სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„როგორ გაიზარდა მასწავლებელი პროფესიულად - ეს უნდა იყოს პორტფოლიოს მიზანი და არა ის, რომ ვინმეს აჩვენოს პროფესიული საქაღალდე“ - ლიანა ჩხაიძე
07-06-2023
-
+


„მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და ბედნიერი ვარ იმით, რომ მოსწავლეებს ვუყვარვარ - ესაა ჩემთვის პრიორიტეტი“, - ასე დაიწყო etaloni.ge-სთან საუბარი თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორმა ლიანა ჩხაიძემ და 2022-2023 სასწავლო წელიც შეაფასა. მედალოსნობის რამდენი კანდიდატი ჰყავთ? წამყვან-მენტორობის რამდენი მსურველი წარადგინეს მასწავლებლის სახლში და რა არის სკოლის ხელმძღვანელის მთავარი მიზანი? - კითხვებზე პასუხს ლიანა ჩხაიძის ინტერვიუდან ამოიკითხავთ.

- მიმდინარე სასწავლო წელს ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, რათა მოსწავლეებს გაკვეთილები არ გაეცდინათ... მოგეხსენებათ, წინა ორი წელი ონლაინ-სწავლების გამო, ბავშვები საკმაოდ ამოვარდნილნი იყვნენ გრაფიკიდან... ეს ეხება პირველ-მეორე კლასებს, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეებს; მუდმივი კონტროლი გვქონდა მე-12 კლასთან დაკავშირებით, თითქმის ყოველდღე შევდიოდი, ვამოწმებდი და დამრიგებლებსაც ჰქონდათ მუდმივი კომუნიკაცია, რათა ბავშვებს არ გამოჰყოლოდათ ექსტერნატები; გვყავს ოქროსა და ვერცხლის მედალოსნობის კანდიდატები - 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი გადის ჩვენი სკოლიდან, ნამდვილად წარმატებული ბავშვები არიან და თამამად ვიტყვი, რომ წელიც დავასრულეთ წარმატებით! ჩვენთან კლასები სულ სავსე იყო, გაკვეთილებიც ტარდებოდა და სასწავლო პროცესიც გამართულად მიმდინარეობდა.

- პირველკლასელების საყოველთაო რეგისტრაცია იწყება - რა მოლოდინი გაქვთ, ქალბატონო ლიანა?

- მოხარული ვარ, რომ მოსწავლეთა რაოდენობა ჩვენთან საგრძნობლად გაიზარდა, წელს განაცხადი ორ კლასზე გავაკეთეთ, რომლებიც ფაქტობრივად შეივსო და ვფიქრობ, მესამე პარალელის დამატებაც მოგვიწევს...

- არის სკოლაში სათანადო რესურსი?

- გვაქვს საკლასო ოთახი, განაცხადი შევიტანეთ და მოგვაწვდიან მერხებს, დაფებს... არის სკოლაში საშუალება, რომ განვათავსოთ მესამე პარალელი და ვიქნებით ერთ ცვლაში, თუმცა თუ მოსწავლეთა რაოდენობა მოიმატებს, დავამატებთ ცვლასაც! ჩვენი მიზანია, გავხდეთ ისეთივე მოთხოვნადი, როგორიც არის სხვა სკოლები...

სიმართლე გითხრათ, მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა განაპირობა იმან, რომ სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, ინფრასტრუქტურულად სკოლის შენობა გაიმართა, მაგრამ გვაქვს ერთი პრობლემა, რასაც გვპირდებიან, რომ მოგვიგვარებენ - არ გვაქვს სპორტდარბაზი,  ღია სივრცეში კი სპორტის გაკვეთილები ცოტა რთული ჩასატარებელია; იმედია, უმოკლეს ვადაში ამასაც მოაწესრიგებს სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სააგენტო.

- ინფრასტრუქტურა ახსენეთ და რამდენად აქვს ამ ფაქტორს სწავლის ხარისხზე გავლენა?

- რა თქმა უნდა, მოტივაციაზე მოქმედებს ინფრასტრუქტურა - მაგალითად, ისტ-ის გაკვეთილებს ონლაინ-რეჟიმში ვატარებდით, მაგრამ, განაცხადის საფუძველზე, შემოგვიტანეს კომპიუტერები და მომავალი წლისთვის, გვექნება ისტ-ის კაბინეტიც... გვპირდებიან ახალ მერხებს, მოგვიწესრიგეს ბიბლიოთეკა, სკოლაში სისუფთავეა, ბავშვებიც კარგად გრძნობენ თავს, თუმცაღა არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც ეტაპობრივად მოგვარდება... იცით, როცა ინფრასტრუქტურა გამართულია, მშობელიც იმედიანად არის, რომ მის შვილს არც საფრთხე შეექმნება და ბავშვი ყველაფერს მიიღებს, რაც მის განათლებას სჭირდება.

- ბოლო დროს ხშირად გვესმის ფრაზა „უსაფრთხო სასკოლო გარემო“...  რას ნიშნავს ეს, თქვენთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის?

- უსაფრთხო სასკოლო გარემო არ არის მხოლოდ სკოლის შენობა და საკლასო ოთახი! უსაფრთხო სასკოლო გარემო - ესაა როცა სკოლას აქვს სპორტული დარბაზი... როცა იცი, რომ ბავშვს შეუძლია, უსაფრთხოდ ივარჯიშოს და და კიდევ ერთი საკითხი - ჩვენს სკოლას აქვს ძალიან დიდი ფართობი - 2 ჰექტარზე მეტი, მოსახლეობა ეზოს იყენებს ძაღლების გასასეირნებლად და მე მეშინია, როცა სკოლის ეზოში დილით მხვდება 15-20 ძაღლი პატრონით, ალიკაპისა და საბელის გარეშე - იქ, სადაც ბავშვები შემოდიან, სადაც სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს, სადაც არ გვაქვს სპორტული დარბაზი!

ხომ არ ვიცი, ეს ძაღლები როდის აცრეს, როგორი მოვლილია? არადა, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ბავშვების ჯანმრთელობაზე...

- რეგულაცია ხომ არსებობს?

- ვიძახებ საპატრულოს, ცხოველთა მონიტორინგს, მაგრამ, როგორც ჩანს, 20-ლარიანი ჯარიმა არაფრად უღირდათ... ახლა თანხა გაიზარდა და ამ მხრივ საბედნიეროდ მივდივართ დალაგებისკენ...

ისე, როგორც სკოლის დირექტორს მეამაყება, რომ ბავშვები მენდობიან, დამრიგებლის შემდეგ, თუ რაიმე პრობლემა არსებობს, ვიცი; არ ვცდილობ, მოსწავლეებთან მქონდეს იმპერატიული დამოკიდებულება, ვამჯობინებ მეგობრულ ურთიერთობებს; მათ უნდა იცოდნენ - რაც პრობლემაც უნდა ჰქონდეთ, მოგვარებაში დავეხმარები.

- როგორც ვატყობ, დასჯის მექანიზმებს არ იყენებთ...

-ზოგჯერ პრობლემა სასჯელით არ გვარდება - ამას ნდობა, გულისხმიერება, კეთილგანწყობა და სიყვარული სჭირდება! თუ ბავშვს დასჯი, მეორე დღეს შეიძლება მეტად გაღიზიანებული მოვიდეს... ამიტომაცაა, ალბათ, მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობით მე და ჩემი კოლექტივი ყოველთვის ვდგავართ ჩვენი ბავშვების ინტერესების სადარაჯოზე.

გარდა ამისა, ჩვენ არასოდეს ვამბობთ უარს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა მიღებაზე - სკოლას ჰყავს 32 სსსმ მოსწავლე და დიდი სიყვარულით ვემსახურებით მათ, სხვათა შორის, ნუცუბიძის ბავშვთა სოფლიდანაც გვყავს მოსწავლეები...

- რთულია ასეთი მრავალფეროვანი სკოლის მართვა? სტიგმაზეც გკითხავთ - რეალურად არ ითვლის საზოგადოება ქრომოსომებს?

- მე თავს არ მოგაჩვენებთ და ტყუილსაც ვერ ვიტყვი - სამწუხაროდ, საზოგადოება ითვლის ქრომოსომებს... ამ საკითხის დარეგულირებას სჭირდება მუდმივი კომუნიკაცია ბავშვთან, მასწავლებლებისთვისაც არ არის მარტივი, მით უმეტეს, იცით, რომ მათი ნაწილი რამდენიმე სკოლაში მუშაობს...

- ამას ხომ კანონი არ კრძალავს, ქალბატონო ლიანა?

- არის რვასაათიანი სამუშაო დღე, მაგრამ მასწავლებლებს აქვთ უფლება, სხვადასხვა სკოლაში დაიწყონ მუშაობა, რაც რვასაათიან სამუშაო დღეს უკვე გამორიცხავს.

- აქ ანაზღაურებასთან მივდივართ...

- რა თქმა უნდა! თუმცა აქვე დავძენ, რომ გარკვეული საგნის მასწავლებლების დეფიციტიც გვაქვს, არადა კარგი მასწავლებელი მინდა მეც და სხვა სკოლასაც! ამიტომ ვცდილობთ, ეს რესურსი გადავინაწილოთ ცხრილის საშუალებით.

- წამყვან-მენტორობის რამდენი განაცხადი წარადგინეთ თქვენი სკოლიდან?

- მხოლოდ ერთი - ეს პედაგოგი გახლავთ ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი და აქვს ძალიან კარგი პორტფოლიო...

- პორტფოლიო - რომელსაც, თავად პედაგოგების თქმით, მოსწავლეების ინტერესები გადაჰყვა... მოგწონთ კარიერული წინსვლის სქემა?

- სამწუხაროდ მეც ვხედავ ამას - ხშირად, მიმიქცევია ყურადღება, რომ მასწავლებელს გაკვეთილზე ისეთი საკითხები გამოუტანია, რომელიც პორტფოლიოსთვის სჭირდება! ვფიქრობ, მასწავლებელს კომპეტენციისთვის ნამდვილად სჭირდება ტრენინგიც, შეხვედრებიც, პორტფოლიო კი იმისთვის უნდა იყოს, პედაგოგმა საკუთარი ნაშრომი შეაფასოს! კონკრეტულ კლასში რაღაც პრობლემა რომ ჰქონდა, რა გააკეთა მის აღმოსაფხვრელად, როგორ გაიზარდა პროფესიულად - ეს უნდა იყოს პორტფოლიოს მიზანი და არა ის, რომ ვინმეს აჩვენოს პროფესიული საქაღალდე.

ვფიქრობ, ესაა წარმატებული სკოლის ფორმულაც და კიდევ ის, რომ თითოეულ ჩვენგანს უპირობოდ უნდა უყვარდეს თითოეული ბავშვი - მე ასე მესმის სკოლის დირექტორობაც და მასწავლებლობაც. ასე რომ, სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის მეყვარება ჩემი საქმეც და ჩემი ბავშვებიც.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

„პედაგოგს ისეთი მიდგომები უნდა ჰქონდეს, რომ დააინტერესოს მოსწავლე“ - ქიმიის გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველები ტესტის შესახებ საუბრობენ

გრაფიკები, იმპულსები, მუხტები... - ცნობილია, რა წერეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდაზე

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება