| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება - წელს სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნა. აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ახალი სექტორის დამატება, როგორც სკოლის დირექტორი ფაიაზ ველიევი ამბობს, დიდი მოთხოვნის შედეგია და სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლაში აქტიური მზადებაა. წელს პირველ კლასში 11 პირველკლასელს ელოდებიან, მათგან 9 სწავლას ქართულ სექტორზე დაიწყებს.
„ძალიან გამიხარდა ქართული სექტორის გახსნა, რადგან ამის მოთხოვნა ნამდვილად დიდი იყო. ახალი სექტორის დამატება კიდევ უფრო მობილიზებულსა და მოტივირებულს გვხდის. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს ღირსეული სასწავლო გარემო შევუქმნათ და მათთვის სკოლაში მოსვლა სასიამოვნო იყოს“, - ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
ახალი სასწავლო წლის დაწყებას სკოლა ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს. მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებას მიულოცავენ, პირველკლასელებს კი საზეიმო ვითარებაში გადასცემენ სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილ კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს.
ფაიაზ ველიევის თქმით, სკოლა მოსწავლეებისთვის მეორე ოჯახი უნდა იყოს და თითოეულმა მათგანმა აქ თავი დაცულად, ბედნიერად და თანასწორად უნდა იგრძნოს.
„მინდა, რომ ბავშვებს შევაყვაროთ სკოლა და სწავლა. ამისთვის ყველა პირობა გვაქვს შექმნილი - გვყავს პროფესიონალი პედაგოგები და გვაქვს დიდი მონდომება, რომ ღირსეული მომავალი თაობა აღვზარდოთ“, - აღნიშნავს დირექტორი.
სკოლისთვის გასული სასწავლო წლის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე კურსდამთავრებულთა წარმატებაა. წელს სკოლის ოთხმა კურსდამთავრებულმა თბილისში უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩააბარა.
„ეს ჩვენთვის დიდი სიამაყის საფუძველია. გამოდის, ჩვენი შრომა და ძალისხმევა უკვალოდ არ გამქრალა. დარწმუნებული ვარ, ისინი კარგი სტუდენტები და მომავალში თავიანთი საქმის კარგი პროფესიონალები დადგებიან“, - ამბობს დირექტორი.
სკოლის ხელმძღვანელი სკოლაში მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს მიესალმება.
დირექტორის თქმით, ტელეფონების შესანახი სპეციალური ყუთების შესაძენად თანხა უკვე გადარიცხულია და სკოლა მათ მიღებას უახლოეს დღეებში ელოდება.
სკოლის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ინიციატივა მოსწავლეებს სასწავლო პროცესზე მეტად კონცენტრირებაში დაეხმარება.
„ეს ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, მოსწავლეები ორიენტირებული იქნებიან სწავლაზე და არ დაიწყებენ ტელეფონში ყურებას, არ გაეფანტებათ ყურადღება“,- დასძენს ფაიაზ ველიევი.
პირველკლასელებმა უკვე მოირგეს და შეიძინეს სასკოლო ფორმები. დირექტორი ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ფორმა მოსწავლეებს საერთო სასკოლო გარემოსა და თანასწორობის განცდას უქმნის.
„აღფრთოვანებული შევხვდი ამ წამოწყებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“,- ამბობს დირექტორი.
ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი კი, როგორც თავად დირექტორი ამბობს, ბავშვებისთვის ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ისინი სწავლას შეიყვარებენ, საკუთარ შესაძლებლობებს განავითარებენ და დასახულ მიზნებს მიაღწევენ.
„მინდა, რომ მათ შევაყვაროთ სკოლა და სწავლა, ამისთვის კი ყველა პირობა გვაქვს შექმნილი, პროფესიონალი პედაგოგები და დიდი მონდომება ჩვენი მხრიდან. მოწოდებულნი ვართ ღირსეული მომავალი თაობა აღვზარდოთ“,- აღნიშნავს ილმაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი ფაიაზ ველიევი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია
„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“