სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ

„მასწავლებლებმა უნდა ავუმაღლოთ მოსწავლეს მოტივაცია - რატომ გვქვია აბა პედაგოგები?!“ - ეკატერინე აბრამიშვილი, თბილისის N79 სკოლის დირექტორი
20-04-2026
-
+


მალე თბილისის N79 საჯარო სკოლის ეზოში თეთრი იასამანი აყვავდება, რომელიც  „პატარა ხელებმა“ ახლახან დარგეს და ასე გამოხატეს ზრუნვა მშობლიურ სკოლაზე... დიახ, ბავშვები აქ ცოდნის მიღებასთან ერთად, სიკეთის კეთებას სწავლობენ და როგორც დირექტორი, ეკატერინე აბრამიშვილი etaloni.ge-სთან აღნიშნავს, მისთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, უმნიშვნელოვანესია, ბავშვებს ემპათია, ტოლერანტობა, ადამიანობა ასწავლოს. აქედან გამომდინარე, ხშირად სტუმრობენ მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს, ზრუნვას, სიყვარულს, თანადგომას სწავლობენ და წლების მერე, როდესაც მშობლიური სკოლის კედლებს დატოვებენ, ეკა მასწავლებელი, აუცილებლად იტყვის, რომ - მისია შესრულებულია!

როგორი დირექტორი ჰყავს N79 სკოლას? – ქალბატონი ეკატერინე ამბობს, რომ მოსწავლეებთან მეგობრობს, ესაუბრება, უსმენს და ამაყობს, რომ ბავშვებს იგი ეიმედებათ. თავად კი ამაყობს, რომ რასაც ჰპირდება, უსრულებს და ამის დასტურია ევროპული სტანდარტების სპორტული მოედანი, რომელიც სკოლას მალე ექნება:

- ბავშვებს ძალიან უნდოდათ სპორტული მოედანი და მიხარია, რომ სამინისტროს თანადგომით, ეს შევძელით. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი არც ერთი წერილი სამინისტროს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია, რაღაცების მოგვარებას დრო სჭირდება, თუმცა რეაგირება ჩვენს ყველა წერილზე აქვთ. გარდა ამისა, სიამაყით აღვნიშნავ, რომ სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ვგულისხმობ არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას. ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს, რაც დიდ კმაყოფილებას იწვევს მშობლებში, მოსწავლეებში... მასწავლებლებს კი აქვთ საშუალება, უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი საქმიანობა. 

- ესე იგი, სასკოლო აქტივობები განათლების განუყოფელ ნაწილად მიგაჩნიათ...

- გარდა იმისა, რომ ვთქვათ თანამშრომლობითი კულტურა ვითარდება, ბავშვებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, ჰქონდეთ უკეთ სწავლის მოტივაცია, ჩაუღრმავდნენ ამა თუ იმ საკითხს, თემატური ინფორმაცია მოიძიონ... ეს ყველაფერი კი, კომპლექსურად, ხელს უწყობს სწავლის დონის ამაღლებას, ბავშვები სიღრმისეულად სწავლობენ ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებს, საგაკვეთილო პროცესიც სრულადაა ორიენტირებული მოსწავლის განვითარებისკენ... როდესაც ღირსშესანიშნავ თარიღებზე ვსაუბრობთ, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რითაა გამორჩეული ეს დღეები... ხშირად გვყავს მოწვეული სტუმრები, ხელოვანები, სამინისტროს წარმომადგენლები, მშობლები და ბავშვები სრულად ავლენენ შესაძლებლობებს, მასწავლებლები კი წარმოაჩენენ თავიანთი შრომის შედეგს.

- თქვენთვის, როგორც დირექტორისთვის, სკოლის წარმატება ამ ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიებებით იზომება?

- სკოლის წარმატების საზომი, რა თქმა უნდა, წარჩინებული მოსწავლეებია და სიამაყით აღვნიშნავ, რომ წელს ოქროს მედლის ოცი კანდიდატი გვყავს... განათლება უპირობო პრიორიტეტია, თუმცა ჩემთვის, როგორც მასწავლებლისა და დირექტორისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ადამიანებს გავუშვებთ სკოლიდან. ყველა მედალოსანი ვერ იქნება, მაგრამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უმთავრესი მოვალეობა, განათლებასთან ერთად, ისაა, ეს ბავშვები აღვზარდოთ კეთილ, ღირსეულ მოქალაქეებად. ჯერ ადამიანები უნდა იყვნენ და ამიტომ სკოლაში ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, სადაც მოსვლა გაუხარდებათ, მიიღებენ განათლებას და ისწავლიან ადამიანურ ურთიერთობებს...

შეუძლებელია, მოსწავლე ყველა საგანს ერთნაირად კარგად ფლობდეს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ჩვენ სკოლის თანამშრომლები ვართ, ბავშვებთან გვაქვს საქმე და უნდა ვეცადოთ, თავად შევუქმნათ ისეთი სიტუაცია, ყველა საგნით დავაინტერესოთ, ვიზრუნოთ მათ მოტივაციაზე... ამისთვის გვაქვს გასვლითი, შემეცნებითი აქტივობები და კიდევ გაკვეთილები, რომელთა მთავარი იდეა ქველმოქმედება, სიკეთის კეთებაა - ხშირად ვეხმარებით მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრებს, რათა ჩვენმა ბავშვებმა ისწავლონ ემპათია, ტოლერანტობა... გაიაზრონ, რა ძალა აქვს სიკეთის კეთებას! როგორი განათლებული, როგორი ნაკითხიც უნდა იყოს ადამიანი, თუ არ გააჩნია ეს თვისებები, ვფიქრობ, რაღაც აკლია ცხოვრებაში.

- ბავშვებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ქველმოქმედების მიმართ?

- როდესაც გასვლით აქტივობას ვაწყობთ და ვეხმარებით სხვა ადამიანებს, ვერ მალავენ აღფრთოვანებას, ფრთაშესხმულები ბრუნდებიან სკოლაში, ამაყობენ, კეთილი საქმე რომ გააკეთეს... და კიდევ იცით რას ვაკეთებთ? - სკოლის ეზოში ვრგავთ ხეებს, ახლახან თეთრი იასამანი შეგვემატა და მეამაყება, რომ ჩვენმა ბავშვებმა იციან - მოხუცთა თუ ბავშვთა თავშესაფრის სტუმრობა, სკოლის ეზოში ხის დარგვა... არის ზრუნვა, არის სიკეთის პატარა ნაპერწკალი, რომელიც გაღვივდება და დარწმუნებული ვარ, როდესაც სკოლას დაამთავრებენ, უფრო მეტ ხეს დარგავენ, უფრო მეტ ადამიანს დაეხმარებიან, უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებენ!

- ამ ყველაფერში მასწავლებლის როლიც დიდია, ხომ ასეა... თქვენი აზრით, ახერხებენ პედაგოგები, სათანადო დრო დაუთმონ ბავშვებს იმ ფონზე, რომ არაერთი სიახლე აქვთ - გამოცდებზე რეგისტრაცია გამოცხადდა, სქემის ნაწილი სექტემბრიდან ამოქმედდება...

- ჩემს აზრს მოგახსენებთ: არ დავუკარგავ იმ პედაგოგებს ღვაწლს, რომლებიც მუდმივად მუშაობენ იმაზე, სტატუსი აიმაღლონ -  ეს ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ სტატუსთან ერთად, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი პრაქტიკულად როგორ მუშაობს მოსწავლესთან და კლასთან. მე პრაქტიკოსის ჩატარებულ გაკვეთილსაც დავსწრებივარ და წამყვანის ჩატარებულ გაკვეთილსაც. მთავარია, როგორ გაკვეთილს ატარებს პედაგოგი, სტატუსი კი უფრო მეტს პასუხისმგებლობას აკისრებს მას.

- ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ხშირად გაიგონებთ - განათლების ხარისხი დაბალიაო... გულწრფელად მითხარით, როგორც დირექტორს, არ გწყინთ მსგავსი სიტყვები?

- ძალიან მწყინს... ასე მგონია, რომ მე ვარ ამ საკითხში დამნაშავე და ალბათ, ვერ ვაკეთებ საქმეს ისე, როგორც საჭიროა... დამნაშავედ ვგრძნობ თავს, როდესაც ეს ფრაზა გაიჟღერს, არადა ჩვენთვის პრიორიტეტულია, მაქსიმალურად დავიხარჯოთ მოსწავლისთვის და სკოლიდან გავატანოთ ცოდნა, განათლება, ადამიანობა... სხვათა შორის, ისიც ხშირად მსმენია, ბავშვებს სწავლის მოტივაცია აქვთ დაკარგულიო  - იცით, რა, ჩვენ, მასწავლებლები ვართ პირველი მოტივატორები, მოსწავლეს უნდა ავუმაღლოთ მოტივაცია... რატომ გვქვია, აბა, პედაგოგები?! ისიც გაუგებარია, რატომ მიმართავენ რეპეტიტორებს, როდესაც მასწავლებელი ბოლომდე იხარჯება, აძლევს ბავშვებს ცოდნას...

- ესაა სწორედ შეუსაბამობა - თუ სკოლებში სწავლების ხარისხი მაღალია, რატომ სჭირდებათ აბიტურიენტებს დამატებით მომზადება?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ შეუსაბამობაა... ყოფილა, რომ მოსწავლეს ჰყავს გადასარევი მასწავლებელი, რომელიც ბოლომდე იხარჯება, მაგრამ რატომღაც მშობელი მიიჩნევს, რომ თუკი ინდივიდუალურად დაუჯდება რეპეტიტორი, უკეთესი შედეგები ექნება. არადა, ინდივიდუალურით კი არა, ჯგუფური სწავლებით უფრო მეტს ისწავლის ბავშვი. მეც მშობელი ვარ და ბევრი მშობლის აზრი მომისმენია - ჰყავს გადასარევი პედაგოგი, უხსნის, იხარჯება, აკეთებს პროექტებს, ატარებს ინტეგრირებულ გაკვეთილებს, მაგრამ მაინც რეპეტიტორი ურჩევნიათ.

- რადგან მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მითხარით, როგორც დირექტორისთვის, როგორია მათთან ურთიერთობა?

- ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე პრობლემა შემქმნია ამ მიმართულებით. მთავარია, გვქონდეს ფართო, ცივილური კომუნიკაცია - მე ხშირად ვსაუბრობ მშობლებთან, ვისმენ მათ პრობლემებს, შეძლებისდაგვარად ვუდგავარ მხარში, ერთად ვმუშაობთ და შედეგებზეც გავდივართ. ჩემს სკოლაში რუსული სექტორიცაა, წარმატებით მოვახერხეთ ის, ერთად შევქმენით სკოლაში პოზიტიური გარემო...

მშობელს აუცილებლად უნდა დავანახოთ, რომ მისი შვილი ძალიან გვიყვარს და მხოლოდ განათლებას კი არ ვაძლევთ მას, არამედ მხარში ვუდგავართ. სკოლაში უნდა იყოს სიყვარულზე აგებული ურთიერთობები, ესაა ამოსავალი, როცა ბავშვი გენდობა, მოგყვება და შენს საგანსაც დიდი ინტერესით სწავლობს.

-ანუ მიგაჩნიათ, რომ მოსწავლეს ჯერ პედაგოგი უყვარს და მერე საგანი?

- იცით, ხშირად მსმენია - საგანი არ მაინტერესებს, მაგრამ თქვენ იმდენად მიყვარხართ, ამ სიყვარულით საგანსაც ვსწავლობო... რუსულ სექტორზე ქართულს, როგორც მეორე ენას ვასწავლი და ჩვენი ურთიერთობა სწორედ სიყვარულზეა დაფუძნებული. იცით პირველი რა ვასწავლე ბავშვებს? - საქართველოს ჰიმნი, რომელიც გადავუთარგმნე, ავუხსენი და მიუხედავად იმისა, მათი ნაწილი დიდი ხანი არაა, რაც საქართველოში ცხოვრობს, პატივისცემით ეპყრობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ენას და ვამაყობ, რომ ბავშვები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ. დიახ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს საქართველოა, მას აქვს ჰიმნი და მას აქვს დროშა.

- ქალბატონო ეკა, რა არის ის მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

- წარმოიდგენთ, რომ ახლაც მაქვს ურთიერთობა ჩემს საყვარელ მასწავლებლებთან? ბავშვობიდან მიყვარდა ეს პროფესია. სხვათა შორის, პირველად სკოლაში გასაუბრებაზე რომ მივედი, იგივე კითხვა დამისვეს. რატომ წავედი განათლების სფეროში? - როდესაც სკოლის კარს შეაღებ და შეაბიჯებ, უპირველესი მოსწავლის სიყვარული უნდა იყოს, შემდეგ კი მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, გადავცეთ ცოდნა, განათლება, ადამიანობა... ჩვენთვის არაფერი უნდა დავიტოვოთ, რათა განათლებული თაობები გავზარდოთ. სიყვარულით ყველაფრის კეთება შეიძლება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„ისე უნდა მოიქცე, შენი გვარი არასოდეს შეარცხვინო...“ - ეტალონის პროექტების ავტორი ეტალონ მასწავლებელზე გვიამბობს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეები დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და შემოქმედებითი კონკურსს შეუერთდნენ

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება