სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიმაჩნია, რომ მოსწავლისთვის სკოლაში მოსვლა ყოველდღიურად ზეიმი უნდა იყოს“ - პატარა არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ვართანიანი
09-09-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს 65 მოსწავლით ხვდება, მათ შორის 8 პირველკლასელია. სკოლის დირექტორის, მელანია ვართანიანის თქმით, 15 სექტემბრისთვის სკოლაში აქტიური მზადება მიმდინარეობს, მთავარი მიზანი კი მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის პირველი დღის განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ მოვლენად ქცევაა.

„ყოველწლიურად 15 სექტემბრისთვის სერიოზულად ვემზადებით. გვინდა, ჩვენს მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე ვაჩუქოთ. წარჩინებულ მოსწავლეებს წასახალისებლად და მოტივაციის ასამაღლებლად სიგელებს გადავცემთ, პირველკლასელებს კი სამინისტროს მიერ გამოგზავნილი საჩუქრები დახვდებათ“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის ეზო 15 სექტემბერს მოსწავლეების ჟივილ-ხივილითა და სიხარულით აივსება. დირექტორის თქმით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთ და სასწავლო გარემოში თავს დაცულად და სასურველად გრძნობდნენ.

„ჩემთვის ერთი დიდი ბედნიერებაა, როდესაც სკოლის ეზო მოსწავლეთა ჟივილ-ხივილითა და სიხარულით ივსება. მიმაჩნია, რომ მოსწავლისთვის სკოლაში მოსვლა და სწავლა ყოველდღიურად ზეიმი უნდა იყოს. ამისთვის აუცილებელია პედაგოგების გვერდით დგომა და ბავშვების უსაზღვრო სიყვარული. სკოლაში ყველამ თავი დაცულად და სასურველად უნდა იგრძნოს - ეს ჩემი უმთავრესი მიზანია“, - აღნიშნავს მელანია ვართანიანი.

პირველკლასელებისთვის პირველი სასწავლო დღე სპეციალურად მათთვის მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთახში გაგრძელდება.

დამრიგებელი პატარებს საკლასო ოთახში წაიყვანს, სადაც, დირექტორის თქმით, მათ სითბო და მზრუნველობა არ მოაკლდებათ.

„გვინდა, პირველივე დღიდან იცოდნენ, რომ აქ მათ ყოველთვის ელიან, უფრთხილდებიან და უყვართ“, - ამბობს დირექტორი

ახალ სასწავლო წელს სკოლა არაერთი სიახლით იწყებს. მათ შორისაა სასწავლო პროცესის დროს მობილურების აკრძალვა. 

დირექტორის განცხადებით, თითოეული კლასის წინ უკვე განთავსებულია სპეციალური ყუთები, სადაც მოსწავლეები გაკვეთილების განმავლობაში ტელეფონებს შეინახავენ.

„კარგად მოგეხსენებათ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდებსა და ბავშვებს გაჯეტების მიმართ. ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ არა გაკვეთილზე. გაკვეთილი გაკვეთილი უნდა იყოს და მოსწავლემ განათლება უნდა მიიღოს. ვფიქრობ, სამინისტროს მხრიდან ეს ძალიან დროული გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნავს დირექტორი.

სკოლაში ასევე დადებითად აფასებენ სასკოლო ფორმების შემოღებას. პირველკლასელებმა ახალი ფორმები უკვე მოირგეს. 

„მივესალმები სკოლაში ფორმების შემოღებას. ჩვენი პირველკლასელები უკვე შეიმოსნენ და ძალიან ლამაზი და ხარისხიანი ტანსაცმელია. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ამ ლამაზ ფორმებში ბავშვები თავს თანასწორად იგრძნობენ და აღარ ექნებათ საფიქრალი, რა ჩაიცვან მეორე დღეს სკოლაში“, - ამბობს მელანია ვართანიანი.

დირექტორის შეფასებით, მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა და სასკოლო ფორმების შემოღება ხელს შეუწყობს მოწესრიგებული სასწავლო გარემოს შექმნას და მოსწავლეების ყურადღების სწავლაზე გადატანას. „დარწმუნებული ვარ, ორივე ეს წამოწყება საბოლოოდ სწავლის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - დასძენს დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება