სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

სკოლის დირექტორების წინასაგამოცდო რჩევები აბიტურიენტებს - „გამოცდაზე რაც შეიძლება გაბედულად, თამამად შევიდნენ“
19-06-2024
-
+


სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი უკვე დასრულდა. ტემპერატურის მატებასთან ერთად კი, წინასაგამოცდო ციებ-ცხელებაც იმატებს. აბიტურიენტები სასურველი შედეგის მისაღწევად, ბევრს მეცადინეობენ და ცდილობენ, რომ სიმშვიდეც შეინარჩუნონ. 

ბუნებრივია, მათთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ამაღელვებელია. ახალგაზრდებისთვის დირექტორებისა და მასწავლებლების რჩევები თუ სურვილები შეიძლება, რომ დიდი მოტივაციის წყარო გახდეს. ამიტომაც, etaloni.ge საქართველოს საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს დავუკავშირდით და მათგან ის რჩევები მოვისმინეთ, რაც აბიტურიენტებს გამოცდაზე გამოადგებათ. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს. 

ნინა კუდაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლის დირექტორი:

2023-2024 სასწავლო წელს ჩვენი სკოლა 8 კურსდამთავრებულმა დაამთავრა. მათგან 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედლის კანდიდატია. ისინი ძალიან გონიერი და კარგი ბავშვები არიან, რომელთაც ია-ვარდით მოფენილ გზას, სიკეთეს, წარმატებას ვუსურვებ. ყოველთვის წინ ევლოთ, რადგან ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. გამოცდაზე სტრესია ხოლმე, რაც აბიტურიენტებს ბოჭავს - ამ საკითხზე მათთანაც გვისაუბრია. აბიტურიენტებს სკოლაში ვურჩიეთ, რომ გამოცდაზე რაც შეიძლება გაბედულად, თამამად შევიდნენ და იმ საკითხებზე კონცენტრირდნენ, რაც უნდა ჩააბარონ.

ჩვენი სკოლისთვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებოდნენ და შესაძლებლობებს ავლენდნენ. 

პლატონ ბურძგლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის აბიტურიენტებს ვუსურვებდი, რომ იმ მიმართულებაზე ჩაებარებინოთ, რაც არჩეული აქვთ და ყველაზე მეტად უნდათ. ასევე, ჩემი სურვილია, რომ ის პროფესია, რისი დაუფლებაც უნდათ, ცხოვრების განმავლობაში გამოსდგომოდეთ. მთავარია, რომ შეგნებული არჩევანი გააკეთონ. ასევე, ვურჩევდი, რომ გამოცდაზე მშვიდად იყვნენ და თავიანთი ცოდნა ბოლომდე გამოავლინონ. სანერვიულო არაფერია და ემოციებს არ უნდა აჰყვნენ.

წლევანდელი სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის წარმატებული იყო, მოსწავლეთა გუნდმა „რა? სად? როდის?“ ფორმატის კონკურსში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა. ასევე, წარმატებები სხვადასხვა მიმართულებითაც გვქონდა.

ლია კაპანაძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ სასწავლო წელს 2 მეთორმეტე კლასი გვყავდა და საერთო ჯამში, სკოლა 37-მა კურსდამთავრებულმა დაამთავრა. აღსანიშნავია, რომ ისინი ძალიან აქტიური, ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები იყვნენ. მათი ჩართულობით, სკოლაში ბევრი საინტერესო ღონისძიება განხორციელებულა. კურსდამთავრებულთაგან 4 მედლის კანდიდატია. მინდა როგორც ჩვენი, ისე სხვა სკოლების კურსდამთავრებულებს წარმატებები, ბედნიერი მომავალი და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება ვუსურვო.

მნიშვნელოვანია, რომ მათ, გამოცდის მიმდინარეობისას, სიმშვიდე შეინარჩუნონ, მობილიზებულები იყვნენ და ცოდნა ბოლომდე გამოავლინონ.

ნანი ველიჯანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა საბაზოა, ამიტომაც, აბიტურიენტები არ გვყავს. ზოგადად კი იმ ახალგაზრდებს, ვინც წელს ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, დიდ წარმატებას ვუსურვებ.

2023-2024 სასწავლო წელი ჩვენთვის წარმატებული იყო, მოსწავლეებმა სპორტულ შეჯიბრებაში გაიმარჯვეს. მათთვის ეს წარმატება ნამდვილად მამოტივირებელი იყო. ზოგადად, ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, პედაგოგები მონდომებით მუშაობენ. წელს საბაზო საფეხური 1-მა მოსწავლემ დაამთავრა, ის სხვა სკოლაში ემოციურად გავაცილეთ.

რომან ქავთარაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამწუხაროდ, ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და წელს არც ერთი კურსდამთავრებული არ გვყავს. ზოგადად კი, აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ბეჯითად იმეცადინონ და გამოცდაც შესაბამისად დაწერონ. მათ მიზნები უნდა დაისახონ, რომელთა მისაღწევადაც ეტაპებს გაივლიან. ვუსურვებდი, ახალგაზრდები იმ შედეგზე გავიდნენ, რაც თავიანთ სკოლასა და ქვეყანას ასახელებს. მოსწავლისთვის სიბეჯითე მთავარია, რადგან დღეს, 21-ე საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, უამრავი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, მათ განვითარებაზე პედაგოგებიც ზრუნავენ და მთავარია, მოსწავლეებმა მონდომება გამოიჩინონ.

რაც შეეხება გასულ სასწავლო წელს, ჩვენს სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სასწავლო პროცესი სხვა სკოლაში მიმდინარეობდა, მიუხედავად გამოწვევებისა, ვფიქრობ, რომ სასწავლო წელმა წარმატებით ჩაიარა. კარგი იყო მოსწავლეთა შედეგებიც და გაკვეთილებზე დასწრებაც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სასწავლო წელი შედგა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ ეკოინიციატივა
 

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება