სიახლეები
სამასწავლებლო

„პედაგოგთა საათები აუცილებელია ნორმირებული იყოს“ - რის მიხედვით უნდა განისაზღვროს მასწავლებელთა ხელფასი
05-10-2018
-
+


განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პედაგოგთა ანაზღაურება 2022 წლამდე 1500 ლარი უნდა გახდეს. ამ სასიამოვნო სიახლეს კითხვებიც ახლავს. 

კერძოდ,  საჯარო სკოლების მასწავლებლები ხელფასებს საათობრივი განაკვეთით იღებენ, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელი, რომელიც მეტ გაკვეთილს ატარებს, უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებს. განათლების ექსპერტთა ნაწილის აზრით კი, ეს სისტემური ხარვეზია, რადგან პედაგოგის მოტივი, მეტი ანაზღაურების მიზნით ზედმეტად დაიტვირთოს თავი, სწავლების ხარისხზე უარყოფითად აისახება. 

სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, Etaloni.ge სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და ჰკითხა, ეთანხმებიან თუ არა ექსპერტების აზრს ამასთან დაკავშირებით და ხომ არ სჯობს მასწავლებლებისთვის ფიქსირებული საათები და ანაზღაურება დადგინდეს.

მარტყოფის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ლია შოთაძე:

მაგალითად, ახლა ფიქსირებული განაკვეთი 18 საათია, რის ხელფასაც მასწავლებელი იღებს, დამატებითი საათების შემდეგ კი დამატებით ანაზღაურებას გამოიმუშავებს. სასურველია, რომ ეს განაკვეთი 15 საათამდე შემცირდეს, ხელფასი კი იგივე დარჩეს. მხოლოდ საათების შემცირება, ხელფასის დამატების გარეშე, პრობლემას არ მოხსნის. თუმცა, იკვეთება შემდეგი საკითხი - რა უნდა გააკეთონ იმ მასწავლებლებმა, ვისაც ნაკლები საათები აქვთ? სკოლიდან გაუშვან? ბევრი სკოლაა, რომელსაც პედაგოგთა რაოდენობა იმაზე მეტი ჰყავს, ვიდრე საჭიროა და მათთზე  საათების გადანაწილება უწევთ. გამოდის, რომ ფიქსირებული საათები მასწავლებელთა ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლების წინაშე დაგვაყენებს... ასევე, არსებობენ სკოლები, რომლებსაც პირიქით, პედაგოგთა დეფიციტი აქვთ და მათ უწევთ რამდენიმე საგანზე ერთი მასწავლებლის დასაქმება. ამ შემთხვევაშიც კვლავ საათობრივი ანაზღაურება ჯობს. შესაბამისად, პრობლემა კომპლექსურია. ჯერ პედაგოგთა საკითხი უნდა გადაიჭრას და შემდეგ - საათებისა და ხელფასის რაოდენობა. 

ბათუმის N15 საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო მოდებაძე:

მეც ვფიქრობ, რომ მასწავლებლებისთვის ფიქსირებული საათები და ხელფასი უმჯობესია, ვიდრე - საათობრივი ანაზღაურება. თუმცა, დაცული უნდა იყოს შრომის კოდექსი და ყველა ის კანონი, რომელიც ამ სფეროს ეხება. აუცილებელია, რომ პედაგოგთა საათები შეზღუდული და ნორმირებული იყოს, არსებობდეს ზედა ზღვარი, რის მერეც მასწავლებელს საათების დამატება აღარ შეეძლება. იმ პრობლემის გადასაჭრელად კი, რომ ზოგიერთ სკოლას პედაგოგთა დეფიციტი აქვს, ზოგს კი პირიქით, მასწავლებელთა არასაჭირო რაოდენობა, კანონში გამონაკლისის მითითებაც შეიძლება. მაგალითად ასე, რომ თუ სკოლა ვერ ნახავს საჭირო კადრს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდეს პედაგოგისთვის გადაჭარბებული ან მცირე საათების რაოდენობა. დაკვირვების შედეგია, რომ მასწავლებელი, რომელიც ბევრ გაკვეთილს ატარებს, როგორც მინიმუმ სკოლის სხვა ღონისძიებებში ვეღარ ერთვება. 

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი დავით ნაჭყებია:

მინდა მოგიწონოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევა. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ის მიდგომა, რომ მასწავლებელი ანაზღაურებას საათების რაოდენობის მიხედვით იღებს. კარგი მასწავლებელი ნაკლებ საათებს მოითხოვს, რადგან ერთ დღეში 4 გაკვეთილის ხარისხიანად ჩატარებას ვერავინ ახერხებს და მითუმეტეს, ამ ფონზე - მომავალი დღის 4-5 გაკვეთილის დაგეგმვასა და მომზადებას. ამიტომ, აბსოლუტურად ვეთანხმები ექსპერტების მოსაზრებას, რომ უნდა იყოს ფიქსირებული სამუშაო საათი და ხელფასი. 

ჯუგაანის საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ იბოლაშვილი:

ვფიქრობ, საათობრივი ანაზღაურების ფორმა უნდა დარჩეს, თუმცა ისე, რომ ზედა ზღვარი 15 საათამდე განისაზღვროს. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მასწავლებელი მყავს, რომლებიც კვირაში 18 საათის განმავლობაში ასწავლიან. დანარჩენები უფრო მცირე საათებზე მუშაობენ. ამაზე მეტი საათის აღების უფლებას მათ არ ვაძლევ, რადგან ამის მერე გაკვეთილის ხარისხი იკლებს. თავად ვიყავი პედაგოგი, მქონდა საათები და ვიცი ამ მხრივ რა ხდება. 

წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა ნინიაშვილი:

სასურველია განაკვეთმა, რომელიც ახლა 18 საათს შეადგენს, 15 საათამდე დაიწიოს, ხოლო ანაზღაურება ისევ იგივე დარჩეს. რა თქმა უნდა, როცა მასწავლებელს ნაკლები საათი უწევს გაკვეთილის ჩაატარება, სწავლების ხარისხი ბევრად მაღალია. თუმცა ნაკლები საათი ნაკლებ ხელფასს არ უნდა ნიშნავდეს. ახლა კი, იმ სკოლებში, სადაც პედაგოგების დეფიციტია, 20 საათიანი განაკვეთიც კი არსებობს.

ონის საჯარო სკოლა, დირექტორი დალი რაზმაძე:

ეს ყველაფერი სკოლის საჭიროებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, მთიან რეგიონებში სკოლებს პედაგოგები გარკვეულ საგნებში საერთოდ არ ჰყავთ. შესაბამისად, იმ კადრმა, რომელიც ამ დეფიციტს ავსებს, შრომის შესაბამისად უნდა მიიღოს ანაზღაურება. ჩვენ სკოლაში მასწავლებელს კვირაში მაქსიმუმ 21 საათი აქვს, ანუ დღეში 4-5 გაკვეთილი გამოსდის. ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებასაც, რომ თუ პედაგოგი ბევრ გაკვეთილს ატარებს, მისი სწავლების ხარისხი იკარგება. ეს დამოკიდებულია მასწავლებლის კვალიფიკაციაზე. მე ეს საკითხიც მაინტერესებს, დირექტორების ხელფასები რომ საერთოდ არ გაზრდილა. იმასაც არ ვეთანხმები, რომ პედაგოგის ხელფასი დირექტორისაზე მაღალი უნდა იყოს. ასევე, მთიანი რეგიონების სკოლებში ხელფასზე დანამატი ეხება მასწავლებელს და არა-დირექტორს. ამის მომხრე არ ვარ სწორედ, ადმინისტრაცია-ტექნიკურ პერსონალს რომ არავინ არ ახსენებს. 

შიბლიანის საჯარო სკოლა, დირექტორი დავით ხუროშვილი:

ვფიქრობ, მაინც სწორია, როცა საათობრივად აქვს პედაგოგს ხელფასი, რადგან მან შრომის შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიიღოს. საათებს კი სკოლის დირექცია ანაწილებს, გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, რომელსაც თავადვე ადგენს. თუმცა, რა თქმა უნდა, რაც ნაკლები საათი აქვს პედაგოგს, მისი სწავლების ხარისხი უკეთესია. 

კოჭბანის საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ წიკლაური:

სასურველია განაკვეთის ზედა ზღვარი არსებობდეს, რომელზე მეტ საათსაც პედაგოგი ვეღარ აიღებს. ამავდროულად, ანაზღაურება უნდა იყოს შესაბამისი. სკოლა არეგულირებს თუ რომელ მასწავლებელს შეუძლია მეტი გაკვეთილის ჩატარება - მაგალითად, კვირაში 25 საათის აღება. რაც შეეხება ფიქსირებულ სამუშაო საათებსა და ხელფასს, აქ კადრების დეფიციტის პრობლემას ვაწყდებით. განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში პედაგოგთა ნაკლებობაა. ასეთ ფონზე ძნელია საათობრივი ანაზღაურების გაუქმება. თორემ იდეა, რომ ყველა მასწავლებლისთვის სამუშაო საათები საერთო გახდეს და ხელფასიც ფიქსირებულად აიღონ, კარგია. 

სამტრედიის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი ვენერა ივანიშვილი:

ჩვენ სკოლაში საათების განაწილებასთან დაკავშირებით პედაგოგებს პრობლემა არ ჰქონიათ.  მასწავლებელთა რაოდენობაც ამ ეტაპზე ისეთია, რომ სადავო საათები არ აქვთ. სასურველია გამოსწორდეს შემდეგი ხარვეზი - მასწავლებელი მთელი თვის ხელფასს იღებს ერთ კვირაში ჩატარებული 18 საათის გამო, ანუ დანარჩენი სამი კვირა ანაზღაურების გარეშე რჩება. იმედია, მომავალში 4-ჯერ 18 საათის ხელფასს აიღებენ. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ რაც უფრო ბევრ გაკვეთილს ატარებს პედაგოგი, სწავლის ხარისხი იკლებს, ეს ბუნებრივია. თუ მასწავლებელი დღეში 6 გაკვეთილს ატარებს, ის, რა თქმა უნდა, ისეთი ეფექტური ვერ იქნება, როგორც დღეში 3 გაკვეთილის ჩატარების შემთხვევაში. 

კიზილქილისას საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ხალილაშვილი:

უკეთესი იქნება თუ ხელფასი ფიქსირებული იქნება, რადგან პედაგოგებისთვის საათების გადანაწილება ნამდვილად მძიმე პროცესია. ასევე, მუშაობის ხარისხი იმ შემთხვევაში, როცა მასწავლებელი დამატებით საათებს იღებს, ბუნებრივია, მცირდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში კადრების დეფიციტი საათობრივ ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმის საშუალებას ჯერ არ იძლევა. 

შუასურების საჯარო სკოლა, დირექტორი ნათელა სიხარულიძე:

ვფიქრობ, ფიქსირებული საათები და ხელფასი აჯობებდა, რადგან პედაგოგებს შორის საათების განაწილებას გარკვეული სირთულე ახლავს. თუმცა, ზოგიერთ სკოლას კადრების დეფიციტი აქვს და შესაბამისად, საათობრივი ანაზღაურება სჭირდება, რადგან ერთი მასწავლებელი რამდენიმე საგანს ითავსებს ხოლმე. ამიტომ, ჯერ ეს საკითხი უნდა მოწესრიგდეს. მაგრამ, აქვე აღვნიშნავ, რომ საათების რაოდენობა სწავლების ხარისხზე გავლენას წესით არ ახდენს. ჩვენ სკოლაში პედაგოგს 24 საათიც აქვს კვირაში, მაგრამ შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ეს უკვე კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. შესაძლოა პედაგოგს 6 საათი ჰქონდეს მხოლოდ კვირაში, მაგრამ მისი სწავლების ხარისხი არაფრით არ იყოს სხვაზე მეტი. 

თბილისის N145 საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ოსიყმაშვილი:

პედაგოგი იმდენ საათს იმატებს, რამდენიც შეუძლია. რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს, რის მერეც პედაგოგს გაკვეთილის ჩატარება აღარ ძალუძს. ჩვენ სკოლაში საათების განაწილების პრობლემა არ დგას - ყველა დატვირთულია და სრული განაკვეთი აქვს. თუმცა გვყავს პედაგოგები, რომლებსაც კვირაში მხოლოდ 8 საათი აქვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე სკოლაშიც მუშაობენ და თავად აწყობთ ეს გრაფიკი. ჩემი შეფასება ასეთია, რომ საათების რაოდენობა სწავლების ხარისხზე არ მოქმედებს. 

ბათუმის N10 საჯარო სკოლა, დირექტორი დავით ეცადეიშვილი:

სხვათაშორის, რთული საკითხია. ფიქსირებული საათები პრობლემას შექმნის იმ მხრივ, რომ შეიძლება კადრების დეფიციტი წარმოიშვას. თუმცა, ფაქტია, რომ როცა პედაგოგი კვირაში 25 საათს იღებს, უარყოფითი შემთხვევაა. თუ 18 საათის ნაცვლად 15 საათი გახდება შტატი და დანამატიც და სრული ხელფასიც უწინდებურად მიეცემა მასწავლებელს, ეს, რა თქმა უნდა, უკეთესია. საბოლოო ჯამში, კომპლექსური თემაა - გაკვეთილის ხარისხს ალბათ მხოლოდ საათების რაოდენობა არ განსაზღვრავს. 

არხილოსკალოს საჯარო სკოლა, დირექტორი მაია სიმონიძე:

ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ უკეთესია ფიქსირებული საათები და ხელფასი. ამით საგაკვეთილო პროცესი უფრო ხარისხიანი გახდება. ჩემ სკოლაში 18 საათზე მეტი დატვირთვა სულ რამდენიმე პედაგოგს აქვს. მაგრამ, კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც მთიან რეგიონებს განსაკუთრებით ახასიათებს, ფიქსირებული საათებისა და ანაზღაურების  შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიო გახდება. 

ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ ნებიერიძე:

ნამდვილად ასეა - მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილებს კვირაში 25 საათს ატარებს, სწავლის ისეთი ხარისხით არ გამოირჩევა, როგორც მცირე საათების მქონე პედაგოგი. სასურველია 18 საათიანი განაკვეთი 15 საათით შეიცვალოს და ხელფასი იგივე დარჩეს. მე პირადად ვარ პედაგოგიც და დღეში 3 გაკვეთილს როცა ვატარებ, უკვე ძალიან ვიღლები. მასწავლებელი თუ ბოლომდე იხარჯება, მას კვირაში 15 საათზე მეტი არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ, ფაქტია, რომ არსებობს კადრების დეფიციტი, რის გამოც ერთ პედაგოგს უწევს სხვა საგნების შეთავსებაც და ამ დროს საათობრივ ანაზღაურებას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, ეს კომპლექსური პრობლემაა და ჯერ კადრების საკითხი უნდა გადაწყდეს. 

ზემოქედის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი დავით სეთური:

სასურველია, 18 საათიანი განაკვეთი 15 საათით შემცირდეს, ხოლო ანაზღაურება იგივე დარჩეს. თუმცა, ფაქტია, რომ კადრების დეფიციტი, რომელიც სკოლების ნაწილისთვის პრობლემურია, საათობრივი ანაზღაურების საკითხს აქტუალურობას უნარჩუნებს.

არბოშიკის საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ჭიღიტაშვილი:

ვემხრობი იმ აზრს, რომ იყოს ფიქსირებული საათები და ანაზღაურება. ჩემი პირადი აზრით, პედაგოგის ყველაზე ოპტიმალური დატვირთვა დღეში სამი გაკვეთილია. ამაზე მეტი სწავლის ხარისხზე მოქმედებს და თავად მასწავლებლისთვისაც რთულია მუშაობა. თუმცა, ნაკლები საათის აღებაც უნდა შეეძლოს. შესაბამისად, საათობრივი ანაზღაურების მომხრე ვარ, თუმცა უნდა არსებობდეს ზედა ზღვარი, რომლის იქითაც პედაგოგი საათებს ვერ დაიმატებს. 

უსახელოს საჯარო სკოლა, დირექტორი ზურაბ პაპიძე:

რა თქმა უნდა, ფიქსირებული საათი და ხელფასი სჯობს. ახლა 18 საათიანი განაკვეთი არსებობს, რომელიც დღეში 4 გაკვეთილს გულისხმობს. ეს კი დიდი დატვირთვაა. სასურველია იყოს 15 საათიანი განაკვეთი და ანაზღაურდეს ისევე, როგორც 18 საათი. ბუნებრივია, პედაგოგი რაც უფრო ცოტა გაკვეთილს ჩაატარებს, ხარისხი უკეთესი იქნება. 

ხანდოს საჯარო სკოლა, დირექტორი ოთარ ვანიძე:

ფიქსირებული ხელფასი უკეთესია, რადგან ამით სწავლების ხარისხი მოიმატებს. თუმცა, კადრების დეფიციტის პრობლემა საათობრივი ანაზღაურების აუცილებლობას ქმნის. ამიტომ, ჯერ ეს საკითხი უნდა გადაიჭრას.

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება