სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„ვფიქრობ, ბავშვის ყველა მცდელობის შეფასებას უნდა ახერხებდეს მასწავლებელი“ - საჯარო სკოლის დირექტორები მოსწავლეთა ნიშნით წახალასებაზე საუბრობენ
22-03-2023
-
+


მოსწავლეთათვის მოტივაციის ამაღლება და სწავლისადმი წყურვილის გაღვივება მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთული საკითხია. თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. ზოგს, მოტივაციას სიტყვით შექება უმაღლებს, ბიძგი სჭირდება შესაძლებლობების წარმოჩენისთვის, ზოგიერთის აკადემიურ მოსწრებას კი ნიშნით წახალისება აუმჯობესებს. 

საინტერესოა, ამ მხრივ რა ხდება სკოლებში. რას ფიქრობენ საჯარო სკოლის დირექტორები, არის თუ მათთვის მოსწავლის ნიშნით წახალისება მისაღები და შედეგიანი ეს მეთოდი?

აღნიშნული კითხვებით Etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა მათი დიდი ნაწილი ემხრობა ნიშნით წახალისებას და ფიქრობს, რომ ეს მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, თუმცა ნაწილს მიაჩნია, რომ მთავარია ობიექტურობა და განმავითარებელი კომენტარი, რომელიც ბავშვებს მასწავლებელთა მიმართ ნდობით განაწყობს.

იზოლდა ფხაკაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ნიშნით მოსწავლის წახალისებას ნაწილობრივ ვემხრობი. რომ გითხრათ, ჩვენს სკოლაში ამას 100%-იანი შედეგი აქვს, არა - ზოგზე დადებითად მოქმედებს, ზოგზე არა. გააჩნია მოსწავლეს, ყველას ვერ ერგება ეს მეთოდი. თუმცა, როცა მოსწავლეს შეფასებას უწერ და ეუბნები, რომ არ ეკუთვნის, მაგრამ თან უხსნი, რომ მაინც უმატებ ქულას, რადგან მომავლში კიდევ უფრო კარგად მოემზადოს უმეტეს შემთხვევაში დადებითად აისახება მის შედეგებზე. ჩვენი სკოლა ისედაც მცირეკონტინგენტიანია და ყველა მოსწავლე დაინტერესებულია, რაც შეიძლება ბევრი წარჩინებული და მოტივირებული მოსწავლე იყოს კლასში. მათ შორის, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვებიც, მათაც უხარიათ თანაკლასელების მაღალი ქულები.

ირინე აბდალაძე, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი:

არსებობს მოსწავლეთა შეფასების შესაბამისი კრიტერიუმები. ჩვენ ქცევაში არ ვაფასებთ. წახალისებას რაც შეეხება არსებობს განმავითარებელი შეფასება, სადაც მოსწავლის მონდომებას დააფასებ და კომპეტენტური შეფასებით სხვადასხვა ინსტუმენტით, მის პროგრესს შეუწყობ ხელს. განმავითარებელი შეფასებით, მოსწავლეს მრავალმხრივად - პრეზენტაციებსა და სასკოლო აქტივობებში მის ჩართულობას, მონდომებას აფასებ, რაც მამოტივირებელია. აუცილებელია, მოსწავლეთა თუნდაც უმნიშვნელო წვლილის დაფასება და აღიარება. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლის საუკეთესო, ძლიერი მხარეების წარმოჩენასა და დაფასებას.

გია რამინაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

ჩემთვის მისაღებია მოსწავლის ნიშნით წახალისება. ცოტა უნდა მოუმატო ნიშანი, იმისთვის, რომ მოტივაცია აუმაღლდეს. წახალისების მიზნით, ერთ ქულას ყველას ვუმატებთ, რაც შედეგიანია. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს ვუნმარტავთ, რომ მათ გული არ უნდა დასწყდეთ, რადგან სკოლაში ყველას აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ. თუ ეს მათ მოტივაციას აუმაღლებს და მომავალში უკეთ ისწავლიან რატომაც არა?!

მანანა გოგიტიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

ნიშნით წახალისებას ორი მხარე აქვს: შეიძლება, არაობიექტურად დაწერილ ქულას უარყოფითი შედეგი ჰქონდეს. არიან ბავშვები, რომლებზეც ასეთი წახალისება დადებითად მოქმედებს, მაგრამ შეიძლება ამ წახალისებამ და არაობიექტურად დაწერილმა ქულამ მოსწავლეს ერთგვარი ზიანი მიაყენოს და მიაჩვიოს მისი შრომის შედეგის არაობიექტურად შეფასებას. ამიტომ ვფიქრობ, ამას ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეს თითოეული პედაგოგი, იშვიათად და გამონაკლის შემთხვევებში. კონკრეტული შემთხვევებისათვის, უნდა შევისწავლოთ ბავშვის ფსიქოლოგია და მოზომილად უნდა გავაკეთოთ ეს. ასევე გასათვალისწინებელია, მაღალქულიანი მოსწავლეები, მათ არ უნდა იგრძნონ, რომ ჩაგრავენ, ამდენს შრომობენ და სხვას მაღალ ქულას მაინც უწერენ. სწორედ ამიტომაა ზომიერება და გამონაკლისი შემთხვევები საჭირო ქულით წახალისების დროს.

კახაბერ ფიფია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლის ქულით წახალისების დროს ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. თუ ვხედავ, რომ ბავშვი გაკვეთილებს არ აცდენს, სწავლობს, რაც შეუძლია ინდომებს, მაგრამ შესაბამის შედეგს ვერ დებს, ასეთ დროს ვუმატებთ. ეს აუცილებელია, რომ მას სწავლაზე გული არ აუცრუვდეს. მოსწავლეს ეს პირიქით, მოტივაციას უმაღლებს და უფრო მეტს აკეთებს.

მარინე ჯარმელიშვილი, თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ბავშვის ყველა მცდელობის შეფასებას უნდა ახერხებდეს მასწავლებელი. შესაბამისად,  ეს მათ მოტივაციას აუმაღლებს უფრო მეტი გააკეთონ. მცდელობაში ვგულისხმობ, დღეს რომ მაგალითად სასწავლო ნივთები არ მქონდა და მოვიტანე ეს უნდა აღნიშნოს მასწავლებელმა. სწორედ ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ გააუმჯობესოს თავისი სასწავლო შედეგები. ნიშნით წახალისებას, რაც შეეხება არაობიექტური შეფასების დროს სხვა ბავშვები იგრძნობენ თავს დაჩაგრულად და უსამართლობის გრძნობა გაუჩნდებათ. ნიშნით წახალისება არაა გამოსავალი, თუმცა მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მოსწავლის ყველა მცდელობა.  ბავშვს უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს თავი, რაც გაზრდის მოტივაციას უფრო მეტი ისწავლოს, გაიგოს და შესაძლებლობები წარმოაჩინოს.  ეს ერთ გაკვეთილზე არ ხდება, ბავშვი უნდა მიიყვანო თავდაჯერებულობამდე და დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებამდე.

ცირა ტაბატაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

ვფიქრობ, ნიშნით წახალისებას განმავითარებელი კომენტარი სჯობს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებში განსაკუთრებით, რადგან ერთი დაწერილი ნიშანი ვერაფერს არგებს, შეიძლება მოტივაცია მეტად დაუქვეითოს, თუ მასწავლებელი კომენტარს გაუკეთებს და ეს კომენტარი სამართლიანი იქნება, მოსწავლეს ნდობაც ექნება მასწავლებლის მიმართ და მოტივაციაც გაეზრდება. კონკრეტულად მიხვდება რა გააკეთა კარგად და რა არის გამოსასწორებელი. ჩემი აზრით, ასეთ განმავითარებელ კომენტარს უფრო ექნება შედეგი ვიდრე ნიშანს.  პრაქტიკიდან გამომდინარე მსგავსი შემთხვევები გვაქვს.

რუსუდან მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა არის მცირეკონტინგენტიანი. თითო კლასში თითო ბავშვი გყვავს, ისინი იმდენად კარგად სწავლობენ, რომ წახალისება არც სჭირდებათ. თუმცა, საერთო ჯამში მომწონს ეს მეთოდი და ჩემთვის მისაღებია ნიშნით წახალისება. მქონია ასეთი შემთხვევებიც. ბავშვებს ძალიან უხდებათ წახალისება, მათ უფრო უმაღლდებათ მოტივაცია. ამ დროს კომენტარიც უნდა დაურთო და უთხრა, ეს წახალისების მიზნით ხდება, იმისთვის, რომ მომავალში კარგად იმეცადინონ. ასეთ დროს ვისაც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს შეიძლება თავად გამოასწოროს შედეგები.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება