| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლა წელს სკოლაში ოთხ პირველკლასელს ელოდება. სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს მზადება, რათა პატარებისთვის სწავლის პირველი დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს.
როგორც სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არაერთ სკოლას დაემატა ქართული სექტორი, მათ სკოლაში მცირე კონტინგენტის გამო ქართული სექტორის გახსნა ჯერ ვერ მოხერხდა.
„ბევრ სკოლას დაემატა ქართული სექტორი, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ, მცირე კონტინგენტიდან გამომდინარე, ეს შესაძლებლობა არ მოგვეცა“, - ამბობს სკოლის დირექტორი.
ამ ეტაპზე სკოლის მთავარი საზრუნავი ახალი სასწავლო წლისთვის მზადება და მოსწავლეთა ღირსეული დახვედრაა.
დირექტორის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ ბავშვებმა პირველივე დღიდან თავი კომფორტულად იგრძნონ.
„წელს ოთხ პირველკლასელს ველოდებით და გვინდა, მათ ლამაზი და დასამახსოვრებელი შეხვედრა მოვუწყოთ, რათა პატარებმა თავი უცხო გარემოში არ იგრძნონ. ღონისძიებისთვის ვემზადებით და გვინდა, თითოეულმა მოსწავლემ თავი სასურველ და საჭირო ადამიანად იგრძნოს. ჩვენთან ასე ყოველწლიურად ხდება - ყველა მოსწავლე ერთი დიდი და ლამაზი ოჯახის წევრია, რასაც სკოლა ჰქვია“, - აღნიშნავს ნურადდინ აბბასოვი.
სკოლა მცირეკონტინგენტიანია, რაც, დირექტორის შეფასებით, მოსწავლეებისთვის თითქმის ინდივიდუალური სწავლების შესაძლებლობას ქმნის. მისი თქმით, პედაგოგების მიზანია, თითოეულ მოსწავლეს სათანადო ყურადღება დაეთმოს და სკოლიდან წასულ ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლება ჰქონდეთ.
„გვინდა, ჩვენი სკოლიდან წასული მოსწავლეები მაღალი მომზადების დონით გამოირჩეოდნენ და ზრდასრული ცხოვრება მხარგაშლილებმა, თავდაჯერებულებმა დაიწყონ. მცირე კონტინგენტი სწორედ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“, - აცხადებს დირექტორი.
სკოლის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს ახალ ინიციატივასაც, რომელიც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების სპეციალურ ყუთებში შენახვას გულისხმობს. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისთვის სასარგებლო იქნება.
„სასწავლო პროცესის დროსო ტელეფონების აკრძალვამ ძალიან გამახარა. მოსწავლეები უფრო მობილიზებულები იქნებიან განათლების მისაღებად და გაკვეთილის დროს ტელეფონის თვალიერებით აღარ დაკავდებიან. მასწავლებელსაც უფრო მშვიდად შეეძლება მუშაობა, რადგან ეცოდინება, რომ მოსწავლეები ყურადღებით უსმენენ და მიღებულ ინფორმაციას უკეთ ითვისებენ“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
სკოლაში ასევე მიესალმებიან მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შემოღებას. დირექტორის აზრით, ფორმა მოსწავლეებს ზედმეტი საზრუნავისგან ათავისუფლებს და სასკოლო გარემოს უფრო მოწესრიგებულს ხდის.
„მიმაჩნია, რომ მოსწავლეს უნდა ეტყობოდეს, რომ ის მოსწავლეა და ყოველდღიურად იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, ხვალ რა ჩავიცვა. სასკოლო ფორმა ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა“, - ამბობს ნურადდინ აბბასოვი.
სკოლის ხელმძღვანელის შეფასებით, მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა და სასკოლო ფორმების შემოღება, საბოლოო ჯამში, სასწავლო გარემოს გააუმჯობესებს და სწავლის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია
„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ -