სიახლეები
სიახლეები

„სკოლებში ჩინური ენის სწავლება მხოლოდ მაშინ დაინერგება, თუ ჩინელ მასწავლებლებს შემოიყვანენ“ - სინოლოგი ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმზე
14-08-2023
-
+


„მოხარული ვართ, ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს - ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ახლახან, ჩინეთში ვიზიტისას.

აღნიშნული მემორანდუმის დეტალები უცნობია, თუმცა, რამდენად შესაძლებელია ამ ეტაპზე ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლება, ამის გასარკვევად, etaloni.ge-მ სინოლოგს, ჩინური ენის მცოდნესა და მასწავლებელს, ნენე ახობაძეს მიმართა.  

ნენე ახობაძე 5 წლის განმავლობაში ჩინეთში ცხოვრობდა და ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის უნივერსიტეტში, ჩინეთის ისტორიას სწავლობდა. სამშობლოში დაბრუნებულს კი ქართველი მოსწავლეები ჰყავს, რომლებსაც ამ ენას ასწავლის. როგორც ნენე ამბობს, ქართულ სკოლებში, ჩინური ენის სწავლება მხოლოდ მაშინ გახდება რეალური, თუ პედაგოგებს ჩინეთიდან ჩამოიყვანენ.

- ნენე, თუ იცით, კონკრეტულად რას გულისხმობს მემორანდუმი, რომელსაც ხელი ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა მოაწერა და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ დაწყებით კლასებში ჩინური ენის სწავლება ან რამდენად გვყავს ქვეყანაში ჩინურის მცოდნეები?

- როგორც ჩინურ მედიაში ვნახე, მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყოს ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლების დანერგვა. ვფიქრობ, ცოტა არარეალურ ამბავთან გვაქვს საქმე. არ არის წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, რომ მივხვდეთ, რას გულისხმობენ.

თუ ჩინეთი გამოაგზავნის აქ მოხალისეებად ამ ენის მასწავლებლებს ისე, როგორც მოხალისე ამერიკელები გამოაგზავნეს ინგლისურის სასწავლებლად, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ამ იდეის განხორციელება.

ქვეყანაში ქართველი სინოლოგები ცოტა გვყავს და თანაც, უნივერსიტეტშიც კი, ჩინური ენის ლექტორს იმდენად დაბალი ხელფასი აქვს, წარმომიდგენია, სკოლაში რამდენად დაბალი იქნება ანაზღაურება. შესაბამისად, არ მგონია, ვინც ჩვენთან ჩინური ენა იცის, მათგან ბევრმა გამოთქვას სურვილი, სკოლაში ასწავლოს. შესაბამისად, ამ იდეის განხორციელება საეჭვო ამბავია.

- რამდენად რთული ენაა, შეძლებს დაწყებითი კლასის მოსწავლე ჩინურის შესწავლას?

- თუ მოხალისე მასწავლებლები ჩამოვლენ, ალბათ შეიძლება ბავშვებმა ისწავლონ, თუმცა, ვფიქრობ, ჩინური ენის სწავლება არ უნდა იყოს სავალდებულო, რადგან არ არის მარტივი და მსუბუქად სასწავლი ენა, არ არის მარტივი და ყველა ბავშვს ვერც დააინტერესებ, თუმდაც თამაშ-თამაშით ასწავლო. შესაბამისად, ჩინური ენის სწავლება იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რომ მშობელს, მასწავლებელს თუ ვიღაც სხვას უნდა ეს.

ინგლისურისა თუ სხვა ენებისგან განსხვავებით, ჩინური საკმაოდ რთულია. დაწყებით კლასებში ალბათ შეისწავლიან ფინინს. ფინინი ლათინური ანბანია. ეს ანბანი გვეხმარება იეროგლიფის წაკითხვაში. ამ ფინინების გამოთქმა კი რადიკალურად განსხვავებულია ლათინურისგან, ინგლისურისგან... ზოგი ქართულ გამოთქმას უფრო წააგავს, ვიდრე ინგლისურს.

მერე, ტონები იქნება სასწავლი - ოთხი ტონი მანდარინში. მანდარინი ჩინურ ენათა ნაწილია. ამ დროს ხდება ცალკეული სიტყვების სწავლა - ამ ცხოველს ასე ჰქვია, იმას ასე... როგორც, მაგალითად, ინგლისური ისწავლება, იგივე პროგრამით. თუ ბავშვს სწავლა არ უნდა, მასწავლებლისთვისაც ზედმეტი დატვირთვა იქნება და მისთვისაც. ბავშვი იქნება სტრესში, რომ დამატებით რაღაც ახალ, უცხო საგანს ასწავლიან, რომელის მიმართ არც ინტერესი აქვს და დროც უნდა დახარჯოს.

თუ დამატებით, არჩევით საგნად იქნება - მინდა დავესწრები და თუ მომეწონა, გავაგრძელებ, მაშინ კარგი იქნება. ალბათ მათი დაინტერესება უფრო ადვილი იქნება, ვისაც ხატვა მოსწონს, რომ ესა თუ ის იეროგლიფი, რომელიც მაგალითად, აღნიშნავს რომელიღაც ცხოველს, შესაბამისად შეასრულოს. თუ მუსიკალური ინტერესი აქვს ბავშვს, მაშინაც შეიძლება, ტონებს შორის განსხვავებით ადვილად გავაგებინოთ ესა თუ ის გამოთქმა. ერთი სიტყვით, ბავშვს ინტერესი შეიძლება ბევრი რამით გავუღვივოთ, თუმცა ეს მარტივი საქმე არ არის.

- თავად როგორ დაინტერესდით ჩინური ენით?

- სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდან არ ვყოფილვარ ამ ენით დაინტერესებული. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. სინოლოგის რამდენიმე ლექციას დავესწარი, მომეწონა თვითონ ენაც და ისიც, რომ ამ ენის სწავლით მექნებოდა შესაძლებლობა, გაცვლითი პროგრამით წავსულიყავი ჩინეთში და თუ კარგად ვისწავლიდი, იქ შევძლებდი სწავლის გაგრძელებას.

თავიდან მეგონა, რომ ძალიან მარტივი იყო. მეც რომ ვუხსნი თავიდან ჩემს მოსწავლეებს, მარტივად იგებენ, მაგრამ მერე, უცბად ძალიან რთულდება. გროვდება ბევრი იეროგლიფი, რომლებიც ხანდახან ერთმანეთს ჰგავს, გიგროვდება ბევრი სიტყვა, ბევრი სინონიმი... გრამატიკაც რთულდება ნელ-ნელა. ანუ დაწყება არ არის იმდენად რთული, რამდენადაც გაგრძელება და ენის სწავლების ბოლომდე მიყვანა. ჩინეთში სამაგისტროზე რომ ვმუშაობდი, მაშინ მქონდა ეგ განცდა - მარტივი მეგონა და უცბად, რაც უფრო ღრმად მინდოდა შემესწავლა, მით უფრო რთული მეჩვენებოდა. 

ჩინურ ენაში 50 000-ზე მეტი იეროგლიფია და აქედან ყველა თავად ჩინელებმაც კი არ იციან. უცხოელებისთვის გამოცდა ჩინურ ენაში ექვს ნაწილად არის გაყოფილი, მაგრამ დღე-დღეზე ველოდებით, რომ ცხრა ნაწილად გადაკეთდეს.

პირველი დონე 150 იეროგლიფით შემოიფარგლება და ბოლო, მეექვსე დონე რომ ჩააბარო, 6 000 იეროგლიფი უნდა იცოდე. მეექვსე დონეს რომ ჩააბარებ და 6 000 იეროგლიფი იცი, ესეც არ განსაზღვრავს ენის ცოდნას და ვერ იტყვი, რომ კარგად იცი. მე მაქვს ექვსივე დონე ჩაბარებული 2013 წელს. მაშინ თავი ჩინელი მეგონა და ჭკუაზე არ ვიყავი. მერე კი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი - ჩინეთის ისტორიის კუთხით რომ გავაგრძელე სწავლა, აღმოვაჩინე, რომ ეს 6 000 იეროგლიფი კონკრეტულად გარკვეული მიმართულების მიხედვით ვისწავლე და კიდევ უამრავი ახალი იეროგლიფი უნდა მცოდნოდა, რომ ისტორიის სწვალა მომეხერხებინა. 

ყველას იეროგლიფები ახსენდება ჩინურზე, მაგრამ ეს არაფერია, ისწავლი და დაიმახსოვრებ, გამოთქმაა ძალიან რთული. საუბრისას ყურადღება უნდა მიაქციო ტონებს. ოთხი ტონი აქვს ენას და თუ ტონი შეცდომით თქვი, სხვა სიტყვა გამოგდის. ეს ტონები ართულებს ენის სწავლას, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევი და აღარ გიჭირს.

- რამდენად მოთხოვნადია ჩინური ენა საქართველოში, ბევრი მოსწავლე გყავთ?

- საკმაოდ მოთხოვნადია, რაც ჩემთვისაც გასაკვირი იყო. გასული წლის ოქტომბერში დავიწყე მოსწავლეების მომზადება და 10 მოსწავლე მყავს. აქედან, ყველაზე პატარა, 8 წლისაა. 12 წელზე მეტი ასაკის მოსწავლეები მყავს და სტუდენტიც. 10-ზე მეტ მოსწავლეს ვერ მივიღებ, თორემ მოთხოვნა უფრო მეტია. ჩემთვის მარტივი არ ყოფილა ამ ენის შესწავლა და, შესაბამისად, იმ ფასში ვასწავლი, რა ფასიც მიღირს. ამიტომ, ხშირად ფასი არ აკმაყოფილებთ და დაბალბიუჯეტიან პედაგოგს ეძებენ. როგორც ვიცი, რამდენიმე კერძო სკოლაშიც ისწავლება ჩინური.

- სკოლაში სწავლება რომ შემოგთავაზონ, უარს იტყვით?

- არ ვიცი. გააჩნია გრაფიკს და ხელფასს. როდესაც მშობელი მეუბნება, რომ უნდა, შვილს ჩინური ასწავლოს, პირველ რიგში, ბავშვს ველაპარაკები და მასთან ვარკვევ, უნდა თუ არა მას ამის შესწავლა. ბავშვს თუ არ უნდა, ძალიან რთულია ჩემთვისაც და ბავშვისთვისაც, ორივე დროს ვკარგავთ. ყველა ბავშვს თავისი მიდგომა უნდა და ბევრი დროა საჭირო. მყავს რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც ძალიან დატვირთულები არიან, ბევრ საგანში ამზადებენ მშობლები და ჩინურსაც რომ ამატებენ... ბავშვსაც უნდა, ისწავლოს ჩინური, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით მივდივართ, რადგან დრო არ აქვს და ბევრის სწავლას ვერ ასწრებს.

- რამდენად საჭიროა, დღეს საქართველოში იცოდე ჩინური და რისთვის?

- ამ ენის მცოდნე ცოტანი ვართ ქვეყანაში, რაც გარკვეულ პრობლემას ქმნის. მაგალითად, ტურისტულ სეზონზე გიდად ვმუშაობ და ხშირად ხდება, რომ გვყავს ჩინელი ტურისტები, მაგრამ არ გვყავს გიდები, რომლებსაც ამ ენაზე საუბარი შეუძლიათ. კომპანიას ჩინელი გიდები შემოჰყავს, რომლებიც რას ყვებიან... ხშირად ყური მოგვიკრავს, ჩინელი გიდი ტყუილს, ზღაპარს უყვებოდა ტურისტებს და ამაზე ვბრაზდებით, თუმცა თავს ზემოთ ძალა არაა. როგორც ვიცი, ჩინეთის პრეზიდენტმა ამ გაზაფხულზე მეგობარ ქვეყნად გამოგვაცხადა, რამაც ქვეყანაში ბევრი ჩინელი ტურისტის მოზიდვა გამოიწვია და ალბათ მაგის შედეგი იყო, რომ ეს მემორანდუმიც გაფორმდა.

- ჩინელები ინგლისურად ან რუსულად უნდა ესაუბრონ ჩვენს მოსწავლეებს?

- არ მგონია, ასე იყოს, რადგან ჩინეთშიც, როცა ნულიდან იწყებს სწავლას სტუდენტი, ჩინურად და ხელებითა და ფეხებით ხსნიან გაკვეთილს და მაქსიმალურად ცდილობენ, სხვა ენა არ გამოიყენონ. იქ რომ ვსწავლობდი, სტანდარტული ლექციების გარდა, დამატებითი ლექციებიც გვქონდა, რომელსაც ჩინური ენის ფილოლოგიაზე რომ სწავლობდნენ, ის ჩინელები გვიტარებდნენ. თუ რაიმე გაუგებარი იყო ან რაიმე კითხვა გვქონდა, გვიხსნიდნენ და დამატებითაც გვამეცადინებდნენ. ამის გარდა, უნივერსიტეტს ჰქონდა ე. წ. ჩინური ოჯახის პროგრამა – ჩინურ ოჯახთან ერთად ვატარებდით შაბათ-კვირას. ჩინური ოჯახის წევრი იყო უნივერსიტეტის წარმომადგენელი – ლექტორი ან თანამშრომელი და მის ოჯახთან ერთად მივდიოდით ქალაქგარეთ, ან კინოსა თუ თეატრში.

- ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არის შიში საქართველოში ჩინელების შემოსვლისა და გამრავლებისა...

- მეეჭვება, ჩინელები აქ დარჩნენ საცხოვრებლად. 5 წელი ვცხოვრობდი და იქ ვისთან ურთიერთობაც მქონდა, უმეტესობა საზღვარგარეთ სწავლობდა, მუშაობდა, მაგრამ ბოლოს მაინც თავის ქვეყანაში ბრუნდებოდა. ყველა ადამიანს უნდა, იქ იცხოვროს, სადაც უფრო კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს. ჩინეთში კი ცხოვრება ბევრად კომფორტულია, ვიდრე საქართველოში. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასეა. შესაბამისად, არ მგონია, მოშორდნენ თავიანთ, ჩვენზე წინ წასულ ქვეყანას და აქ დასახლდნენ. რაც შეეხება ინვესტიციების აქ ჩადებას, კარგიც იქნება, რომ ჩამოვიდნენ ამ მიზნით.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
„ხელფასთან ერთად მასწავლებლებისთვის განსაზღვრული გვქონდა 1000 ლარიანი დანამატი“ - მინისტრი
პირველკლასელთა რეგისტრაციის დეტალური ინტრუქცია - რა ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ ბავშვის სკოლაში დასარეგისტრირებლად
ბაღის თანამშრომლების დამატებითი ვალდებულება - ახალი დოკუმენტი
მოუწევთ თუ არა მოსწავლეებს თანხის გადახდა ავტობუსში - დადგენილება
როგორ უნდა ნახოთ არის თუ არა დარჩენილი თავისუფალი ადგილები იმ სკოლაში სადაც ბავშვის  პირველ კლასში მიყვანა გსურთ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ
პროექტი განხორციელდა ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. ბავშვებმა სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს
ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
ბოლოს, კი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ყველა ნამუშევარი მათ სადემონსტრაციო კედელზე გააკრეს
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება