სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

რომელი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლებაა რთული  - საჯარო სკოლის დირექტორები გამოცდილებას გვიზიარებენ
05-04-2023
-
+


საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხურია - დაწყებითი (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები). თითოეული მათგანისთვის ძირითადი ამოცანები და მიზნებია ჩამოყალიბებული. 

მასწავლებლები ყველა მოსწავლის განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა მიდგომასა და აქტივობას იყენებენ. თითოეულ საფეხურის თავისი სპეციფიკა აქვს, პედაგოგებს კი შესაბამის გამოწვევებთან გამკლავება უწევთ. 

საინტერესოა, თუ რომელი საფეხურის მოსწავლეების სწავლებაა მასწავლებლებისთვის ყველაზე რთული - ამ კითხვით, etaloni.ge -მ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს მიმართა:

ციური გოგიბერიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი:

იქიდან გამომდინარე რომ საშუალო საფეხურის მოსწავლეები არ გვყავს გამიჭირდება ამ ასაკის მოსწავლეებზე საუბარი, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე რთული სწორედ ამ ასაკის მოსწავლეებისთვის სწავლებაა, რადგან მათი უმეტესობა, ვისაც სწავლა უნდა, რეპეტიტორებთან დადის და სკოლაში დიდად აღარ იხარჯებიან. ჩვენ სკოლაში დაწყებით და საშუალო საფეხურის მოსწავლეები გყავს და სიმართლე გითხრათ მათთან ამ მიმართულებით სირთულეებს არ ვაწყდებით. 

იზა ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ვფიქრობ, უფრო რთული დაწყებითია, ვინც ამ საფეხურს წარმატებით დაძლევს, შემდეგ სწავლა გაუიოლდება. მთავარი საფუძველია. მასწავლებლებისთვის სირთულე ჩვენთან ენის არცოდნაა, თუმცა ამას პირველკლასელები დაახლოებით ნახევარი სასწავლო წლის მერე ძლევენ. ჩვენ, რადგან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ვართ, ბავშვებმა ქართული არ იციან. ისინი სახელმწიფო ენაზე საუბარს სკოლაში სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ ძალიან მარტივად ითვისებენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შრომა დაწყებითი კლასების მასწავლებლებს უწევთ. შემდეგ საფეხურებზე სწავლა მოსწავლეებსთვისაც უფრო მარტივია.

ლიუდმილა ლექვინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, სწავლება ყველაზე რთული მე-5 კლასშია. მათ 4 წელი 1 მასწავლებელი ჰყავდათ, გადავიდნენ მე-5-ში და ჰყავთ 8 პედაგოგი. ბავშვის ყურადღება 8 ადამიანზე ნაწილდება. აქამდე საშინაო დავალებაში ქულა არ ეწერებოდათ, არც შემაჯამებელი მეცადინეობები ჰქონდათ. ამ ყველაფერთან შეგუება კი ცოტა რთულია. მთავარი მაინც ის არის, რომ მოსწავლეებს 4 წლის განმავლობაში მასწავლებელთან ურთიერთობის ბარიერი აღარ ჰქონდათ, მე-5 კლასში კი, ამ მხრივ, ცოტა დაბნეულები არიან. ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ მე-5 კლასის პირველ სემესტრში ისევ განმავითარებელი შეფასებაა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი, რასაკვირველია, პედაგოგისთვისაც რთულია.

ნონა დავითაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველაზე რთული, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლებაა. ამ დროს ბავშვი ახალ ცხოვრებას ეგუება. მანამდე, მართალია, ბაღში დადიან, მაგრამ სასკოლო ცხოვრებას, რეჟიმს შეჩვეული არ არიან. ამიტომაც ბევრი სიახლის ერთდროულად მიღება უწევთ. სწორედ ესაა მიზეზები, რის გამოც ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული სწავლება სწორედ დაწყებით საფეხურზეა. ეს პერიოდი მათთვის საფუძველია. პირადად მეც დაწყებითი კლასების მასწავლებელი და ამას საკუთარი გამოცდილებიდან და გადმოსახედიდან ვამბობ.

ალექსანდრე გიორგობიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, მასწავლებლებისთვის ყველაზე რთული საშუალო საფეხურის, განსაკუთრებით კი, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლებაა. მათ იმ თემების მიმართ, რომლებსაც სკოლაში გადიან, ინტერესი და ზოგადად, მოტივაცია ან არ აქვთ ან ძალიან დაბალია. მაგალითად, მე-12 კლასში კვირაში მათემატიკის 5 გაკვეთილი ტარდება. ეს პრობლემაა იმათთვის, ვინც ამ საგანს ეროვნულ გამოცდებზე არ აბარებენ. ანალოგიური ვითარება შეიძლება იყოს სხვა რომელიმე საგანზეც. მოსწავლეებისთის ეს საგანები უინტერესოა, ეს კი მასწავლებლისთვისაც რთულია. რა თქმა უნდა, პედაგოგზეა დამოკიდებული, რა აქტივობებს შესთავაზებს, რით დააინტერესებს, თუმცა ეს სირთულეებთანაა დაკავშირებული. არის მასწავლებლების კატეგორია, რომელიც ამას თავს ართმევს და არიან ისეთებიც, ვისაც არ გამოსდით. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, მე-3 საფეხურზე, გამოსავალი დიფერენცირებული სწავლება იქნება.

გოჩა ძნელაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლისთვის ყველაზე რთული საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება მგონია. ამის მიზეზი მოსწავლეთა ასაკია, დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. ისეთი დამოკიდებულება აქვთ, რომ, თითქოს, უფროსებს აღარ უნდა ემორჩილებოდნენ. ზოგადად, პედაგოგისთვის სირთულე კლასის დაუმორჩილებლობაა. ისე კი, უნდა ითქვას, რომ გამოწვევები სამივე საფეხურზე გვხვდება.

მზევინარ დემეტრაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სწავლება თითოეულ საფეხურზე გამოწვევებით სავსე და გარკვეულწილად, რთულია. სამივე საფეხურს თავისი სტანდარტები აქვს, თუმცა ყოველივე ამის გათვალისწინებით, მაინც დაწყებით საფეხურს გამოვყოფდი. მოსწავლე ამ დროს სამყაროს ეცნობა, მისი მსოფლმხედველობა სწორად უნდა ჩამოყალიბდეს. მართლაც, ყველაზე ფაქიზია ბავშვი, რომელიც სუფთა დაფაა და რასაც დავწერთ, იმას წავიკითხავთ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უფრო რთული მათთვის სწავლებაა - ეს ძალიან შრომატევადი, საფრთხილო და საპასუხისმგებლოა. მაღალ საფეხურებზე მოსწავლეებს შეხედულებები ჩამოყალიბებული აქვთ, რაც პედაგოგებს ეხმარება.

ზურაბ აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლა საბაზოა, ზოგადად კი, ყველაზე რთული საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლებაა. პროფესიონალი მასწავლებელი ნებისმიერ საფეხურზე საჭიროა. აქ სირთულეს უფრო მოსწავლეთა განწყობა, დამოკიდებულებები, ხედვა შეიძლება ქმნიდეს. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ურთერთობა თითქოს უფრო მარტივია, მაღალ კლასებში კი თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.

ლალი კაპანაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ვფიქრობ, უფრო რთული საბაზაო საფეხურის მოსწავლეების სწავლებაა. მე პირადად საგანს არ ვასწავლი, მხოლოდ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. გამოწვევები, რომლებსაც პედაგოგები და მოსწავლეები უნდა გაუმკლავდნენ, ყველა საფეხურზე გვხვდება, თუმცა მე მაინც საბაზოს გამოვყოფდი.

ციალა ძნელაძე, აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, რომ ყველაზე რთული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლებაა. ამის მიზეზი ის არის, რომ ბავშვები სასკოლო გარემოს შეჩვეული არ არიან. მაგალითად, სოფელში ბაღი არ გვაქვს, ეს ფაქტორიც ძალიან მოქმედებს. ბავშვი რომ სკოლაში შემოდის, არ იცის როგორ მოიქცეს. სანამ ამ ყველაფერს შეაჩვევ, უზარმაზარი შრომა უნდა გასწიოს მასწავლებელმა. ამიტომაცაა შედარებით უფრო რთული.

ლილი სვიაკაური, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩვენ პანკისის ხეობას, ეთნიკურ უმცირესობას წარმოვადგენთ. ამიტომაც, ჩვენთან საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამავდროულად, რთული, დაწყებითი საფეხურია. პედაგოგებმა უდიდესი შრომა უნდა გასწიონ, მომავალი თაობას სახელმწიფო ენა უნდა შეასწავლონ. ქართული ენის ცოდნის საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც ამას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ვფიქრობ, საშუალო საფეხური მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეები ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადებიან, უმაღლესი განათლება უნდა მიიღონ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ენის სწავლაა, რასაც საფუძველი დაწყებით საფეხურზე ეყრება.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
„ალბათ მიხვდებით თუ რომელ პოეტზეა საუბარი, ეს არის ჩვენი ლეჩხუმის საამაყო შვილი ლადო ასათიანი. რომლის პოეზია მანამ იქნება სანამ იარსებებს მსოფლიო“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება