სიახლეები
სიახლეები

გამოკითხვა: გაითვალისწინეს თუ არა სკოლების დირექტორებმა სამინისტროს რეკომენდაცია „მე და საზოგადოებასთან“ დაკავშირებით
14-09-2018
-
+


საგნის, „მე და საზოგადოების“ სწავლება წელს III და IV კლასებში იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგნისთვის ერთი გრიფირებული სახელმძღვანელო შეირჩა, რომელიც ყველა ქართულენოვან სკოლას მოიცავს. „მე და საზოგადოებას“ მოსწავლეებს დაწყებითი კლასების მასწავლებელები ასწავლიან, რომლებმაც მიმდინარე წლის ზაფხულში სპეციალური ტრენინგები უკვე გაიარეს, თუმცა სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ ეს საგანი კლასის დამრიგებლებმა ასწავლონ. 

Etaloni.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და გაარკვია, სხვადასხვა სასწავლებელში თუ ვინ იქნება „მე და საზოგადოების“ პედაგოგი. 

უდის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი თამარი მაისურაძე:

„მე და საზოგადოებას“ ჩვენ სკოლაში დაწყებითი კლასების დამრიგებელი ასწავლის, რომელმაც ტრენინგებიც გაიარა. სამინისტროს რეკომენდაცია სრულად გავიზიარეთ. პედაგოგის განცხადებით, საგანი ძალიან საინტერესო და საჭიროა. 

დავითიანის საჯარო სკოლა, დირექტორი სერგო სერიხი:

ჩვენთან არ შემოდის ეს საგანი, რადგან არაქართულენოვანი სკოლა ვართ. შემდეგი წლის სექტემბრიდან შემოვა, როცა სახელმძღვანელო არაქართულენოვანი სკოლებისთვისაც ადაპტირებული გახდება და ჩვენი მასწავლებლებისთვისაც ტრენინგები ჩატარდება. 

ფანაგის საჯარო სკოლა, დირექტორი ბესიკი მუკბანიანი:

დაწყებითი კლასების პედაგოგი ჩაატარებს ამ გაკვეთილს, რომელიც ასევე დამრიგებელია. მან ტრენინგები გაიარა და საგანს სრულიად დადებითად ახასიათებს. 

დაბლაციხის საჯარო სკოლა, დირექტორი ლიანა გიორგაძე:

მე-3 და მე-4 კლასების პედაგოგი ასწავლის, რომელიც ტრენინგებზეც იმყოფებოდა. ის, ასევე, კლასის დამრიგებელია. ის ნამდვილად შეძლებს საგანი კარგად ასწავლოს. მისი შეფასებით, „მე და საზოგადოება“ საინტერესოა. 

სხვილისის საჯარო სკოლა, დირექტორი ანაიდა ნახაპეტიანი:

რადგან არაქართულენოვანი სკოლა ვართ, ეს საგანი ჩვენთან, სავარაუდოდ, შემდეგი წლის სექტემბრიდან შემოვა. ასევე, მას შემდეგ, როცა ჩვენი მასწავლებლებისთვის ტრენინგები ჩატარდება. 

საჭამიასერის საჯარო სკოლა, დირექტორი მზია ქორიძე:

ამ საგანს ჩვენ სკოლაში კლასის დამრიგებლები ასწავლიან, რომელთაც ტრენინგები გაიარეს და მოემზადნენ. პედაგოგი „მე და საზოგადოებით“ ძალიან კმაყოფილია, სახელმძღვანელოსაც გაეცნო და მისი შეფასებით, საგანი მოსწავლეებს წესიერ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მე თავად, როგორც  სამოქალაქო განათლების პედაგოგი, „მე და საზოგადოების“ სტანდარტის განხილვაში ვმონაწილეობდი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საგნის სკოლებში შემოტანით. სახელმძღვანელოც ბავშვების ასაკს ზედმიწევნით მორგებულია. 

ამაღლების საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი ყაჭეიშვილი:

დაწყებითი კლასების მასწავლებელი ასწავლის, თუმცა ის დამრიგებელი არ არის. ამ პედაგოგმა გაიარა ტრენინგები და სწორედ ამიტომ, ის დაინიშნა „მე და საზოგადოების“ მასწავლებლად. მათ შორის საათების რაოდენობაც გავითვალისწინეთ და ამის მიხედვით შეირჩა პედაგოგი. სხვათაშორის, მაშინ, როცა „მე და საზოგადოების“ განხილვები მიმდინარეობდა, მთელმა ჩვენმა სკოლამ მთელი გეგმა განვიხილეთ პუნქტობრივად, წერტილ-წერტილ და დადებითად შევაფასეთ. მართალი გითხრათ, თავიდან კრიტიკულად ჩავუჯექით, ისეთი აჟიოტაჟი იყო ამ საგანის მიმართ, თუმცა შემდეგ  ძალიან მოგვეწონა. 

ხიდისთავის საჯარო სკოლა, დირექტორი იოსებ მეგრელიძე:

ერთი კონკრეტული მასწავლებელი ასწავლის, რომელიც ასევე ერთ-ერთი კლასის დამრიგებელია. მან ტრენინგებიც გაიარა და სრულად მომზადებულია. როგორც აღნიშნავს, ძალიან მოსწონს საგანი, ჩვენ კი მონიტორინგს არ დავაკლებთ, რომ ის სრულყოფილად ჩატარდეს.
 
ლესის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა თავდიშვილი:

კლასის დამრიგებელი არ ასწავლის ჩვენ სკოლაში ამ საგანს. ის პედაგოგი ასწავლის, ვინც ტრენინგი გაიარა და გადამზადდა. მას მოსწონს ეს საგანი და გეგმებს სახავს უკვე, თუ როგორ უნდა ჩაატაროს გაკვეთილები. ყველანაირად მზად არის.
 
ნაქალაქევის საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი კაველიძე:

ჩვენ სკოლაში ამ საგანს დამრიგებელი ასწავლის. მან შესაბამისი ტრენინგებიც გაიარა. პედაგოგს გავესაუბრე და მისი შეფასებით კარგი და საჭირო საგანია. 

ნიჯგორის საჯარო სკოლა, დირექტორი ციური ლონდარიძე:

საგანს დაწყებითი კლასების მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი ასწავლის. მან ტრენინგებიც გაიარა. როგორც პედაგოგი ამბობს, „მე და საზოგადოება“ ძალიან მოსწონს და ის ერთ-ერთი აუცილებელი საგანია. 

ოთის საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ლონდარიძე:

ჩვენ გადავამზადეთ პედაგოგი, რომელმაც ამ საგნის სასწავლებლად ტრენინგი გაიარა. ის პირველი და მე-4 კლასების დამრიგებელიცაა, შესაბამისად, სამინისტროს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. პედაგოგი „მე და საზოგადოებას“ ძალიან დადებითად აფასებს. მისი თქმით, სახელმძღვანელოში უსაფრთხოების საკითხებია შესული და ასევე ყველა ის საკითხი, რაც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის აუცილებელია. 

რუსთავის საჯარო სკოლა, დირექტორი დალი დიასამიძე:

საგანს ასწავლის ის პედაგოგი, რომელიც სამინისტრომ გადაამზადა. მან ტრენინგები გაიარა და „მე და საზოგადოების“ გაკვეთილების ჩასატარებლად მზად არის. თუმცა დამრიგებელი არ გახლავთ. პედაგოგს ეს საგანი ძალიან მოსწონს. ასევე, მშობლებთან გვქონდა შეხვედრა, რა დროსაც „მე და საზოგადოების“ პრეზენტაცია ჩავატარეთ. ისინიც კმაყოფილნი დარჩნენ.
 
ივერიის საჯარო სკოლა, დირექტორი თენგიზ შავაძე:

ჩვენ კლასები შევაერთეთ - ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავს. შესაბამისად, საგანს ის პედაგოგი ასწავლის, რომელმაც ტრენინგი გაიარა, თუმცა დამრიგებელი არ გახლავთ. როგორც მასწავლებელმა განაცხადა, ტრენინგით კმაყოფილია. 

ღარის საჯარო სკოლა, დირექტორი ანა მეტრეველი:

ჩვენთვის როგორც ცნობილია, რეკომენდაცია იყო, რომ კონკრეტული საგნების პედაგოგებს ესწავლებინათ ეს საგანი. მე თავად მათემატიკის მასწავლებელი ვარ, აქედან გამომდინარე ტრენინგი გავიარე და „მე და საზოგადოებას“ თავად ვასწავლი. ძალიან მომეწონა ის, რაც ტრენინგზე მოვისმინე. საგნის სწავლების პროცესში ბავშვები აქტიურად ჩაერთვებიან. „მე და საზოგადოებით“ ისინი საზოგადოებასთან, ოჯახთან, უფროსებთან კომუნიკაციას სწავლობენ. მთლიანობაში, საგანი ძალიან მომეწონა.  

ჭვინთის საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი გაგნიძე:

ჩვენთან ამ საგანს ასწავლის კლასის დამრიგებელი, რომელმაც ტრენინგებიც გაიარა. მისი განმარტებით, საგანი ძალიან საინტერესოა და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. დანარჩენი სწავლის პროცესში გამოჩნდება.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება