განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მასწავლებელთა საგაკვეთილო საათების განაწილების წესის განახლებაზე მუშაობას იწყებს. გადაწყვეტილება სახალხო დამცველის ზოგადი წინადადების გაზიარებას მოჰყვა, რომლის მიზანიც მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების რისკის შემცირებაა. ცვლილებების მოსამზადებლად სამინისტრო სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელშიც განათლების სექტორის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
სახალხო დამცველის მიერ გავცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აცნობა, რომ გაიზიარა მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით წარდგენილი ზოგადი წინადადება.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს სამინისტროს მზაობას, ზოგადი წინადადების გათვალისწინებით განაახლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი. ამ მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც განათლების სექტორის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, საგაკვეთილო საათები ობიექტური კრიტერიუმებისა და მკაფიო პროცედურების საფუძველზე განაწილდეს. ამგვარი მოწესრიგება, სკოლების ავტონომიის შენარჩუნებასთან ერთად, ხელს შეუწყობს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკის შემცირებას.
სახალხო დამცველი მიესალმება სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ზოგადი წინადადებით წარმოდგენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარებას. სამინისტროს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის ხელშეწყობისკენ და წარმოაჩენს უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემაში თანასწორი გარემოს განმტკიცებაში.