სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ვცდილობ, ჯერ ღირსეული ადამიანი ვიყო და შემდეგ ღირსეული დირექტორი“- დავით ცვარიანი, ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი
22-09-2023
-
+


„დირექტორი რომ გავხდი, თათბირებზე მასწავლებლებს ვთხოვე, მოსწავლეებისთვის გვარით არ მიემართათ და მათი სახელები დაემახსოვრებინათ. ვურჩიე, ბავშვებისთვის სითბო და მზრუნველობა გვეჩვენებინა. ნამდვილად საამაყო მაქვს იმ კუთხით, რომ ჩემი დირექტორობის პერიოდში, მოსწავლეებს გული არ სტკენიათ“,- ალბათ, ძალიან გაუმართლათ იმ სკოლის მოსწავლეებს, რომლის დირექტორიც მათზე ასეთი სითბოთი, სიყვარულითა და პატივისცემით საუბრობს.

როდესაც ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორს, დავით ცვარიანს etaloni.ge სხვადასხვა სასკოლო საკითხზე ინტერვიუს ჩასაწერად დაუკავშირდა, საუბრის განმავლობაში, ფაქტობრივად, მის ყველა წინადადებასა და ფრაზაში იგრძნობოდა მოსწავლეების მიმართ მისი გულწრფელი დამოკიდებულება - დავით ცვარიანი მოსწავლეებს ჩამოყალიბებულ, სრულფასოვან ადამიანებად აღიქვამს, რომელთა მიმართაც უდიდეს პასუხისმგებლობასა და პატივისცემას გრძნობს.

თავად სკოლას უკვე 7 წელია ხელმძღვანელობს, ჩააბარა გამოცდა და გასაუბრებაც გაიარა. დირექტორობის უფლება კიდევ 6 წელი აქვს, შემდეგ კი ამ პოზიციაზე საკუთარ თავს ვეღარ ხედავს, რადგან სურს, ასპარეზი ახალ თაობას დაუთმოს. დავით ცვარიანის თქმით, სკოლას განახლება, „ახალი სისხლი სჭირდება“. 

დავით ცვარიანმა საკუთარი სკოლის, მოსწავლეების, პედაგოგების, განათლების სფეროში არსებული სიახლეების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ etaloni.ge-სთან ვრცლად ისაუბრა.

- ახალი სასწავლო წელი ახლახან დაიწყო, რა სიახლეებით შეხვდით მას? 

- ჩვენ იმ სკოლებს შორის მოვხვდით, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გარემონტდება. ორი კორპუსი გვაქვს, ახლახან დაიწყო ერთ-ერთის რეაბილიტაცია, ამიტომაც ის დავცალეთ და მეორე კორპუსში გადავედით. ჩვენი სკოლა 3 წელიწადში 150 წლის ხდება და რეაბილიტაციას ნამდვილად საჭიროებდა. ეს კორპუსი, დაახლოებით, თებერვლის ბოლოს დასრულდება. შემდეგ კი, მეორე კორპუსი და ეზოც გასაკეთებელია. ამ ეტაპზე, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასწავლო წლის პირველ დღეს მოკრძალებული ღონისძიება გვქონდა.

- რაც შეეხებათ პირველკლასელებს, რამდენი მოსწავლე მიიღეთ?

- აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, მატებაა, რაც ძალიან გაგვიხარდა. წელს სკოლაში სულ 13 პირველკლასელი მივიღეთ.  მათ მივულოცეთ, კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადავეცით და საკლასო ოთახში პატარა ღონისძიება მოვუწყვეთ.

- გასული წლები ახსენეთ, როგორი იყო თქვენი სკოლისთვის 2022-2023 სასწავლო წელი? 

- უნდა ითქვას, რომ გასული სასწავლო წელი ნამდვილად წარმატებით დავასრულეთ. აღსანიშნავია, რომ 13 აბიტურიენტი გვყავდა და 13-ვე სტუდენტი გახდა. მათგან 5 ოქროს და 2 ვერცხლისმედალოსანია. ერთმა მათგანმა 100%-ანი, 2-მა - 50%-ანი დაფინანსება მოიპოვა. აქედან გამომდინარეც შემიძლია ვთქვა, რომ გასული წლის შედეგებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ.

- რას სთავაზობს თქვენი სკოლა მოსწავლეებს, რატომ არის მათთვის მიმზიდველი?

- 7 წელია დირექტორი ვარ და სიმართლე გითხრათ, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ სკოლის მთელი გუნდი - პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი ყურადღებას მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ვამახვილებთ. ამით ყველა მშობელი კმაყოფილია, იციან, რომ თავიანთი შვილები უსაფრთხოდ არიან. გარდა ამისა, სწავლებასთან ერთად, სააღმზრდელო პროცესში, უამრავ ღონისძიებას ვაწყობთ. ჩვენ ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართული და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით ვხელმძღვანელობთ.

- კონკრეტულად რა სახის ღონისძიებებსა და აქტივობებზე საუბრობთ?

- ყველა საგანში, სამივე საფეხურზე, მასწავლებლები, კათედრები სხვადასხვა პროექტს ერთობლივად ახორციელებენ. მაგალითად, საბუნებისმეტყველო კათედრა მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა წებოს მიღება, საპნის მიღება. უცხო ენების კათედრაც უამრავ პროექტს ახორციელებს, რათა მოსწავლეები სხვადასხვა ენას წარმატებით დაეუფლონ. ახალი თაობის განვითარებისთვის აქტიურად ვშრომობთ. გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ერთი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ - მოვიგეთ გრანტი, 20 კომპიუტერი შევისყიდეთ და კომპიუტერების კლასი მოვაწყვეთ, სადაც პედაგოგები გვყავდა მოწვეული. ეს პროექტი ექვსთვიანი იყო, მოსწავლეები კომპიუტერს დაეუფლნენ და ბოლოს, სერტიფიკატებიც დაიმსახურეს. სკოლას კი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლასი დარჩა.

- მსგავსი პროექტების განხორციელებას ისევ გეგმავთ? 

- დიახ, რასაკვირველია. წელსაც ვფიქრობთ, რომ ერთი პროექტი გავაკეთოთ, რითაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები რაიმე პროფესიას დაეუფლებიან, ალბათ, უფრო ტურიზმის კუთხით. კარგი იქნება, მოსწავლეებმა ჩვენი კუთხე რომ დეტალურად შეისწავლონ, შემდეგ ინფორმაცია სხვადასხვა საიტებზე ატვირთონ და ტურისტების მოზიდვა ისწავლონ. ამით ისინი ჩვენს მუნიციპალიტეტს უცხოელებსაც გააცნობენ. ახლა ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ.

- განათლების და მეცნიერების მინისტრმაც განაცხადა, რომ ზოგად განათლებაში პროფესიული განათლება სავალდებულო ნაწილად უნდა გავხადოთო, როგორია ამ საკითხზე თქვენი, როგორც დირექტორის აზრი? 

- ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა, მივესალმები. ძალიან კარგია, რომ მოსწავლეები, პარალელურად, რაიმე პროფესიასაც ეუფლებოდნენ. ეს შესანიშნავია, რადგან ჩვენ უამრავი სპეციალისტი გვჭირდება. ეს ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან უმეტესობა უმაღლეს განათლებაზეა ორიენტირებული, რაც, თავის მხრივ, კარგია, მაგრამ ამდენი კადრი გვჭირდება?! ზოგჯერ ისე ხდება, რომ უმაღლეს სასწავლებელს შესანიშნავად ამთავრებენ და უმუშევრები არიან. მე გული ძალიან მტკივა ჩემი იმ საუკეთესო მოსწავლეების გამო, ვინც უნივერსიტეტები დაამთავრეს და საკუთარი ცოდნის რეალიზება გაუჭირდათ, საკუთარი პროფესიით ვერ მუშაობენ.

- რაც შეეხებათ მასწავლებლებს, გყავთ სტატუსიანი პედაგოგები?

- სკოლაში სულ 26 მასწავლებელი ვართ, აქედან 10 წამყვანია, 16 კი უფროსი. აღსანიშნავია, რომ ერთმა სტატუსი ახლა აიმაღლა, წამყვანი გახდა, ველოდებით, ალბათ, სტატუსი ამ დღეებში დაუფიქსირდება. ეს იქნება მე-11 წამყვანი მასწავლებელი. მიხარია, რომ ყველა პედაგოგი გუნდურად მუშაობს. პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ყველა ზრუნავს. ამ ყველაფერთან ერთად კი, ჩვენთვის მთავარი მაინც მოსწავლეა - მისი უსაფრთხოება, სწავლება, აღზრდა.

- რას იტყვით პედაგოგების კარიერული წინსვლის სქემასა და იმ გზაზე, რასაც მასწავლებლები გადიან?

- ამ საკითხთან დაკავშირებით, სუბიექტური აზრი მაქვს. თავდაპირველად, როდესაც მასწავლებელი სტატუსს მხოლოდ გამოცდით იმაღლებდა, ძალიან კარგი იყო. შემდეგ, კარგად მოგეხსენებათ, ეს კრედიტქულების დაგროვებით ხდებოდა. მე ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ პედაგოგს სტატუსი მხოლოდ გამოცდის საფუძველზე ამაღლებოდა.

- წელს მთავრობამ მასწავლებლის ეროვნული დღე დააწესა, რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? 

- კარგა ხანია, ამ ინფორმაციას ვფლობ და სწორედ დღეს წავიკითხე, ქვეყნის მასშტაბით, ჯილდოს 10 მასწავლებელი მიიღებსო. ჩვენთან 10 კი არა, დარწმუნებული ვარ, ათასობით პროფესიონალი პედაგოგია, რომლებიც თავიანთ მოვალეობას თავს ღირსეულად ართმევენ. ამიტომ ძალიან ძნელია, რომ ამდენი მასწავლებლიდან 10 ამოარჩიო. ეს ვიღაცის გულისტკივილს მაინც გამოიწვევს. ჩემი აზრით, ამხელა თანხის გაცემას შეიძლება სჯობდეს, რომ პედაგოგების რიცხვი გაიზარდოს და თანხა შემცირდეს ან რაიმე სხვა მოიფიქრონ.

- დირექტორების გამოცდასთან დაკავშირებით როგორია თქვენი აზრი, თავად თუ ჩააბარეთ?

- დირექტორების გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. არ ყოფილა ისეთი საკითხი, რაც დირექტორს არ მოეთხოვება. პირადად ჩემთვის, საკითხები უმარტივესი იყო. განათლების სამინისტროს კომისიის გასაუბრებაზეც ვყოფილვარ, იქაც ძალიან მშვიდი ატმოსფერო იყო. მიმაჩნია, რომ რა კითხვებიც იყო, რაც ყველა დირექტორმა კი არა, ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს.

- რამდენი ხანია, რაც სკოლის დირექტორი ხართ? 

- 7 წელია, რაც სკოლის დირექტორი ვარ, აგვისტოს მეორე ნახევარში გასაუბრება მქონდა. მე უფლება მაქვს, რომ საქმიანობა კიდევ 6 წელი გავაგრძელო, შემდეგ, რა თქმა უნდა, აღარ გავაგრძელებ, რადგან მომავალი თაობა, ახალი კადრები, ახალი სისხლია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ენერგია და გამოცდილება მაქვს, მე სკოლის დირექტორობას მაინც არავითარ შემთხვევაში არ გავაგრძელებ, არც პედაგოგობას, რადგან მაშინ უკვე პენსიაზე ვიქნები. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ახალ კადრებს, ახალ თაობას უდიდეს პატივს ვცემ.

- ახალგაზრდა კადრები ახსენეთ, როგორ ფიქრობთ სკოლას ისინი სჭირდება?

- სკოლას ახალგაზრდა კადრები, განახლება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ასაკოვანი მასწავლებლები ძალიან ენერგიულად მუშაობენ, ახალ კადრს მაინც სხვა ეფექტი და დატვირთვა აქვს. ერთი ასეთი კადრი გასულ წელს მივიღე.

- როგორ ფიქრობთ, მასწავლებლის პროფესიის მიმართ ინტერესი ახალგაზრდებში შემცირებულია თუ გაზრდილი?

- მგონი შემცირებულია, მე ახალგაზრდა კადრებს სიამოვნებით მივიღებდი, მაგრამ არ არიან. ქალაქიდან აქ არავინ წამოვა. მგონი გამოცდები, სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებული დრო აშინებთ.

- დირექტორობის პარალელურად რაიმე საგანს თუ ასწავლით? 

- მე, როგორც კი დირექტორი გავხდი, მხოლოდ მე-12 კლასი დავიტოვე, მათ ქართულ ენას და ლიტერატურას ვასწავლი. ძალიან კარგი ბავშვები არიან, უდიდეს პატივს ვცემ ადამიანურ ღირებულებებს, მე ჯერ ადამიანი ვარ, შემდეგ ვარ დირექტორი. ჩემი სკოლით, სასკოლო საზოგადოებით ვამაყობ. მართლაც ღირსეული სკოლის დირექტორი ვარ. ამიტომაც ვცდილობ, რომ ჯერ ღირსეული ადამიანი ვიყო და შემდეგ ღირსეული დირექტორი. რამდენად გამომდის ეს, ალბათ, სასკოლო საზოგადოებას უნდა ჰკითხოთ. მიმაჩნია, რომ ადამიანობა არ იკარგება.

- თქვენთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა რამდენად მნიშვნელოვანია?

- ნამდვილად მნიშვნელოვანია. მათ ყოველთვის ვხვდები, სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ვესაუბრები. ისეთ მასალაზე ვუმახვილებ ყურადღებას, რაც შეიძლება სახელმძღვანელოებში არ იყოს. კლასებში სადამრიგებლო საათი ტარდება ხოლმე და მე კლასის დამრიგებელთან და მოსწავლეებთან შეთანხმებით, ისე არ ვასრულებ სემესტრს, რომ თითოეულ კლასს არ შევხვდე და არ ვესაუბრო მათთვის საინტერესო თემებზე და არ ავუხსნა „რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყვეთ მომავალში“. სიმართლე გითხრათ, დირექტორი რომ გავხდი, თათბირებზე მასწავლებლებს ვთხოვე, მოსწავლეებისთვის გვარით არ მიემართათ და მათი სახელები დაემახსოვრებინათ. ვურჩიე, რომ ბავშვებისთვის სითბო და მზრუნველობა გვეჩვენებინა. ნამდვილად საამაყო მაქვს იმ კუთხით, რომ ჩემი დირექტორობის პერიოდში, მოსწავლეებს გული არ სტკენიათ. პატარებმა სიტყვა შატალო არ იციან რა არის.

- ჩანს, მოსწავლეებს ისე უდგებით, როგორც ჩამოყალიბებულ ადამიანებს...

- დიახ, ნამდვილად ასეა. შემდეგ ბავშვები გახსნილები არიან, სხვანაირ პასუხისმგებლობას გრძნობენ. სხვათა შორის, წელს სხვა სკოლებიდან 14, ხოლო წინა სასწავლო წელს 7 ბავშვი გადმოვიდა. ეს ძალიან სასიხარულოა, მსიამოვნებს და უფრო დიდ პასუხისმგებლობას მძენს. 

- მოსწავლეთა გადმოსვლა თქვენს სკოლაში არსებულმა გარემომ და დამოკიდებულებებმა განაპირობა? 

- მოსწავლეები აქ მშვიდად არიან. მოზარდებს თბილი დამოკიდებულება ძალიან სიამოვნებთ. უფროსებს როგორ გვიყვარს, როდესაც რამდენიმე თბილ სიტყვას გვეტყვიან და მოზარდებს, მით უმეტეს, უხარიათ, შემდეგ მოტივირებულები ხდებიან. ტრადიციად მაქვს დამკვიდრებული, დილით ყველა დამრიგებელი, პირველიდან მეთორმეტემდე, თავის მოსწავლეებს ხვდება. თუ რომელიმე მათგანი არ არის, იმ წამსვე ურეკავს მშობელს და მიზეზს ეკითხება. თუკი რომელიმე შეუძლოდაა და გათავისუფლება უნდა, ვურეკავ მშობელს, საქმის კურსში ვაყენებ, შემდეგ ისინი მოდიან, ვაბარებ და ერთად ვუშვებთ სკოლიდან. ჩემთვის მთავარი საფიქრალი მოსწავლეა.

- საუბრის დასასრულს, რას ურჩევთ მასწავლებლებს, არდადეგების მერე, როგორ ჩართონ მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად? 

- უპირველეს ყოვლისა, ბავშვებისა და სკოლის სიყვარულს ვურჩევდი. თუკი მასწავლებელს პროფესია და მოსწავლე არ უყვარს, თუკი კოლეგიალური, მომთმენი არ არის, გაუჭირდება. მე რაც მაძლებინებს, ეს ჩემი საქმის სიყვარული და სასკოლო საზოგადოების მიმართ პატივისცემაა. მოსწავლეს ისე უნდა უყურო, როგორც იმ პიროვნებას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. სადაც სიყვარულია, იქ საქმე კარგად კეთდება.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
თითოეული პირველკლასელი 100 ლარს მიიღებს - ბიუჯეტი
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება