სიახლეები
ინტერვიუ

„დამრიგებელს კონკრეტული ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ სხვა კლასებში შესვლა არ სჭირდებოდეს“
14-09-2018
-
+


განათლების სისტემაში ახალი ხელმძღვანელის მისვლის შემდეგ ამ სფეროში ცვლილებები დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება  გაიზრდება, განათლების კომიტეტის მიერ კი საგამოცდო და სასკოლო ტესტირებების სისტემის გადახედვა დაანონსდა. მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების ექსპერტებთან შეხვედრაც მოაწყო, მათი ხედვა მოისმინა და თანამშრომლობა აღუთქვა. 

განათლების ექსპერტ ზურაბ ვახანიას აზრით, რომელიც სამინისტროში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას უნდა მიენიჭოს, რაც, მისივე განცხადებით, პედაგოგთა ხელფასის ზრდაზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. ექსპერტი Etaloni.ge-სთან მისი თვალით დანახულ სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს. 

- ბატონო ზურაბ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება გაიზრდება. როგორც განათლების ექსპერტი, რა მხრივ ხედავთ განსაკუთრებულ პრობლემას სკოლებში, რომლის მოგვარებაც გაზრდილი ბიუჯეტით იქნებოდა სასურველი? 

- სკოლას დაფინანსების გაზრდა ნამდვილად სჭირდება, მაგრამ არა ხელფასების მოსამატებლად. საჭიროა ხარისხზე ზრუნვა, თუმცა ხელფასების მატება ხარისხის ზრდას არ იწვევს. პირიქითაც კი მოხდა, პედაგოგებისთვის ხელფასების ბოლო მატებამ სწავლების ხარისხი გააუარესა. იმიტომ, რომ მასწავლებლები გაკვეთილების ჩასატარებლად მეტი საათის მიღებას ცდილობენ. არ არსებობს სტანდარტი ან რეგულაცია, რომელიც მასწავლებელს საათების რაოდენობას გაუკონტროლებს. მანამდე კვირაში 18 საათი იყო, ახლა კი ერთ მასწავლებელს კვირაში უკვე 28 საათის აღებაც შეუძლია. 

გაზრდილი დაფინანსებით, პირველ რიგში, აუცილებელია დამრიგებლის საკითხი გადაიჭრას. რატომ მოხდა ხორავას ქუჩაზე ის უბედურება? რატომ ვერავინ შენიშნა, რომ თვეების განმავლობაში ბავშვებს შორის კონფლიქტი მწიფდებოდა? იმიტომ, რომ დამრიგებლებს არანორმალური დატვირთვა აქვთ. სხვადასხვა საკლასო ოთახში შედიან, რომ გაკვეთილები ჩაატარონ. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეებს დამრიგებელი IV კლასის მერე აღარ ჰყავთ. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში, ისევ საათების შეზღუდვა, რათა ხელფასის მომატების სურვილით დამრიგებელმა სხვა კლასებში გაკვეთილების ჩასატარებლად საათები არ აიღოს. 

- იმ ფონზე, როცა განათლების სისტემის წარმომადგენლები მასწავლებელთა ხელფასების სიმწირესა და გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ, თქვენი ინიციატივა საათების, შესაბამისად, პედაგოგთა ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით, უარყოფით კონტექსტში ხომ არ იქნება აღქმული? 

- საათების შემცირება ხელფასების შემცირებას არ უნდა გულისხმობდეს. დამრიგებელს ცალკე, კონკრეტული ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ სხვა კლასებში შესვლა, საათების აღება და შესაბამისად, საკუთარი კლასის უმეთვალყურეოდ მიტოვება არ სჭირდებოდეს. დღეს დამრიგებელი რასაც აკეთებს, ეს არის მხოლოდ სკოლის ჟურნალების შევსება. არადა, კლასის დამრიგებლობა სერიოზული, აღმზრდელობითი სამუშაოა. ამას გარდა, აუცილებელია საპრემიო ფონდი. ხელფასების მატება უაზროა იმ ფონზე, რომ ზოგიერთი მასწავლებელი საერთოდ გასაშვებია სკოლიდან. სხვათა შორის, მასწავლებელთა მხოლოდ 30%-ის სერტიფიცირებული. საპრემიო ფონდი სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ის დამსახურებისამებრ გაიცემოდეს და არა საათების მიხედვით. 

- ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, 
სკოლებში უფროსთა და უმცროსთა კლასები სასურველია განცალკევებული იყოს და მოსწავლეებს ერთმანეთთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს და თუ შეამცირებს სკოლებში ბულინგის შემთხვევებს? 

- თავისთავად, ეს იდეა ცუდი არ არის, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად ისევ და ისევ დამრიგებლის როლის გაზრდაა საჭირო. თუ ბავშვები უმეთვალყურეოდ დარჩებიან, არაფრისგან იქნებიან დაცულნი. როცა მე ვიყავი დირექტორი, ასეთი წესი მქონდა სკოლაში - ყველა ბავშვზე პასუხისმგებელი პირი არსებობდა. განუწყვეტელი მეთვალყურეობა მიმდინარეობდა, რაც მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით აუცილებელია. 

- კიდევ რა პრობლემებს ხედავთ სკოლებში?

- სკოლების 70%-ს ყოვლად აუცილებელი, მინიმალური თვალსაჩინოებებიც კი არ აქვს. მაგალითისთვის, როგორ შეიძლება სკოლაში გლობუსი ყველა კლასს არ ჰქონდეს და ერთმანეთს სთხოვდნენ? 

- განათლების კომიტეტის მიერ საგამოცდო და სასკოლო ტესტირებების სისტემის გადახედვაც დაანონსდა. ხომ არ გულისხმობს ეს იმას, რომ არსებულ სისტემას ხარვეზები აქვს?


- სასკოლო საატესტატო გამოცდები საშინელია. ამდენი წელია ტყუილად იხარჯება ფული. CAT-ის ფორმატი უვარგისი და არაფრის მომცემია. ასევე, ტესტების შინაარსია ისეთი, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, ახლა, ყოველგვარი მომზადების გარეშე სკოლების მოსწავლეებისთვის სწორი, ნამდვილი გამოცდა რომ ჩავატაროთ, 70% ჩაიჭრება და კატასტროფა მოხდება. ამიტომ სასკოლო გამოცდები უნდა დაიწყოს მე-4 კლასიდან. რამდენიმე წლის წინ განათლების სამინისტრომ კვლევა ჩაატარა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მე-4 კლასელთა 50% მზად არ იყო მე-5 კლასში სწავლისთვის. შესაბამისად, თუ მოსწავლე მზად არ არის და მაინც გადადის კლასიდან კლასში, მას სასწავლო მასალა კიდევ უფრო ურთულდება და მე-12 კლასში ნორმალურ, ადექვატურ ტესტებს, ბუნებრივია, ვერც ჩააბარებს. სწორედ ამიტომ გამოცდები უნდა იყოს მე-6 კლასშიც, მე-9 კლასშიც და საბოლოო - მე-12 კლასში. პრინციპულად მნიშვნელოვანია ტესტების შინაარსობრივი გასწორებაც. 

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ეს არის ერთადერთი კარგი სისტემა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განათლების სფეროში განხორციელდა. ზოგადი უნარების ტესტი ძალიან კარგია, მაგრამ აქ სხვა პრობლემა გვაქვს - ტესტების არაპროფესიონალი შემდგენლები. სწორედ ამიტომ, ტესტებში ყოველწლიურად შეცდომებია.  

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ანბანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
პროექტის ფარგლებში, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაალამაზეს, ყვავილების ნერგები დარგეს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნავდნენ სკოლაზე
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება