სიახლეები
ინტერვიუ

„მიმაჩნია, რომ დირექტორობამდე მასწავლებლობის რთული გზა უნდა განვლო“ - ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა იმნაიშვილი
09-12-2021
-
+


13 წელია, რაც მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე დგას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში მამუკა იმნაიშვილმა ბილოგიის მასწავლებლად 24 წლისამ შეაბიჯა. პედაგოგობა ყოველთვის სურდა და სწავლის დასრულების შემდგომ, მშობლიურ მუნიციპალიტეტში დაბრუნდა. ამ ნაბიჯს მის ცხოვრებაში ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად მიიჩნევს. 2015 წლიდან იგი უკვე ჩიბათის საჯაროს სკოლის დირექტორია, რაც მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

მიიჩნევს, იმისთვის რომ იყო წარმატებული დირექტორი აუცილებელია, ადამიანს პედაგოგიური გამოცდილება ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 36 წლისაა დირექტორობასა და საგნის პედაგოგიკაში უდიდესი გამოცდილება გააჩნია, რასაც სხვებსაც ყოველთვის დაუზარლად უზიარებს.

რა გზა განვლო დირექტორობამდე, როგორ ურთიერთობს მოსწავლეებთან და თანაშრომლებთან, რას ეტყოდა მათ? - ამ და სხვა საინტერესო თუ აქტუალურ საკითხებზე პასუხებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორ, მამუკა იმნაიშვილთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- როგორ დაიწყო თქვენი სასკოლო ისტორია?

-  სკოლაში პირველად 24 წლის მოვედი. 2009 წელს, მას შემდეგ რაც ბიოლოგიის სპეციალობით უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, ჩემს მუნიციპალიტეტში დავბრუნდი. ამ სკოლაში გათავისუფლდა ერთი ადგილი და კონკურსის წესით ასე მოვხვდი ბიოლოგიის პედაგოგად. მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯი პროფესიის არჩევა და იმ ადგილზე მუშაობა იყო, სადაც ახლა ვარ. პედაგოგობა სულ მინდოდა, თანაც ჩემს მშობლიურ მხარეში. ძალიან გამიმართლა, რომ სკოლაში სადაც მოვხვდი ყველამ კარგად მიმიღო, თანამშრომლებიც გვერდში დამიდგნენ. არასოდეს მიფიქრია სამსახურის შეცვლა და სხვა სფეროში გადასვლა. 2015 წლიდან კი უკვე ბიოლოგიის პედაგოგის პარარელურად სკოლის დირექტორიც გახლავართ.

- თქვენი აზრით, იმისთვის რომ იყო წარმატებული და კარგი დირექტორი, ამისთვის რა არის აუცილებელი?

- ვფიქრობ, იმისთვის რომ იყო კარგი დირექტორი პედაგოგის გამოცდილება აუცილებლად უნდა გქონდეს. თუ არ იცი პედაგოგიკა, არ იცი 45 წუთის განმავლობაში მასწავლებელი როგორ დუღს, თუნდაც ერთი პატარა მიზნის მისაღწევად როგორ ტიტანურ შრომას დებს ისე რთულია იცოდე, როგორ უნდა მოიქცე დირექტორის ამპლუაში. შორიდან ყველაფერი მარტივი ჩანს, მაგრამ როდესაც ამ გზას უკვე შენ გადიხარ ეს უკვე სულ სხვა გამოცდილებაა. დირექტორს უწევს პედაგოგის შეფასება, საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგი, ამიტომაც მიმაჩნია, რომ დირექტორობამდე მასწავლებლობის რთული გზა უნდა განვლო. გარდა პედაგოგებთან ურთიერთობისა მოსწავლეებსაც სხვა თვალით უყურებ. გაკვეთილზე ბავშვის ემოციებს სხვანაირად ხედავ ვიდრე შესვენების პერიოდში. საგაკვეთილო პროცესისას ბავშვთან ბევრად ახლოს ხარ და მის წიაღში უფრო მეტად შედიხარ.

- ბატონო მამუკა, დირექტორობა ადამიანს რა პასუხისმგებლობას განიჭებს?

- როდესაც, დირექტორი ხარ პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის აღარ გრჩება და ბევრი რაიმეს გადადება ან გამოტოვება გიწევს. ჩემს ცხოვრებას უკვე ორ ნაწილად ვყოფ: როდესაც მხოლოდ პედაგოგი ვიყავი და ახლა, როცა პარარელურად დირექტორიც ვარ. დირექტორად მუშაობისას შენ ყველასთვის სამაგალითო ხარ, შენ ქმნი მოტივაციას, ჯანსაღ კულტურას და ამავდროულად სიახლეების დასანერგად ყოველთვის პირველ ნაბიჯს დგამ; როდესაც ამ თანამდებობაზე ხარ პასუხისმგებლობა გაასმაგებული გიხდება.

-  თქვენ ასევე, ბიოლოგიას მეშვიდე მეთერთმეტე კლასების ჩათვლით ასწავლით. რას იტყოდით თქვენი საგნის შესახებ და მოსწავლეების სწავლისადმი დამოკიდებულებაზე?

- საგნის სწავლებისას დიდი მნიშვნელობა ორ რამეს ენიჭება; პირველი - მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესისას შინაგანად უნდა გადასცე კეთილგანწყობა და მეორე - მატერიალური რესურსი, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნებს ენიჭება. იქიდან გამომდინარე, რომ ლაბორატორიული და სხვა სახის რესურსების სიმწირე გვაქვს პრაქტიკულად შიშველი ხელებით ვახერხებთ მუშაობას. სკოლაში გვაქვს კომპიუტერები და პროექტორი, რომელსაც საბუნებისმეტყველო და სხვა კათედრები ვიყენებთ, რომ სასწავლო პროცესი თვალსაჩინოების კუთხით შეძლებისდაგვარდ გავამდიდროთ. ბიოლოგიის საგანი მოსწავლეებს ბოლო წლებში ნაკლებად სჭირდებათ. გვყავს ისეთი ბავშვები, რომელთაც ორიენტირება სამედიცინო სფეროზე აქვთ. დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე აბიტურიენტი ბიოლოგიის ან სხვა მიმართულებით ჩაბარებისას უწევთ გამოცდები ჩააბარონ: ქართულში, მათემატიკასა და უცხო ენაში. სტუდენტებს ბიოლოგიაში არ აფასებენ. ვიცი მოსწავლეები, რომელთაც ბიოლოგიურზე ჩაბარება სურდათ, მაგრამ მათემატიკის არცოდნის გამო უკან დაიხიეს. დიახ, შესაძლოა ბიოლოგს, ქიმიკოსსა თუ ფიზიკოსს სჭირდებოდეს მათემატიკა გარკვეული დოზით, თუმცა არა იმდენად, რომ ეროვნულ გამოცდებზე ითხოვდნენ. იმედი მაქვს ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე გამოსწორდება.

- როგორც დირექტორს, როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ თქვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან? რა გამოცდილებას გაუზიარებდით სხვებს?

-  ვფიქრობ, იმისთვის რომ იურთიერთო მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, აუცილებელია შეგეძლოს ადამიანების მოსმენა; მოსწავლეებთან უნდა იყო უშუალო და კლიშეებისგან დაცლილი. ბავშვებთან, განსაკუთრებით როდესაც გარდატეხის ასაკში არიან ურთიერთობა რთულდება და პედაგოგებს გვიწევს მათთან უდიდესი მუშაობის გაწევა. ბავშვს თუ საკუთარ პრობლემას მოუყვები და ასე დაიწყებ მასთან დიალოგს ის უფრო მეტად გაიხსნება. უნდა აჩვენო, რომ შენც ზუსტად ის გზა გაქვს განვლილი, რასაც ახლა ის გადის. დირექტორობისას თანამშრომლებთან ურთიერთობა კიდევ უფრო რთული ინსიტუტია, რადგან აქ ორი - ასაკობრივი და ემოციური ფაქტორებია. წარმოიდგინეთ, ადამიანი რომელსაც 40-45 წელი აქვს ნამუშევარი მასთან ერთად უნდა დაიწყო სიახლეები და გვერდით დაიყენო. პედაგოგებს ასე ვთქვათ ცალკე ავტონომია აქვთ, ზოგჯერ ოპოზიციაშიც არიან და უნდა შეძლო მისი გულისა თუ ნდობის მოპოვება. პირველ რიგში საჭიროა სწორი კომუნიკაცია და შემდეგ მოთმენის უნარი. სამაგალითო უნდა იყო არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქციელით.

რაც შეეხება გამოცდილების გაზიარებას, პედაგოგებს ვეტყოდი, რომ სიახლეებს არ შეუშინდნენ და საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის მუდამ თავდაუზოგავად იშრომონ. იკითხონ სიახლეები, თუნდაც ერთი სტატია რომ გამოვიდეს აუცილებლად გაეცნონ და შეძლებისდაგვარად მოსწავლეებს საგანში მოცემული ექსპერიმენტები ჩაუტარონ.

- აქვე გკითხავთ თქვენი სკოლის მასწავლებელთა კომპენტენციების შესახებ..

- ჩვენთან არიან პედაგოგები, რომელთაც აქვთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. სამ პედაგოგს წამყვანის სტატუსი გვაქვს, ხოლო ერთ მენტორის. მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდებს ვემხრობი, რადგან მასწავლებლობა რეგულირებადი პროფესიაა, რომელიც მუდამ იცვლება. 2009 წელს სულ სხვა მოთხოვნები იყო, ახლა 2021 წელს სხვანაირი მოთხოვნებია; იცვლება მიდგომები, ინერგება სიახლეები და ამიტომ რეგულირებად პროფესიებში კომპეტენციის დადასტურება აუცილებელია.

- ბატონო მამუკა, თქვენს სკოლაში ელექტრონული ჟურნალის შესახებ როგორი დამოკიდებულებაა?

-  ვრ ვიტყვი, რომ ამ მხრივ მასწავლებლებში მარტივად არის საქმე, რადგან ჟურნალს გააჩნია ხარვეზები და პედაგოგს რამოდენიმეჯერ უწევს შესვლა თუ ასახვა. იმედი მაქვს ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში გამოსწორდება. ამ ეტაპზე ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა ნამდვილად არ არის მარტივი. მე მაგალითად ერთი პირადი ჟურნალი მაქვს, სადაც ვწერ საჭირო ინფორმაციას და შემდგომ გადამაქვს ელექტორნულში. რა თქმა უნდა ელექტრონული ჟურნალის გამო პედაგოგს ხშირად ორმაგი შრომა უწევს.. ეს ყველაფერი მასწავლებლებში ცოტა შფოთვას იწვევს და გამოგიტყდებით, ჩემშიც. იმედი მაქვს ეს საკითხი მოგვარდება უახლოეს პერიოდში და როგორც ცხელ ხაზზე განგვიცხადეს წლის ბოლომდე არსებული ხარვეზები აღმოიფხვრება.

- წლის ბოლო მოდის... როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს?

- პანდემიის გამო ახლა ჰიგიენის საკითხებს უდიდესი ყურადღება ეთმობა, ასევე მოსწავლეებისთვის ტემპერატურის შემოწმება ყოველდღიურად გვიწევს. მადლობა ღმერთს, მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, ახლა დასწრებით ფორმატში ვსწავლობთ. 45 მოსწავლე მშობლის მოთხოვნის საფუძველზე დისტანციურ სწავლებაზეა და აქედან გამომდინარე მასწავლებლებს პრაქტიკულად, ორ ცვლაში გვიწევს მუშაობა. გარდა გაკვეთილების ონლაინ ჩატარებისა ასევე, სხვადასხვა ღონისძიებებს დისტანციურად ვატარებდით მაგალითად ცნობილ ადამიანებს ონლაინ სივრცეში შეხვდნენ ჩვენი მოსწავლეები. წლის ბოლოს ვისურვებდი, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდეს. ჩემს პედაგოგებს კი ვეტყოდი, რომ როდესაც რაიმე პრობლემა შეექმნებათ ჩემთან ყოველთვის თამამად მოვიდნენ. ჩემი და დირექციის კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. ყველა მხრივ ვცდილობ მათ გვერდით ვიყო და საქმე, რომელიც სკოლასა და მოსწავლეებს წაადგებათ ერთად ვაკეთოთ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი უნარები წარმოაჩინეს, ბოლოს კი  გამარჯვებული მოსწავლეებიც გამოვლინდნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება