სიახლეები
ინტერვიუ

„მშობლების გადმოსახედიდან უფრო ცუდად ჩანს, როცა მასწავლებელი საგნის გამოცდას ვერ აბარებს “ - გოჩა ღონღაძე, ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა
05-10-2021
-
+


როგორ განახლდა სწავლა სკოლის კედლებში, როგორია მასწავლებელთა ჩართულობა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, როგორ ინერგება „ახალი სკოლის მოდელი“ და რა განწყობა აქვთ პედაგოგებს ტრენინგებისა და გამოცდების მიმართ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge -ს ზესტაფონი N2 საჯარო სკოლის დირექტორი, გოჩა ღონღაძე ესაუბრა.

გოჩა ღონღაძე: სასწავლო პროცესს სკოლის კედლებში 4 ოქტომბერს, რომ შევხვდით უცნაური იყო, მაგრამ ყველას 15 სექტემბრის განწყობა გვქონდა. მასწავლებლები და მოსწავლეები მონატრებულები იყვნენ ერთმანეთს და ბევრად მოტივირებულები შეუდგნენ სწავლა-სწავლების პროცესს. ბავშვებს მოსწყინდათ სახლში ყოფნა და დიდი სიხარულით მოვიდნენ სკოლაში - თითქმის 100%-იანი დასწრება გვქონდა. სკოლის მიტოვებული შენობაც ახმაურდა და ყველა გაღიმებული დადიოდა დერეფნებში.

- ანუ, სკოლაში ძველი ჟრიამული დაბრუნდა. როგორ დახვდით მოსწავლეებს?

- დიახ, ასეა ნამდვილად. პირველკლასელებისთვის შევეცადეთ გაგველამაზებინა გარემო და დავდგით სტენდი, სადაც ფოტოები გადაიღეს - მინდოდა, ლამაზად დმახსოვრებოდათ სკოლის პირველი დღე. მართალია რეგულაციებიდან გამომდინარე, საზეიმოდ ვერ დავხვდით, თუმცა შეძლებისდაგვარად გავულამაზეთ ეს დღე.

- ჰიბრიდული მეთოდი აირჩიეთ, თუ მხოლოდ დასწრებით ფორმატით აგრძელებთ სწავლებას?

- ამ ეტაპზე პირისპირ სწავლებაზე ვართ. წინა წლების გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, არ გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა. გასულ სასწავლო წელს ჩვენი სკოლა პირისპირ სწავლობდა, მხოლოდ მაშინ გადავედით დისტანციურზე, როცა ეს სამინისტრომ მოითხოვა. ვთანამშრომლობთ მშობლებთან და მათი დახმარებით, არ გვიჭირს ინფორმაციის მოპოვება ინფიცირებულთა შესახებ. თუ, მოსწავლეს კონტაქტი ჰქონდა, ვცდილობთ დროულად გადავიყვანოთ იზოლაციაში. ასევე, სკოლისთვის არსებულ რეგულაციებს ზედმიწევნით ვიცავთ.

- პირისპირ სწავლების განახლებისთვის, მასწავლებლები 80% უნდა ყოფილიყო აცრილი. თქვენი სკოლა ჩართულია საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში?

- რა თქმა უნდა,  ჩართულები ვართ. ჩვენს სკოლაში აცრის ცენტრი სწავლის დაწყებამდე გახსნეს - გუბერნატორისა და ადგილობრივი მერიის ხელმძღვანელობით. ამ ყოველივემ კიდევ უფრო გაამარტივა მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესი და დღეს ჩვენს სკოლაში თანამშრომლების 80% აცრილია. გარდა ამისა, გეგმიური ტესტირებაც უკვე გაიარეს პედაგოგებმა.

- სკოლის შენობაში დაიტესტნენ პედაგოგები?

- დიახ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები მოდიან სკოლაში და ექიმის კაბინეტში ტესტავენ მასწავლებლებს. ასევე, გვყავს სკოლის ექიმი, რომელიც გადამზადებულია და თუ, საჭიროება მოითხოვს, ისიც ჩაერთვება ამ პროცესში. მასწავლებლისთვის მოსახერხებელია, როცა ტესტირების გამო არ მოუწევს ტერიტორიულად სხვაგან წასვლა.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ მასწავლებლებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს?

- ზოგადად ყველა ადამიანს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ამ უფლებასთან ერთად არის მოვალეობაც. როცა არაერთ ადამიანთან გაქვს შეხება და შესაძლებელია, დააზიანო ეს ისინი - დააინფიცირო, ამ შემთხვევაში საკუთარი უფლება უნდა შეზღუდო და იფიქრო სხვაზე. დაძალება გამოსავალი არაა, უბრალოდ, როცა იცი საფრთხეს წარმოადგენ უნდა აიცრა.

- თავად უნდა გადაწყვიტოს თუ არა სკოლამ, რომელი ფორმატით წარმართავს სწავლა-სწავლების პროცესს?

- საჭიროების შემთხვევაში სკოლა მაინც თავად იღებს გადაწყვეტილებას სწავლის ფორმატთან დაკავშირებით. როცა აუცილებლობა მოითხოვს ვირჩევთ დისტანციურ სწავლებას, ხოლო საფრთხის არ არსებობის შემთხვევაში - პირისპირს. ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, მივესალმები, თანაბარ პირობებში გადაწყდეს ეს საკითხი, მერე რომ გულისწყვეტა არ იყოს მოსწავლეებში.

- „ახალი სკოლის მოდელში“ თუ ხართ ჩართული და როგორი დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს ამ სიახლის მიმართ?

-  ვიდრე უშუალოდ ჩავერთვებოდით პროექტში, ჩემს კოლექტივს უფრო ადრე ჰქონდა მის შესახებ ინფორმაცია, რადგან თავად ვიყავი ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით. კარგად ავუღეთ ალღო ამ სიახლეს, უკვე შერჩეული გვაქვს კომპლექსური დავალებების თემატიკა და რაოდენობა. რაც შეეხება პედაგოგების დამოკიდებულებას, ვიდრე გაეცნობოდნენ მოდელს, ნაწილი შეიძლება ფიქრობდა, ეს დროის ფუჭად კარგვა იყო, მაგრამ როცა უშუალოდ ჩაერთნენ - მოეწონათ.

- რამდენად აუცილებელია ტრენინგები და გადამზადება მასწავლებლებისთვის?

- აუცილებელია, რადგან დროსთან ერთად საჭიროა სიახლეების გაცნობა. სკოლა ყოველთვის ითვალისწინებს მასწავლებლების ინტერესს და ვცდილობთ, ეს გადამზადება მათი საჭიროებაზე იყოს მორგებული -  თავად რა მიმართულებითაც სჭირდებათ ინფორმაციის მოძიება და განვითარება.

- რამდენად რეალურია ამ მოდელის პრაქტიკაში დანერგვა, მოთხოვნები აღემატება თუ არა მასწავლებლის შესაძლებლობებს?

-  ვიდრე ჩაუღრმავდებიან აღნიშნულ მოდელს, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ რთულია, მაგრამ, როცა უშუალოდ პროცესში ერთვებიან მერე შეხედულებას იცვლიან. ეს მოდელი საშუალებას გაძლევს მოარგოს შენს სკოლას, კლასს და მოსწავლეს. მასწავლებელი თავისუფალია ყველანაირად და მას უკეთ შეუძლია ბავშვის შესაძლებლობების დანახვა. საკუთარი გამოცდილებით, არ არის რთული ამ ყოველივეს პრაქტიკაში გადმოტანა. როგორც კი მასწავლებელი ხედავს შედეგს, მაშინვე ქრება სკეპტიკური დამოკიდებულება. ერთადერთი სირთულე რაც შეიძლება იყოს, ტექნიკური მიმართულებაა - ზოგ პედაგოგს უჭირს კომპიუტერთან მუშაობა, თუმცა თითოეულ მათგანს მაქსიმალურად ვეხმარებით.

- როგორც ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად აღიქვამენ მასწავლებლები ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას და შემდეგ გადასცემენ - მოსწავლეებს?

- ეს ინდივიდუალურია - მიღებულ ინფორმაციას ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს. სწორედ ამიტომ, ტრენინგების შემდეგ განვიხილავთ მას, ვახდენთ შეჯამებას და ყურადღებას ვამახვილებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი სკოლისთვის სასარგებლო იქნება. ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ შეიძლება არ გაამართლოს, ან პირიქით, თუმცა ცუდი ნამდვილად არ არის - დღემდე ბევრი რამ დაგვინერგავს და გვისწავლია.

- პრაქტიკოსების დაუსრულებელ შანსზე რას ფიქრობთ?

- ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. დასანანია მათი მდგომარეობა, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც კომპეტენციის დადასტურება მოსთხოვეს, თან 1 ან 4 კრედიტი უნდა აეღოთ. მაძიებლებთან შედარებით, რომლებსაც 10 კრედიტის აღების ვალდებულება აქვს, ბევრად კარგ პირობებში იყვნენ. თუ მასწავლებელმა 5-6 წელიწადში ვერ მოახერხა კომპეტენციის დადასტურება, ცოდვაა თავადაც და მოსწავლეც. რაც შეეხება ზოგადად მასწავლებლების გამოცდებს, ჩვენთან ყველა პედაგოგი სერტიფიცირებულია. მათ იციან, რომ ეს კარგია წინსვლისთვის და განვითარებისთვის.

- თუმცა, არის საგნები, სადაც მასწავლებლების დეფიციტია. ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს თუ არა პრაქტიკოს სკოლაში დარჩენის უფლება?

- თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი აღარ უნდა იყოს სკოლაში, მაშინ ყველასთან ერთნაირი მიდგომაა საჭირო, განურჩევლად დეფიციტური კადრისა. პედაგოგს თავად უნდა ჰქონდეს იმის მოტივაცია, რომ საგნის გამოცდა ჩააბაროს. როცა მასწავლებელი 5-ჯერ გავა გამოცდაზე და 1 კრედიტსაც ვერ მიიღებს, მაშინ მოსწავლეს ვეღარ მოვთხოვთ ცოდნას. სხვათა შორის ამ პროცესს მშობლებიც აკვირდებიან და მათი გადმოსახედიდან კიდევ უფრო ცუდად ჩანს, როცა მასწავლებელი ვერ აბარებს საგნის გამოცდას.

- ამ გამოცდების და ტრენინგების ფონზე, რამდენად პროდუქტიულები არიან მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესის დროს?

-  ამ მიმართულებით რაღაც დასახვეწია, რადგან მასწავლებელს უნდა რჩებოდეს თავისუფალი დრო.  

- ელექტრონული ჟურნალი გამართულად მუშაობს წელს?

- შარშან სატესტო რეჟიმში ვმუშაობდით და არ გაგვჭირვებია - შიდა ტრენინგები გვქონდა ამ მიმართულებით. ისე დავასრულეთ გასული სასწავლო წელი, რომ შეფერხება არ გვქონია და დამატებითი დროის გამოყენების საჭიროებაც კი არ გამხდარა. რაც შეეხება სისტემას, წელს ბევრად გამართულია, დიზაინიც ცოტა შეცვლილია - მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის წინა წლის ნიშნების ნახვა.

- საკმარისი კომპიუტერი გაქვთ, რომ ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობის პროცესში არ შეფერხდნენ მასწავლებლები?

- ყველა კლასში არ გვაქვს კომპიუტერი, თუმცა სამასწავლებლოში, ლაბორატორიაში და ინფორმატიკის კაბინეტში თავისუფლად შეუძლიათ მუშაობა. თან ტელეფონითაცაა შესაძლებელი ელექტრონული ჟურნალის გამოყენება. ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.

- თქვენზეც რომ გვიამბოთ, რა გზა გაიარეთ დირექტორობამდე?

- სკოლამდე ვმუშაობდი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ვიყავი, მერე ისე მოხდა, რომ სკოლაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დავინიშნე. როცა პირველად დირექტორების გამოცდა გამოცხადდა -  გავედი, მაინტერესებდა საკუთარი შესაძლებლობები. გავიარე ყველა საფეხური და 2014 წლიდან  ვმუშაობ დირექტორად.  მთელი ცხოვრება სტუდენტებთან და ბავშვებთან მაქვს შეხება. სკოლაში ახლაც ორ საგანს ვასწავლი - სერტიფიცირებული პედაგოგი ვარ სამოქალაქო განათლებასა და სპორტში.

- როგორ ფიქრობთ, როგორი დირექტორი ჰყავს თქვენს სკოლას?

- დემოკრატირული - ჩემთან ბარიერები არ არსებობს. გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის ვითვალისწინებ მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების შეხედულებებს.

- განათლების მინისტრი, რომ იყოთ რას შეცვლიდით?

- კარგია, რომ დღეს განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა კარგი იქნებოდა მასწავლებლებს დამატებითი შემოსავლის გამო, სკოლის მიღმა რეპეტიტორად მუშაობა აღარ სჭირდებოდეთ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება