სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„გამოცდების არსებული სისტემა სკოლას პირდაპირ კლავს... რეპეტიტორები რომ არა, უარესი შედეგები გვექნებოდა“ - განათლების სპეციალისტი
21-09-2023
-
+


2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სტუდენტის სტატუსი 34 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც წინა წელთან შედარებით, 2 700-ით მეტია და ეს ბუნებრივიცაა, რადგან წელს აბიტურიენტების უპრეცედენტო რაოდენობა იყო, თუმცა მათგან სახელმწიფო გრანტის მფლობელი მხოლოდ 6 540 გახდა. 

იმავდროულად, მაღალია იმ აბიტურიენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს საბუნებისმეტყველო საგნებში. ფიზიკაში ზღვარი ვერ გადალახა აპლიკანტთა 30.95%-მა, ქიმიაში - 19.53 % -მა, ბიოლოგიაში - 14.71%-მა. 

ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა ინგლისურ ენაში დაიწერა - 649. მეორე ადგილზე ქართული ენა და ლიტერატურაა, სადაც მაქსიმალური ქულა 75-მა გამოსაცდელმა მიიღო. 

რაზე მეტყველებს ეროვნული გამოცდების შედეგები, ამის შესახებ ანალიზი etaloni.ge-მ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის თავმჯდომარეს, განათლების სპეციალისტს, შალვა ტაბატაძეს სთხოვა, რომელიც განმარტავს, რომ სტუდენტთა რაოდენობის ზრდა სულაც არ მეტყველებს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთა ზოგადი განათლების მაღალ დონეზე.

- ბატონო შალვა, ყოველ წელს იმატებს სტუდენტთა რაოდენობა და წელს ისევ რეკორდული ზრდა გვაქვს. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი - უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდობა გვყავს თუ სხვა მიზეზია? 

- გასაანალიზებელია მისაღები გამოცდების სისტემა - რამდენად არის გამართული, რამდენად სწორად არის განაწილებული მოთხოვნები საგნებზე და რამდენად უწყობს ის ხელს საზოგადოების განვითარებას, უმაღლესი განათლების განვითარებას და ისეთი კადრების მოზიდვას, რომლებიც შეძლებენ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას. 

ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ გამიჯნონ მისაღები და ზოგადი განათლების სისტემა, რომ თითქოს სკოლებში ხარისხის განვითარებას მივხედოთ და მისაღები გამოცდების სისტემა უბრალოდ ზომავს რაღაცებს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. მისაღები გამოცდების სისტემა სწორედაც რომ უკავშირდება სასკოლო განათლებას და განსაზღვრავს, თუ რა ტიპის სასკოლო განათლება გვაქვს. გვაქვს სისტემა, სადაც სკოლაში მიღებულ ცოდნას, იქ გატარებულ დროს, მიღებულ გამოცდილებას არანაირი გავლენა არ აქვს უმაღლესში ჩაბარებაზე. 

საკმაოდ დამაფიქრებელი შედეგებია სხვადასხვა საგანში, რაც აუცილებლად სამსჯელოა. რადგან მისაღები გამოცდების სისტემის შეცვლაზე არ საუბრობენ, არსებულ სისტემაში ორიენტირები მაინც უნდა განისაზღვროს სწორად და კარგად, რომ ამან სწორი ორიენტირი მისცეს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს. 

- სკოლის ფუნქციის გაზრდა ალბათ მთავარი უნდა იყოს ამ ერთიან სისტემაში... უნივერსიტეტებმა რა შეიძლება შეცვალონ?

- დიახ, სკოლას თავის ფუნქცია უნდა ჰქონდეს მისაღები გამოცდების სისტემაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ რეფორმაზე რომ არ მოდიან, ეს ცალსახაა. ხედავენ გარკვეულ რისკებს და ა.შ., რაც აბსურდია.

უნივერსიტეტებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ავტონომიურობა შეზღუდულია, ურჩევნიათ მისაღები გამოცდების არსებული სისტემა, რადგან ბევრ ფინანსურ-ადმინისტრაციულ პრობლემას უგვარებს და გამზადებულად იღებენ სტუდენტებს ისე, რომ არანაირი ძალისხმევა არ აქვთ ამ პროცესში. საზოგადოების დიდი მხარდაჭერაც აქვს ამ პროცესს და ამიტომ ურთულდებათ მისი შეცვლა, მაგრამ აუცილებელია იმ სავალდებულო არჩევითი და გრანტის გაცემაზე ორიენტირებული სისტემების შეცვლა, რომელიც მეტ ფოკუსს გააკეთებს სწორედ იმ ცოდნასა და უნარებზე, უმაღლესში სასწავლად რომ არის საჭირო. 

რომ გავაანალიზეთ ეს ტესტირებები, აღმოჩნდა, რომ მთელი ფოკუსი გადატანილია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებზე. ბარდება გამოცდები, სადაც სავალდებულოა ქართული და ინგლისური.  აბიტურიენტებს საუკეთესო შედეგები სწორედ ამ საგნებში აქვთ. 

რა ხდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში? ზოგადი უნარების და მისი მათემატიკური ნაწილი რომ გაუქმდა, დღეს მათემატიკას ირჩევს აბიტურიენტთა მხოლოდ 38%. დაახლოებით 15 ათასმა ჩააბარა მათემატიკა, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ 38%-ში შემოწმდა მათემატიკური უნარები. მათემატიკური უნარები უმაღლესი განათლებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, ყველა პოტენციური სტუდენტისთვის უნდა მოწმდებოდეს, რადგან ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებზე შეიძლება აბარებდეს, მაგრამ მათემატიკური საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეს სტუდენტს. თუ ეს ცოდნა არ აქვს, გამორიცხულია, საბოლოოდ კარგი განათლება მიიღოს ან კარგი განათლების პირობებში იყოს წარმატებული. ჩვენ არ ვამოწმებთ მათემატიკურ უნარებს და ვისთანაც ვამოწმებთ, რა შედეგები გვაქვს? იმ 15 ათასიდან 50%-მდე აბიტურიენტს აქვს დაბალი და დაბალს ქვემოთ შედეგები, ანუ მინიმალური კომპეტენციებიც არ აქვთ. მხოლოდ 7 ათასმა აჩვენა საშუალო და საშუალოზე მაღალი შედეგი. ეს ნიშნავს, რომ ვინც სტუდენტი ხდება, მათ უმრავლესობას მათემატიკური ცოდნა და უნარები არ გააჩნია. 

- საბუნებისმეტყველო საგნებში გაცილებით სავალალო მდგომარეობაა...

- დიახ, ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიაში ჩაჭრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 20-დან 31%-მდე გვაქვს. ფიზიკა მხოლოდ 601-მა აბიტურიენტმა აირჩია და ამ 601-დან 31% ჩაიჭრა. ვინც აბარებს, ისიც არა სკოლის, არამედ რეპეტიტორების დამსახურებაა. რეპეტიტორები რომ არა, კიდევ უარესი შედეგები გვექნებოდა, მაგრამ, ცალსახაა, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები, სტუდენტები აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან. 

- მისაღები გამოცდების შეცვლის რა მეთოდს გულისხმობთ, რომელიც ამ პროცესს გამოასწორებს?

- მისაღები გამოცდების არსებული სისტემა, დაფინანსების სისტემა, უნივერსიტეტების არჩეული საგნების სისტემა არ აკეთებს ორიენტირს ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებზე და მხოლოდ და მხოლოდ ქართული და ინგლისურია ის საგნები, რომლის საფუძველზეც, ფაქტობრივად, ხდებიან სტუდენტები, რაც სავალალოა. ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის გარეშე რთულია განავითარო განათლების სისტემა. როდესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაზე გაქვს მთავარი მოთხოვნა, ორიენტირი მშობლებისა, მოსწავლეებისა, სკოლებისა ხდება ეს საგნები და ამიტომაც გვაქვს სავალალო შედეგები სხვა საგნებში.

მე მაგისტრებს და დოქტორანტებს ვასწავლი და მაგისტრატურაშიც კი მოდიან სტუდენტები, რომლებიც აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან არამარტო მაგისტრატურისთვის, ბაკალავრიატისთვისაც კი. ლექტორებს ჰკითხეთ, ბაკალავრიატში რა ხარისხის და დონის სტუდენტები მოდიან - არანაირი მათემატიკური უნარი არ გააჩნიათ.

ერთ-ერთი ჩემი კოლეგა წერდა, 90-ის 30% ვერ გამოიანგარიშა ბაკალავრიატის მესამე კურსის ვერც ერთმა სტუდენტმაო. ელემენტარული საბაზისო მათემატიკური უნარიც არ აქვთ, რომელიც ზოგადი განათლების ნაწილია, არამცთუ კვლევითი უნარები და რაოდენობრივი ანალიზები აკეთონ სხვადასხვა საკითხებისა. აბიტურიენტების უმრავლესობას სწორედ ქართულსა და ინგლისურში აქვთ საშუალოზე მაღალი და მაღალი შედეგები და ჩაჭრილების რაოდენობაც ყველაზე დაბალი, 4%-ს ქვემოთ არის ორივე საგანში. 

ქართული და ინგლისური ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესში ჩასაბარებლად, მაგრამ ამ საგნებში უნდა განვსაზღვროთ ის მინიმალური კომპეტენცია, რომლის გარეშეც უმაღლესი განათლება ვერ უნდა მიიღოს ადამიანმა. ამიტომ, გაცილებით უპრიანია, ამ საგნებში იყოს სასერტიფიკატო გამოცდები, რაც გულისხმობს, რომ ამ საგნებში კი არ შევაჯიბროთ აბიტურიენტები ერთმანეთს, არამედ განვსაზღვროთ ის მინიმუმი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, რათა გახდეს სტუდენტი. ეს მინიმუმი დღევანდელი 15 და 20%-იანი ზღვარი კი არ უნდა იყოს, არამედ 50%. გრანტის მისაღებად კი ფაკულტეტებმა უნდა აირჩიონ საგნები, სადაც აბიტურიენტები მინიმალურ კომპეტენციებს დაადასტურებენ. 

რადგან უნარების გამოცდა არ გვაქვს, მათემატიკაში სავალდებულო გამოცდა უნდა ბარდებოდეს ყველასთვის. ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო ფაკულტეტებსაც არ აქვთ მოთხოვნა ორივე საგანზე - ქიმიასა და ბიოლოგიაზე. ხშირ შემთხვევაში, ფინანსების პროგრამას არ აქვს მათემატიკა სავალდებულო საგნად მითითებული და იღებს აბიტურიენტს, რომელსაც ამ საგანში ელემენტარული ცოდნაც არ აქვს. 

არსებული გამოცდების სისტემა, სკოლას პირდაპირ კლავს. დიდი ხანია, ამაზე საუბრობენ, მაგრამ ვერ გაბედა და განახორციელა ვერც ერთმა მთავრობამ და განათლების მინისტრმა. არადა, ყველა მინისტრი საუბრობდა ამ ცვლილებაზე. ბატიაშვილის დროს იყო საუბარი, ჩხენკელის დროს იყო საუბარი, მაგრამ ვერ განხორციელდა. 

ვინც კარგ შედეგებს აჩვენებენ მისაღებ გამოცდებზე, მაინცდამაინც კარგი სტუდენტები არ არიან შემდგომში, რაც იმის დამსახურებაა, რომ გვაქვს ფორმალური ზოგადი განათლების სისტემა, რომელიც ხარისხიან განათლებას ვერ აძლევს მოსწავლეს, მაგრამ ითვლება, რომ აძლევს. გამოდის, რომ უმრავლესობა ფორმალურად იღებს განათლებასაც და დიპლომსაც. მთელი ეს პროცესი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და საბოლოო ჯამში, შედეგად ვიღებთ იმას, რომ გვყავს ვითომ უმაღლესი განათლების მქონე პირები კვალიფიკაციის გარეშე. კომპლექსურად უნდა შეიცვალოს ყველა კომპონენტი და მათ შორის, მისაღები სისტემაც. მისაღები გამოცდების სისტემა არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც აიგნორებს სკოლას და უპირატესობას რეპეტიტორთან მომზადებას ანიჭებს. სწორედ ეს სისტემა გვაქვს დღეს. 

- საზოგადოების ნაწილი რეპეტიტორების ინსტიტუტის გაუქმებაზეც საუბრობს სკოლის როლის გაძლიერებისთვის?

- რეპეტიტორების ინსტიტუტის გაუქმება თვითმიზანი არ უნდა იყოს. როდესაც ცოდნის დანაკლისია, ამ დანაკლისის აღმოფხვრას ახდენენ იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს. რეპეტიტორთა ინსტიტუტი მაინც იარსებებს, საუკეთესო ზოგადი განათლების სისტემაც რომ გვქონდეს. რომელიღაც მშობელს ექნება სურვილი, რომ დამატებითი სერვისები მიიღოს და გადაიხადოს თანხა. ბრძოლა რეპეტიტორების წინააღმდეგ კი არ უნდა გავაჩაღოთ, უნდა ვისაუბროთ, როგორ გავაძლიეროთ სკოლა და მისი ფუნქცია მისაღები გამოცდების სისტემაში. მხოლოდ რეპეტიტორებს არ უნდა ჰქონდეთ მისაღები გამოცდების ფუნქცია შეთავსებული.

- ხშირად მოგვისმენია, რომ პროფილურ სწავლებაზე გადასვლას ითხოვენ განათლების სპეციალისტები. თქვენი თეორია ამ მოსაზრებას უარყოფს?

- პროფილური სწავლება შეიძლება იყოს უფრო მეტად ფოკუსირებული გარკვეულ საგნებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ორიენტირებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, მან არ უნდა ჰქონდეს ის საბაზისო მათემატიკური ცოდნა, რომელიც სჭირდება ასევე ყველა ჰუმანიტარს. მათემატიკურ პროფილს ვინც აირჩევს, მან ამ საგანში უნდა განივითაროს არა მხოლოდ ის, რასაც ჩვენი სასწავლო გეგმა მოითხოვს, არამედ გაცილებით მაღალი კომპეტენციები. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩემი შვილი სწავლობს, მოსწავლეთა ერთი ნაწილი ამთავრებს სკოლას, რომელთა კომპეტენცია მათემატიკაში არის ალგებრა 2-ის დონეზე, ხოლო მოსწავლეების ნაწილი ივითარებს იმ კომპეტენციას, რაც უმაღლესში ისწავლება ჩვენთან. ალგებრა 2-ის დონე ყველა მოსწავლის ვალდებულებაა, მაგრამ ვისი პროფილიც მათემატიკურია, ბევრად მეტი კომპეტენცია უნდა დაადასტუროს. ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც ასეა და პროფილური სწავლება არ ნიშნავს იმას, რომ მათემატიკა საერთოდ არ უნდა იცოდნენ ჰუმანიტარებმა და მათემატიკოსებმა - წერა-კითხვა და ქართულის ან ინგლისურის კომპეტენცია საერთოდ არ ჰქონდეთ. 

არსებული დაფინანსების სისტემა, რომელიც მიბმულია სტუდენტთა რაოდენობაზე, აიძულებს უნივერსიტეტებს, ორიენტირი გააკეთონ რაც შეიძლება მეტი სტუდენტის მიღებაზე და მოთხოვნების გამარტივებაზე, რათა მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. 
ამას მოსდევს ის, რომ ლექტორები წუწუნებენ მოუმზადებელი სტუდენტების გამო. ეს მოუმზადებელი სტუდენტები მაინც ახერხებენ უმაღლესის დამთავრებას, იმიტომ, რომ კვლავ იგივე პოლიტიკა აქვთ - მაქსიმალურად შეინარჩუნონ გადახდისუნარიანი სტუდენტები. ამიტომაც არის მისაღები გამოცდების სისტემა დაფინანსების სისტემასთან კომპლექსში განსახილველი. 

- დაფინანსების ახალ სისტემაზეც კარგა ხანია საუბრობენ, თუმცა ჯერ ისევ გაურკვეველია, რის გაკეთება უნდათ...

- დიახ, დაფინანსების საკითხი ვერ გადაწყდა უკვე 10 წელია. მიმდინარეობს ახალ მოდელზე მსჯელობა. ახლა საუბარია, რომ 2024 წლიდან საპილოტედ შემოვა გარკვეული მოდელი და შემდგომ მოხდება მისი დანერგვა, თუმცა კონკრეტულად რა მოდელზეა საუბარი და რა გავლენას მოახდენს ეს პროცესებზე, ჯერ ცნობილი არ არის.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება