სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ჩვენს სისტემაში ყველაზე დაუფასებლები, კლასის დამრიგებლები არიან“ - თბილისის N192 სკოლის დირექტორი
28-10-2022
-
+


ნაკლები ბიუროკრატია და მეტი დამოუკიდებლობა, ეს საკითხები იმ სურვილების სიის დასაწყიში შეგვიძლია მოვაქციოთ, რომელიც თბილისის N192 საჯარო სკოლის დირექტორს ნატო გოჩალეიშვილს აქვს. როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი გვეუბნება, ხშირად ფორმალური თანხმობების გამო სკოლებისთვის მარტივი საკითხების მოგვარებაც კი დიდ დროსთან არის დაკავშირებული, რაც პრობლემაა... პრობლემურად მიაჩნია დამრიგებლების მცირე ანაზღაურება, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის, მათ შორის, უშუალოდ დირექტორების შრომის დაუფასებლობა. თვლის. რომ უფრო ეფექტური იქნებოდა, განათლებაში ისეთ რეფორმის გატარება, რომელმაც უკვე გაამართლა და რომლის შედეგსაც წარმატებული ქვეყნები უკვე ხედავენ. 

საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, თავის შეხედულებებსა და პოზიციებზე etaloni.ge-სთან თბილისის N192 საჯარო სკოლის დირექტორმა,ნატო გოჩალეიშვილმა ისაუბრა:

- სკოლაში მასწავლებლობა 1995 წლიდან დავიწყე, მანამდე 10 წელი უნივერისტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ვმუშაობდი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ვარ. სკოლაშიც როგორც ფიზიკის მასწავლებელი ისე მივედი და 12 წელი ვიმუშავე. 2006 წელს მონაწილეობა მივიღე დირექტორების გამოცდაში, ამის ერთადერთი მიზანი იყო, რაც არ მომწონდა და არ მიმაჩნდა სწორად, გამომესწორებინა. საბოლოოდ, იმდენად მაღალ ქულაზე ჩავაბარე და იმ ოც პროცენტში მოვხვდი, რომლებსაც უფლება ჰქონდათ თავად აერჩიათ სკოლა, სადაც სურდათ დირექტორობა. რა თქმა უნდა, ავირჩიე ის სკოლა, სადაც ვასწავლიდი და სადაც მსურდა ხარვეზების გამოსწორება.

- შეძელით ხარვეზისების გამოსწორება?

- იცით, გვერდიდან ყველაფერი უფრო იოლი ჩანს და გგონია, მხოლოდ მონდომებაა საჭირო... თუმცა, მონდომებასა და სურვილთან ერთად, კიდევ ბევრი რამ უნდა შეგეძლოს. როდესაც ამ პოზიციაზე ხარ, იცი, რა სირთულეებთან გაქვს საქმე და სულ სხვაგვარად ჩანს ყველაფერი. რაღაც დონეზე, დღეს ამ გადასახედიდან, მე რაც შემეძლო, ცდა არ დავაკელი; მაგრამ რა შედეგსაც ველოდი, ის შედეგი, ბოლომდე ვერ მივიღე... ალბათ მაღალი თამასაც მქონდა.

- ქალბატონო ნატო, დღეს სამინისტრო აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ სკოლებს მეტი ავტონომიურობა უნდა ჰქონდეთ; როგორც ხელმძღვანელმა, ალბათ, ყველაზე უკეთ იცით, რა ინსტრუმენტები აქვს დირექტორს და რეალურად, რამდენად დამოუკიდებლები არიან დღეს სკოლები?

- გარკვეულ დონეზე, რა თქმა უნდა, სკოლა არის დამოუკიდებელი, თუმცა მეტი ავტონომიურობა სასურველია; ძალიან ბევრ საკითხზე გვიწევს ნებართვების აღება. იცი, რომ თანხმობას მოგცემენ, მაგრამ ზოგჯერ კვირაზე მეტხანს ველოდებით ნებართვას, რაშიც დრო იკარგება. ბიუროკრატია ჯერ კიდევ საკმაოდ არის და ამიტომ, ნამდვილად სასურველია, მეტი ავტონომიურობა - ბოლოს და ბოლოს, ქაღალდს მაინც გავუფრთხილდეთ! არადა, ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, სულ ვამბობთ, რომ ბავშვია ცენტრში და ბავშვები, საბუთომანიაში, გვერდით გვრჩება.

- რას შეცვლიდით ამ მიმართულებით?

- ამ კითხვაზე მარტივად ვერ გიპასუხებთ... ბევრი რამ არ მომწონს... მაგალითად, წინააღმდეგი ვარ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მოდელები გადმოგვაქვს განათლების სისტემაში - ესენი ერთმანეთში არ მუშაობს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, წარმატებული ქვეყნის მოდელი უცვლელად გადმოგვეტანა. ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ, ისედაც ამდენ ექსპერიმენტს ვატარებთ, განათლების სისტემა ხაჭაპურის გამოცხობა ხომ არაა?! შედეგს ნახულობ 10-20 წლის შემდეგ და ამას რომ კიდევ აგვიანებ, გზადაგზა ცვლი, რის შედეგს ვნახავთ წლების შემდეგ, გაუგებარია, რადგან სულ რეფორმა მიდის!

თუნდაც ერთი გლობალური საკითხი ავიღოთ - საჯარო სკოლა დაახლოებით 2200-ია საქართველოში და მარტო სამინისტრო ხედავს ამდენ სკოლას? ეს ხომ ზღაპარია! გაცილებით სწრაფად რეაგირებენ ბაღების თუნდაც ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მუნიციპალიტეტები.

ხშირად, როცა ინფრასტრუქტურას მივმართავ - სირცხვილია, ისეთი ფასადი აქვს ჩვენს სკოლას-თქო, ვიღებ პასუხს - რომ იცოდეთ, სხვა სკოლებში რა ხდება, ხმას არ ამოიღებდიო. მე რატომ მეუბნები, სხვა სკოლებში რა ხდება?! მე მევალება, ჩემი სკოლის პრობლემა მოვიტანო შენამდე, ასე მგონია, რომ მსგავსი საკითხები მაინც, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში რომ იყოს, უკეთესი ვითარება იქნებოდა... ისეთ მდგომარეობაშია ჩვენი სკოლის ეზოში ასფალტი, სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება, მაგრამ ასფალტამდე როდის მივალთ, როცა 2200 სკოლიდან, 1200-ს სახურავი არ აქვს, ტუალეტი არ უვარგა და შენ ფასადზე და ეზოზე ელაპარაკები? ისე დაგამუნათებენ, ხმას ვეღარ იღებ ადამიანი.

მანდატურის სამსახურთანაც მაქვს მთელი რიგი შეკითხვები - როდესაც მანდატურები უშუალოდ ჩვენ არ გექვემდებარებიან, გამოდის, სახელმწიფო სახელმწიფოში; არადა, თითქოს შენი მოსწავლეების უსაფრთხოებას იცავს და გექვემდებარება, თუმცა ვერ მისცემ მითითებას, ვერ ეტყვი რომ აქ და აქ მინდა იყო... არადა სკოლაში ყველა ავ-კარგზე პასუხი მე მომეკითხება .

აქვე უნდა აღვნიშნო - ყველაზე მეტად, რაც არ მომწონს სისტემაში, ეს არის დაუფასებელი, უმადური სამუშაო და ჩვენს სისტემაში ყველაზე მეტად დაუფასებლები არიან კლასის დამრიგებლები.

მოთხოვნები არის კოლოსალური, ყოველ წელს იზრდება მოვალეობები და იცით, დამრიგებლობის ხელფასი რამდენია? 80 ლარი! გვიჭირს დამრიგებლის პოვნა - არც ერთ მასწავლებელს არ უნდა ამ პასუხისმგებლობის საკუთრ თავზე აღება და თუ ასე გაგრძელდა, ცოტა ხანში დამრიგებლები აღარ გვეყოლება!

- თვლით, რომ დამრიგებელი უნდა იყოს ცალკე პირი და არ ჰქონდეს დატვირთული საათები? სხვათა შორის ადრე ამაზე იყო საუბარი.

- მაინც მომხრე ვარ რომ დამრიგებელი იყოს მასწავლებელი, მაგრამ თუ მას კარგი ანაზღაურება ექნება, ღირსეულ დამრიგებლობას უდავოდ გაუწევს ბავშვებს.

ამ პრობლემას ყველა ხედავს, ვსაუბრობთ, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს.

- როგორც მითხარით, საკმაოდ დიდი სტაჟი გაქვთ, როგორც მასწავლებლობის, ისე დირექტორობის და აღნიშნული პოზიციის სირთულეებიც კარგად იცით... უახლოეს მომავალში დირექტორთა შერჩევა დაიწყება, აპირებთ კვლავ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებას?   

- მე ამ სკოლაში პირველი ვადით ვარ და შემიძლია, მეორე ვადითაც ვისარგებლო, რა გითხრათ ხანდახან ისეთი რთული დღეებია... დაუფასებელია ჩვენი შრომა, ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ სჯობს საერთოდ აღარ ვიფიქრო დირექტორობაზე, ძალიან მწყდება გული რომ სკოლის ხელმძღვანელების შრომაზე, მძიმე სამუშაოზე ნაკლებად საუბრობენ და როგორც კი რამე დაშავდება, ხელს პირველი ჩვენკენ იშვერენ.

ამასთან, ყველა სსიპ-ი, რომელიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, იმიტომ არის შექმნილი, სკოლებს დაეხმაროს, თუმცა ისინი რატომღაც თვლიან, რომ ჩვენი უფროსები არიან... გამუდმებით ხელგაწვდილი დგომა და თხრობა გვიწევს, რა გვჭირდება, რატომ და ა.შ. არადა ვფიქრობ, სსიპ-ები პირიქით უნდა გვეკითხებიოდნენ - რა საჭიროებები გვაქვს და მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენი საკითხების მიხედვით დახმარებას.

- სკოლებში არსებული პრობლემა მართალაც ბევრი და მრავალმხრივია, თუმცა რა არის ის მიზეზები, რომელიც „გაიძულებთ“ ამ სფეროში, ამ პოზიციაზე განაგრძოთ მუშაობა?

- ვერ წარმოიდგენთ, რამდენი მიფიქრია ამაზე... ფიზიკის მენტორი მასწავლებელი ვარ და შემეძლო, ამ მიმართულებით მემუშავა, ამეღო საათები, მქონოდა მაქსიმალური დატვირთვა და შესაბამისი დანამატი, პასუხისმგებლობაც ნაკლები მექნებოდა და დღის მეორე ნახევარში თავისუფალი ვიქნებოდი, მაგრამ რატომღაც ამას არ ვაკეთებ! 

იცით, ერთის მხრივ ამის მიზეზი ის არის, რომ მგონია თუ პასუხისმგებლობა აიღე, მოვალეობებიც პირნათლად უნდა შეასრულო. მეორეს მხრივ, ვფიქრობ, კარგად ვაკეთებ ამ საქმეს და მესამე - ალბათ მიჩვევაც არის... კოლექტივსაც მივეჩვიე, ისინიც მომეჩვივნენ, სკოლა ხომ იცით, თეატრივითაა, მოვიწმალე მისი მტვრით... რაღაც სულ გაქვს გასაკეთებელი და ფიქრობ, ამასაც ბოლომდე მივიყვან - ეს კი არ სრულდება. წინა სკოლაში, რომელიც დავტოვე ხეივანის გაკეთება მინდოდა და დღემდე გულში მაქვს ჩარჩენილი რომ ეს ვერ შევძელი.

მინდა ისეთი რამ გავაკეთო, რომ დარჩეს ჩემი სახელი ამ სკოლაში. გული მწყდება, რომ მასწავლებლებზე მეტად, დირექციის შრომაა დაუფასებელი, იცით ადმინისტრაციას და განსაკუთრებით ტექპერსონალს როგორი დაბალი ხელფასები აქვთ, საკმაოდ რთულია მოიძიო დარაჯი, დამლაგებელი, არადა მოთხოვნები უმაღლესია!

- ბოლოს, უშუალოდ სკოლაზეც უნდა გკითხოთ, როგორც ვიცით, თქვენს სკოლაში პირველივე კლასიდან საგნობრივი სწავლებაა, რაც არც ისე სტანდარტული ამბავია სკოლებისთვის... ამასთან გვაინტერესებს, როგორ აფასებთ ორცვლიან სწავლებას. 

- სკოლაში 2400-ზე მეტი მოსწავლეა და ამას თავისი მინუსი აქვს - მიმაჩნია, რომ სკოლა არ უნდა იყოს ორცვლიანი; მეორე ცვლის ბავშვები ძალიან გადაღლილები არიან, ფაქტობრივად პირველი ცვლის ბავშვებიც იჩაგრებიან რადგან, ვერანაირი წრე ვერ ფუნქციონირებს სანამ მეორე ცვლა არ დასრულდება და ლამის შუაღამისას მოდიან წრეებზე;

რაც შეეხება საგნობრივ სწავლებას, ვცდილობთ, ყველა საგანი ასწავლოს სპეციალისტმა - ანუ პური გამოაცხოს მეპურემ! ზოგჯერ ბავშვი სვამს კითხვას და მასწავლებელი, ოღონდ არ აღიაროს, რომ არ იცის, აძლევს არაკვალიფიციურ პასუხს! შეუძლებელია, ერთი მასწავლებელი ერთნაირად ძლიერი იყოს სხვადასხვა საგანში.

გარდა ამისა, მე-5 კლასში ბავშვები რომ გადადიან, სტრესი აქვთ, რადგან ერთ მასწავლებელს არიან მიჩვეულები და უცებ, საგნობრივი სწავლება, ამდენი უცხო მასწავლებელი, ამდენი ახალი საგანი... ჩვენს სკოლაში კი სტრესი ნაკლებად აქვთ ბავშვებს, რაც ძალიან მახარებს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
მისი დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები და უცხო ენის ცოდნის დონე გამოავლინეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება