სიახლეები
სიახლეები

„არ მინდა დავინახო შეშინებული მასწავლებელი“ - პედაგოგის წერილი კოლეგებს
26-09-2023
-
+


დამწყები პედაგოგები არცთუ იშვიათად აწყდებიან სკოლაში სხვადასხვა სახის უთანხმოებას. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც კოლეგებთან და ბავშვებთან, ასევე მშობლებთანაც. ამ დროს მასწავლებლის მიმართ გამოვლენილმა საყვედურმა, მით უფრო სხვების წინაშე შესაძლოა, ახალბედა პედაგოგს სამუდამოდ აუცრუოს გული საყვარელ პროფესიაზე. 

სწორედ მსგავსი ინციდენტის შესახებ გვიამბობს, დაწყებითების პედაგოგი თამარ ნათაძე, რომელსაც 40 წელიანი გამოცდილება აქვს.  წერილში, რომელიც მან გამოგვიგზავნა, დამწყებ პედაგოგებს მიმართავს.მათ ურჩევს, არ დანებდნენ და არ შეუშინდნენ იმ დაბრკოლებებს, რომლებიც პროფესიული საქმიანობის კვალდაკვალ შეხვდებათ. უფრო კონკრეტულად კი თავის წერილს უძღვნიდა ერთ-ერთ პედაგოგს, რომელსაც მოსწავლის მშობელმა სხვების წინაშე უსაყვედურა და თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინა.

აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„გულწრფელი წერილი ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს!!!
რამდენიმე დღის წინ აცრემლებული კოლეგა შემხვდა, არც თუ დიდი ხანია რაც სკოლაში მუშაობს, თუმცა არც გუშინდელი პედაგოგია, მაგრამ მაინც... მიუხედავად ჩემი გადატვირთული გრაფიკისა, ამ მდგომარეობაში ვერ მივატოვებდი და ერთმანეთს გავუზიარეთ სკოლაში მუშაობის გამოცდილება. მანაც გულახდილად მიამბო თავისი ნერვიულობის მიზეზი. ცრემლების მიზეზის მიხვედრა არ გაგიჭირდებათ, ამბიციური და კომპლექსებით შეპყრობილი მშობელი, რომელსაც ეჩვენება, რომ მისი შვილის მიმართ მასწავლებელი სუბიექტურია, არადა ისეთი გოგონაა, საუბრის დროსაც რომ წითლდება.

რა თქმა უნდა, მშობლობა რთულია, ნამდვილად არ არის ადვილი, მეც მშობელი ვარ და კიდევ უფრო რთულია იყო კარგი მშობელი, მით უმეტეს დღეს, როდესაც მშობლების მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ როგორმე შეძლონ ბავშვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება – გამოკვებონ, უზრუნველყონ ტანსაცმლით, ნორმალური განათლებითა და აუცილებელი სასწავლო ნივთებით. ასეთ პირობებში დიდი უსამართლობა იქნება განვიკითხოთ ყველა მშობელი და ვუსაყვედუროთ მას შვილთან არასწორი მიდგომების გამო.პირიქით, ჩემი მშობლები მაძლევენ მოტივაციას, რომ ხვალ ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ ვიყავი. მით უმეტეს, რომ შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეული, ყველა შეიძლება აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში.

ჩემო ახალბედა და დამწყებო კოლეგებო, მასწავლებლობას ბევრი ბედნიერი და წარმატებული წუთები ახლავს, რაც სხვა პროფესიისთვის უცხოა, მარტო იმ წერილების დასტა თუ ყურში ჩაჩურჩულებული ფრაზა:

- მასწავლებელო, ყველაზე ძალიან მიყვარხარ!- ათასჯერ გადაწონის ერთი ამბიციური მშობლის ნააზრევს.

ქუჩაში ნებსით თუ ენებლიეთ შეხვედრილი მადლიერი მშობელი რომ მოგეფერება და ათასნაირი ქათინაურით შეგამკობს, ათმაგად გადაწონის უკმაყოფილო მშობლის ნააზრევს, რადგან იცი, რომ ათასი მადლიერი გყავს.

პირად საქმეზე მისულს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი რომ გამოგებება, მოგეფერება და  თანამშრომლებს შენს შესახებ უამბობს, უმალ გავიწყდება ერთი მომდურებული ამბიციური მშობელი. ჰოდა, ჩემო კარგო, არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც ყველას უყვარს და ყველას მოსწონს. თუ არაფერს გააკეთებ, თუ მშობელს აცხოვრებ ილუზიაში, რომ მისი შვილი საუკეთესოა-მაშინ, შეიძლება მოგიწონონ, მაგრამ წლების შემდეგ ბავშვის გონებაში ვერაფერს დატოვებ, რაზეც იტყვის: ეს, ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა მასწავლა. ამიტომ, ორი გზა არსებობს: პროცესი და შედეგი, იაფფასიანი დროებითი სიყვარული და სიცოცხლის ბოლომდე დამახსოვრებული საყვარელი მასწავლებელი. არჩევანი შენზეა, რომელს აირჩევ.

განათლების და მეცნიერების სამინისტროვ - მე მაშინ დავიწყე მასწავლებლობა, როდესაც ეს პროფესია ზენიტში იყო და ვინც გაიგებდა ჩემი სამსახურის შესახებ, აღფრთოვანებული მილოცავდა. ახლა? - ახლა, ყველა მასწავლებლის უფროსი და ზედამხედველია, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია. ყველამ უკეთ იცის რა არის მოსწავლისთვის უკეთესი და ყველა ჭკუას არიგებს: განათლებული თუ გაუნათლებელი, საქმიანი თუ უსაქმური, ამბიციური თუ არა ამბიციური, კომპლექსიანი თუ უკომპლექსო, როგორი მიდგომები უნდა გამოიყენოს მოსწავლესთან. სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი გაფიქრებაც კი არ მინდა. არ მინდა დავინახო აცრემლებული და კუთხეში მიყენებული მასწავლებელი, არ მინდა დავინახო შეშინებული მასწავლებელი, დამფრთხალი თვალებით რომ იყურება აქეთ-იქით, ოღონდ მშობელმა არაფერი უთხრას და თხზავს ათასგვარ ილუზიებს. არ მინდა ვხედავდე სიამაყით შეპყრობილ მოსწავლეებს, რასაც უნდათ და როგორც უნდათ ისე რომ აკეთებენ და მათი უფლებების დაცვას იშველიებენ.

პ.ს ორდღიანი საუბრის შემდეგ, შევძელი ერთი ძალიან კარგი, პერსპექტიული და განათლებული ახალგაზრდა შევუნარჩუნე განათლების სისტემას.

თუ ასე გაგრძელდა, რა იქნება ხვალ?!“, - ნათქვამია წერილში.

აღნიშნული წერილის მიხედვის შემდგომ  დამატებითი განმარტებისთვის თამარ ნათაძეს დავუკავშირდით. მან გვიამბო ამ ფაქტის შესახებ და ზოგადად განათლების სფეროზე თავისი მოსაზრებაც გაგვიზიარა.

როგორც თავად აღნიშნა, წერილის მიზანი იყო, სკოლას შეუნარჩუნონ ახალბედა, დამწყები, კომპეტენტური პედაგოგები, რომ არ აიცრუონ გული სკოლაზე, განათლების სისტემაზე. მისთვის მნიშვნელოვანია ისეთი რეფორმების დანერგვა, რომლებიც წაადგება მომავალი პედაგოგების საქმიანობას.

„ჩემი კოლეგისგან რაც ვიცი, ის შემიძლია გითხრათ. ერთ-ერთმა მშობელმა უსაყვედურა სხვა მშობლების თანდასწრებით და ამ გოგონამ თავი იგრძნო შეურაცხყოფილად, დემოტივირებულად. თუმცა, როგორც ჩანს, ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მას, რომ მეტი გამოცდილება ჰქონოდა სხვანაირად იქნებოდა. ჩემი აზრით, პირველი იყო მისთვის მსგავსი შემთხვევა. მოღვაწეობის მანძილზე ბევრჯერ მოუწევს მას მსგავს და უარეს პრობლემებთან შეჯახება, მაგრამ უნდა შეძლოს, გაძლიერდეს. რეალური მიზეზი კი ამ ინციდენტის იყო შემდეგი: როგორიც წარმოედგინა მშობელს მისი შვილი ისეთი არ აღმოჩნდა. მშობლის ამბიციები ყოველთვის დიდია, ზოგი ფიქრობს, რომ თავისი შვილი ყოველთვის პირველი უნდა იყოს, მან უნდა თქვას ყველაზე კარგად ლექსი და ამოხსნას ამოცანა. ყველას უნდა აჯობოს. აუცილებელია, რომ ყველა მშობელმა გაითავისოს, ლიდერის როლში მისი შვილი ყოველთვის ვერ იქნება. ალბათ, სწორედ ასეთი დამოკიდებულება გახდა მასწავლებელსა და მშობელს შორის უთანხმოების მიზეზი“ , - გვეუბნება ის.

როგორ თავად გვიამბო, მას პირადად მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია. კოლეგები ხშირად ეკითხებიან კიდეც, თუ როგორ ახერხებს ამას. 

„ზღვარი მაქვს, ჩემსა და მშობლებს შორის, რომელსაც არ გადავდივარ. ჩემი მორალი, ჩემი პროფესიული გამოცდილება არ მაძლევს მისი გადალახვის შესაძლებლობას. არც მშობლებს ვუშვებ შიდასამზარეულოში. მასწავლებელმა თავად უნდა მოაგვაროს უთანხმოება საკლასო ოთახში, სადაც დირექტორიც არის, მოადგილეც, პრეზიდენტი და ა.შ“, - აღნიშნავს პედაგოგი.

დაწყებითების მასწავლებელი თამარი ნათაძე განათლების სფეროზეც გვესაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად არ მოსწონს - „ქაღალდომანია“. მისთვის მნიშვნელოვანია პედაგოგების პრაქტიკული საქმიანობა და არა ის, რაც ქაღალდებზე წერია. მისივე თქმით, ამას ძალიან დიდი დრო და ენერგია მიაქვს, რაც პედაგოგს ფიტავს და სკოლის მიღმა სხვა ცხოვრება ყურადღების გარეშე რჩება.

„განათლების რეფორმაში, პირველ რიგში, შევცვლიდი - „ქაღალდომანიას“ და მას მოვხსნიდი. მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე გავამახვილებდი მეტ ყურადღებას. მე არ ვეთანხმები, რომ ქაღალდებით აწყობილი საქმე რეალურია. როგორ უნდა გადამოწმდეს ეს არ ვიცი, განათლების მესვეურებმა უფრო კარგად უნდა შეძლონ ეს. ქაღალდებზე დაწერილი არ ნიშნავს, რომ ის რეალურად ისეა. მაშინ, განათლების მხრივ, კვლევების მიხედვით, საქართველო არ იქნებოდა ბოლო ადგილზე თუ ასე ვმუშაობთ და ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ქაღალდებზე წერია. მეც ვარ წამყვანი მასწავლებელი, გარე დაკვირვებაც გავიარე, აქტივობების მიხედვით, მაგრამ ჩემი მთავარი პრიორიტეტია თამაშებით სწავლება დაწყებით კლასებში. ბავშვები ისე სწავლობენ ამა თუ იმ საკითხს, რომ ზოგჯერ თავადაც ვერ ხვდებიან, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.

ზედმეტი პასუხისმგებლობების, გადატვირთულობისა და უამრავი საქმის გამო, რომელსაც ეს პროფესია მოითხოვს, როგორც პედაგოგმა გაგვიმხილა, შესაძლოა ერთ დღესაც წერტილი დაუსვას ამ საქმიანობას. ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ეს ფორმალური საკითხებია, რომელსაც დიდი დრო და შრომა მიაქვს.

„სადღაც მეც შემიძლია დავსვა წერტილი პედაგოგიურ საქმიანობაში. როგორც კი საგაკვეთილო პროცესს ვასრულებ მაშინვე ვიწყებ იმაზე ზრუნვას, რომ მოვასწრო ბიუროკრატიული დოკუმენტების - „ქაღალდების“ მოწესრიგება. ყველაფერი ავტვირთო მატერიალური და ელექტრონული სახით. მასწავლებლის უკან ოჯახიც დგას. მარტოხელა დედა ვარ, ჩემი შვილები ყურადღების მიღმა რჩებიან, რადგან არ მაქვს დრო. მთლიანად ჩართული ვარ საგაკვეთილო და საგანმანათლებლო სფეროში. თუ რაიმე გრჩება გაუკეთებელი, მაშინ აღარ ხარ კარგი მასწავლებელი - ყველაფერი უნდა მოასწრო, რაც ძალიან რთულია. უნდა იყო კარგი მასწავლებელიც, რეჟისორიც, დედაც, ყველაფერი უნდა გააერთიანო ამ სიტყვაში - მასწავლებელი. ახლაც პინოქიოს თავგადასავალს გავდივართ გაკვეთილზე, ჩიტები მოვიტანეთ კლასში...“, - გვეუბნება პედაგოგი.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
„ხელფასთან ერთად მასწავლებლებისთვის განსაზღვრული გვქონდა 1000 ლარიანი დანამატი“ - მინისტრი
პირველკლასელთა რეგისტრაციის დეტალური ინტრუქცია - რა ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ ბავშვის სკოლაში დასარეგისტრირებლად
ბაღის თანამშრომლების დამატებითი ვალდებულება - ახალი დოკუმენტი
მოუწევთ თუ არა მოსწავლეებს თანხის გადახდა ავტობუსში - დადგენილება
როგორ უნდა ნახოთ არის თუ არა დარჩენილი თავისუფალი ადგილები იმ სკოლაში სადაც ბავშვის  პირველ კლასში მიყვანა გსურთ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ
პროექტი განხორციელდა ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. ბავშვებმა სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს
ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
ბოლოს, კი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ყველა ნამუშევარი მათ სადემონსტრაციო კედელზე გააკრეს
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება