| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მოსწავლეები ერთმანეთის ჩაცმაში კი არა, სწავლაში უნდა შეეჯიბრონ“ -აღნიშნავს etaloni.ge-სთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის დირექტორი ანდრიას აბდოიანი და ახალი სასწავლო წლის სიახლეებზე გვესაუბრება.
სკოლა წელს ხუთ პირველკლასელს ელოდება. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მისაღებად განსაკუთრებულად ემზადებიან.
როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, სასწავლო წელი სკოლაში, ტრადიციულად, დიდი ზარ-ზეიმით დაიწყება, შემდეგ კი ღონისძიება საკლასო ოთახში გაგრძელდება.
„წელს სკოლაში ხუთ პირველკლასელს ველოდებით. როგორც ყოველ წელს, წელსაც განსაკუთრებული სიყვარულით ვემზადებით მოსწავლეთა დასახვედრად. სკოლის ეზო ბავშვებით აივსება და მათი გულწრფელი სიხარული ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება. პირველკლასელებს, რომლებიც სასკოლო ფორმებში იქნებიან გამოწყობილი, საზეიმოდ გადავცემთ მათთვის განკუთვნილ ნოუთბუქებსა და სახელმძღვანელოებს. შემდეგ დამრიგებელი მათ გალამაზებულ საკლასო ოთახში შეუძღვება და ზეიმი იქ გაგრძელდება“, - ამბობს დირექტორი.
მისი თქმით, პირველკლასელებისთვის სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებით ემოციურია და საზეიმო დახვედრა მათ სკოლასთან დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
„პატარებისთვის ასეთი დახვედრა ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურია. ეს მათთვის კიდევ ერთი მოტივაციაა, რომ სკოლა უყვარდეთ და აქ მოსვლა უხაროდეთ“, - აღნიშნავს დირექტორი.
სკოლის ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას პედაგოგებისა და მოსწავლეების ურთიერთობას უთმობს.
„ჩვენს სკოლაში მართლაც კარგი პედაგოგების გუნდია. ისინი არა მხოლოდ თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, არამედ უყვართ ბავშვები და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მოსწავლეები ყოველთვის გრძნობენ მათ დამოკიდებულებას, სიყვარულს, პატივისცემას, მათი აზრის მოსმენისა და გაზიარების სურვილს. საპასუხოდ კი თავადაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას. ბავშვის ბუნება ხომ ასეთია - ქვევრივითაა, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს“, - ამბობს დირექტორი.
მისივე თქმით, ასეთი მიდგომა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. წელს სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა მაღალი ქულებით თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა.
„ასეთი მიდგომით ჩვენი კურსდამთავრებულები ყოველწლიურად საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ და წარმატებით ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. წელს ხუთმა კურსდამთავრებულმა მაღალი ქულებით ჩააბარა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ეს ჩვენთვის საამაყოა და ნამდვილად გვაძლევს საფუძველს, ვიამაყოთ ჩვენი მოსწავლეებით“,- აღნიშნავს ანდრიას აბდოიანი.
ახალი სასწავლო წლისთვის სკოლა მზადაა და ახალი რეგულაციების შესაბამისად, საკლასო ოთახებში მობილური ტელეფონების შესანახი ყუთებიც განთავსებულია.
დირექტორი ფიქრობს, რომ მოსწავლეებს პირველ ეტაპზე ახალ წესთან შეგუება გაუჭირდებათ, თუმცა მოგვიანებით შეეჩვევიან.
„თავიდან, დარწმუნებული ვარ, გაუჭირდებათ და შესაძლოა, თვალი სულ ტელეფონების შესანახი ყუთებისკენ ჰქონდეთ. თუმცა შემდეგ შეეჩვევიან. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ტელეფონები თვალთახედვიდან უფრო შორს უნდა ინახებოდეს, რათა მოსწავლეებმა ნაკლებად მიაქციონ ყურადღება და აღარ იფიქრონ მასზე“, - ამბობს დირექტორი.
სკოლის ხელმძღვანელი ასევე დადებითად აფასებს სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მივესალმები სკოლებში ფორმების შემოღებას და მინდა, რომ მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს ეცვას. ქუჩაში რომ გავა, მოსწავლე უნდა გამოირჩეოდეს. ვფიქრობ, ეს საზოგადოებაში მის მიმართ პატივისცემასაც გაზრდის“, - აღნიშნავს დირექტორი.
მისი თქმით, ერთიანი ფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებს შორის სოციალური განსხვავებების შესამცირებლად.
„ცუდია, როდესაც შეძლებული ოჯახის შვილები ბოლო მოდის, ბრენდული ტანსაცმლით დადიან, ხელმოკლე ოჯახების ბავშვები კი ჩვეულებრივად არიან ჩაცმული. ამას შეიძლება კლასობრივ უთანხმოებამდეც მივყავდეთ. ჩვენ დაუღალავად ვასწავლით ბავშვებს ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას, თუმცა ისინი ბავშვები არიან და ძალიან ფაქიზი ფსიქიკა აქვთ. ამიტომ მათ უნდა მოვუფრთხილდეთ. დაე, ეცვას ყველას ფორმები, დატოვონ ტელეფონები უჯრებში და იყვნენ ერთმანეთის მსგავსი, ერთმანეთს ჩაცმაში კი არა სწავლაში შეეჯიბრონ“, - ამბობს დირექტორი.
ანდრიას აბდოიანის სურვილია, სკოლაში მოსწავლეებს შორის კონკურენცია არა ჩაცმულობასა და მატერიალურ შესაძლებლობებზე, არამედ ცოდნასა და მიღწევებზე იყოს დაფუძნებული.
ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ სკოლის ხელმძღვანელი მოსწავლეებს წარმატებასა და ბედნიერებას უსურვებს. „მინდა, ყველა ბავშვი ბედნიერი, წარმატებული და გახარებული იყოს, ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ და წარმატებული მომავალი. ამისთვის სკოლაში ყველაფერს ვაკეთებთ“, - ამბობს ანდრიას აბდოიანი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...