პირიქით, ცდილობენ, ტანზე მომდგარი პიჯაკი ჩაიცვან და ასე გაუსვან ხაზი თავიანთი სხეულის აღნაგობას. „ბაბოჩკები“ და ჰალსტუხები კი იყო და იქნება, რადგან კაცებს ნაკლებად აქვთ აქსესუარების მრავალფეროვნების ფუფუნება და ძირითად აქცენტს აკეთებენ ბაფთებზე, ჰალსტუხებზე, ქამარსა თუ საათზე და ამით ქმნიან მრავალფეროვნებას, რომელსაც პიჯაკებითა და პერანგებით ვერ მიაღწევ.

იხილეთ მოდური საბანკეტო კაბების ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება