სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„გამორჩეული მოსწავლეები მყავს, რომლებიც ყოველთვის აფასებენ თავიანთი პედაგოგების შრომას“ – ახმეტის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მჭედლური
10-03-2023
-
+


პედაგოგობა მისი ახდენილი ოცნებაა, ამიტომაც დიდი ხნით, სკოლის დირექტორობას სულაც არ აპირებს - ასე გვითხრა, ახმეტის N1 საჯარო სკოლაში დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან მჭედლურმა. მისვე თქმით სკოლის ხელმძღვანელის პოზიციიდან ბევრი რამ სხვაგვარად დაინახა და ეს მისთვის დიდი გამოცდილება იყო, თუმცა საკუთარ თავს მაინც უფრო მეტად მოსწავლეებთან, საკლასო ოთახში ხედავს.

ამაყობს რომ მისი კურსდამთავრებულები მაღალ შედეგებს იღებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ამას როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების ერთობლივ დამსახურებად თვლის, რადგან სასწავლო პროცესი ერთმანეთის პატივისცემაზე და ერთმანეთის შრომის დაფასებაზეა დამყარებული.

როგორ უყურებს ახმეტის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მჭედლური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას, სასკოლო სივრცეში განხორციელებულ რეფორმებს, რა მოსწონს და  რას შეცვლიდა - ამის შესახებ etaloni.ge – სთან ისაუბრა.

- პირველ რიგში უნდა გკითხოთ, დირექტორობის გამოცდაზე თუ იყავით გასული და როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს?

- საჯარო სკოლის დირექტორობის გამოცდაზე არ გავსულვარ, არ ვაპირებ ამ მიმართულებით სკოლაში მოღვაწეობის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ სხვა თვალით დავინახე და დიდი გამოცდილებაც მივიღე, ვთვლი, რომ ჩემი მოწოდება პედაგოგობაა, ამიტომ ახალი დირექტორის დანიშვნის შემდგომ კვლავ ერთგულად გავაგრძელებ მომავალი თაობების სწავლებას.

2 წელია მოვალეობის შემსრულებელი ვარ და თამამად გეტყვით, რომ დირექტორობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, 20 წელია პედაგოგად ვმუშაობ და მხოლოდ ახლა, სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, გავიაზრე ბევრი რამ სხვაგვარად, ბევრ რამეზე დავფიქრდი და ბევრი შეხედულება შემეცვალა.

- რა საგანს ასწავლით მოსწავლეებს ?

- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარ.  მასწავლებლის პროფესიამდე ბავშვობიდან ბუნებრივად მივედი...  მომწონდა სხვისთვის სწავლება. რაღაცის ახსნა, შემდგომ ამ ყველაფერს ბავშვებისადმი ჩემი უზომო სიყვარული დაემატა და შეიძლება ითქვას მასწავლებლობით ჩემი ოცნება ავისრულე. ძალიან მიყვარს ბავშვები, ჩემი საგანი და ვცდილობ, მოსწავლეებსაც შევაყვარო - ვფიქრობ, გამომდის კიდეც ეს.

- როგორც მითხარით, 20 წელია სკოლაში ასწავლით, რაც თავის მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ არაერთი რეფორმის მომსწრე ხართ. გვითხრათ, რა იყო ის ცვლილება, რომელსაც გამოარჩევდით და რამაც რეალურად მოახდინა დადებითი გავლენა სწავლების ხარისხსა და პროცესზე?

- გეთანხმებით, საკმაოდ ბევრი ცვლილების და სიახლის მომსწრე ვარ, ზოგი რეფორმა წარმატებული იყო, ზოგიც ნაკლებად. თუ ჩემი საგნის, ქართულ ენისა და ლიტერატურაში გატარებულ ცვლილებებზე ვისაუბრებ, გეტყვით რომ ყველაზე მეტად, რაც არ მომწონდა იყო ენის სწავლების ამოღება. მოსწავლეები პრაქტიკულად აღარ სწავლობდნენ გრამატიკას, თუმცა რამდენიმე წელია ეს მიდგომა შეიცვალა და კვირაში ერთი გაკვეთილი ეთმობა ენას, რაც ნამდვილად საჭირო იყო და რამაც დადებითი გავლენა იქონია, მოსწავლეთა ცოდნის დონეზე.

ახმეტის N1 საჯარო სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელშიც, შესაბამისად პრაქტიკაში ვეცნობით ყველა იმ სიახლეს და რეფორმას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ვფიქრობ, საკმაოდ მისაღებია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომწონს კომპლექსური დავალებები, კარგად მუშაობს მოსწავლეებთან და მინდა გითხრათ რომ ეს აქტივობები მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნების განვითარებაში ეხმარება, წარმოაჩენს მათ მრავალმხრივ მიდგომებს სხვადასხვა საკითხის მიმართ და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია მოსწავლეებისთვის.

- ამბობთ, რომ რეფორმების ნაწილი არ მოგწონთ, გვითხრათ, რომელ ცვლილებას არ ეთანხმებით და ზოგადად რამდენად სწორია როცა მუდმივად ცვლილებების ეტაპზეა საგანმანათლებლო სისტემა?

 - სიმართლე გითხრათ, ზედმეტი მეჩვენება ამდენი გამოცდები და გამოცდებთან დაკავშირებული რეფორმები, რომლებიც პედაგოგებისთვისაა განკუთვნილი. ერთი, ორი, სამი გამოცდა, პორტფოლიო... ამ ყველაფერს ძალიან დიდი ენერგია მიაქვს და თითქოს აღარ გვრჩება იმდენი დრო მოსწავლეებისთვის... 

ვემხრობი და მომწონს ტრენინგები, თუმცა გაუთავებელი რაოდენობით ესეც არ არის მისაღები. ხანდახან ტრენინგები ერთმანეთს ემთხვევა და ეს ხარვეზები არის, თუმცა თითოეული მათგანიდან მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანი და გამოსადეგია მასწავლებლებისთვის.

- ქალბატონო ქეთევან, გამოცდები ახსენეთ, თქვენ რა სტატუსი გაქვთ და თუ აპირებთ წელს გამოცდაზე გასვლას?

- უფროსი პედაგოგი ვარ და დიახ, გამოცდაზე გასვლას ვაპირებ. სიმართლე გითხრათ გასულ წელსაც ვიყავი გასული, თუმცა ქულა დამაკლდა. ახლა თავიდან ვცდი აუცილებლად, თუმცა მგონია რომ პედაგოგი რომელმაც გამოცდა ერთხელ უკვე ჩააბარა და უმაღლეს ქულაზე ჩააბარა მისთვის დამატებითი გამოცდა საჭირო აღარ არის.

- დღევანდელი სქემის მიხედვით, პედაგოგისთვის უმაღლესი სტატუსი მენტორია. პროფესიული განვითარების უმაღლეს საფეხურზე დღეს, საკმაოდ ბევრი პედაგოგია, შესაბამისად, მაინტერესებს, თქვენი მოსაზრება, რამდენად სწორად მიგაჩნიათ, თუნდაც ის ფაქტი რომ კარიერული „მწვერვალის დაპყრობა“ პედაგოგებს ასე მალე შეუძლიათ. მასწავლებელმა  მიაღწია უმაღლეს საფეხურს და დამატებითი განვითარების საშუალება აღარ აქვს...   

- ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ სტატუსები არ უნდა იყოს კარგი პედაგოგობის განმსაზღვრელი. პედაგოგი სულ უნდა ვითარდებოდეს, თავისთავად იქნება ის მომენტი „მე მენტორი ვარ, აღარაფერი აღარ მჭირდება, მე ყველაფერი ვიცი“ და დაამთავროს ამით განვითარება. ვფიქრობ, ეს სტატუსები არ უნდა არსებობდეს და მასწავლებელი მუდმივად ვითარდებოდეს, ჰქონდეს სავალდებულო აქტივობები თუმცა სტატუსის გარეშე იყოს ეს ყველაფერი.

- ინტერვიუს ბოლოსკენ აუცილებლად უნდა გკითხოთ ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორიც ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველკლასელების მიღებაა. მაინტერესებს, რამდენ პირველკლასელს ელოდებით როგორ ემზადებით მათ შესახვედრად და ასევე, როგორი განწყობა აქვთ თქვენი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს?

- 2023-2023 სასწავლო წლისთვის 50-მდე პირველკლასელს ველოდებით, ორი პარალელური კლასი გვექნება ჩვენი გათვლით და ვნახოთ, რა თქმა უნდა ვემზადებით, ეს პროცესები უფრო მეტად აქტუალური სასწავლო წლის დაწყების წინა პერიოდში ხდება ხოლმე, თუმცა სავარაუდო გათვლა და შესაძლებლობები რა თქმა უნდა, გაკეთებული გვაქვს. რაც შეეხება აბიტურიენტებს, ყოველთვის ამაყები ვართ ჩვენი კურსდამთავრებულებით რადგან ძალიან კარგი შედეგებით აბარებენ უმაღლესში, სიმართლე გითხრათ, რა ნიშნებიც აქვთ მოსწავლეებს, ისეთი შედეგი აქვთ ხოლმე ეროვნულებზეც, ამიტომ ყოველთვის ვიცით რომ თუ მოსწავლეს მაღალი ქულა აქვს, ის აუცილებლად მაღალ შედეგს დააფიქსირებს.

- როგორც ამბობთ, ამაყობთ მაღალი შედეგებით, თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და როგორ აღწევს თქვენი სკოლა ამას ?

- ეს ყველაფერი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, მოსწავლეების და მასწავლებლების მოტივაციის მონდომებისა და ურთიერთთანამშრომლობის. თითოეული მასწავლებელი მთელი მონდომებით ცდილობს მოსწავლეს შეაყვაროს თავისი საგანი, მოიპოვოს მათი პატივისცემა. მინდა გითხრათ რომ გამორჩეული მოსწავლეები მყავს, რომლებიც ყოველთვის აფასებენ თავიანთი პედაგოგების შრომას და ეს ყველაფერი საბოლოოდ დებს იმ შედეგს რომელიც სიამაყის განცდას ბადებს როგორც ჩემში, ისე ჩემს პედაგოგებში.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება