სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

წალკაში პირველი ქართული სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი - რესურსცენტრის უფროსის ცხოვრება და სირთულეები
09-05-2019
-
+


წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, არსენ ჯმუხაძე ამ რეგიონში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად იმ დროს ჩავიდა, როდესაც იქ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა იყო და, კუთხის შესანარჩუნებლად, ჩვენს სამშობლოს თავდადებული ხალხი სჭირდებოდა.

არსენ ჯმუხაძე 21 წელია წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობს. მისი ჩასვლისას რეგიონში არც ქართული სკოლა არსებობდა და არც ქართული ლაპარაკი ისმოდა ქუჩაში. ახლა 31 სკოლიდან 20 ქართულენოვანია. არაქართულ სკოლებშიც აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლება. ბატონი არსენი ამბობს, რომ ახლა წალკაში ქართული ყველა ბავშვმა იცის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იმაზეც ზრუნავს, რომ სახელმწიფო ენა მათაც იცოდნენ, ვინც სკოლაში უკვე აღარ დადის.

არსენ ჯმუხაძე ორი ქალიშვილის მამა და ორი შვილიშვილის ბაბუაა. უხარია, რომ პატარები წალკაში იზრდებიან და მათთვის მარწყვი საკუთარი ხელით მოჰყავს. ძალიან უყვარს მცენარეები და სახლი თუ სამსახური სიმწვანეში აქვს ჩაფლული. მისაღებ ოთახში, სადაც სტუმრებს მასპინძლობს, დიდი ლიმონის ხე უდგას, რომელიც წელიწადში სამჯერ იძლევა ნაყოფს.

არსენ ჯმუხაძე „ეტალონს“ თავისი საინტერესო ცხოვრების შესახებ ესაუბრა.

– 1997 წელს, წალკის მუნიციპალიტეტში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა. მაშინ 18 ოჯახი, რომელთა შორის ჩემი ოჯახიც იყო, ჩამოვედით პედაგოგებად. ფაქტობრივად, ჩვენ დავაარსეთ აქ ქართული სკოლა. მე ვიყავი დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში და ჩემი მეუღლე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ჩვენს ორ შვილთან ერთად ჩამოვედით. სხვა პედაგოგები, ძირითადად კასპის რაიონიდან იყვნენ.

– წალკაში ჩასულს რა სიტუაცია დაგხვდათ?

– ქართული ლაპარაკი საერთოდ არ ისმოდა. ძირითადად, რუსულ და თურქულ ენაზე ლაპარაკობდნენ. ბერძნები, სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ, რომლებიც მხოლოდ თურქულად და რუსულად საუბრობდნენ. ამ რეგიონში ბერძნები მე–19 საუკუნის 30–იან წლებში ჩამოასახლეს თურქეთიდან. მათ თურქეთში სარწმუნოება არ შეიცვალეს, მაგრამ თურქული ენა კი მიიღეს. წალკაში შემორჩენილი ბერძნები დღესაც თურქულად საუბრობენ. გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან დაიწყო ბერძნების მიგრაცია და ისინი, ძირითადად, საბერძნეთსა და რუსეთში წავიდნენ.

ჩვენ რომ ჩამოვედით წალკაში, მაშინ იყო დაახლოებით 30 ბერძნული სოფელი, სადაც ახლა, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკომიგრანტები – აჭარიდან, სვანეთიდან და ასევე, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოხალისეები ცხოვრობენ. მაშინ ქვემო ქართლის გუბერნიის ინიციატივით დაიწყო ქართული მოსახლეობის ჩამოსახლება ამ მუნიციპალიტეტში.

მე რომ ჩამოვედი, წალკაში 44 სკოლა იყო. აქედან 12 სომხური იყო, 2 – აზერბაიჯანული და 30 – რუსული. დღესდღეობით, მუნიციპალიტეტში რუსული  არის მხოლოდ სექტორი, რომელიც წალკის მეორე საჯარო სკოლასთან ფუნქციონირებს და დაახლოებით 15 ბავშვია. ყოველ წელს მცირდებიან ამ სექტორში ბავშვები და ალბათ 1–2 წელიწადში საერთოდ აღარ გვეყოლებიან. ესენი არიან სომეხი და ბერძენი ბავშვები, რომელთა სალაპარაკო ენაც რუსულია.  დღეს წალკაში მოსახლეობის უმეტესობა ქართველია. არიან ასევე სომხები, ბერძნები, აზერბაიჯანელები, რუსები და ყველა შეხმატკბილებულად ცხოვრობენ. დღეს 31 სკოლიდან 20 ქართულენოვანია, 10 – სომხური და 1 – აზერბაიჯანული. ქართულ სკოლებში 95% ქართველი ბავშვები სწავლობენ. 5% – ბერძენი, სომეხი და აზერბაიჯანელი.

თავიდან, ახალჩამოსულებს დაძაბული სიტუაცია დაგვხვდა – იყო ჩხუბიც, შეხლა–შემოხლაც... აქ მაცხოვრებლებს მაინცდამაინც არ სიამოვნებდათ ქართული მოსახლეობის ჩამოსახლება. ფიქრობდნენ, რადგან ქართველები ჩამოვიდნენ, ჩვენ გაგვყრიანო. ზვიად გამსახურდიას პერიოდი იყო და... რომ ნახეს, პრობლემას არავის შევუქმნიდით, შეხმატკბილებული ცხოვრება დავიწყეთ. ერთმანეთს ვულოცავთ დღესასწაულებს და ხელჩაკიდებულნი ვაშენებთ საქართველოს მომავალს.

ადრე გზაც ძალიან ცუდი იყო. თბილისამდე 5 საათი გვჭირდებოდა მაშინ, როცა სომეხს შეეძლო 4 საათში ერევანში ჩასულიყო. ამიტომაც, სომხურ სკოლადამთავრებულთა უმეტესობა ერევანში მიდიოდა. დღეს სიტუაცია ამ მხრივაც შეცვლილია – თუ ადრე 20–დან 19 სომხეთში მიდიოდა და ერთი – თბილისში, ახლა 20–დან 15 თბილისში მიდის სასწავლებლად და  მხოლოდ 5 მათგანი თუ წავა სომხეთში. გასულ წელს  წალკის მუნიციპალიტეტში 21 ოქროს მედალოსანი მოსწავლე გვყავდა და აქედან 5 სომეხია.  ხუთივე თბილისის უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. მათი ნაწილი ისევ ჩვენს რაიონში დაბრუნდება სამუშაოდ.

– სახელმწიფო ენის სწავლებას ყველგან ექცევა თურმე განსაკუთრებული ყურადღება.

– დიახ, ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. სკოლები ძირითადად დაკომპლექტებულია სულხან–საბა ორბელიანის ინსტიტუტდამთავრებული ფილოლოგებით. ადრე თუ აქა იქ ისმოდა ქართული ენა, დღეს ყველა ბავშვი თავისუფლად საუბრობს ქართულად. პედაგოგების უმრავლესობა ჟვანიას სკოლის საშუალებით იქნენ გადამზადებულნი. ყველა ღონისძიებაში, რომელსაც მუნიციპალიტეტი აწყობს, ერთობლივად მონაწილეობენ ყველა ერის ბავშვები. ჩვენი ერთი სომხური სკოლის ბავშვები მაგიდის ჩოგბურთში გახდნენ ქვემო ქართლის ჩემპიონები და უახლოეს პერიოდში საქართველოს პირველობაზე უნდა გავიდნენ. სასკოლო ოლიმპიადებზეც დადიან ქართველებთან ერთად სომეხი ბავშვები და საპრიზო ადგილებსაც იკავებენ.

დღეს ყველა სკოლაში უმაღლეს დონეზე ისწავლება ჩვენი სახელმწიფო ენა. მოსახლეობას რაც შეეხება, ამ თემაზე მუშაობს ჟვანიას სკოლა და მათი მეშვეობით, საჯარო მოხელეები, რომლებიც ეროვნებით ქართველები არ არინ, საუბრობენ სახელმწიფო ენაზე. სხვებიც ცდილობენ, კარგად ისწავლონ ქართული და ამისთვის  მუნიციპალიტეტში არის გახსნილი ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფები.

– როგორი რეგიონია წალკა შემოსავლის თვალსაზრისით, რითი ცხოვრობს მოსახლეობა?

– მეკარტოფილეობა, მეცხოველეობა... რაიონი მდიდარია ხალხითა და ისტორიული ძეგლებით. ყოველ წელს უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და, ამასთან ერთად, მატულობს ტურისტების რაოდენობა. ღირსშესანიშნაობათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დაშბაშის კანიონი, კლდეკარის ციხესიმაგრე... დამაკავშირებელი გზა გვაქვს მესხეთ–ჯავახეთთან და ყველა ტურისტული მარშრუტი, რომელიც ამ რეგიონისკენ მიდის, წალკაზე გადის. ეს ხელს უწყობს მოსახლეობაში სხვადასხვა პროდუქტის მოყვანის საჭიროებას, ვაჭრობის განვითარებას...

– ბავშვები ჩართულნი არიან იმ შრომაში, რასაც ოჯახები ეწევიან?

– ყველა ბავშვი ჩართულია სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში და მშობლებს ეხმარებიან, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ბავშვობიდანვე ეჩვევიან შრომას და ხვდებიან, რომ თუ იშრომებენ, უკეთესად იცხოვრებენ.

– თქვენ სადაური ხართ, საიდან ჩახვედით წალკაში და როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

– დაბა მანგლისიდან, თეთრიწყაროდან ვარ. ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მანგლისის პირველ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, სპორტსაც მივდევდი. ერთ-ერთი პირველი ვიყავი,  ვინც საქართველოში ბალახის ჰოკეი დაარსა. საკავშირო პირველობებზეც ვმონაწილეობდი. სპორტის დიდი მოტრფიალე ვარ და ახლა, წალკის ყველა სკოლაში გვაქვს მინიმოედნები, რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგეობას ვუხდი მადლობას. ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვები არ იყვნენ მოკლებულნი იმ ფუფუნებას, რაც ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებს აქვთ. განსაკუთრებით ჭიდაობა და ფეხბურთია ჩვენთან განვითარებული და ჩვენი ბავშვები მუდამ საპრიზო ადგილებით ბრუნდებიან ჩემპიონატებიდან.

– თავად რისი სპეციალისტი ბრძანდებით?

– საბუნებისმეტყველო მეცნიერების სპეციალისტი ვარ და გეოგრაფიის მასწავლებლად ვმუშაობდი. 1976 წელს დავიწყე სკოლაში მუშაობა. 1978–დან 1996 წლამდე სკოლის დირექტორი ვიყავი მანგლისში. 1997 წელს კი, წალკაში გადმოვედი საცხოვრებლად, რომ ჩემი შესაძლებლობები ჩემი სამშობლოსთვის გამომეყენებინა. 1999 წლიდან წალკის განათლების განყოფილებაში, მეთოდკაბინეტის უფროსად დავიწყე მუშაობა. 2005 წელს კი, კონკურსის წესით დავინიშნე საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად. 

– ბევრი სირთულეზე ისაუბრეთ... გაგიჭირდათ უცხო მხარეში თავის დამკვიდრება?

– დიახ, რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ჩვენი სურვილით ჩამოვედით. ბედნიერი ვარ, რომ ამ კუთხის აღორძინებაში მივიღე მონაწილეობა და ჩემი შვილიშვილები ახლა ამ მიწაზე იზრდებიან. ორი ქალიშვილი მყავს. უფროსმა ქალიშვილმა სამედიცინო დაამთავრა თბილისში, მერე ისევ აქ დაბრუნდა და ახლა ქართული ენის პედაგოგად მუშაობს სომხურ სკოლაში. მისი მეუღლეც წალკაში მუშაობს და ორი შვილიშვილიც მაჩუქეს. მეორე  ქალიშვილი თბილისში მყავს – ფარმაკოლოგია და სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს.

– მცენარეების დიდი მოყვარული ყოფილხართ...

– დიახ, მცენარეების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მადლობას ვუხდი ჩემი ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებსაც, რომლებიც მეხმარებიან, რომ ყველგან სიმწვანეს ვხედავდე. სამსახურში, მისაღებ ოთახშიც კი გვიდგას ლიმონის ხე, რომელსაც წელიწადში სამჯერ ვკრეფთ. ამ ადგილას იმართება სხვადასხვა შეხვედრები. როცა ეს ხე ყვავის, საოცრად არომატული სუნი აქვს. მინდა, ყველა აქ მომსვლელს ლამაზი გარემო შევუქმნა და თან ყველას დავანახო, რომ თუ გული გულობს, განუმეორებელი გარემოს შექმნა შეგვიძლია. ბარაქის ხეც გვაქვს, რომელიც სულ ყვავის. ასევე, მცოცავი უზარმაზარი მცენარეები გვაქვს, რომელთაგან ზოგის სახელწოდებაც არ ვიცი. წალკაში ბზა პირველად ჩვენ გავაშენეთ. ცაცხვის ხეები, ნაძვები, გარეული პანტა, თუ ვაშლის ხეები გავახარეთ ბევრი.

– ნაკვეთებსაც ამუშავებთ?

– დიახ, პატარა ნაკვეთი მაქვს და მომყავს ყველანაირი მწვანილი, მარწყვი, რომელიც ძალიან უყვართ ჩემი ოჯახის წევრებს. წელსაც, დაახლოებით 100 ძირი მარწყვი დავრგე და საღამოობით ვრწყავ. მსიამოვნებს, როცა ჩემი ხელით მოყვანილი მარწყვით ვუმასპინძლდები შვილიშვილებს, მეზობლებს... ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მომყავს.

– ბატონო არსენ, არის თქვენს რეგიონში რაიმე ისეთი პრობლემა, რის გამოც დახმარება გჭირდებათ და გინდათ, ვინმეს ხმა მიაწვდინოთ?

– არაჩვეულებრივი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გვყავს, რომლებიც მაშინვე გვეხმარებიან, თუ რაიმე გვჭირდება. ინფრასტრუქტურა მუდმივად უმჯობესდება, წელს 8 სკოლაში მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები... ერთადერთი მოთხოვნა გვექნებოდა – სკოლის კადრების ადგილზე გადამზადება მოხდეს. თბილისში ან სხვა მუნიციპალიტეტებში უწევთ ჩასვლა. კარგი იქნებოდა, წალკაშივე რომ ხდებოდეს გადამზადება და მით უმეტეს, არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგების.


კომენტარები


სკოლები
მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს
გამოფენაზე აკვარელის ტექნიკით შესრულებული სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი
ღონისძიებაში ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდები და ფოლკლორული ანსამბლის წევრები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები ხეების დარგვის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და აქტივობით კმაყოფილები დარჩნენ
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ღია გაკვეთილით მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ და დიდი აქტიურობა გამოიჩინეს
სიახლეები
პროგრამის კურსდამთავრებულებს იგივენაირად აუნაზღაურდებათ საათობრივი დატვირთვა, როგორც სხვა მასწავლებლებს
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა
როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით
საინტერესო
ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
„ეტალონის“ მუნიციპალურმა ტურმა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ხონის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წყალტუბოს  ღონისძიებას, ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
ინტელექტ-ჩემპიონატში აბაშის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
„მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული  დიდი ჭყონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ნაჭყებიამ მოიპოვა
საზოგადოება