სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„უნდა შეგეძლოს ადამიანობა, რომ ადამიანებად აღზარდო ახალგაზრდები“ - შორენა ბერიძე ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი
20-02-2024
-
+


„მარტო საგნის ცოდნა არაა საკმარისი, იმისთვის რომ მოსწავლეებს ის ღირებულებები და ადამიანური ფასეულობები ჩამოუყალიბო, რომლებიც ცხოვრებაში გამოადგებათ“, - სწორედ ის პროფესიული პრინციპია, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორს და იმავდროულად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შორენა ბერიძეს აძლევს სტიმულს, რომ არასდროს შეწყვიტოს განვითარება, საქმიანობდეს ღირსეული ადამიანების ჩამოყალიბებისთვის და გასცეს უანგარო სიყვარული. ეს ყოველივე კი, მისივე თქმით, ცხოვრებაში ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს.

პედაგოგი და სკოლის ლიდერი, რომელიც ჯერ დაწყებითების მასწავლებელმა, შემდეგ კი, რუსთაველმა შთააგონა, იმედოვნებს, რომ ზრდის თაობას, რომელიც აუცილებლად იტყვის სათქმელს და გააკეთებს იმას, რაც მისმა თაობამ ვერ შეძლო. ის თამამად საუბრობს მასწავლებლის ფასეულობებსა და ღირებულებებზე, აღნიშნავს, რომ მასწავლებელს აქვს ძალა დადებითი ზეგავლენა მოახდინოს მოსწავლეებზე, განსაზღვროს მათი მომავალი და სრულფასოვან ადამიანებად  ჩამოაყალიბოს. შორენა ბერიძე Etaloni.ge-სთან, მასწავლებლის მნიშვნელობაზე, ლიდერობის სიძნელეებსა და თანამედროვე თაობის გამოწვევებზე საუბრობს: 

- ქალბატონო შორენა, ჩვენთან ბლიც-ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ პროფესიის არჩევა თქვენი დაწყებითების მასწავლებელმა განაპირობა... მოგვიყევით მასზე

- ჩემი დაწყებითების მასწავლებელი, შურა ტყაბლაძე, ნამდვილად არის ჩემთვის მასწავლებლის იდეალი, დღეს ასაკშია, ჩემს მეხსიერებაში კი იმ ადამიანად დარჩება, რომელმაც ბავშვობაშივე ამარჩევინა პროფესიული მომავალი. თითქმის წარმოუდგენელია, ბავშვს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, როგორც მან შეძლო ჩემს შემთხვევაში, მახსოვს მისი ყველა მიმიკა, ინტონაცია, აბსოლუტურად ყველაფერი. ბაღიც არ მქონდა გამოვლილი, ჩემი პირველი სოციალური სივრცე სკოლა იყო და შურა მასწავლებელი.

საოცრად თბილი ადამიანია და ვგრძნობდი, როგორ უყვარდა თითოეული მოსწავლე, სწორედ მისმა დამოკიდებულებამ და მოსწავლეების უპირობო სიყვარულმა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ვგრძნობდით, განაპირობა ის, რომ მომინდა, ერთ დღეს მის ადგილას ვმდგარიყავი და მისნაირი სიყვარული მეჩუქებინა ბავშვებისთვის. მოსწავლემ ყოველთვის უნდა იგრძნოს თანაბარი ყურადღება და დამოკიდებულება მასწავლებლისგან, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, პედაგოგები სხვადასხვა ნიშნით: კარგი სწავლით, კარგი ქცევით თუ სხვა თვისებებით, ირჩევენ მოსწავლეებს, რომლებთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და დანარჩენი მოსწავლეები კი განიცდიან ნაკლებ ყურადღებას - ეს დაუშვებელია! დღეს რომ ვასწავლი, უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი მასწავლებლის. 

- გყავდათ მასწავლებლის იდეალი, დღეს თავად ხართ პედაგოგი... რა არის მთავარი, რომ ოდესღაც, თავად იქცეთ იდეალად თქვენი მოსწავლეებისთვის?

- მოსწავლეებისა და ბავშვების უპირობო სიყვარულსა და მათთვის თანაბარი გარემოს შექმნაზე უკვე ვისაუბრეთ და ეს ფაქტორები პრიორიტეტულია, ასევე მნიშვნელოვანი მიდგომები. მასწავლებელი თავად უნდა იყოს მოტივირებული, რომ ბავშვებზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს, იყოს აქტიური და ეძიებდეს სიახლეებს. მასწავლებელი მუდამ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მოსწავლეებს თანამედროვეობას მორგებული, მათ ინტერესებთან თანხვედრაში მოსული გაკვეთილი შესთავაზოს და თითოეული მოსწავლის ჩართულობა გამოიწვიოს. რა არის ჩემთვის მთავარი? - ის, რომ სრულფასოვან ადამიანებად ჩამოვაყალიბო მოსწავლეები, ეს ჩემი პროფესიული მიზანია. 

- პროფესიულ მიზნებზე ვსაუბრობთ... პედაგოგთან ერთად, ხართ სკოლის ხელმძღვანელი, როგორც ლიდერისთვის, რა არის თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი მიზანი?

- ჯერ პედაგოგის თვალით ვიხედები და შემდეგ - ხელმძღვანელის, სწორედ ის ფაქტი, რომ ვიცი, რა გვჭირდება მასწავლებლებს, მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი მიზნები მეტად ოპტიმალურად განვსაზღვრო, მოვერგო მასწავლებლებს და მათ შევუქმნა ის გარემო, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ და ეს სიამოვნებით გააკეთონ, შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა, ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ, შევუქმნა მათ მშვიდ გარემოში გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა და რაც მთავარია, ისეთი განწყობა, რომ სკოლაში მუშაობა უხაროდეთ. თუ ადამიანს სამსახურში მისვლა გიხარია, მაშინ ყველაფერი იდეალურად იქნება და მე ვთვლი, რომ ჩემი მასწავლებლები ასეც არიან განწყობილნი. ძალიან ჭკვიანი და მოტივირებული პედაგოგები მყავს, მუდმივად ცდილობენ სასწავლო პროცესში სიახლეების დანერგვას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა ბოლომდე აღჭურვილი არ არის ტექნოლოგიებით, ეს არ აბრკოლებს მათ და ყველაფერს, რაც ხელეწიფებათ, მაქსიმალურად იყენებენ. 

სკოლაში 2006 წლიდან ვმუშაობ ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგად, დირექტორობის ამბიცია არასდროს მქონია, თუმცა ასე გამოვიდა, ვიყავი გამოცდებზე დარეგისტრირებული, მერე პანდემია დაიწყო და გეგმებიც შემეცვალა... მერე ჩვენი სკოლის დირექტორს ამოეწურა ვადა, დავრჩი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 

- რა გამოწვევაა სოფლის სკოლის პედაგოგობა? ხშირად გვესმის, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტია სკოლებში, თქვენთან რა ვითარებაა? 

- საბედნიეროდ ჩემი სკოლა მსგავსი გამოწვევის წინაშე არ დგას, ჭარნალს დაბის სტატუსი აქვს, ქალაქთან ახლოსაა და მოსახლეობის გადინების საშიშროებაც არ გვაქვს, პირიქით, ბოლო პერიოდია მატება გვაქვს მოსწავლეების და ჩვენი დაბაც მზარდია, სამომავლოდ კლასებიც გვემატება, ბავშვების რაოდენობა იზრდება და შენობის დამატებასაც კი ვგეგმავთ. კადრების დეფიციტიც არ გვაქვს, საბედნიეროდ. თუმცა სხვა სოფლის სკოლები ნამდვილად დგანან ამ მძიმე რეალობის წინაშე, სადაც ჭირს კადრებიც და მოსწავლეებიც, მრავალი მიზეზის გამო, იქნება ეს სწავლების ხარისხი თუ ყოფითი პრობლემები, სხვა სკოლებში გადაჰყავთ. გამომდინარე აქედან კი, მასწავლებლებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ჩაატარონ გაკვეთილები მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე და ეცადონ ისეთი გარემო შეუქმნან, რომ სირთულეების მიუხედავად, მაინც სიამოვნებით ჩერდებოდნენ სკოლაში. თუ ახალგაზრდებს სოფელში დარჩენის სურვილი არ გავუღვივეთ, მაშინ ცხადია, სოფელი დაცარიელდება, მუდმივი გადინება სოფლებიდან კი, საბოლოოდ მძიმე სურათს ქმნის. ამ რეალობის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მასწავლებლები ვართ, ადამიანები, რომლებიც, მათში მთავარ ღირებულებებს უნდა ვაღვიძებდეთ და ვეხმარებოდეთ საზოგადოებაში საკუთარი როლის პოვნაში. 

- გვესმის, რამდენად დიდი მისია გეკისრებათ მასწავლებლებს... თუ ურჩევთ მოსწავლეებს, გახდნენ პედაგოგები?

- აუცილებლად! დავუბრუნდები ჩემი დაწყებითების მასწავლებელს. ერთხელ, კლასის საათი ჩაგვიტარა და გაგვიზიარა შეხედულებები, თუ სად გვხედავდა მომავალში და რა პროფესიის ვიქნებოდით, ჩემზე თქვა პედაგოგი, ჩემს კლასელზე კი ექიმი... დღეს მე პედაგოგი ვარ, ის კი წარმატებული ექიმი. მასწავლებლებს ალბათ გვაქვს ნიჭი თუ ხედვა, რომ დავინახოთ, რა პოტენციალი აქვთ მოსწავლეებს. მე მყავს მეათეკლასელი, რომელსაც საოცრად გამართული მეტყველებისა და უნარების გამო, ვურჩევ მასწავლებლობას და ვეუბნები, რომ მისგან კარგი ფილოლოგი გამოვა. ასე რომ, თუ მოსწავლეში ვხედავ პოტენციალს, დიდი სიხარულით ვურჩევ მას პედაგოგობას

- გქონდეს გავლენა მოსწავლეებზე, ისევე, როგორც ოდესღაც, თქვენს მასწავლებელს ჰქონდა თქვენზე.... რას ნიშნავს ეს თქვენთვის და რა გაძლევთ ამ უნარს?

- ალბათ ის ურთიერთობა, სიყვარული და ჰუმანურობა, რასაც მოსწავლის მიმართ ვგრძნობთ და ეს ანალოგიურად, ბუმერანგივით გვიბრუნდება. ცხოვრებაშიც ხომ ზოგადად მოქმედებს ბუმერანგის პრინციპი - რასაც გასცემ, ის გიბრუნდება. ყოველთვის ვციტირებ შოთას: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი და სიყვარული უნდა გავცეთ, რომ იგივე დავიბრუნოთ. ბავშვის ფსიქოლოგია ისეთია, რომ მარტივად ხვდება შენ დამოკიდებულებას, ყველა სიტყვას, სიყალბესაც და გულახდილობასაც. ალბათ, თვითონ მოსწავლეები გვაძლევენ ძალას, რომ მათზე კარგი გავლენა გვქონდეს. 

- არის ის თაობა, ვინც „გაცემულს“, გიბრუნებთ? 

- რა თქმა უნდა, ნამდვილად ასეა, თორემ ჩვენი, პედაგოგების ცხოვრება ფუჭი იქნებოდა. მე არ მეგულება მასწავლებელი, ვისაც ერთი მოსწავლე მაინც არ ჰყავს, რომლისთვისაც მისაბაძია. 

- გახდე მოსწავლისთვის ავტორიტეტი, მხოლოდ საგნის სწავლებით არ იქნება განპირობებული... რა არის ის ღირებულებები, რასაც პედაგოგები მათ უნდა შთააგონებდნენ

- მე ყოველთვის ვამბობ, რომ მარტო საგნის ცოდნა არაა საკმარისი, მოსწავლეებს ის ღირებულებები და ადამიანური ფასეულობები უნდა ჩამოუყალიბო, რომლებიც ცხოვრებაში გამოადგებათ. შეიძლება მე ვიყო კარგი ფილოლოგი ან კარგი მათემატიკოსი, მაგრამ არ გამაჩნდეს ადამიანური ღირებულებები, შესაბამისად, რაც მე არ გამაჩნია, იმას ვერ გავავრცელებ და გადავცემ ადამიანებს. საგნის ცოდნა არის პრიორიტეტული, მაგრამ ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და ვასწავლოთ მოსწავლეებს ის მთავარი, რაც მათ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. უნდა შეგეძლოს ადამიანობა, რომ ადამიანებად აღზარდო ახალგაზრდები. 

- მასწავლებლობის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, თუმცა იმ ფაქტორებზე რას გვეტყვით, რაც ართულებს თქვენს პროფესიულ საქმიანობას? 

- 21-ე საუკუნეში ვართ და გამოწვევები ამ ეპოქის თანმდევია, ადრე თუ რუტინულად ვცხოვრობდით, ახლა ყოველი დღე გამოწვევაა, ამას ტექნოლოგიებიც განაპირობებს, მეტად განვითარებულები უნდა ვიყოთ, მხოლოდ წიგნით ვერ შემოიფარგლები. მასწავლებელი ყოველდღიურ განვითარებაში უნდა იყო, ყოველდღიურად ეძიებდეს, სწავლობდეს და სიახლისკენ ისწრაფოდეს. 

- ახერხებენ პედაგოგები, თანამედროვეობასა და ტექნოლოგიების სამყაროს რიტმს ფეხი აუწყონ? 

- სწორედ ამიტომ გვაქვს ამდენი გამოცდები, სწავლის, ტრენინგების გავლის, სხვისი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მასწავლებელი, რომელიც არის მოტივირებული და აქვს სურვილი განვითარდეს ამას ახერხებს კიდეც, გვაქვს რესურსი, რომ ზრდა არ შევწყვიტოთ. ამიტომ სკოლაში ისეთი პედაგოგები უნდა იყვნენ, რომლებიც საკუთარ განვითარებაზე იფიქრებენ, ამით, კი მოსწავლეებსაც განავითარებენ.

- თანამედროვე სამყარომ ახალგაზრდებში სხვა ინტერესები გააჩინა... რას გვეტყვით ახალ თაობაზე და რა განასხვავებს მას წინამორბედებისგან? 

- ჩვენი თაობა მაინც სხვა იყო, ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენი სურვილებისა და მოსაზრებების ასე თამამად დაფიქსირება. ამ თაობას კი, შეუძლია და მე ეს დამოკიდებულება ძალიან მიხარია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი თაობა მეტად პროგრესული, განვითარებული და ნიჭიერია. ის თაობაა, რომლის იმედიც მაქვს და მჯერა, რომ აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. ეს თაობა ჩვენი ნათელი წერტილია და შეძლებს იმას, რაც ჩვენ ვერ შევძელით. 

-  და ბოლოს, ქალბატონო შორენა, შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან... ხედავთ იმ პიროვნებას, ვისაც გინდათ, რომ ხედავდეთ?

- საკუთარი თავის შეფასება არ არის მარტივი, მე იმ ადამიანების რიგში ვარ, რომლებსაც საშინლად არ უყვართ საკუთარ თავზე ლაპარაკი, არც ის მიყვარს, როცა სხვა მაქებს, ბავშვობიდან სირცხვილით ვკვდებოდი და ვწითლდებოდი, როცა ჩემზე საუბრობდნენ. ვფიქრობ საკუთარ თავზე ვერასდროს ვისაუბრებ ბოლომდე გულწრფელად, ეს სხვისი საქმეა, სხვამ უნდა შეგაფასოს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი, როგორც პედაგოგისა და სკოლის ხელმძღვანელის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მიყვარს და ამ სიყვარულს გავცემ უანგაროდ. ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პოზიტიური გარემო შევუქმნა, გავცემ დადებითს და მინდა ეს მდგომარეობა, ის ურთიერთპატივისცემა, რაც მათთან მაკავშირებს, ბოლომდე შევინარჩუნო. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
სადაურობის სახელთა წარმოება -ეთ და -ის სუფიქსების შემცველი გეოგრაფიული სახელებისგან
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
ზგემ-ის საბოლოო დოკუმენტი - რა წერია „სკოლების კონსტიტუციაში“, რომელიც სამინისტრომ პარლამენტს გადაუგზავნა
აბიტურიენტების საყურადღებოდ - 1000-700-500 ლარიან ჯილდოს მიიღებთ სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის შექმნის პროცესში, მეორე კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული
დამსწრე საზოგადოება გაეცნო ბიბლიოთეკის მკითხველების - გივი ძველაიასა და გოგუცა გვაზავას შემოქმედებას.
ღონისძიების ხელმძღვანელი სალომე მესხია გახლდათ
„ვულოცავთ ლიანას და ქალბატონ მადონას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს, შემდგომ საქმიანობაში“,- ამბობენ სკოლაში
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება