| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლად მზადაა.
სოომხურენოვანი საშუალო სკოლა ახალ სასწავლო წელს რვა პირველკლასელით ხვდება.
სკოლაში სათხუთმეტსექტემბრო სამზადისი დიდი ხანია დაწყებულია. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებით დახვდებიან.
სკოლის დირექტორის ტიგრან სარუხანიანის თქმით, ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება წარმატებული მოსწავლეების წახალისებას დაეთმობა.
„ტრადიციულად, ყოველ წელს ზეიმზე წარმატებულ მოსწავლეებს სიგელებს გადავცემთ, მიმაჩნია, რომ ეს წახალისება მათ ენთუზიაზმს უმაღლებს, უხარიათ თავიანთი შრომის დაფასება და მეტი მონდომებით იწყებენ სწავლას, რომ მომავალ წელაც მიიღონ დამსახურებული სიგელები“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
საზეიმო დახვედრა განსაკუთრებით ემოციური იქნება პირველკლასელებისთვის. ისინი სკოლაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპიუტერებით, წიგნებითა და რვეულებით შეაბიჯებენ.
დირექტორის თქმით, ბავშვები სკოლაში საბავშვო ბაღიდან გარკვეული მომზადებით მოდიან - იციან ლექსები და სიმღერები და პირველივე დღეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ.
პირველკლასელების გამოსვლებს ტრადიციულად აპლოდისმენტები მოჰყვება, რის შემდეგაც სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.
„ყოველთვის ძალიან ამაღელვებელი და ლამაზი დახვედრა გამოგვდის. გვინდა, ბავშვებმა პირველივე დღიდან იგრძნონ, რომ სკოლაში მათ ელოდებიან და უხარიათ მათი მოსვლა“, - აღნიშნავს ტიგრან სარუხანიანი.
სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსწავლეთა ცოდნისა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაა. დირექტორის თქმით, ამის დასტურია კურსდამთავრებულთა წლევანდელი შედეგებიც - ნაწილმა სწავლა თბილისის, ნაწილმა კი სომხეთის უნივერსიტეტებში გააგრძელა.
„ჩვენი კურსდამთავრებულები წელს სანიმუშოდ გამოირჩეოდნენ და წარმატებით ჩააბარეს როგორც თბილისის, ისე სომხეთის უნივერსიტეტებში. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლის დიდი წარმატება და სახელია. როდესაც ჩვენი მოსწავლეები წარმატებას აღწევენ, ამით მთელი სასკოლო საზოგადოება ამაყობს“, - ამბობს დირექტორი.
სკოლის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს ახალ ინიციატივასაც, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები გაკვეთილზე მობილური ტელეფონების გარეშე შევლენ. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მოსწავლეების კონცენტრაციასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას.
„ძალიან მახარებს ეს წამოწყება. ბავშვები უფრო მობილიზებულები იქნებიან და შეძლებენ, უკეთ შეისწავლონ ესა თუ ის საგანი. პედაგოგებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ზედმეტი შენიშვნების გარეშე ჩაატარონ გაკვეთილი და მოსწავლეების ყურადღება სასწავლო პროცესზე იყოს მიმართული“, - აღნიშნავს დირექტორი.
ტიგრან სარუხანიანი ასევე მიესალმება სასკოლო ფორმების შემოღებას. მისი აზრით, ფორმა მოსწავლეებს პასუხისმგებლობის განცდას გაუძლიერებს.
„სკოლის მოსწავლე საზოგადოებისგან უნდა გამოირჩეოდეს. ვფიქრობ, ფორმა ბავშვებს გარკვეულ პასუხისმგებლობის გრძნობასაც გაუღვივებს. სკოლა სწორედ ის ადგილია, სადაც მოსწავლემ თავი მოსწავლედ უნდა იგრძნოს, მიიღოს განათლება და წარმატებისკენ გაიკვლიოს გზა“, - ამბობს დირექტორი. მისი თქმით, აღნიშნული სიახლეები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის
საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია