სიახლეები
სიახლეები

ბავშვობა და ახალი წელი ცნობილი ადამიანების მეხსიერებაში
29-12-2022
-
+


ახალი წელი ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია. ბავშვობაში ამ დღესთან და მოვლენასთან დაკავშირებული განცდები მთელი ცხოვრება მიგყვება და შენთან ერთად არსებობს.  სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ქართველებმა Etaloni.ge-სთან ახალ წელთან დაკავშირებული, ბავშვობაში განცდილი ემოციები გაიხსენეს.

პარასპორტსმენ მოფარიკავეს, მსოფლიო თასის მფლობელსა და ევროპის ჩემპიონ ირმა ხეცურიანს ბავშვობის დროინდელი ახალი წლის დღესასწაულები არც თუ ისე ნათელ ფერებში ახსოვს. სოხუმში დაბადებული გოგონა 7 წლის იყო, როდესაც მშობლიური ქალაქის დატოვება მოუხდა. ამბობს, რომ თოვლის პაპის არასოდეს სჯეროდა, რადგან ამისთვის მის ოჯახში არავის ეცალა.

ირმა ხეცურიანი: ჩემთვის ახალი წელი ბავშვობაში უფრო ნაძვის ხესთან ასოცირდებოდა, ვიდრე თოვლის პაპასთან. ყველა ახალი წელი თავისებურად გამახსოვრდება და ყველა განსაკუთრებულია. ბედნიერების განცდას იწვევდა ახალი წლის მოახლოება. ბავშვობაში ვერ აანალიზებ, რომ კიდევ ერთმა წელმა განვლო და დრო მიდის. თოვლთან, რაღაცის სიახლესთან და რატომღაც სისუფთავესთან ასოცირდებოდა და მეც სულ სიახლის მოლოდინში ვიყავი. 

იცვლებოდა  ჩემი ახალი წლები. პირველი კლასი აფხაზეთში ვისწავლე. შემდეგ იყო ომი... რომ გითხრათ, ომის შემდგომი ახალი წლები კარგად მახსოვს, არ ვიქნები მართალი. როცა გავაანალიზეთ, რომ ყველაფერი დავკარგეთ და სხვა მხარეში გადავცხოვრდით და დრო იყო, ახალი ცხოვრება დაგვეწყო, მერე ცოტა არა უშავდა. 

- რომელი ოჯახური ტრადიცია გახსენდებათ, რასაც აუცილებლად ასრულებდით?

- მთელი ოჯახი აუცილებლად ერთად უნდა ვყოფილიყავით ახალი წლის ღამეს, უნდა გაგვეთენებინა... ახლა ყველა ერთად აღარ ვართ. ჩემი ოჯახის წევრებიდან ზოგი ემიგრაციაშია, ზოგი ქუთაისში, ზოგი სად... მე კი მეგობრებთან ყოფნა უფრო მიწევს და ვცდილობ, განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარემოში გავატაროთ ახალი წელი. 

ბავშვობაში, სკოლაში სწავლის პერიოდში, ყველაზე მეტად მინდოდა, საკუთარი სახლი მქონოდა და ჩემი ოჯახი ერთად ყოფილიყო. აფხაზეთში ყოფნის პერიოდი ბედნიერებასთან ასოცირდებოდა, მაგრამ მერე... იქ ყველა ერთად ვიყავით, ბევრი სითბოც იყო, თოვლიც... მერე ფერებიც გამუქდა და თვითგადარჩენაზე ვფიქრობდით ყველა - დიდიც და პატარაც. მძიმე იყო ჩემი ბავშვობა, მაგრამ ახალი წელი მაინც რაღაცნაირად ლამაზდებოდა, ახლის იმედი იყო. 

როცა აფხაზეთიდან გადმოვედით, რაღაც პერიოდი, არც მახსოვს, ახალ წელს აღვნიშნავდით თუ არა. მერე კი ნაძვის ხის მორთვის პროცესი მომწონდა ძალიან. დღეს, სამწუხაროდ, ჩემი მდგომარეობის გამო, მხოლოდ დაბლა „სართულებზე“ ვახერხებ ნაძვის ხის მორთვას. არადა, მიყვარს დიდი, მაღალი ნაძვის ხე. ბევრი წიწვი და ხშირი ტოტები უნდა ჰქონდეს. ხასხასა მწვანე და ცოტა დათოვლილი. არ მიყვარს, ძალიან გადატვირთული რომ არის სათამაშოებით.

- თოვლის ბაბუის არ გჯეროდათ?

- არ ყოფილა ჩემთვის ის ფუფუნება, რომ თოვლის ბაბუის დამეჯერებინა. ჯერ სოხუმიდან წამოსვლა, მერე დედაჩემის ემიგრაციაში წასვლა...  ბევრი პრობლემა, სევდა და ტკივილი სდევდა ყველა ახალ წელს, რადგან სულ ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემს მხარეში, ჩემს სახლში არ ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემი არ იყო. თითქოს ჰაერში ვტრიალებდით და თოვლის ბაბუასთვის და ზღაპრებისთვის არავის ეცალა. ალბათ დიდი დანაკლისი არ არის, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ეს პერსონაჟი არ ყოფილა, მხოლოდ მულტფილმებიდან ვიცნობდი. არც ბალიშის ქვეშ და არც არსად მიტოვებდა საჩუქარს. იმდენად რეალური ცხოვრება გამოვიარე, არსად იყო თოვლის ბაბუის ადგილი.

- როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თოვლის პაპა პატარებისთვის რეალური პერსონაჟი?

- კი, უნდა იყოს. ბავშვს უნდა სჯეროდეს თოვლის პაპის და ჰქონდეს თავისი სურვილები. ამ სურვილს ვინმე უნდა უსრულებდეს. სურვილი ხომ შინაგანი ენერგიაა და როცა ამ ენერგიას უშვებ, აუცილებლად გიბრუნდება უკან და გისრულდება.
სულ მინდა, რომ ახალ წელს თოვლი იყოს. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში დამაკლდა და სულ ვცდილობ, ახალ წელს ისეთ მხარეში წავიდე, სადაც გარეთ თოვლი იქნება, შიგნით ბუხარი და სითბო, ნაძვის ხე,  მუსიკა... 

ბოლო პერიოდში სურვილებს ვუთქვამ ახალ წელს და მეორე წელი რომ მოდის, ვითვლი, რომელი ამისრულდა და რომელი ვერა. რომელიც არ ამისრულდა, შემდეგი წლისთვის გადამაქვს. 

- 2022-მა წელმა დაგიტოვათ აუსრულებელი სურვილები?

- კი, 2023 წლისთვის ბევრი სურვილი გადამივადდა. ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მივედი იმ აზრამდე, რომ საკუთარ თავთან მეტი მუშაობაა საჭირო.

მომღერალი ზუკა ხუციშვილი, რომელის ცნობილი მომღერალის, გიო ხუციშვილის უმცროსი ვაჟია, იხსენებს, როგორ მიდიოდა მასთან თოვლის პაპა. ახლა ის დრო ენატრება, მამასთან ერთად ახალი წლის შესახვედრად წამებს რომ ითვლიდა.

ზუკა ხუციშვილი: ძალიან ნათელი და ბედნიერი განცდა მოჰქონდა ნაძვის ხის აწყობას, სათამაშოებით მორთვას... მამაჩემს ძალიან უყვარდა ახალი წელი, ბოლომდე ბავშვური დამოკიდებულება ჰქონდა ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. საჩუქრების გაცემაც უყვარდა ძალიან... სულ სტუმრად დავდიოდით და საჩუქრებიც მიგვქონდა, რაც ძალიან მაბედნიერებდა. ახალი წლის პერიოდი ის დროა, როდესაც ყველაფერი ცუდი გავიწყდება და მხოლოდ კარგი გახსოვს.

პატარა რომ ვიყავი, დედა ან მამა სხვა ოთახში გამიყვანდა, მეორე კარზე ზარს დარეკავდა... კარს რომ გავაღებდი, საჩუქრები მხვდებოდა, რაც ძალიან მაბედნიერებდა, სანამ თოვლის ბაბუის მჯეროდა. ყველა ბავშვისთვის აუცილებელია, თოვლის ბაბუისგან საჩუქრები მიიღოს.  ჯადოსნური ამბების უნდა გჯეროდეს, რომ სულ ტკბილად მოგაგონდეს ბავშვობის პერიოდი, ბავშვობა ხომ ძალიან ძვირფასია. 

- რომელ ასაკამდე გჯეროდათ თოვლის ბაბუის?

- არ მახსოვს, ზუსტად რომელ ასაკამდე მჯეროდა თოვლის ბაბუის. 90-იანი წლების ბავშვი ვიყავი და ძალიან ძვირიანი და გამორჩეული სულაც არ იყო ეს საჩუქრები, მაგრამ საჩუქარი ხომ მაინც ძვირფასია, როგორიც არ უნდა იყოს და მეც ძალიან მიხაროდა. შეიძლება სხვა რამე გინდოდეს, მაგრამ იმ საჩუქრის უკან რომ სითბო და სიყვარულია, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ძვირფასია თუ არა. 

- წერილებს უწერდით თოვლის ბაბუას?

- წერილებს არა, მაგრამ მშობლებს ვთხოვდი, გადაეცათ თოვლის ბაბუისთვის, რა მინდოდა და ისინიც ცდილობდნენ, შეესრულებინათ ჩემი ეს თხოვნა. ხშირად ზუსტად ის იდო თოვლის ბაბუის საჩუქარში, რაც მინდოდა. 
ძალიან მიყვარდა თხილამურები და ზამთარში გუდაურში მივდიოდით, ჩემთვის ახალი წლის სიხარული სწორედ თოვლში სრიალს და გუნდაობას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, თბილისში იშვიათია უკვე თოვლი და მეც მივდივარ ხოლმე ისეთ ადგილებში, სადაც თოვლია და ამ სიხარულის განცდას ვიჩენ. კარგი იქნება, ახალ წელს თუ მოთოვს თბილისში. 

- რომელ ოჯახურ ტრადიციას არ არღვევთ დღემდე?

- ერთად, ოჯახში ვხვდებოდით მუდამ. კონცერტების გამო სახლში ვეღარ ვხვდები. არადა, ძალიან ტკბილად მახსოვს სახლის ახალი წელი, როცა მთელი ოჯახი ერთად ვიყავით. 12 საათს რომ ელოდები, ითვლი წამებს... ფოიერვერკსაც ვუშვებდით ყოველთვის, 1 ცალს მაინც 12 საათზე. ახლა კი სულ გარეთ ვხვდები და ის ოჯახური გარემო და წამების დათვლა მენატრება. მამა როცა იყო, ტრადიციულად ერთნაირად ვხვდებოდით - წამების დათვლით, საჩუქრებით, ჩახუტებით... სულ ერთნაირი იყო, მაგრამ - ძალიან ძვირფასი.

- რა სურვილი გაქვთ 2023 წლისთვის?

- მთელმა მსოფლიომ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, ადამიანები დაითრგუნენ... დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი წელი ახალ სიკეთეებს და ყველაფერს კარგს მოიტანს. ყველაფერი ცუდი ერთად გავატანოთ ძველ წელს!

კომენტარები


ეტალონი
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
4 ცვლილება ისტორიის გამოცდაზე - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
აბიტურიენტები 3 საგამოცდო საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიირებენ - naec
„დმანისში ჩვენი სკოლა პირველია, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში არაერთი შემოქმედებითი აქტივობა იმართება, სადაც მოსწავლეები თავიანთი ფანტაზიით არაერთ საინტერესო ნამუშევარს ქმნის
ამჯერად სკოლა მოხარულია გვამცნოს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა „წლის ლიდერი სკოლის“ ტიტული
მოსწავლეებმა გამართეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „14 აპრილი დედა ენის დღეა!“
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება