მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიანი ეროვნული გამოცდები თითოეული აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია - ნაბიჯი, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან აახლოებთ და რომელიც მშვიდად უნდა გადადგან.
თუმცა, ეს ყოველთვის მარტივი არაა. აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებით გამოწვეული ეიფორია ჯერ კიდევ არ განელებიათ, წინ კი საგამოცდო თვე - ივლისია. მათ, ერთდროულად, სხვადასხვა საკითხზე კონცენტრირება, მეცადინეობა უწევთ და გამხნევებასაც საჭიროებენ.
მათთვის, etaloni.ge-სთან საუბრისას, სკოლების ხელმძღვანელები რჩევებს არ იშურებენ, ნერვიულობის დაძლევისკენ მოუწოდებენ და ცოდნის სრულად გამოვლენას უსურვებენ.
ლიანა დოლიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა საბაზოა, შესაბამისად, აბიტურიენტები არ გვყავს. თუმცა ზოგადად, იმ ახალგაზრდებს, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადიან, ვუსურვებდი, რომ წარმატებისთვის მიეღწიოთ და რა თქმა უნდა, საკუთარი სკოლა ესახელებინოთ. გარდა ამისა, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას ვუსურვებდი. ჩემი აზრით, სწავლას ფასი და ხარისხი მაშინ აქვს, როდესაც ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი.
წელს ჩვენი სკოლის საბაზო საფეხური 2-მა მოსწავლემ დაამთავრა, ძალიან კარგი ბავშვები არიან - 1 ბიჭი და 1 გოგო. ვფიქრობ, რომ ბიჭი მომავალში ნამდვილად კარგი პროგრამისტი იქნება, გოგონას კი, სურს, რომ მედიცინის მუშაკი გახდეს. მათ სკოლიდან გაცილება მოვუწყვეთ, რაც ძალიან ემოციური იყო.
2023-2024 სასწავლო წელი კი თავის მხრივ, ჩვენ სკოლაში პროექტებითა და აქტივობებით იყო დახუნძლული. მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიებიც და ბავშვებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოიარეს.
მადონა ივანიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი:
წელს სკოლიდან 9 კურსდამთავრებული გავაცილეთ. სასწავლო პროცესი თითოეულმა მათგანმა წარმატებით დაასრულა და ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. ვურჩევდი, რომ გამოცდამდე მეტი ყურადღება გაამახვილონ იმ საკითხებზე, რაც უნდა ჩააბარონ. უშუალოდ საგამოცდო პროცესს რაც შეეხება, ნაკლებად ინერვიულონ, რადგან ემოციური ფონი ბევრ რამეზე მოქმედებს.
ჩვენი სასწავლო წელი შიდასასკოლო ღონისძიებებით იყო დატვირთული, მყავდა წარმატებული მოსწავლეები და პედაგოგები.
ვაჟა ქათამაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი აბიტურიენტები გამოცდებისთვის მონდომებით ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებს ყოველ წელს აბარებენ და ვფიქრობ, წელსაც ასე იქნება. მე მათ ცხოვრების გზაზე წარმატებებს, კარგად სწავლასა და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
გასულმა სასწავლო წელმა ნაყოფიერად ჩაიარა, სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემო იყო შექმნილი, ისინი სხვადასხვა ღონისძიებაში მონდომებით მონაწილეობდნენ.
ჯაბა წითაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლის დირექტორი:
წელს, 11 კურსდამთავრებული გვყავს, ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, რომლებიც სხვადასხვა სასწავლო თუ სპორტულ ღონისძიებებში მონდომებით ერთვებოდნენ. მათ წინსვლას, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ. აღსანიშნავია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა მათგანი გადის. შესაბამისი ცოდნა 11-ვე აბიტურიენტს აქვს, რადგან სკოლაში კარგად სწავლობდნენ. ზოგადად, როდესაც ადამიანი გამოცდაზე გადის, ხშირად იბნევა ხოლმე და ემოციური ფაქტორის გამო, შეცდომებს უშვებს. ამიტომაც, აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. მათ ყველაფერი კარგად იციან და ვიმედოვნებ, რომ გამოცდებს 11-ვე წარმატებით ჩააბარებს.
ჩვენი სკოლისთვის 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებული და ნაყოფიერი იყო. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში ჩაერთნენ და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მე-2 ადგილი დაიკავეს.
ასმათი არაბული, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლის დირექტორი:
2023-2024 სასწავლო წელს 1 კურსდამთავრებული გვყავს, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატია. ვურჩევდი, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დადებითი განწყობით მივიდეს, რადგან ხშირად ეს მთავარია. ასევე, ვუსურვებ, რომ ცოდნა ბოლომდე გამოავლინოს.
ზოგადად, 2023-2024 სასწავლო წელი ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის წარმატებული და ნაყოფიერი იყო. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ოქროს მედლის კანდიდატი გვყავს. მთელ სკოლაში სულ 22 მოსწავლეა, რომელთა განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის რა აქტივობებისა თუ ღონისძიებების განხორციელებაცაა შესაძლებელი, ყველაფერს ვაკეთებთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU-ში საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ
სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები