სიახლეები
სიახლეები, სკოლები

„ჩვენს მენტალობაშია „შვილს უნდა ჰქონდეს დიპლომი“ - სკოლის დირექტორები მე-12 კლასელების არჩევანზე
05-04-2023
-
+


2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მოახლოვდა და როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, იმ მოსწავლეთა უმრავლესობა, რომლებიც წელს სკოლას ამთავრებენ, უკვე დარეგისტრირდა.

საჯარო სკოლების დირექტორები ჩვენთან საუბრისას ჰყვებიან, რომ ბოლო წლების მსგავსად, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება წელსაც თითქმის ყველა მე-12 კლასელს სურს და როგორც წესი, ყველა ირიცხება იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად შესაბამისი აკადემიური მოსწრება. ამის მიზეზად, სკოლების ხელმძღვანელები საგნის ჩაბარებისთვის დაწესებულ დაბალ მინიმალურ ზღვარს და მშობელთა მენტალობას ასახელებენ.

რა სპეციალობებს ირჩევენ ძირითადად წლევანდელი აბიტურიენტები და როგორია სკოლის დირექტორების პოზიცია, როდესაც ყველა მათი მოსწავლე სტუდენტი ხდება, თავად გვიამბეს.

ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის №94 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გახარია ამბობს, რომ მოსწავლეებს პროფესიული სასწავლებლის შიდა სამზარეულოს აცნობს, რადგან ფიქრობს, რომ ქვეყანას უმაღლესდამთავრებულების გარდა, პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებიც სჭირდება:

„სკოლაში სულ 187 მე-12 კლასის მოსწავლე გვყავს. ფაქტობრივად, ყველა აბარებს, მინიმუმი, 160 და ალბათ მეტიც. ბოლო წლებია, ჩვენი სკოლიდან ვინც გადის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი იშვიათად, თითო-ოროლა თუ მახსენდება. შეიძლება, ყველა სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდეს, მაგრამ სადღაც მაინც ირიცხებიან.

ზოგი მერე ხვდება, რომ სადაც ჩააბარა, არ არის მისი სფერო, ან ვეღარ დაინახა საკუთარ თავში იმ კონკრეტულ ფაკულტეტზე სწავლის შესაძლებლობა, ან ის არ აღმოჩნდა, რასაც ელოდებოდა, ან იმ ფაკულტეტზე სწავლის შიდა მოთხოვნებს ვერ გაუძლო, ან გაჩნდა მის ცხოვრებაში რაღაც ახალი იდეა და ამ იდეას სხვა სფერო სჭირდება.

მე-10-მე-11 კლასებში ხშირად ვატარებთ კარიერული ზრდის გაკვეთილებს, თუ როგორ უნდა აირჩიონ პროფესია. ყველა ტიპის მიმართულებას ირჩევენ და სხვათა შორის, ამ ბოლო დროს სამხედრო საქმითაც დაინტერესდნენ. ჩვენმა ყოფილმა კურსდამთავრებულმა თავდაცვის აკადემიიდან, მარიამ ჭუმბურიძემ, ჩაატარა პრეზენტაცია, გააცნო ინფორმაცია ბავშვებს სამხედრო საქმის შესახებ და როგორც ვიცი, რამდენიმე ამ კუთხით გააგრძელებს სწავლას. ირჩევენ ასევე სამართალმცოდნეობას, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებებს. არქიტექტურის მიმართულებითაც რეგისტრირდებიან ჩვენი მოსწავლეები.

სამწუხაროდ, ყველა მშობელს უნდა, თავისი შვილი დიპლომიანი იყოს და ეს ამის გამოძახილია, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარეა. ჩვენს სკოლასთან ახლოს მდებარეობს ერთ-ერთი პროფესიული კოლეჯი. ტრადიცია გვაქვს, რომ მე-9-მე-10-მე-11 კლასელები გადაგვყავს ამ კოლეჯში და ვათვალიერებინებთ. გვინდა, ვაჩვენოთ, რომ დღევანდელი პროფესიული სასწავლებლები სხვანაირია, ხარისხიანი ლაბორატორიები აქვთ და - მეტი შესაძლებლობები, უფრო მეტად არის განვითარებული ხელობის სხვადასხვა სფერო და უფრო კონკურენტუნარიანნი შეიძლება იყვნენ შრომით ბაზარზე. ამ კოლეჯის წარმომადგენლებიც მოდიან და ატარებენ ბავშვებთან შეხვედრებს, პრეზენტაციებს აწყობენ. მოდიან ასევე უნივერსიტეტების წარმომადგენლები... ბავშვების არჩევანში ჩვენ სხვაგვარად ვერ ჩავერევით, გარდა იმისა, რომ ვაჩვენოთ, რას სთავაზობს თითოეული უნივერსიტეტი. ამ ამბავში მშობლები ერევიან ზედმეტად და არასწორ არჩევანს აკეთებინებენ ბავშვებს. ხშირ შემთხვევაში, ის, რაც მშობელს უნდა, შეიძლება სულ არ იყოს ბავშვის შესაძლებლობებში. ამიტომაც აღმოჩნდებიან ხოლმე იმ ადგილას, სადაც არ სურდათ ყოფნა. ზუსტად ვიცი, რომ ელექტროშემდუღებლების კრიზისია ქვეყანაში, კონდიცირების სისტემის ხელოსნების კრიზისია და ორივე კარგად ანაზღაურებადი პროფესიაა, მაგრამ ჩვენს მენტალობაშია „ჩემ შვილს უნდა ჰქონდეს დიპლომი“, რაც ნორმალური არ არის.“

წალკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე გვიყვება, რომ მათ რეგიონშიც არის კონკრეტული სპეციალისტების დანაკლისი, ამიტომ, მოსწავლეებს ურჩევს, არჩევანის გაკეთებისას კარგად დაფიქრდნენ:

„20 მოსწავლე ამთავრებს წელს სკოლას და 17 აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. დანარჩენი სამი, ვფიქრობ, ადგილზე დასაქმდება. ჩემი განწყობა ემთხვევა განათლების ახალი მინისტრის განწყობას - პროფესიულ მიმართულებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ბევრი ადამიანია, ვინც უმაღლესის დამთავრების შემდეგ პროფესიულ სასწავლებელსაც ამთავრებს და იმ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ბევრი მათგანი კი, ვინც უმაღლესში ირიცხება, ბაკალავრიატსაც ვერ ამთავრებს. ვემხრობი, კონკრეტული პროფესიები აირჩიონ, რომელიც მოთხოვნადია, მაგრამ მენტალობის ამბავია - შვილს აუცილებლად უმაღლესი უნდა ჰქონდეს დამთავრებული.

დარწმუნებული ვარ, 17-დან 17-ვე გახდება სტუდენტი, რადგან ისეთი ბარიერია დასაძლევი თითო საგანში, რომ ალბათ ყველა გადალახავს. გამორჩეული, მაღალი აკადემიური მოსწრების ბავშვებიც გვყავს, მაგრამ დაწესებულ ბარიერებს მაინც ყველა ლახავს. როდესაც უფასო ფაკულტეტზე ხვდებიან, კიდევ არა უშავს, მაგრამ ფასიან ფაკულტეტზე სწავლისას, იმაში რომ უწევთ ფულის გადახდა, რაც ნაკლებად აინტერესებთ, პრობლემაც იწყება და როგორც წესი, ბოლომდე არ მიჰყავთ სწავლა.

ჩვენი მოსწავლეები სამედიცინოზეც აბარებენ, საჯარო მმართველობაზეც, პედაგოგიურსაც ირჩევენ და ტექნიკური მიმართულებაც აირჩია ერთმა - ინჟინერიაზე აბარებს. საერთაშორისო სამართალზეც აბარებენ, რომელიც რა არის, ბოლომდე ვერც აცნობიერებენ. კი, ბევრ რამეს მოიცავს, მაგრამ რა პროფესიის შესწავლა გინდა, ბუნდოვანია. ვიცი, რომ ჩვენს რეგიონში ენერგეტიკის მიმართულების სპეციალისტები არ გვყავს, ამ დროს კი  ჰიდრორესურსების ათვისებასთან დაკავშირებით დიდი მუშაობა იწყება. სულ ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, ისეთი პროფესია აირჩიონ, რაც მოთხოვნადი იქნება.

ძირითადად თბილისსა და ბათუმში მიდიან. ბოლო პერიოდში უკან დაბრუნების ტენდენციაც შეინიშნება. მოგეხსენებათ, დაშბაშის კანიონმა და შუშის ხიდმა, გაუთქვა სახელი ჩვენს რეგიონს და მოთხოვნა გაიზარდა მუშახელზე. ტურისტული ნაკადია გაზრდილი და ბევრი უკან დაბრუნდა - ზოგმა სასტუმრო გააკეთა, ზოგმა - კაფე, ზოგმა საცხობი და ა.შ. მოთხოვნაა დარაჯებზე და სხვა მარტივ სამსახურებზე, რასაც  საშუალო განათლებაც ჰყოფნის.“

თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექტორი შოთა მალაზონია ამბობს, რომ ამჯერად მათთან 70 მე-12 კლასელი ირიცხება და 70-ვეს სტუდენტობა სურს. სკოლის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ უმაღლესში ყველა მათგანი ჩაირიცხება:

„70 მე-12 კლასელი გვყავს და ყველა აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გამსვლელი ქულები არის ძალიან დაბალი და ყველა ირიცხება. უნდა აიწიოს ბარიერმა. ის, რომ ყველას უნდა უმაღლესში ჩაბარება, ჩვენი მენტალური პრობლემაა.

ჯერ კიდევ აქვთ საშუალება, რომ არჩევანი შეცვალონ და ზოგს არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს. ვინც უკვე აირჩია, მათ შორის სჭარბობს ბიზნესის, ტურიზმისა და იურიდიული მიმართულებები. ბევრი კარგი მოსწავლე და მედლის კანდიდატიც გვყავს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, თუმცა საშუალო და დაბალი მოსწრების მოსწავლეებსაც უნდათ სტუდენტობა. ისევ ისეთი რთული რომ იყოს უმაღლესში მოწყობა, როგორიც ჩვენს დროს იყო, მათგან ბევრი ვერ ჩააბარებდა. ახლა კი ამ 70-დან ალბათ ყველა გახდება სტუდენტი.

უმაღლესი სასწავლებლები მოგვმართავენ და ისინი ატარებენ მოსწავლეებთან შეხვედრას, რომ პროფესიულ ორიენტაციაში გაარკვიონ ბავშვები, ჩვენც ძალიან ბევრ ინფორმაციას ვაწვდით. ჩემი დაკვირვებით, ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლის მხრივ დიდად არ გამოირჩევიან, ეძებენ ისეთ უმაღლეს სასწავლებლებს და ფაკულტეტებს, სადაც ნაკლები ქულებით მოხვდებიან. ძირითადად მშობლები ცდილობენ, მათი შვილები სტუდენტები გახდნენ. ზოგი ვერ ამთავრებს უმაღლესს, ზოგი იღებს დიპლომს, მაგრამ რადგან კარგად ვერ ითვისებენ იმ სპეციალობას, უმუშევართა რიგებს უერთდებიან ან პროფესიას იცვლიან.  

პროფესიული სასწავლებლის მხრივ პრობლემები გვაქვს, რადგან მათი უმრავლესობა ფასიანია და... როგორც ვიცი, განათლების ახალი მინისტრისთვის პრიორიტეტი იქნება პროფესიული განათლება, რაც ძალიან კარგია. შრომით ბაზარზე სანთლით საძებარია პროფესიონალი ადამიანები. სამწუხაროდ, სახელმწიფო ყველას აძლევს საშუალებას, გახდეს სტუდენტი, იმსახურებს თუ არა ის ამ სტატუსს. ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან ახალგაზრდები რაღაცით მაინც არიან დაკავებული და ქუჩაში არ დგანან და 100% თუ არა, მათი დიდი ნაწილი მაინც დადის. ეს ყველაზე მეტად მშობლებს „ურტყამს“ ჯიბეზე და იმ ადამიანებს, ვისაც გადასახადების გადახდა უწევთ მათი სწავლის პერიოდში. კარგი იქნება, მშობლებს  მხოლოდ დიპლომი არ უნდა უნდოდეთ. „დედას უნდა“, „მამას უნდა“ - ეს უნდა დამთავრდეს.“

ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა გოჩა ღონღაძემ ზუსტად იცის, მისი სკოლის რომელი მოსწავლე სად აპირებს სწავლის გაგრძელებას. მისი აზრიც კოლეგებისას ემთხვევა - უნდა დაიმსხვრეს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, შვილს დიპლომი აუცილებლად უნდა ჰქონდეს:

„87 მე-12 კლასელი გვყავს და ამათგან 70 აპირებს ჩაბარებას. ამ 70-დან სამართლის მიმართულებაზე აბარებს 11, სამედიცინოზე - 8, ბიზნესის ადმინისტრირებაზე - 28, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე - 9, საერთაშორისო ურთიერთობებზე - 2, კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე - 5, სამხატვრო აკადემიაში უნდა ერთს და არ გადაუწყვეტია 6 მოსწავლეს, რომლებიც კი დარეგისტრირდნენ უკვე, მაგრამ შეცვლა შეუძლიათ. ზოგისთვის მთავარია, უმაღლეს სასწავლებელში მოხვდეს, მაგრამ რა უნდა, ჯერ არ იცის. რომ ისწავლი, ხომ უნდა გამოიყენო კიდეც ცხოვრებაში ?! სამწუხარო ტენდენციაა, რომ ოღონდ ისწავლოს უმაღლესში  და სად ჩაირიცხება, მნიშვნელობა არ აქვს.

რამდენადაც ვიცი, პროფესიულ სასწავლებლებსაც მოემატათ სტუდენტები. ჩვენი სკოლის იმ 17 ბავშვიდან, რომლებიც უმაღლესში არ აბარებენ, ზოგს გადაწყვეტილი აქვს, პროფესიულ სასწავლებელში ისწავლოს და ეს კარგია. ყველას არ უნდა ჰქონდეს უაზრო სურვილი და ლტოლვა უმაღლესი სასწავლებლისკენ. ხშირად, 2-3 კურსს გაივლიან და მერე მიანებებენ თავს. ის ფულიც დაკარგულია, რასაც იხდიან და იმ დედმამიშვილებსაც უშლიან ხელს, ვინც კარგად სწავლობს და ფინანსური მხარდაჭერა უფრო სჭირდება. მე სკოლამდე უმაღლეს სასწავლებელში ვმუშაობდი და ბევრი ასეთი სიტუაცია მინახავს, თუ როგორი პრობლემები ჰქონდათ კარგ ბავშვებს და-ძმების გამო.

შარშანაც, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთაგან უმრავლესობა ჩაირიცხა. 100%-იანი გრანტის მქონენიც იყვნენ, 70 და 50%-იანი გრანტიც აიღო ზოგმა, მაგრამ სხვებიც ჩაირიცხნენ. რეგიონისთვისაც და ბავშვებისთვისაც კარგია პროფესიული სასწავლებელი. ჩვენთან არის კოლეჯი, სადაც კომპიუტერული, სამშენებლო, ექთნისა და ფარმაცევტის  მიმართულებით სწავლობენ ჩვენი მოსწავლეები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია, დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, ახალგაზრდებმა მხოლოდ უნივერსიტეტებში კი არა, პროფესიულ სასწავლებლებშიც ისწავლონ.“


კომენტარები


ეტალონი
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
4 ცვლილება ისტორიის გამოცდაზე - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
აბიტურიენტები 3 საგამოცდო საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიირებენ - naec
„დმანისში ჩვენი სკოლა პირველია, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში არაერთი შემოქმედებითი აქტივობა იმართება, სადაც მოსწავლეები თავიანთი ფანტაზიით არაერთ საინტერესო ნამუშევარს ქმნის
ამჯერად სკოლა მოხარულია გვამცნოს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა „წლის ლიდერი სკოლის“ ტიტული
მოსწავლეებმა გამართეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „14 აპრილი დედა ენის დღეა!“
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება