| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ტრადიციულად სრული მზადყოფნით ხვდება.
სკოლის დირექტორის ანაიტ პარონიანის თქმით, მცირე კონტინგენტის მიუხედავად, სასწავლო წლის დაწყებას აქ განსაკუთრებული სიხარულითა და პასუხისმგებლობით ხვდებიან - სკოლაში უკვე აქტიური მზადებაა, პირველკლასელებს საზეიმო ღონისძიება და ლამაზად მორთული საკლასო ოთახი ელოდებათ.
სკოლის კარს წელს ხუთი პირველკლასელი შეაღებს.
როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, პირველკლასელები ლექსებს წაიკითხავენ, რის შემდეგაც ოფიციალური ღონისძიება დაიწყება. მოსწავლე-მასწავლებლებს მიმართავს დირექტორი, ტრადიციულად, იქნება მილოცვა და ბევრი კეთილი სურვილი.
„ჩვენ, როგორც ყოველთვის, ღირსეულად დავხვდებით ჩვენს მოსწავლეებს. პირველკლასელებს გადავცემთ მათთვის განკუთვნილ სასკოლო ნივთებს, შემდეგ კი სპეციალურად გალამაზებულ საკლასო ოთახებში შევუძღვებით. გვინდა, პატარებს ისეთი განწყობა შევუქმნათ, რომ უხაროდეთ სკოლაში მოსვლა და სწავლა“, - ამბობს ანაიტ პარონიანი.
სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა დიდი არ არის, რაც, დირექტორის თქმით, განსაკუთრებული, ოჯახური გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
„თითოეულ მოსწავლეს პირადად ვიცნობთ. ისინი ჩვენი შვილებივით არიან. თითოეულ პედაგოგს, მათ შორის მეც, მათ მიმართ დედა-შვილური დამოკიდებულება გვაქვს. გვახარებს მათი წარმატება და თითოეული მიღწევით ვამაყობთ“, - აღნიშნავს დირექტორი.
მისივე თქმით, სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყოა კურსდამთავრებულის წარმატება, რომელმაც მაღალი ქულებით ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. „ძალიან გვახარებს, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი შრომა და ძალისხმევა უკვალოდ არ იკარგება. ჩვენი მოსწავლეების წარმატება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ თითოეული პედაგოგის თავდადება შედეგს იძლევა“, - ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
ახალ სასწავლო წელს სკოლა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლითაც იწყებს. სკოლაში უკვე განთავსებულია მობილური ტელეფონების შესანახი სპეციალური ყუთები, რაც, დირექტორის შეფასებით, მოსწავლეებს სწავლაზე უკეთ კონცენტრირებაში დაეხმარება. ამასთან, მოსწავლეებმა ახალი სასკოლო ფორმებიც შეიძინეს.
დირექტორის თქმით, ფორმის დანერგვა თანასწორობის განცდას აძლიერებს.
„ძალიან მახარებს ეს წამოწყება. ფორმა, პირველ რიგში, ლამაზია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მოსწავლე თავს ერთმანეთის თანასწორად იგრძნობს. აღარ იქნება განსხვავება იმის მიხედვით, ვის ძვირად ღირებული და ვის უფრო იაფიანი ტანსაცმელი აცვია“, - აცხადებს დირექტორი და სკოლაში ტელეფონების აკრძალვის სარგებელსაც უსვამს ხაზს.
„ტელეფონების გარეშეც მოსწავლეები უფრო ორიენტირებული იქნებიან სწავლისთვის. მოკლედ ყველა წამოწყება ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის“,- დასძენს ის.
სკოლის ხელმძღვანელის მთავარი მიზანი კი მოსწავლეებში სწავლისა და წიგნის სიყვარულის გაღვივებაა. „მინდა, ახალგაზრდობამ შეიყვაროს წიგნი და სწავლა, დაისახოს მიზნები და შეძლოს მათი მიღწევა. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ საკუთარი შესაძლებლობების განვითარება შეძლონ“, - აღნიშნავს მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიანი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ