სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„პრეზიდენტის არჩევა უფრო იოლია, ვიდრე სკოლის დირექტორის“ - ტარიელ ქათამაძე, ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
15-02-2023
-
+


თითქმის ორი ათეული წელია სკოლას ხელმძღვანელობს და ამ პერიოდში არაერთი გამოწვევა დაძლია წარმატებით... სხვათა შორის, etaloni.ge-ს ბლიცებში, არაერთმა დირექტორმა სამაგალითო კოლეგად დაასახელა და მიუხედავად იმისა, თავად ინტერვიუში მიზეზის დასახელება უჭირს, ფაქტია - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ტარიელ ქათამაძე მოსწავლეებთან თანამედროვე მიდგომებით გამოირჩევა; არც ერთ მასწავლებელს დახმარებაზე უარს არ ეუბნება და მიიჩნევს, რომ თანამედროვე სკოლა მოსწავლეებს ისეთ განათლებას აძლევს, როგორიც საკმარისია უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად.

დირექტორობის გამოცდა წელს არ ჩაუბარებია, თუმცა მიიჩნევს, რომ ორმაგი ბარიერების დაძლევა სკოლის ხელმძღვანელობის მსურველების წინსვლას საგრძნობლად აფერხებს. ან ტესტირება უნდა იყოს ან გასაუბრებაო - აღნიშნავს etaloni.ge-სთან ინტერვიუში და ხუმრობით, იმასაც აცხადებს, დღეს პრეზიდენტის არჩევა უფრო იოლია, ვიდრე სკოლის დირექტორისო. 

რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე სკოლა და როგორ მუშაობს განათლების სისტემა? -  etaloni.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ტარიელ ქათამაძე ესაუბრება.

- ბატონო ტარიელ, ძალიან ბევრი სკოლის დირექტორმა, Etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში სამაგალითო ხელმძღვანელად დაგასახელათ, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მათი ეს დამოკიდებულება?

- არც ვიცოდი ამის შესახებ და რა თქმა უნდა, მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის. არ ვიცი, ეს რამ გამოიწვია, თუმცა ფაქტია -  კოლეგიალური დამოკიდებულება მაქვს ყველა მათგანთან. ორგზის არჩეული დირექტორი ვარ და 16 წელია სკოლას ვხელმძღვანელობ... მანამდეც, სამინისტროში ვმუშაობდი და სხვადსხვა მიმართულებით ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვსაქმიანობ, კოლეგებსაც ვეხმარები თუ კი რამე სჭირდებათ, თუნდაც სამართლებრივი კუთხით, ალბათ ამის გათვალისწინებით დამასახელეს, ვერ გეტყვით, რა მიდგომით გამოკვეთეს ჩემი სახელი და გვარი, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

-  პირადად თქვენთვის ვინ არის სამაგალითო დირექტორი და როგორ ფიქრობთ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის ხელმძღვანელი?

- მე ჩემი სკოლის დირექტორს, ბატონ დავითს დავასახელებ - იგი ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის გახლდათ ავტორიტეტი და სამაგალითო. თავისი ქცევით, კულტურით, მაღალზნეობრიობით მისაბაძი იყო და წარმოიდგინეთ, კი არ გვეშინოდა, რიდი გვქონდა. მგონია, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო დირექტორი.



- ახლახან ჩატარდა დირექტორობის გამოცდა... როგორი გგონიათ, ასეთი სისტემა?

- მე მაქვს სერტიფიკატი და ეს გამოცდა არ მეხებოდა... სერტიფიცირებას აქვს უარყოფითიც და დადებითი მხარეებიც... ვფიქრობ, პრეზიდენტის არჩევა უფრო იოლია, ვიდრე სკოლის დირექტორის. არ ვემხრობი მიდგომას - დირექტორმა გაიარა ტესტირება, რომელიც განსაზღვრულია სამინისტროს მიერ და მას უწევს გასაუბრებაც! გამოდის, არ ვენდობით ადამიანებს, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს... თან გასაუბრება ორ ეტაპიანია - ერთი იმისთვის, რომ სერტიფიკატი აიღოს და მეორე - კონკრეტული სკოლის დირექტორად წარდგენისთვის. ვფიქრობ ამ კუთხით ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია. მგონია, რომ ან მხოლოდ გასაუბრება უნდა იყოს ან მხოლოდ ტესტირება.

- დღეს სკოლების დაახლოებით 90%-ს მოვალეობის შემსრულებელი დირექტორები ჰყავს, რამ გამოიწვია ეს და მ/შ დირექტორები იზღუდებიან თუ არა რაიმე საკითხში?


- სამართლებრივი მიმართულებით შეზღუდვა არ აქვთ, უბრალოდ მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს სამინისტრო, არჩეულ კანდიდატს კი - სამეურვეო საბჭო. რასაკვირველია, არჩეულ კანდიდატს უფრო მეტი საფეხური აქვს გავლილი, ვიდრე მოვალეობის შემსრულებელს. მათი დანიშვნა კი გამოიწვია იმან, რომ 2020 წელს მოქმედ დირექტორებს ვადა დაუსრულდათ. 

- ბატონო ტარიელ, მოდით უშუალოდ თქვენი საქმიანობის შესახებ ვისაუბროთ, რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენი პროფესია სკოლას დაუკავშირეთ?


- როცა მივიღე განათლება, 1990 წელს პირდაპირ დავინიშნე არასრულ საშუალო სკოლაში დირექტორად, ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო, შემდგომ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით აჭარის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, პარალელურად სარედაქციო საქმიანობით ვიყავი დაკავებული და აქაც განათლებისა და კულტურის მიმართულებით ვმუშაობდი. მიმართულება, რომელიც 21 წლის ასაკიდან ავირჩიე, არ შემიცვლია და ვფიქრობ, სულ თავიდან, რომ დავიწყო კარიერის აწყობა, კვლავ იგივე გზას ავირჩევდი.



- ბავშვთა უფლებები ახსენეთ, როგორც გამოცდილ პიროვნებას, ალბათ განსაკუთრებული მიდგომები გაქვთ ბავშვებთან და საერთოდ, როგორ ახერხებთ კომუნიკაციას მოსწავლეებთან?

- სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელიც ვარ, მოსწავლეებს კი ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს ურთიერთპატივიცემაზე დამყარებული, მასწავლებლებთან ურთიერთობაში მეგობრული დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია, ვფიქრობ შენიშვნასაც რჩევისა და რეკომენდაციის სახით უნდა ვაძლევდეთ ბავშვებს... თაობები, მიდგომები, ურთიერთობები... შეცვლილია და ჩვენც უნდა მოვერგოთ. ცალსახაა, რომ მასწავლებლებსაც გვეშლება მოსწავლეებთან ურთიერთობაში და მერე ამ ყველაფრის გამოსწორება ძალიან რთულია, ამიტომ თავიდანვე, სჯობს, ურთიერთობა მეგობრობაზე იყოს დამყარებული.

- თქვენს სკოლაში სწორედ ასეთი ურთიერთობებია, ბატონო ტარიელ?

- 80-90% პროცენტი ასეა და ვფიქრობ, ასეთი მიდგომა მოსწავლეებსაც მოსწონთ, უფრო გახსნილები არიან, ჩვენც მეტად გვენდობიან.

- თანამედროვე მიდგომები პირადად თუ მოგწონთ?

- მე იმ თაობას ვეკუთვნი, როდესაც ჩვენი მშობლები კომუნისტური იდეოლოგიით იზრდებოდნენ და შვილების აღზრდას მთლიანად სკოლას ანდობდნენ, ეს რა თქმა უნდა, შეცვლილია და თავადაც, არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ სკოლაა ვალდებული ბავშვის მომავლისთვის იზრუნოს. ოჯახსა და მოსწავლის თვითშეგნებაზეც ბევრია დამოკიდებული - გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ მომავალი საქართველოს წარმომადგენელია და საკუთარი მომავლის შექმნაში წვლილი თავადვე უნდა შეიტანოს.

- სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ბრძანდებით... როგორც პედაგოგი, ემხრობით მასწავლებლების გამოცდებს? პედაგოგების სერტიფიცირებამ, განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, შედეგი გამოიღო?

- რადგან სასერტიფიკაციო გამოცდები და კარიერული ზრდა მიბმულია ანაზღაურებაზე, თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებლებში. არადა, მასწავლებელი, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული პროფესიული ზრდითა თუ განვითარებით. მიდგომა - თუ სტატუსი მოგენიჭება, ხელფასი გაგეზრდება, არ მიმაჩნია სწორად. ყოველთვის ვიტყვი - კვალიფიკაციის ზრდა მხოლოდ ხელფასმა არ უნდა განაპირობოს.

თუ მე კვალიფიკაციას ვიმაღლებ, ჩემი მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ კონფერენციებში წარმატებით მონაწილეობენ, ვდებ მაქსიმალურ შედეგს და სკოლაში ვარ ავტორიტეტი მასწავლებელი, ამას ვაკეთებ შედეგისთვის... მხოლოდ საგნის ცოდნა, ვფიქრობ, არასაკმარისია კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, შეიძლება რომელიმე მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლემ ძალიან კარგად იცოდეს საგანი და გამოცდაზე მასწავლებელზე უკეთესი შედეგიც დადოს, მაგრამ ის ხომ ვერ იქნება უკვე მასწავლებელი?

- გამოსავალი რაშია?

- მგონია, რომ მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ. თუკი მე კარგი შედეგი მაქვს, ჩემი მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რატომაც არ შეიძლება, სამინისტრომ მომანიჭოს სტატუსი? მე გეტყვით, რომ ჩემს სკოლაში წამყვანი მასწავლებლებიც არიან და მენტორებიც, მაგრამ უფრო შედეგიანად უფროსი მასწავლებლები მუშაობენ.

- იმის თქმა გსურთ, რომ მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებს დაეკარგათ მოტივაცია?

- მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებმა მიაღწიეს იმას, რაც სურდათ, მიენიჭათ სტატუსი და აღარ აქცევენ ყურადღებას, რა შედეგები ექნებათ. არ მსურს, ამით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო - მათ ჰქონდათ ცოდნა და ამიტომაც მიიღეს შეფასება, უბრალოდ მიდგომაზე ვამახვილებ ყურადღებას. მასწავლებლების 80% სკოლის დირექტორებზე მეტ ხელფასს იღებს, სასურველი ანაზღაურების მიღების შემდეგ კი, აღარ არიან განვითარებაზე ორიენტირებულები.

- მასწავლებლების გამოცდები, როგორც წესი მიმართულია იმისკენ, რომ გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი და სკოლამ მოსწავლეებს საშუალო განათლება მისცეს, რომლის შემდეგაც უნდა შეძლონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება, თუმცა რეპეტიტორის ინსტიტუტი მაინც აქტუალურად მუშაობს ქვეყანაში, რა განაპირობებს ამას?

- ქალაქის სკოლებს რომ არ შევეხო, სოფლებში მოსწავლეებს ისევ იმ პედაგოგებთან უწევთ მომზადება, რომლებიც სკოლაშიც ასწავლიან, რადგან ქალაქში სიარულს ვერ ახერხებენ, ხოლო სოფელში პედაგოგების დიდი არჩევანი არ არის. ამ შემთხვევაში მგონი, ეს მშობლების აკვიატებაა. განსხვავებულ რეპეტიტორთან ან განსხვავებული კვალიფიკაციის მქონესთან კი არ დაჰყავთ შვილი, არამედ ისევ იმასთან, ვინც ამდენი წელია სკოლაში ასწავლის. როცა თათბირს ვაწყობ, პედაგოგებს ყოველთვის ვეუბნები სწავლების პროცესს არ ჩამორჩნენ, მე-12 კლასის გაცდენები, ძირითად შემთხვევაში სწორედ რეპეტიტორებისგან არის გამოწვეული. სულ მაქვს ამაზე კამათი და მსჯელობა, მაგრამ თუ მშობლებმა არ შეცვალეს მიდგომა და ნდობა არ გამოუცხადეს შვილებს ისე არაფერი გამოვა. თუ პირველიდან მეთორმეტე კლასამდე ბავშვს გარკვეული ცოდნა არ აქვს მიღებული, ის ერთ წელიწადში რადიკალურად ვერ შეიცვლება. ვფიქრობ, მე-11 კლასამდე რა ცოდნაც აქვს მოსწავლეს, საკმარისია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის, მით უფრო რომ ამდენად დაბალია საგამოცდო ბარიერი. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით, თუ ბავშვი ორიენტირებულია ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე, ყველა მათგანი გადალახავს ზღვარს.

- ერთია, მოსწავლემ გადალახოს მინიმალური ზღვარი და ცალკე საკითხია გრანტი, როგორ ფიქრობთ მოსწავლეს მაღალ შედეგზე, მხოლოდ სასკოლო განათლება გაიყვანს?

- ვფიქრობ, ამ შემთხვევაში თავად უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური ბარიერი. ჩვენს პრაქტიკაში არიან კურსდამთავრებულები, რომლებმაც რეპეტიტორის დახმარების გარეშე, წარმატებით ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში. შარშანდელი კურსდამთავრებულების მაგალითზე თუ ვიტყვი, 13 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი გვყავდა, ყველამ უმაღლესში ჩააბარა და გრანტებიც მოიპოვეს, მათ შორის ოთხი 100%-იანი დაფინანსებით სწავლობს, ისინი მეცადინეობდნენ დამატებით, მაგრამ ერთწლიანი მეცადინეობა არ იყო საკმარისი, მათ კარგი საბაზისო განათლება მიიღეს და ვფიქრობ შედეგი სწორედ სკოლიდან იყო მიღებული.

- რადგან სასკოლო განათლებაზე ვსაუბრობთ, როგორ შეაფასებდით მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას და ზოგადი განათლების რეფორმას?

- სკოლები მუდმივი რეფორმის პროცესში არიან, ვფიქრობ ეს კარგია, არ უნდა გავჩერდეთ, თუმცა ყოველწლიური ახალ-ახალი გამოწვევები, ხანდახან არსებულს აფერხებს. ჩემი აზრით, რეფორმას აქვს თავისი მინუსებიც და პლუსებიც, თუმცა ექსპერტი არ ვარ, შევაფასო. განათლება არის მუდმივი სწავლა და ძიების უწყვეტი პროცესი, სადაც გავჩერდებით, იქ ჩერდება ჩვენი განათლებაც. რეფორმის ეფექტურობაზე საუბარი უფრო ობიექტური ალბათ წლების შემდეგ იქნება, როცა კონკრეტული შედეგი დაიდება.



- რა პროფესიული გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ჩვენი სკოლა ჩართულია სამოქალაქო განათლების პროგრამაში, მოსწავლეთა თვითმმართველობა გაძლიერებულად მუშაობს, თავადვე აქვთ ჩამოყალიბებული რამდენიმე კლუბი სხვადსხვა მიმართულებებით. ბევრ აქტივობაში, საკმაოდ წარმატებით მონაწილეობენ და შესაბამისად სასწავლო წლის ბოლოს კარგ შედეგებს ველოდებით. სამომავლო გეგმას, რაც შეეხება, სკოლის თვითმმართველობა ჩავრთეთ აქტიურ სამუშაო პროცესში, როგორც თვითმმართველი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლებიც იდეებით დახუნძლულნი შემოვლენ სასწავლო ნაწილთან და ჩვენ მათ ყველა სურვილის განხორციელებაში დავუჭერთ მხარს, ეს ის პროცესია, რაც აქტიურად გვინდა გაგრძელდეს მომავალშიც. ჩვენთან აკრძალული არცერთი საკითხი არ არის!

- დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით თქვენი სკოლის პედაგოგებს?

- მივცეთ ბავშვებს მაქსიმალური ცოდნა, ვიყოთ ერთ-ერთი ლიდერი, წარმატებული და მისაბაძი სკოლა.

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
​აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
ოლიმპიადაში მონაწილე 200-მდე მონაწილეს შორის ოთარი საუკეთესო 15 მონაწილეს შორის მოხვდა
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება