სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„თუ მასწავლებელი პროფესიულ განვითარებას შეწყვეტს, მისი ადგილი სკოლაში აღარც უნდა იყოს“ - მელანია ჩხიტუნიძე, ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი
24-03-2023
-
+


„პირველ რიგში, უნდა უყვარდეს ბავშვები, მათი ფსიქოლოგია უნდა იცოდეს კარგად... იყოს პატრიოტი და ხვდებოდეს, როგორი მომავალი სჭირდება ქვეყანას...“ - ასეთია მისთვის პროფესიონალი დირექტორი, სწორედ ამ თვისებების დახმარებით, არაერთი დაბრკოლება უშიშრად გადალახა. როგორც სოფლის სკოლის დირექტორი მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა პატრიოტიზმი დანებების საშუალებას არ აძლევდა, აღნიშნავს, რომ შრომის შეუსაბამო ანაზღაურების მიუხედავად, ქვეყნის სიყვარული აძლებინებს და აკეთებინებს საქმეს, რომელიც უკეთესი მომავლისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია.

საჩხერის მუნიციპალიტეტის, ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე, 2014 წლიდან მართავს სკოლას და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში... მისთვის მუდმივი განვითარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, დაუზარლად ატარებს კვლევებს სკოლაში, აფასებს შრომისმოყვარე კოლექტივს და თვლის, რომ საერთო მიზნის მისაღწევად, ერთობლივი ძალებით ძალიან ბევრს შეძლებენ...

რას ნიშნავს, იყო შენი ქვეყნის სადარაჯოზე, საკუთარი რესურსებით ებრძოლო წარმოქმნილ წინაღობებს და ღირსეულად უხელმძღვანელო სკოლას? – Etaloni.ge-ს საჩხერის მუნიციპალიტეტის, ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე ესაუბრა.

- რას ნიშნავს თქვენთვის დირექტორობა და რა გამოწვევის წინაშე დგახართ?

- უპირველეს ყოვლისა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ნამდვილად გააზრებული მაქვს ჩემი მოვალეობა და ყველა მიმართულებით ვამახვილებ ყურადღებას... ბავშვებისთვის, სასწავლო პროცესის მიღმაც საჭიროა ყურადღების მიქცევა და დირექტორებს ძალიან ბევრ საკითხზე გვიწევს ზრუნვა; ამიტომ ვცდილობ, პირნათლად მოვიხადო ჩემი ვალი, რომელიც სკოლის წინაშე მაკისრია.

2014 წლიდან ვარ დირექტორი; ვზრუნავ, რომ სიახლეები შევიტანოთ სკოლაში და ყველაფერი მივიტანო ბავშვებამდე, მშობლებამდე და ერთად გავართვათ თავი ყველა სირთულეს.

-  განათლების რეფორმის ფონზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ხშირი ცვლილებები ამ სფეროში?

- მნიშვნელოვანია, ვიყოთ მუდმივად ცვლილებების პროცესში, მაგრამ რაღაცების კონკრეტული მიმართულება თუ იქნება ეს უკეთესია.

- რა მიმართულებას გულისხმობთ?

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე კარგი მიმართულებაა, აღრმავებს კოლეგიალობას. მისი გონივრულად განხორციელება პოზიტიურად მოქმედებს სასკოლო კულტურაზე, რაც სკოლის წარმატებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია ეს მიმართულება შენარჩუნდეს... კონტროლის მექანიზმი უნდა შემუშავდეს მეტად მდგრადი. თითოეული მასწავლებლის საუკეთესო შემფასებელი მოსწავლეა თავისი შედეგებით და კოლეგები...

- პროფესიული განვითარების ნაწილია მასწავლებლების გამოცდები; დირექტორები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მენტორობის შემდეგ პედაგოგები მოტივაციას კარგავენ, ასეა?

- განვითარების უმაღლეს საფეხურს რომ აღწევენ, მენტორებს მოტივაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკარგებათ, თუ აღარ მოეთხოვებათ აქტიური მუშაობა... ჩვენ არ გვყავს მენტორი მასწავლებელი, ვართ 7 წამყვანი და ჩემგან, როგორც სკოლის ხელმძღვანელისგან, ყოველთვის არის მოთხოვნა - რაც გვევალება, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, როგორც ანაზღაურებაშია განსხვავება, ისე იყოს საქმიანობაშიც განსხვავება, თუნდაც ის, რომ წამყვან მასწავლებელს კვლევა მოეთხოვება, გავაკეთოთ... ჩვენს სკოლაში ასე გვაქვს დანერგილი და არაჩვეულებრივ შედეგამდეც მივედით; საკმაოდ კარგი საკითხებიც გამოიკვეთა, რაზეც შემდეგ ყურადღებას ვამახვილებთ, ვგეგმავთ აქტივობებს და აქტიურად ვმუშაობთ. ვფიქრობ, თუ მასწავლებელი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწევს და მას არამარტო სკოლიდან, არამედ პროფესიული განვითარების ცენტრიდანაც მოეთხოვება პროფესიული საქაღალდის შეფასება, მაშინ ტემპს ნამდვილად არ დააგდებს.

- პრობლემური საკითხია გამოცდებზე ორიენტირებული მასწავლებლები, რომლებსაც მოსწავლეებისთვის ნაკლები დრო რჩებათ - თქვენ რას გვეტყვით ამაზე?

- ნაწილობრივ, შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პროფესიული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია! მე ვფიქრობ, თუ მასწავლებელი პროფესიულ განვითარებას შეწყვეტს, მისი ადგილი სკოლაში აღარც უნდა იყოს... მასწავლებლის საქმიანობა მის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული - რამდენადაც კეთილსინდისიერია, იმდენად ანაწილებს დროს, თუნდაც გამოცდებისთვის და ბავშვებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებელი თავბრუდახვეული არ იყოს ამდენი საქმიანობით, სწორედ აქედან გამომდინარე ვისაუბრე დოკუმენტაციის წარმოებაზე, ეს მეტად აბრკოლებს პედაგოგებს. ზოგადად ვთვლი, შეიძლება მასწავლებელმა დრო არ მოაკლოს მოსწავლეებს და ამასთანავე განვითარდეს პროფესიულად, თუნდაც ნაკლები საათები აიღოს... მე მინახავს მასწავლებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ბევრი საათის აღებას ვერ შეძლებენ; როცა ობიექტურად აფასებ შენს შესაძლებლობებს და სწორად ანაწილებ დროს, ვფიქრობ ეს დასაფასებელია... ზოგი არ ჩერდება და ბევრი საათი უნდა - ამ კუთხით, რაღაც უნდა იყოს სამინისტროს მხრიდან განსაზღვრული. მაგალითად, როცა 25 საათის ჩატარების უფლება ეძლევა მასწავლებელს, თითქოს ზღვარი იკარგება და შეუძლებელი ხდება ყველაფრის შედეგიანად კეთება... არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ვფიქრობ, მასწავლებლები ამ შემთხვევაში ბოროტად იყენებენ უფლებებს... ვკითხულობთ, რომ გაკვეთილი უნდა იყოს პროდუქტიული და მაშინ რატომ ეძლევა 25 საათის ჩატარების უფლება მასწავლებელს?! რაღაცები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.

- როდესაც საათების გადანაწილებაზე ვსაუბრობთ, რამდენად წარმოქმნის ეს მასწავლებლებს შორის უთანხმოებას?

- ამ კუთხით, სექტემბერი ძალიან რთულია და ჩემი კოლეგა დირექტორებისგანაც მსმენია ამ პრობლემის შესახებ... ალბათ ყველა დირექტორი იტყვის, რომ ყველაზე უსიამოვნო საათების გადანაწილების პერიოდია... ხშირად გვესმის, რომ სკოლა არის თვითმართვადი, დამოუკიდებელი და საათების გადანაწილებაც დამოუკიდებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ეს საკითხი, რაც უფრო მეტად გაკონტროლდება „ზევიდან“, მით მშვიდად იქნება დირექტორი.

- ასეთ დროს, კონტროლის მექანიზმი როგორი უნდა იყოს, ქალბატონო მელანია?

- ვგულისხმობ, გვქონდეს კონკრეტული მითითებები, როგორ წარიმართოს გადანაწილების პროცესი ობიექტურად.

- დირექტორების უნარები აღნიშნეთ. პროფესიონალ ხელმძღვანელს, რა სამი მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს?

- პირველ რიგში, უნდა უყვარდეს ბავშვები, მათი ფსიქოლოგია უნდა იცოდეს კარგად და ესმოდეს მათი მოთხოვნები; უნდა იყოს პატრიოტი, ხვდებოდეს, როგორი მომავალი სჭირდება ქვეყანას; ასევე იყოს კომუნიკაბელური და გრძნობდეს სკოლის „პულსაციას“... მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია - გამჭოლი უნარები და ღირებულებები, რომელიც უნდა განვუვითაროთ მოსწავლეებს, რეალურად და სამწუხაროდ, ეს ზრდასრულებსაც კი არ აქვთ განვითარებული, თუმცა დირექტორმა აუცილებლად უნდა შეძლოს, მოსწავლეებთან ამ შედეგის მიღწევა.

- თავად რატომ დაუკავშირეთ ცხოვრება ჯერ პედაგოგობას, შემდეგ დირექტორობას?

- ალბათ, მეტ შესაძლებლობას ვხედავდი და ასეც არის. დირექტორს შეუძლია ბავშვის განცდების მოწესრიგება, თუმცა ეს არ არის მარტივი. როცა სკოლაში მოვდიოდი ვგრძნობდი, რომ განათლების სფეროს სჭირდებოდა ძლიერი ხელი, მეტი გონიერება... მგონია, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით და მიხარია ჩემი წვლილის შეტანასაც რომ ვახერხებ ამ მნიშვნელოვან საქმეში. ხშირად მაქვს მოსწავლეებთან ინდივიდუალური გასაუბრებები, რაც უფრო გულახდილს ხდის მოსწავლეებს და ეს ძალიან მახარებს, ჩვენს შორის იზრდება ნდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... მასწავლებლებთან დამოკიდებულება კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხია, სადაც ბალანსის და ზომიერების დაცვა აუცილებელია... პედაგოგებს არ მოსწონთ ინდივიდუალური შენიშვნები, ეს წარმოქმნის რაღაც დაბრკოლებებს, მიწევს განზოგადება და ვფიქრობ ვახერხებ გარკვეულწილად პრობლემის ისე აღმოფხვრას, რომ ამან არავის დაწყვიტოს გული.... საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ჩემი საქმიანობით, მას შემდეგ რაც სკოლაში მოვედი ბევრი რამ შეიცვალა, ამას ჩემი პედაგოგებიც აღნიშნავენ, ყოველივე ეს კი, ძალიან მახარებს...

- პედაგოგებთან ურთიერთობაზე საუბრობთ და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ შენიშვნები, ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია. ითვალისწინებენ თქვენი კოლეგები ამ ყველაფერს ?

- მნიშვნელოვანია, ე.წ კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი არსებობდეს... თუმცა დიახ, ხშირად არ მოსწონთ შენიშვნის მიღება და ასეთ დროს სწორი ტონის შერჩევაა საჭირო - როგორ მივუთითოთ ისე, რომ არც დაძაბულობა გამოიწვიოს და პრობლემაც აღმოიფხვრას. ჩვენი პროფესია მოითხოვს, ვიყოთ მომთმენები და ამ კულტურის გამომუშავებას ალბათ დრო სჭირდება. ასევე აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნამდვილად შრომისმოყვარე და ერთსულოვანი პედკოლექტივი მყავს, მუდამ სიახლეების ძიებაში და განვითარებაზე ორიენტირებული, რაც ჩემთვის უდიდესი წარმატებაა.

- მოსწავლეებზეც ვისაუბროთ... თქვენთვის მთავარი მათი სიყვარულია? როგორი ურთიერთობა გაქვთ ბავშვებთან?

- არის მეგობრული და ოფიციალური ურთიერთობა, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან კომუნიკაციისას და ამის დაბალანსება, ვფიქრობ, პრიორიტეტულია. როცა ვხედავ, ბავშვი მოკრძალებულია ჩემს მიმართ, მაგრამ არის გულწრფელი და გულახდილი, ეს მაგრძნობინებს, რომ ჩვენს შორის არის ჯანსაღი კომუნიკაცია, ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული.

თავს უფლებას ვაძლევ მოსწავლეებს ჩემი სიყვარული ვაგრძნობინო, ვიყო მათთან უშუალო და გავხადო მეტად თამამები, თუნდაც პედაგოგებთან ურთიერთობისას.

- ამართლებს ასეთი მიდგომები?

- იცით, ერთ-ერთმა მოსწავლემ ინდივიდუალური გასაუბრებისას მითხრა, მგონია, როცა თქვენთან ვისაუბრებ, ყველა პრობლემა მომიგვარდებაო... მასწავლებელთა დამოკიდებულებებიც მოქმედებს მოსწავლეებზე, თუნდაც შეფასების ფაქტორი, ამან შეიძლება ბავშვებს შორის ურთიერთობაზე იმოქმედოს, რასაც დაპირისპირება მოჰყვეს და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე გვყავს, წელს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის სკოლის 2 მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა, გასულ წელსაც ორი წარჩინებული მოსწავლე გვყავდა და მომავალში მეტ პერსპექტივას ვხედავთ.

ჩემ თანამშრომლებთან ერთად კვლევაც ჩავატარე, რომელიც ეხებოდა სკოლისა და ოჯახის როლს მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების პროცესში! ამ კვლევამ ბევრი რაღაც მოგვცა, ბევრი პრობლემა დაგვანახა და მათ გადასაჭრელად აქტიურად ვმუშაობთ.

-  მოსწავლეთა შეფასება ერთგვარ დაძაბულობას წარმოქმნისო, - აღნიშნეთ. გამოსავალს რაში ხედავთ?

- ეს პრობლემა ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, თუმცა მასწავლებლის შეცდომა იყო და ამაზე ვისაუბრე პედკოლექტივთან, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და მაქსიმალურად ვამახვილებთ ყურადღებას ყველა წინაღობაზე, რასაც სასკოლო ცხოვრებისას და მოსწავლეებთან ურთიერთობისას ვაწყდებით. საერთოდ შეფასება, რა თქმა უნდა აუცილებელია, თუმცა რთული პროცესია. თუ რამე მიჭირს გაკვეთილზე, როგორც პედაგოგს, სწორედ ესაა! რთულია, თუმცა აუცილებელი, ვიყოთ ობიექტურები! ამ ყველაფერში შეფასების რუბრიკა გვეხმარება, რასაც ვერავინ გაექცევა და ვფიქრობ, ამის გარეშე შეუძლებელია სწავლა. როცა შეფასება ხდება არაობიექტურად, მაშინ წარმოიქმნება დაძაბული გარემო.

- თაობები იცვლება - რა განსხვავებას ხედავთ თქვენსა და ახალ თაობას შორის?

- ძალიან სენსიტიური თემაა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და საკმაოდ სერიოზულადაც... ჩვენი კვლევის ფარგლებში მშობლებთან გაკეთებული კითხვარებიდან გამოიკვეთა, რომ ბავშვებს ოჯახებში არ ასაქმებენ. ვფიქრობ, რომ პოზიტიურად ვერ აისახება მომავალი თაობის მომავალზე....

- მშობლების როლზე ხშირად საუბრობთ. რეალურად აქტიურად თანამშრომლობენ სკოლასთან?

- გვაქვს პროექტები, რომლებიც მშობელთა ჩართულობით ხორციელდება; ვაძლევთ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს დაესწრონ სასწავლო პროცესს, უბრალოდ ამისთვის წინასწარ განაცხადია საჭირო. 

- ბავშვები არ აპროტესტებენ მშობელთა დასწრებას გაკვეთილებზე?

- ასეც ხდება... თუმცა, როგორც ვთქვი, მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და ამისთვის სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. თამამად ვიტყვი - ჩვენ მაქსიმალურად ვაძლევთ შესაძლებლობას მშობლებს, რომ გაეცნონ სასკოლო ცხოვრებას და ნახონ, როგორ მუშაობენ მათი შვილები.

- ქალბატონო მელანია, ალბათ გონებაში იდეალური სკოლის მოდელიც გაქვთ შექმნილი?

- მატერიალურ საკითხებს თუ არ შევეხები, პირველ რიგში მაღალი სასკოლო კულტურა უნდა იყოს, პროფესიონალი კოლექტივით დაკომპლექტებული, რომლებიც არ იქნებიან მხოლოდ საგნობრივი მიმართულებით ძლიერები - მათ აუცილებლად მოსწავლეთა სიყვარული უნდა შეეძლოთ. რასაკვირველია, ძლიერი ლიდერიც საჭიროა, რომელიც სკოლის მაჯისცემას იგრძნობს!

რაც შეეხება მატერიალურ საკითხებს, ჩვენი სკოლა ამ კუთხით ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაშია, არ ვართ ტექნიკით აღჭურვილნი, არ გვაქვს საჭირო ინვენტარი, რაც სწავლის ხარისხზე მოქმედებს... მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით ბევრი რამ უკვე გაკეთდა: გარემონტდა სკოლა, დამონტაჟდა გათბობა, მშობლების დახმარებით კანალიზაციის მილები მოვაწესრიგეთ საკუთარი ხარჯებით, მაინც ბევრია ამ კუთხით გასაკეთებელი. იდეალური სკოლა კი, მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოს! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ ოჯახების დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს - ვფიქრობ არასწორია, როცა მოსწავლეებს არ ასაქმებენ, ფიზიკურ შრომას ვგულისხმობ, მშობლები აბსოლუტურად უზრუნველ ცხოვრებას უქმნიან ბავშვებს და ჰგონიათ, რომ ეს არის სიკეთე; სინამდვილეში კი ძალიან დიდი ბოროტებაა, რადგან ბავშვები ვეღარ ხდებიან მიზანდასახულები და შრომისუნარიანები, არ იციან შრომის ფასი და ცხოვრებისეული სიძნელეების დროს ჩიხში ექცევიან... ვფიქრობ სკოლებშიც, უნდა იყოს დასაქმების პროგრამები, რაც რა თქმა უნდა შრომის კოდექსის შესაბამისი და მოსწავლეების უნარების გათვალისწინებით იქნება შედგენილი... ჩემს ბავშვობაში იყო ზაფხულის ბანაკები, სკოლას ჰქონდა ტერიტორია, რომელსაც ვამუშავებდით, გარდა ამისა ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდით სკოლისა და სოფლის კეთილდღეობისთვის და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სოფლის სკოლებისთვის... ასევე ვისურვებდი სკოლაში რელიგია ისწავლებოდეს, ვფიქრობ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქვეყანა და თავისთავად მოსწავლეები უნდა იცნობდნენ ამ სარწმუნოებას, ეს ჩემი აზრია და ვფიქრობ, რომ სასიკეთო და სწორი იქნება ამის დამატება საგაკვეთილო პროცესში...

- განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანი მრავლადაა ქვეყანაში... როგორ ფიქრობთ, საზოგადოება რამდენად დადებითად მიიღებს ამას?

- ჩვენი ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით, მართლმადიდებელი ერი ვართ და ამიტომაც  უნდა ისწავლებოდეს, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ვინმეს რელიგია მიუღებელია ჩვენთვის... თუ ვინმე მიმღებლური და ტოლერანტულია, სწორედ ჩვენ ვართ, ქართველები. შეიძლება, რაღაც კუთხით სხვა რელიგიებიც ისწავლებოდეს, თუმცა მთავარი აქცენტი ქრისტიანობაზე უნდა კეთდებოდეს - აქამდე სწორედ რწმენამ მოგვიყვანა.

- იმის გათვალისწინებით, რისი კეთებაც საკუთარი რესურსებით გიწევთ, სოფლის სკოლის დირექტორობა, ალბათ განსხვავებული გამოწვევების წინაშე გაყენებთ...

- ქვეყნის სიყვარული მაჩერებს ალბათ აქ, რადგან იმ შრომის საპირწონე ანაზღაურება არაა, რისი ჩადებაც მიწევს. სოფელი თითქოს მოწყვეტილია კულტურულ-საგანმანათლებლო კერას, ამ კუთხით ერთადერთი, რაც სოფელშია ისევ და ისევ სკოლაა... ვცდილობთ, რომ სასკოლო საქმიანობაში არამარტო მოსწავლეები და მშობლები, არამედ სოფლის თემი იყოს ჩართული, სწორედ ამ მიზნით, რაღაც განსხვავებულის გაკეთება მინდოდა და დავაწესე ღია კარის დღე, რომელიც ტრადიციულად, ბავშვთა დაცვის წინა დღეს აღინიშნება (1 ივნისი გვინდოდა, უბრალოდ ეს დღე სკოლაში სხვა ღონისძიებებით არის დატვირთული). ღია კარის დღეზე მრავალფეროვანი აქტივობები ეწყობა, გვაქვს თოჯინების თეატრი, რომლსაც მოსწავლეები დგამენ ოჯახების დახმარებით, ეწყობა პრეზენტაციები და საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება კეთდება, სოფლისთვის... სასიამოვნო ის არის, რომ ყველა თაობის ხალხს ვხედავთ ღონისძიებაზე, ისეთი ბავშვების მშობლებსაც, რომლებიც ჩვენს სკოლაში არ სწავლობენ, თოჯინების თეატრის სანახავად რამდენიმე სოფლის ბაღის ბავშვები გვსტუმრობენ... ყოველივე ეს ძალიან მახარებს... სოფლის სკოლას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს... ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, რომ სათანადო ყურადღება არ ექცევა სოფლის სკოლებს... ძალიან ბევრს ვცდილობთ, რომ უფრო მეტი მოსწავლე გვყავდეს სკოლაში, დაგვემატოს საშუალო საფეხურიც, გვყავდეს მეტი კადრი, რადგან თავად არ გვიწევდეს სხვა საქმეების შეთავსება იმისთვის, რომ ხარისხი არ დაეცეს და კიდევ მრავალი საკითხია მოსაწესრიგებელი და ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემები აუცილებლად აღმოიფხვრება. ვფიქრობ, ჩვენი სკოლა ავტორიზაციასაც წარმატებით გაივლის, მით უმეტეს, ვოცნებობ, ჩვენ სკოლას საშუალო საფეხური დაემატოს და იმედი მაქვს, წინ უამრავი წარმატება გველის. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება