სიახლეები
სიახლეები

„განვიცადე, ბალიშის ქვეშ რომ სიცარიელე დამხვდა...“ - როგორ იხსენებენ ახალ წელს ცნობილი ექიმი და მხატვარი
29-12-2022
-
+


ახალი წელი ყველასთვის ჯადოსნური დღესასწაულია, განსაკუთრებით ადამიანს ბავშვობის შთაბეჭდილებები ამახსოვრდება, etaloni.ge ექიმს, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს და მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის საახალწლო ამბებზე ესაუბრა.

ექიმი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ახალი წლის ჯადოსნობის ახლაც სჯერა და სწამს, რასაც ამ ღამეს ჩაიფიქრებს, აუცილებლად აუხდება. 20 და 5 წლის გოგონების მამა ცდილობს, მის შვილებს თოვლის ბაბუის არსებობის ცხოვრების ბოლომდე სჯეროდეთ.

გუგა ქაშიბაძე: ახალი წლის დღესასწაულები უსიამოვნოდაც მახსოვს და სასიამოვნოდაც. უსიამოვნო იყო პურის რიგში დგომა. ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო თონის პური და მახსოვს, დაუსრულებელი რიგები პურზე, 3-4 საათის განმავლობაში. ოჯახში უფროსი შვილი ვიყავი და მე მიშვებდნენ პურზე. სულ ვცდილობდი, დამეთანხმებინა მშობლები, იქნებ ქარხნული პური გვეყიდა, მაგრამ...

სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ახალი წლის მოლოდინს და დღესასწაულს შესანიშნავი განწყობა ახლდა. მეც მჯეროდა თოვლის ბაბუის და მგონი, ახლაც მჯერა. მჯერა, რომ ჯადოსნური ღამეა. ყოველ შემთხვევაში, მეც და ჩემი მეუღლეც ვცდილობთ, შვილებს შევუქმნათ ჯადოსნური ღამის განცდა. ეს ღამე ყველაფერი ახლის საწყისია, ახალი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი.

-თოვლის ბაბუას როგორი საჩუქრები მოჰქონდა თქვენთვის?

-ბალიშის ქვეშ მიდებდა ხოლმე საჩუქარს და ცუდად მახსოვს ის წელი, როცა პირველად აღარ მომიტანა. უკვე დიდი, ალბათ 10 წლის ვიყავი და ვიცოდი, რომ დედაჩემი და მამაჩემი ყიდულობდნენ ამ საჩუქარს, მაგრამ მაინც განვიცადე, ბალიშის ქვეშ რომ სიცარიელე დამხვდა. მანამდე, ბალიშის ქვეშ ამოვდებდი ხოლმე ხელს და იმ განცდით ვიძინებდი, იქნებ გამღვიძებოდა და თოვლის ბაბუისთვის ხელი შემეხო.

განსაკუთრებულად მახსოვს თოვლის ბაბუის საჩუქარი, პერანგი, რომელსაც ჰქონდა უცხოური წარწერები. მაშინ ძალიან რთული იყო ასეთი პერანგის შოვნა. როგორც მერე გავიგე, დედაჩემმა ჩეხი ტურისტებისგან შეიძინა. ახლაც მახსოვს ის მუქი მელნისფერი და უცხოური წარწერების მქონე პერანგი.

არ მახსოვს, რამდენი წლის იყო ჩემი უფროსი შვილი, როცა მითხრა, თოვლის ბაბუა არ არსებობსო და მე ავუხსენი, რომ თოვლის ბაბუა არსებობს იმ ბავშვებისთვის, ვისაც სჯერა თოვლის ბაბუის და ვისაც არ სჯერა, მათთვის არ არსებობს. უკვე 20 წლის არის და მგონი, ახლაც სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. მეც მჯერა, რომ თუ გულით დაიჯერებ, ნებისმიერ სურვილს აგისრულებს ახალი წლის ჯადოსნური ღამე.

ჩემი 5 წლის გოგონა მეუბნება, რომ უნდა, თოვლის ბაბუამ პულტიანი მანქანა მოუტანოს. რომ ვკითხეთ, რად უნდოდა, გვითხრა, ჩვენს მეზობლად მცხოვრები კოტე როცა გადმოვა ჩვენთან, ის ითამაშებს - თოჯინებით ხომ არ გაერთობა და ბიჭის სათამაშოც უნდა იყოს სახლშიო.

-რომელი ტრადიციაა, რომელსაც არ არღვევთ ბავშობიდან დღემდე?

- ვცდილობთ, ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად შევხვდეთ. ის განწყობა მაქვს ხოლმე, რომ როგორც შეხვდები ახალ წელს, მთელი წელი ისეთი იქნება. ასე იყო ჩემს ბავშვობაშიც და ახლაც ასეა - ერთმანეთის სიხარულს ვიზიარებთ და ერთმანეთისთვის თოვლის ბაბუის როლს ვითავსებთ.

კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც ჩემს ოჯახში ბავშვობიდან არსებობს, არის, რომ ნაძვის ხეზე ვკიდებთ პატარა ზომის ჩურჩხელებს, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია, შეჭამო. ბავშვობის დროს მეც ვჭამდი და ჩემი შვილებიც ჭამენ.სხვა ოჯახებისგან ალბათ იმითაც განვსხვავდებით, რომ ნაძვის ხეს ვდგამთ ძალიან ადრე, ნოემბრის შუა რიცხვებში და იანვრის ბოლომდე, ჩემი მეუღლის დაბადების დღემდე გვიდგას. 30 იანვრის მერე ვიღებთ.

-მეკვლეობისა და ბედობის თუ გჯერათ?

-მთელი გულით მჯერა მეკვლეობისა და ბედობის. ჩემს ბავშვობაში ვიცოდით, ვინ უნდა მოსულიყო მეკვლედ და მახსოვს, ერთ საღამოს დედაჩემმა კარი სხვას არც კი გაუღო, რადგან სხვას ელოდებოდა მეკვლედ. ახლა კი მე ვარ ჩემი ოჯახის მეკვლე - გავდივარ და შემოვდივარ,შოკოლადებს შემოვყრი...

-სამსახური თუ გაძლევთ საშუალებას, სახლში შეხვდეთ ახალ წელს? ამ დროს ალბათ იმატებს დამწვრობები პიროტექნიკის გამოყენების გამო.

-ვცდილობ, სახლში შევხვდე ხოლმე ახალ წელს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხანდახან კლინიკაშიც ვხვდები განსაკუთრებით რთული შემთხვევების დროს. ეს არის პერიოდი, როდესაც ექთნები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რადგან ახალ წელს თან ახლავს უსაფრთხოების ზომების ნაკლებად დაცვა, ყურადღება მოდუნებულია და ტრავმირება მატულობს. ამიტომაც ხშირად მიწევს ახალი წლის ღამეს კლინიკაში მისვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებზე კანონით აკრძალულია პიროტექნიკის მიყიდვა, დამეთანხმებით, მაინც ყველაფერი ხელმისაწვდომია მათთვის. არადა, ეს არ არის სათამაშო, რომელსაც ოჯახის მამა მოუტანს ბავშვებს გასართობად. მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში ძალიან სერიოზული დაზიანება შეიძლება მიიღო სახის, თვალების, თითების... ასე რომ, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, ნუ ჩაიშხამებენ ახალ წელს პიროტექნიკასთან თამაშით. ჩვენს ოჯახში, მაგალითად, არასოდეს გვიყიდია და გამოგვიყენებია პიროტექნიკა, მაქსიმუმ, ტელევიზიით ვუყუროთ ფეიერვერკებს.

მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილისთვის ბავშვობაში ახალ წელს დიდი სიხარული ახლდა. ბალიშის ქვეშ თოვლის პაპას საჩუქარი დღემდე ლამაზ მოგონებად ამჩნევია მის ცხოვრებას.

რუსუდან ფეტვიაშვილი: სახლში წესი იყო, რომ საღამოს 9 საათზე უკვე დასაძინებლად უნდა დავწოლილიყავით. შესაბამისად, ჩემი ახალი წელი დილით იწყებოდა და ამ დღეს ჩვენთვის დიდი ბედნიერება მოჰქონდა. დილით ბალიშის ქვეშ გვხვდებოდა საჩუქრები, რაც ძალიან გვიხაროდა მე და ჩემს და-ძმებს. სანამ ავდგებოდით, დედაჩემი და მამაჩემი შემოვიდოდნენ ოთახში, შემოიტანდნენ გოზინაყს, მოგვცემდნენ და გვეუბნებოდნენ, ასე ტკბილად დაგვიბერდითო. გოზინაყი არ მიყვარს და მით უმეტეს, ახლად გაღვიძებულზე არ მინდოდა ტკბილი, მაგრამ ეს იმდენად ლამაზი ტრადიცია იყო, რომ დიდი სიხარულით გეახლებოდით. 
თუ საჩუქარი დიდი იყო და ბალიშის ქვეშ არ ეტეოდა, საწოლთან ახლოს გვიდებდნენ. ასე იყო ყოველ წელს, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც ახალი წლის ერთი დილა, ისე მახსოვს. ოთხი და-ძმა ვიყავით, მეხუთე ცოტა გვიან დაგვემატა, უკვე 13 თუ 14 წლის ვიყავი, უმცროსი და რომ გაჩნდა, რომელიც ჩემთვის შვილივით არის. დანარჩენები თითქმის თანაბარი ასაკისანი ვიყავით. 

ბავშვობაში არც ვიცოდით, რომ ღამის 12 საათზე ასეთი მხიარულება იწყებოდა. თუმცა, მაშინ მგონი, ღამის 12 საათი ახლანდელივით პომპეზურად არ აღინიშნებოდა. მაინც საბჭოთა კავშირის დრო იყო ჩემი ღრმა ბავშვობა და ცოტა - ნაცრისფერიც. მერე უკვე, თავისუფალი საქართველოს პირობებში გაფერადდა და გალამაზდა ეს ყველაფერი, რადგან ევროპიდან თუ ამერიკიდან ახალი წლის აღნიშვნის სხვა ტრადიციები შემოვიდა. 

დედაჩემის მხრიდან ჩემი წინაპრების 17 თაობა სასულიერო პირები იყვნენ. მიუხედავად საბჭოთა კაშირის პერიოდისა, შობას ლიტანიობას ესწრებოდნენ ჩვენი ოჯახის უფროსები. ჩვენ დილით მივდიოდით ეკლესიაში. ასე რომ, ახალი წელიც და შობაც ჩვენთვის მუდამ დილასთან და დიდ სიხარულთან ასოცირდებოდა. 

- თოვლის პაპის გჯეროდათ?

- თოვლის პაპის არსებობა გვიხაროდა და ვიჯერებდით, თორემ არ მახსენდება, რომ მჯეროდა რომელიმე ეტაპზე, რადგან ბავშვობიდანვე ძალიან საღი აზროვნება მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფანტაზია მქონდა, თოვლის პაპა ჩემთვის რეალური  მაინც არ იყო. ვფიქრობ, როგორც ტრადიციის ნაწილს, ისე ვუყურებდი, რადგან ჩემთვის ლამაზი განცდა მოჰქონდა. ჩემს ბავშვობაში წვეულებები იმართებოდა თოვლის ბაბუის გარშემო და დარწმუნებული ვიყავი, რომ უბრალოდ ჩაცმული იყო ასე რომელიღაც ადამიანი, მაგრამ ძალიან მიყვარდა და მომწონდა ეს ამბავი. ეს იყო საზეიმო განწყობის უწყვეტი ნაწილი.

- ნაძვის ხის მორთვა გიყვარდათ? 

- ნაძვის ხის მორთვაზე ვგიჟდებოდი. ბავშვობაში გვქონდა დედაჩემის ბავშვობის დროინდელი სათამაშოები, რომლებიც აბსოლუტურად უნიკალური იყო. რა თქმა უნდა, ყოველ წელს იმტვრეოდა და იმტვრეოდა ეს სათამაშოები - 5 და-ძმა და თან ძალიან აქტიური ბავშვები ვიყავით... თან გვინდოდა, რომ ჩვენ მოგვერთო ნაძვის ხე და რა თქმა უნდა, გვიტყდებოდა ეს უნიკალური და ულამაზესი სათამაშოები. ძალიან ლამაზი სათამაშოებით, წვიმებით ვრთავდით მამაჩემთან ერთად ნაძვის ხეს და ამით ბედნიერები ვიყავით. მამა იყო ძალიან საყვარელი, კეთილი ადამიანი, რომელიც ამავდროულად დიდი აღნაგობის გახლდათ, სპორტული... ყველა სპორტში გარკვეულ თანრიგს ფლობდა იყო. მოქანდაკე, ღონიერი და უშიშარი ადამიანი იყო, მაგრამ ნაძვის ხის მორთვისას, როგორც ბავშვი, ისე ერთვებოდა ამ პროცესში და ჩვენც ძალიან ბედნიერები ვხდებოდით.

- როგორი ტრადიცია გაქვთ ახალი წლის შეხვედრის და რომელ საახალწლო კერძს ამზადებთ პირადად?

- ჩემი და-ძმები ოჯახებით ჩემთან ხვდებიან ახალ წელს. როცა მეუღლე მყავდა, მაშინაც ასე იყო და ახლაც ასეა. ქმარი 3 წლის წინ გარდამეცვალა. ჩემი და-ძმების შვილები კი გაიზარდნენ, ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ მაინც ჩემთან ვხვდებით ყველა ახალ წელს. ჩემი აივნიდან ისეთი ხედია, მთელი თბილისი ხელის გულზე ჩანს და საახალწლოდ ძალიან ლამაზია.

დედაჩემი ამზადებს გოზინაყს ყველასთვის. მე მზა კერძებს ვყიდულობ ან ვუკვეთავ. ახალი წლისთვის არ მცალია რაიმეს გასაკეთებლად, რადგან, როგორც წესი, მუდამ ბევრი სამუშაო მიგროვდება, თან კარგი კერძების მომზადება არ ვიცი და... თუმცა, ძალიან ვაფასებ, როდესაც ქალი ასწრებს ოჯახის მოვლასაც, სამსახურსაც და კერძების მომზადებასაც. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კვებაა ადამიანისთვის და როცა შენ ადამიანს აპურებ და შენს საქმესაც ასწრებ, ეს იგივე ხელოვნებაა. კარგი კულინარი, მგონი, ყველაზე დიდი შემოქმედია ამქვეყნად!

- ახლა როგორი ნაძვის ხე გაქვთ?

- ახლა ჩემი ნაძვის ხე არის დიდი და ლამაზ ფერებში ვრთავ. სულ ვცდილობ, ახალი სათამაშოები შევმატო, რომ ბავშვებსთვის სიახლე იყოს. ჩემი ძმისშვილებისა და დისშვილების პატივსცემად ვაკეთებ ამას, თორემ ჩემთვის ალბათ პატარა ნაძვის ხეს დავდგამდი. 

- რა გაატანეთ 2022 წელს და რა სურვილები გაქვთ 2023 წლისთვის?

- 2022 წელი ნორმალური და კარგი წელი იყო და იმედი მაქვს, 2023 წელი მთელი ქვეყნისთვის და ყველა ბავშვისთვის ბედნიერი და ლამაზი სურვილების მომტანი იქნება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ღირებულებები ქრისტიანულ ღირებულებებს ემთხვევა, სადაც ყველაზე ლამაზი ამაღლებული განცდა უანგარო სიყვარულია.როცა შენს გულში სინათლეა, ეს ჯაჭვური რეაქციით გადაედება გარშემო ყველას და ქვეყანაც ნათელი და აყვავებული იქნება. მთავარია, ჩვენს გულებში იყოს სიყვარული, მადლიერება და მიტევების უნარი.


ჩემი 5 წლის გოგონა მეუბნება, რომ უნდა, თოვლის ბაბუამ პულტიანი მანქანა მოუტანოს, რადგან მეზობლად მცხოვრები კოტესთვისაც იყოს სახლში ბიჭის სათამაშო

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
სტუდნეტების ნაწილმა აუდიტორიები დატოვეს და საპროტესტო აქციებს უერთდებიან -  ვრცელდება პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის მიმართვაც
როდიდან გამოიდარებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებები განახლდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
გარდა ამისა, ისტორიის მასწავლებლებმა იმ ადამიანები ღვაწლზე ისაუბრეს, ვინც თავი გასწირა
ბიბლიოთეკის კვირეულთან დაკავშირებით, ჭიკაანის საჯარო სკოლაში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ IV,V,VI და VII კლასების მოსწავლეებმა
სკოლაში მისწვეულმა მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა მოისმინეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროექტის გამოყენება სასწავლო პროცესში და რა კავშირშია - ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება