მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დღეს დავასრულე შრომითი ურთიერთობა სკოლა „ევრო 2000-თან". არ შემიძლია მუშაობა გავაგრძელო იქ, სადაც თანამდებობის პირი წყვეტს, უნდა ასწავლოს თუ არა მისი შვილის კლასს კონკრეტულმა მასწავლებელმა.
მითითება იმაზე, რომ ვიღაც პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დავჩაგრე გაკვეთილზე, საფუძველს სრულიად არის მოკლებული. პირიქით, ყოველთვის და ყველგან ვებრძვი დისკრიმინაციას, ადამიანის უფლებების შელახვას, დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯებს“... - ეს გახლავთ ამონარიდი სკოლის ახლა უკვე ყოფილი პედაგოგის, მალხაზ ჭკადუას facebook-პოსტიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. etaloni.ge „სკოლა „ევრო 2000“-ის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა მარინა ცივაძემ არანაირი განმარტების გაკეთება არ ისურვა - „კომენტარს არ ვაკეთებთ“, - ასეთი გახლდათ სკოლის ადმინისტრაციის პასუხი; მალხაზ ჭკადუამ კი ჩვენს რამდენიმე კითხვას უპასუხა:
- შეხვედრაზე დირექტორს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ვთხოვე, მათი მხრიდან გაჟღერებული ბრალდების დამამტკიცებელი საბუთის წარდგენა. მოსწავლის მშობლის „წუხილი“ და შეიძლება ბრალდებაც, გულისხმობდა იმას, რომ რადგან თავად არის თანამდებობის პირი, მე პოლიტიკურ დისკრიმინაციაში ვამყოფებდი მის შვილს.
რადგან ასეთი სერიოზული ბრალდება გააჟღერა დირექტორმა, ვთხოვე, ერთი ფაქტი მაინც დაესახელებინა, როდესაც ამა თუ იმ მოსაზრების გამო მივაყენე ჩრდილი საგანმანათლებლო პროცესს, მოსწავლეს, ზოგადი განათლების მიზნებს და როგორც პედაგოგმა, დავაზარალე საკუთარი თავი, მოსწავლე და სასწავლო პროცესი.
- დამადასტურებელი ფაქტები წარმოგიდგინეს?
- ამაზე პასუხი ვერ მივიღე და არც არსებობს ამგვარი ფაქტი! ჩემი ყოველი გაკვეთილი გამოირჩევა აზრთა გამოხატვის თავისუფლებით - ყველანაირ თემებზე გვისაუბრია, როგორიცაა თვითიდენტიფიცირება, პოლიტიკური იდეოლოგიები, რელიგიური საკითხები... ყველაფერი, რაც აყალიბებს ადამიანს მოქალაქედ და პიროვნებად.
ჩემი მოსწავლეები არიან განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე - ესაა თვითშემეცნების, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის მოძებნის პერიოდი და ბუნებრივია, კითხვები აქვთ როგორც თვით, ისე საზოგადოებრივი პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით. თუ სამოქალაქო განათლების სწავლებისას მასწავლებელმა არ აირეკლა მათი კითხვები და თვითგამოხატვის საშუალება არ მისცა, მაშინ რა არის საგაკვეთილო პროცესის მიზანი?!
სკოლა, მშობლის სიტყვების საფუძველზე, უაპელაციოდ მდებს ბრალს პოლიტიკური ნიშნით მოსწავლის დისკრიმინაციაში!
- შეგიძლიათ დამტკიცება, რომ ეს სიცრუეა?
- მიუხედავად იმისა, როგორც ჟურნალისტი, როგორც კორუფციის მკვლევარი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შევხებივარ, ვერასოდეს, ვერც ერთი მოსწავლე ვერ იტყვის, რომ რაიმე ტიპის არადემოკრატიულ პროცესზე საუბრისას, რომელიმე მათგანის ან მშობლის იდენტიფიცირება მოვახდინე!
დირექტორმა ღიად თქვა, რომ უწევთ კონკრეტული თანამდებობის პირის მოთხოვნის გათვალისწინება და კონკრეტულ კლასში ვერ შემიშვებენ. ვუპასუხე - რადგან ასე უაპელაციოდ მიიღეთ მშობლის ბრალდება, არც კი გიცდიათ მოგეკვლიათ, გაქვთ არჩევანი: ან მიშვებთ ამ კლასში, ან მივდივარ სკოლიდან. თანამდებობის პირი, საჯარო ფიგურა, თუ ერევა აკადემიურ თავისუფლებაში, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაში, ეს არაჯანსაღი გარემოა, სადაც ვერ ვემსახურები იმ მიზნებს, რა მიზნების გამოც წავედი მასწავლებლად სკოლაში.
ვიმეორებ - ეს პრინციპები აბსოლუტურ თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო მიზნებთან და სახელმწიფოს მიერ გაწერილ კანონთან ზოგადი განათლების შესახებ.
- ამ მოსწავლესთან თუ გქონიათ კომუნიკაცია მას შემდეგ და ზოგადად, რას ამბობენ თქვენი აღსაზრდელები?
- კონკრეტულ მოსწავლესთან კომუნიკაცია არ მქონია, არ მოუწერია და არც მე გამჩენია სურვილი... სულ მომდის ბავშვების, მშობლების შეტყობინებები, და მეც ძალიან მომენატრება ისინი, გამიჭირდება ჩემი მოსწავლეების გარეშე, რომლებიც ყოველთვის გამოხატავდნენ შემეცნების სურვილს.
- ხომ არ აპირებთ საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადატანას?
- შრომითი ხელშეკრულება ჩემი სურვილით შევწყვიტე, თავად დავტოვე სკოლა და სამართლებრივი ბრძოლის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, თუმცა, თუ სკოლა ეცდება, დაამტკიცოს, რომ პოლიტიკურ დისკრიმინაციას ვეწეოდი, ცხადია, რეპუტაციას და ღირსებას დავიცავ.
სოციალურ ქსელში და მედიასთან საკითხის გასაჯაროება კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიმაჩნია, სკოლები საქართველოში არის არაავტონომიური. ჩვენს ცხვირწინ ხდება ბევრი სამართალს მოკლებული ქმედება და დიახ, მასწავლებელი არის იმისთვის, მოსწავლეს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მოუწევს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. ბევრჯერ მითქვამს ჩემი მოსწავლეებისთვის, რომ თითოეული უფლება არის გამოსაბრძოლი, დასაცავი, რათა მათ არჩევანში არავინ ჩაერიოს და აზრის გამოთქმისას იყვნენ დამოუკიდებლები... მათ აქვთ უფლება, ეკამათონ როგორც მასწავლებელს, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რადგან აზრთა სხვადასხვაობის გარეშე არ გამოდის ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება, და თუ მასწავლებელი ხელს არ უწყობს სასკოლო ცხოვრების გაჯანსაღებას, მაშინ მით უმეტეს არ ყოფილა ჩემი ადგილი არც კერძო და არც საჯარო სკოლაში...
სკოლა არის ადგილი, სადაც ადამიანს ძვალსა და რბილში უნდა გაუჯდეს კრიტიკული აზროვნება და ეცადოს, მუდმივად იბრძოლოს იმ ფასეულობების მისაღებად, რომლებიც ახლოსაა ჰუმანიზმთან, ადამიანობასა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნასთან. მასწავლებელი უნდა იყოს ძალიან ხმამაღალი მოქალაქე, რომელიც იცავს სამართლიანობას! სხვაგვარად როგორ უნდა ვასწავლოთ დემოკრატიული პრინციპები, ჰუმანისტური იდეები... როგორ უნდა ვასწავლოთ ქართული ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, როგორ არ უნდა ვილაპრაკოთ „ჯაყოს ხიზნებზე“ პარალელების გარეშე?! როგორ არ უნდა ვთქვათ, რას წერდა ილია ჭავჭავაძე?! როგორ უნდა ვასწავლოთ ჭილაძე, ქარჩხაძე, დოჩანაშვილი ან ნებისმიერი მწერალი, რომელიც ქართული სააზროვნო სივრცის ნაწილი გახდა სწორედ ამ იდეების გამო. თუ მასწავლებლები იქნებიან გაცილებით ხმამაღლა მოსაუბრეები და ასწავლიან მომავალ თაობებს, რომ ნებისმიერი ხელისუფლება დაქირავებულია და ხალხის მსახური უნდა იყოს, მაშინ შეიძლება სხვა საზოგადოება მივიღოთ.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა
სკოლებისა და უმაღლესების ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხებათ? - კანონში ცვლილებების განათლების კომიტეტი განიხილავს
„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...
„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...
„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს
სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი